იმის მოსმენამ, თუ რას ვერ აკეთებთ კარგად სამსახურში, შეიძლება თავი ცუდად გაგრძნობინოთ. თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია — უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხართ და თქვენს შედეგებზე ზრუნავთ. მაგრამ რა ხდება, როცა ცუდ უკუკავშირს სიუხეშე, ნაკლები ემპათიურობა და გაურკვევლობა მოჰყვება? ან როგორ უნდა მართოთ საკუთარი ემოციები განსხვავებული ტიპის უკუკავშირზე?
აქ ექსპერტები 5 საკითხზე გირჩევენ ყურადღების გამახვილებას:
- სახელი დაარქვით თქვენს ემოციებს — განსაზღვრეთ, როგორ გრძნობთ თავს და არ განსაჯოთ საკუთარი თავი;
- გამოყავით ღირებული საკითხები — მოძებნეთ რაღაც ისეთი უკუკავშირში, რაც გამოსადეგი იქნება მაშინაც კი, თუ ეს კარგად არ არის მოწოდებული;
- დააფასეთ გულწრფელობა — მაშინაც კი, როცა არ ეთანხმებით. თუმცა აღნიშნეთ, რომ ეს თანხმობას არ ნიშნავს;
- შესთავაზეთ უკუკავშირი უკუკავშირზე — გაესაუბრეთ უფროსს მიღებული უკუკავშირის გავლენაზე;
- ან გააუმჯობესეთ, ან თავი აარიდეთ — განსაზღვრეთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესება თუ თავის არიდება სჯობს.
ახლა კი მოდით, გავიგოთ, როგორ შეიძლება მოარგოთ ეს ნაბიჯები სამი განსხვავებული ტიპის უკუკავშირს:
შეურაცხმყოფელი აგრესიული უკუკავშირი
რას გააკეთებთ, თუ ვიღაც დაგიყვირებთ ან დაგამცირებთ? მაგალითად, ვინმემ რომ გიყვიროთ ყველაზე აგრესიული ადამიანი ხარ, ვისაც შევხვედრივარო? მსგავსი უკუკავშირი ბრაზის, შიშის, დაუცველობისა და შფოთვის მიქსს გვთავაზობს. ქვემოთ მოცემული საკითხების გარდა კი შეგიძლიათ, როცა სამსახურში სიტყვიერ შეურაცხყოფას მოგაყენებენ ან დაგცინებენ, თქვენთვის სანდო კოლეგას ან HR-ს გაუზიაროთ — , თუ ეს თავს დაცულად გაგრძნობინებთ. ხოლო თუ მსგავსი არავინ გყავთ, დროა, სხვა სამსახურის ძიება დაიწყოთ… ახლა კი ვნახოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავსი უკუკავშირის დროს:
1. სახელი დაარქვით თქვენს ემოციას — საკუთარ თავს ერთი წუთი მიეცით, თუ მოზღვავებულ ემოციებს განიცდით, ეცადეთ განცალკევდეთ ან კონკრეტული სიტუაციისგან სრულად დისტანცირდეთ. შეგიძლიათ, თქვათ: „მირჩევნია, ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ“ ან „თქვენი უკუკავშირი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, ერთი წუთი მჭირდება“. აქ ექსპერტები ემოციების 10-ქულიანი შკალის მიხედვით შეფასებას გირჩევენ, სადაც 1 კარგად ყოფნას უდრის, 10 კი პანიკაზე მიგანიშნებთ, ხოლო მოქმედებაზე გადასვლას ან პასუხის გაცემას შკალის 3 ან 4 ქულაზე ყოფნის დროს გირჩევენ.
2. გამოყავით ღირებული საკითხები — როგორც კი დამშვიდდებით, დაფიქრდით, რა ითქვა და არა, როგორ ითქვა. არის თუ არა რაიმე ინფორმაცია, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით გადმოცემული, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ წარმატების მიღწევაში? შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა ვერასდროს გითხრათ, რას ფიქრობენ, სანამ არ გაბრაზდებიან…
მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არა მოწოდებულ უკუკავშირს, მაინც იპოვეთ ერთი რამ იმ ადამიანის ნათქვამიდან, რომელსაც შეიძლება ეთანხმებოდეთ და გამოიყენეთ იგი თქვენს სასარგებლოდ.
3. დააფასეთ გულწრფელობა — თუ უკუკავშირს ეთანხმებით, ცვლილებებს მიმართეთ და მიაწოდეთ განახლებული ინფორმაცია სხვებს, რომ რაღაცებს განსხვავებულად აკეთებთ. ხოლო თუ არ ეთანხმებით, გულწრფელად განუმარტეთ, რატომ.
4. შესთავაზეთ უკუკავშირი უკუკავშირზე — ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება ეფექტური იყოს იმის გაზიარება, როგორ ზემოქმედებს მკაცრი უკუკავშირი თქვენს უნარზე, კარგად შეასრულოთ სამუშაო. მაგალითად, კვლევისას, როცა დასაქმებულს უფროსი საუბრისას ხშირად ყვირილით მიმართავდა, თანამშრომელმა უთხრა, როგორ უშლიდა ეს მას ფოკუსირებაში ხელს. სწორედ ამის შემდეგ გაანალიზა მენეჯერმა, რომ იგი უნებლიედ ზიანს აყენებდა მას და მოუბოდიშა.
5. ან გააუმჯობესეთ, ან თავი აარიდეთ — ზოგჯერ, როცა ადამიანს ესაუბრებით, თუ როგორ იმოქმედა მათმა უკუკავშირმა თქვენზე, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ეს პიროვნება თქვენს გაღიზიანებას ცდილობს. მსგავს შემთხვევებში კი მათთვის იმის თქმა, თუ როგორ გაგრძნობინეს თავი, არ იმუშავებს. ან საერთოდ, რატომ უნდა უთხრათ, რომ მათ თქვენი გაღიზიანება წარმატებით მოახერხეს? სანაცვლოდ, შეზღუდეთ ამ ადამიანთან ინტერაქცია…
მანიპულაციური გულწრფელობას მოკლებული უკუკავშირი
პირისპირ საუბრების დროს ზოგჯერ ადამიანები გაქებენ, ზურგს უკან კი გაკრიტიკებენ… და რა მოვუხერხოთ ამას?
1. სახელი დაარქვით თქვენს ემოციას — ამოისუნთქეთ და განსაზღვრეთ, როგორ გრძნობთ თავს.
2. გამოყავით ღირებული საკითხები — გახსოვდეთ, რომ ისეთი უკუკავშირის მიღებას ცდილობთ, რომელიც ზრდაში დაგეხმარებათ. აქ კი კარგი იქნება, სხვას კომენტარი სთხოვოთ, რათა დაადასტუროთ ის, რასაც გულისხმობთ. ამგვარად, საკუთარ თავს მისცემთ შესაძლებლობას, გაუმკლავდეს ნებისმიერ პრობლემას.
მეორე ტაქტიკა კი ადამიანისთვის იმის თქმაა, რომ რაღაცის გაუმჯობესებაზე მუშაობთ, რის შემდეგაც მათ დახმარება შეგიძლიათ, სთხოვოთ. მაგალითად: „მითხრეს, რომ ბევრს ვაწუხებ. შეგიძლია კალამი გადმომაწოდო, როცა შეხვედრაზე მსგავს ქმედებას შეამჩნევ?“
3. დააფასეთ გულწრფელობა — როცა დაინახავთ, ვიღაცას თქვენთვის უკუკავშირის გაზიარება უჭირს, აგრძნობინეთ, რომ ეს არა მარტო უსაფრთხო პროცესია, არამედ ამისთვის დაფასდებიან კიდეც. როცა მათი უკუკავშირი ქმედებებში გადაიზრდება, მათ მიერ გაწეული რისკი შედეგს გამოიღებს. მადლობის თქმა კი არასდროსაა საკმარისი — თქვენ პრობლემის გამოსწორება გჭირდებათ. მაგრამ როცა ზურგს უკან გაკრიტიკებენ, ეს საკმაოდ რთული ხდება… ასეთ დროს კარგი იქნება, თუ პირდაპირ გაესაუბრებით, რომ იცით, რასაც აკეთებს და მისი რეალური უკუკავშირი სწორედ რაღაცების გასაუმჯობესებლად გჭირდებათ.
4. შესთავაზეთ უკუკავშირი უკუკავშირზე — შეგიძლიათ ამ ადამიანს უთხრათ, რომ სხვა დროს უმჯობესია, პირადად დაგელაპარაკოთ და არ განიხილოს კონკრეტული საკითხები თქვენს ზურგს უკან.
5. ან გააუმჯობესეთ, ან თავი აარიდეთ — თუ ადამიანი მოგიბოდიშებთ და გულწრფელი იქნება, შეგიძლიათ ხელახლა დაფიქრდეთ ნდობის აღდგენაზე, თუმცა თუ საპირისპირო შემთხვევასთან გაქვთ საქმე, მიზნად ემოციების რეგულირება დაისახეთ იმგვარად, რომ მათმა ქმედებებმა თქვენზე ნაკლებად იმოქმედოს.
დამანგრევლად ემპათიური უკუკავშირი
ზოგჯერ ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, რომ ადამიანი იმდენად დამწუხრებულია, რაიმე არ გაწყენინოთ, ვერც იმას გეუბნებათ, რასაც რეალურად ფიქრობს… აქ კი:
1. სახელი დაარქვით თქვენს ემოციას — როცა ვიღაც ზედმეტად სასიამოვნო გზებით გადმოგცემთ უკუკავშირს, შესაძლოა, დარწმუნებული აღარ იყოთ მის განზრახვებში ან იმედი გაგიცრუვდეთ, რომ არ გეუბნებიან იმას, რაც გაუმჯობესებისთვის გჭირდებათ. ამან შეიძლება გაგაბრაზოთ კიდეც, სუსტად წარმოგაჩინოთ ან ზიზღის გრძნობა გაგიჩინოთ…
2. გამოყავით ღირებული საკითხები — როცა ვიღაც გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგად გამოგდით, თქვენ კი გრძნობთ, რომ მაინც არსებობს სივრცე, რომლის გაუმჯობესებაც გჭირდებათ, ის კი კვლავ არაფერს ამბობს, იქამდე ჩაერთეთ საუბარში, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.
3. დააფასეთ გულწრფელობა — თუ უკუკავშირს ეთანხმებით, გამოასწორეთ კონკრეტული საკითხი, შემდეგ კი ჰკითხეთ, როგორ მოახერხეთ ეს. ხოლო, თუ არ ეთანხმებით, ესეც უთხარით და გაუზიარეთ გულწრფელად, რატომ ფიქრობთ ასე.
4. შესთავაზეთ უკუკავშირი უკუკავშირზე — აჩვენეთ, რამდენად გამოგადგათ მათი უკუკავშირი და უთხარით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების ცოდნა, რომლებიც გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ…
5. ან გააუმჯობესეთ, ან თავი აარიდეთ — თუ ზემოთ განხილული ყველა ნაბიჯი გადადგით და კონკრეტული ადამიანი უკუკავშირს მაინც არ გიზიარებთ, მაშინ სხვას უნდა მიმართოთ…
რთულია გრძნობების მართვა მაშინ, როცა უკუკავშირს მკაცრი ან შეურაცხმყოფელი გზებით გიზიარებენ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამასთან გამკლავებას სწორედ ზემოთ მოცემული ნაბიჯებით მოახერხებთ.
წყარო: HBR