უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამინდელი სამსახურიდან წასვლის მაჩვენებლები მხოლოდ არამდგრადი ეკონომიკის შედეგი არ არის. სამსახურები იმაზე უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე დასაქმებულებს შეუძლიათ, რომ მისთვის საჭირო უნარებს დაეუფლონ. თანაც, თუ ტექნოლოგიურ წინსვლას გავითვალისწინებთ, რაც გაციფრულებისა და ავტომატიზაციის საკითხებს მოიცავს, „მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის“ მიხედვით, 2027 წლისთვის სამსახურების 50%-ს საჭირო უნარების შეცვლის მოთხოვნა მოუწევს. აქ კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი თანამშრომლის მხრიდან მუდმივ განვითარებაზე ზრუნვაა, რათა დინამიკურ ბიზნეს საჭიროებებს მოერგონ. ხოლო, თუ ამაზე მუდმივად არ იზრუნებენ, იმაზე უფრო სწრაფად „მოძველდებიან“, ვიდრე ჰგონიათ…
განათლების მისაღებად და ახალი უნარების დაუფლებისთვის კი, თანაც, სკოლაში დაბრუნების გარეშე, 5 კონკრეტული გზა არსებობს:
სერტიფიკატები
ბევრი კარიერა სერტიფიკატებს იმის დასამტკიცებლად გთავაზობთ, რომ თქვენ გესმით, ძირითადად, რა სჭირდება სამუშაოს ან ფლობთ საუკეთესო პრაქტიკას კონკრეტულ სფეროებში. სერტიფიკატები აჩვენებს, რომ კონკრეტული სფერო იცით და გაქვთ შესაბამისი უნარები, რაც კარიერის შეცვლისას ან ნაკლები გამოცდილების ქონისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ გადიან, მაგალითად, PR-ის კურსებს ის ადამიანები, რომელთაც შემდგომში ამ სფეროში სურთ მუშაობა.
ონლაინ სასწავლო კურსები
დღეს მრავლად გვაქვს სასწავლო პლატფორმები, რომლებიც ონლაინ სწავლის ფუფუნებას გვთავაზობს. LinkedIn Learning მათ შორის ყველაზე ცნობილია, მაგრამ სხვა მრავალი კურსიც არსებობს, რომლებიც ფუნქციური და ლიდერული უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, Coursera, edX, Open Culture და Khan Academy უფასო კურსებს გთავაზობთ. ანალოგიურად, უფასოდ აშშ-ს წამყვან სასწავლო დაწესებულებებშიც კი ისწავლით, იქნება ეს MIT, Harvard, Yale თუ Stanford.
მართალია, ინდივიდუალური კურსების შედარება 4-წლიან სწავლებასთან შეუსაბამოა, მაგრამ იმის ჩვენება, რომ თქვენ მუდმივად სწავლობთ და ზრუნავთ თქვენივე უნარების განვითარებაზე საკმაოდ მიმზიდველია.
სტაჟირება, როტაცია და მოხალისეობა
სტაჟირებების უმეტესობა, ფასიანი იქნება ის თუ უფასო, მაინც მოითხოვს გარკვეულ ცოდნას. შესაბამისად, ამის დასაწყებადაც კონკრეტულ სფეროში გარკვეული ცოდნის მიღება არის საჭირო.
ხოლო, თუ უკვე სრულგანაკვეთიანი სამსახური გაქვთ, განიხილეთ, დაუშვებს თუ არა თქვენი უფროსი როტაციას ორგანიზაციის სხვა სფეროში. აქ დროის სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ ბუღალტერიაში გადასვლა გსურთ, განიხილეთ სკოლის საბჭოსთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეერთება, სადაც სწორედ ამის კეთების საშუალება მოგეცემათ. ან საერთოდ, შეგიძლიათ პატარა კომპანია დააარსოთ და თავისუფალ დროს მომხმარებლებიც მიიღოთ.
გამოცდილების მისაღებად კი, კიდევ ერთი გზა პატარა ბიზნესის ან ოჯახის მეგობრის ყოლაა, რომელიც კონკრეტულ პროექტებზე მუშაობისას დახმარების უფლებას მოგცემთ. ეს, თავის მხრივ, პრაქტიკული უნარების დაუფლების საშუალებაა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ანალიტიკა, მომხმარებლების შეძენა, სოციალური მედია ან მარკეტინგი. ხოლო, გიხდიან თუ არა ფულს კონკრეტული სამუშაოსთვის, საერთოდაც არ არის ახალი ან უფრო მაღალი დონის უნარების შეძენის საზომი, როცა ეს უნარები საშუალებას გაძლევთ, მეტი წვლილი შეიტანოთ კომპანიის განვითარებაში.
დამატებითი დავალებები
თუ შეგიძლიათ, თქვენივე ორგანიზაციაში სხვა დეპარტამენტში მუშაობაც მოითხოვეთ. მსგავსად, როგორც კომპანიას მოუტანთ დამატებით ღირებულებას, ისე თქვენს ხილვადობასაც გაზრდით. მსგავსი დავალებები დაგეხმარებათ, ახალი და უფრო მაღალი დონის უნარების შესწავლაში მაშინ, როცა თქვენთვის გამოწვევაა ამ უნარების ჩვენება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ეს შესაძლებლობა მოგცათ. თავად პროექტსაც თუ არ აქვს მაღალი ხილვადობა, სულ მცირე ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელსაც ეცოდინება, რას მიაღწიეთ…
თუმცა, მნიშვნელოვანია, ამ დამატებითმა სამუშაომ თქვენს ძირითად საქმიანობას ხელი არ შეუშალოს. ხოლო, თუ არ გსიამოვნებთ დამატებითი საქმეების კეთება, ეცადეთ, გაიხსენოთ, რომ თქვენი მიზანი უნარების განვითარება უნდა იყოს, რათა შემდგომში მომდევნო შესაძლებლობა გამოიყენოთ ან გახდეთ იმდენად ღირებული, რომ კომპანიას თქვენ გარეშე მუშაობა არც კი წარმოედგინოს.
მენტორობა
მენტორს თქვენს დაინტერესებაზე მეტი რამ შეუძლია… ის თქვენი ხელმძღვანელობისა თუ ფუნქციის გარეთ ახალ პერსპექტივებსაც შემოგთავაზებთ და გასწავლით, როგორ განივითაროთ უნარები ან იფიქროთ განსხვავებულად.
ისიც მართალია, რომ როცა საქმეებში თავით ვართ ჩაფლული, მის დიდ მიზნებს ყოველთვის ვერ ვაანალიზებთ. თუ მენტორი ორგანიზაციის უფროსი ხელმძღვანელია, მას კარგად ეცოდინება კომპანიის ზრდის ტრაექტორია და რა უნარებია საჭირო კომპანიის ზრდისა თუ სტრატეგიის შეცვლის დროს. მაგრამ მაშინაც კი, თუ მენტორი ამ საკითხებში არ არის დარწმუნებული, ე. წ. რბილი უნარების დაუფლება კარგი გამოსავალია. ეს მოიცავს ჯვარედინ-ფუნქციურ კომუნიკაციას, კომპლექსური პრობლემების გადაჭრას, დაინტერესებულ მხარეებთან შესაბამისობასა და ინკლუზიურ ლიდერობას, რაც დასაქმებულებს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. საკითხებზე განსხვავებული პერსპექტივების ქონა კი გააუმჯობესებს თქვენს ლიდერობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ყველა სამუშაოსა და სამომავლო შესაძლებლობებისთვის სასურველ კანდიდატადაც გაქცევთ.
ამგვარად, თუ სამსახურის შეცლაზე ფიქრობთ ან დაწინაურებისთვის ემზადებით, აუცილებელია, გაიაზროთ, რომ უნარების განვითარებაზე ზრუნვა თქვენი ცხოვრების მუდმივი და განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. დიახ, სამსახურებიც ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისად იცვლება და თანამშრომლებისგანაც ელიან, რომ ისინი თავიანთ ღირებულებას მზარდი მოლოდინების შექმნით დაამტკიცებენ. ასე რომ, არ ჩამორჩეთ მაშინ, როცა, პირიქით, თქვენი უნარების გაუმჯობესება შეგიძლიათ…
წყარო: HBR