სამსახურში ინტერპერსონალური დაძაბულობები ხშირად იჩენს თავს, ტოქსიკურმა ქმედებებმა კი შეიძლება ორგანიზაცია წარუმატებლობამდე მიიყვანოს. რასობრივი თუ კულტურული დისკრიმინაცია, კამათი პროექტის დეტალებზე ან ჭორაობა უსამართლო უპირატესობებზე ნეგატიურად ზემოქმედებს გუნდის შედეგებზე, თანამშრომლობასა და პროდუქტიულობაზე… თუმცა არსებობს 5 მეთოდი, რომლებიც მსგავს სიტუაციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, მოდით, დავიწყოთ:
1. დაადგინეთ, რამ გამოიწვია დაძაბულობა
Fearless Organization-ის წიგნში ამის მიზეზად ორგანიზაციის ნაკლებ ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას ასახელებენ, რაც მოიცავს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს, გამოფიტვასა და ადამიანური კაპიტალის დანაკარგს. თუმცა ამ ყველაფერთან გამკლავება რომ შევძლოთ, ჯერ თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რისი ცვლილებაც საჭიროა. ძალაუფლების არათანაფარდობა და აზრთა სხვადასხვაობა, თუ ვინ წარუძღვება პროექტს, რომელი პარტნიორები უნდა ჩართოთ ამ პროცესში ან როგორ უნდა გაზომოთ შედეგები, ხშირად გაუგებრობებისა და უთანხმოებების საფუძველი ხდება. აქ კი ახალ თანამშრომლებს, ფერადკანიან ქალებსა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს ეშინიათ ხმის ამოღების, რათა ისინი ნეგატიურად არ განსაჯონ…
თუ მსგავს სიტუაციებში მხარდაჭერას, ემპათიასა და სიმამაცეს გამოიჩენთ, დაძაბულობის მიზეზებსაც დაადგენთ. ამასთან, ხელს შეუშლით მას თანამშრომელთა კეთილდღეობასა თუ პროფესიულ განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაში. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ეს პროცესი ყოველთვის მარტივი ან უსაფრთხო არ იქნება და აქ სანდოობა გადამწყვეტი ფაქტორია…
2. ეცადეთ, გაუგოთ სხვებს
ურთიერთგაგების მისაღწევად მნიშვნელოვანია, დატოვოთ სივრცე სხვებისთვის, რათა თავისუფლად ისაუბრონ საკუთარ აზრებზე; გამოიჩინოთ ემპათია კომპლექსურ სიტუაციებში და აიღოთ პასუხისმგებლობა თანამშრომლებს შორის უსაფრთხოებისა და ნდობის გაძლიერებაზე — ღია, უსაფრთხო და სანდო კომუნიკაციის ტრანსფორმაციული ძალა ხაზს უსვამს პოზიტიური ცვლილების შესანიშნავ პოტენციალს, რომელში ჩართულ მხარეებსაც, შესაძლოა, ნაკლებად კომფორტული საკუთხების გავლაც მოუწიოთ.
3. იპოვეთ სწორი დრო ჩარევისთვის
იტყვით თუ არა რაიმეს, ეს ორივე არჩევანია, რომელსაც კონკრეტულ შედეგებამდე მიჰყავხართ. თუმცა აქ სწორი დროის შერჩევა უმნიშვნელოვანესია. შესაძლოა, მყისიერად ჩაერიოთ კონკრეტულ სიტუაციაში ან გარკვეული დროის შემდეგ. თუ მარტო ხართ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც შეურაცხმყოფელი კომენტარი გააჟღერა და ფიქრობთ, რომ თქვენი პასუხი მან შეიძლება ვერ გაიგოს ან თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს, დაელოდეთ, ვიდრე სხვა კოლეგები გამოჩნდებიან. ამ შემთხვევაში ისინი ან დაგიცავენ, ან სიტუაციას უფრო ობიექტურად აუხსნიან HR-ს.
ალტერნატიულად, თუ თავს კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ უპასუხოთ: „როცა ვამბობდი… ვგრძნობდი…“ ან „დარწმუნებული ვარ, ამას არ გულისხმობდი, მაგრამ ასეთ კომენტარს მე ვერ მივიღებ“. ადამიანს, რომელსაც უკუკავშირს აძლევთ, უნდა აცნობოთ მათი სიტყვებისა თუ ქმედებების გავლენა. დიდი ხანი ლოდინი კი ნეგატიური გრძნობების წარმოშობის ალბათობას ზრდის… აი მაშინ, როცა თანამშრომლები არ საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე ან მენეჯერები საპასუხო რეაქციებს აყოვნებენ, ამას ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის გამოტოვებულ შესაძლებლობებამდე მივყავართ.
4. ითხოვეთ დახმარება
თუ მსგავსი სიტუაციების მართვისას მენეჯერებისგან ან ხელმძღვანელებისგან მითითებები გაკლიათ, HR-ს უნდა მიმართოთ. შესაძლოა, რაღაც გაყოვნებდეთ ან ფიქრობდეთ, რომ HR-თან ასეთი ურთიერთობა არ გაქვთ, მაგრამ ის სწორედ იმისთვისაა, რომ თანამშრომელთა ხმა მეტად ისმოდეს და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე. შეიძლება, ინფორმაციების მოძიებაშიც დაგეხმაროთ, უთანხმოებების მიზეზების დადგენაში ან შესაბამისი ქმედებების განსაზღვრაში. შეუძლია კონსტრუქციული დიალოგიც კი წამოიწყოს და იპოვოს პროაქტიული გამოსავალი ქცევითი საკითხების გადასაჭრელად. მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა ფრთხილად გამოიყენოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაძაბულობისა და დისკომფორტის ზრდის საშიშროებაც არსებობს.
ხოლო სამსახურში არსებულ რესურსებში მხარდაჭერის პოვნა ჯანსაღ კარიერას უზრუნველყოფს. კოლეგებისთვის, მენეჯერებისა თუ ხელმძღვანელებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება საზიანო გამოცდილების გადასაჭრელად უმნიშვნელოვანესია.
5. გამოასწორეთ და აღადგინეთ ნდობა
მიკროაგრესიები დიდად ზემოქმედებს კეთილდღეობაზე, სამუშაოთი კმაყოფილებასა და პროდუქტიულობაზე. იმისათვის, რომ ადამიანმა ინტერპერსონალური დაძაბულობებისგან იხსნას თავი, აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ მისი ესმით, პატივს სცემენ და აფასებენ. ექსპერტები კი აქ 5 საკითხზე გვირჩევენ ყურადღების გამახვილებას:
- აღიარეთ, რომ თქვენმა ქმედებებმა ვიღაცას ზიანი მიაყენა
- აღიარეთ, რომ თავად იყავით ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი
- გაიაზრეთ ადამიანზე თქვენი ქმედებების სრული გავლენა
- გადადგით ნაბიჯები ზიანის აღმოსაფხვრელად და გამოასწორეთ
- დაადგინეთ ის ნიმუშები ან ჩვევები, რომლებმაც ზიანი გამოიწვია და გადადგით ნაბიჯები ამის შესაცვლელად
სიმართლე რომ ვთქვათ, არცერთი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელია ვალდებული, თავის კოლეგებს ამ კუთხით ინფორმაცია მიაწოდოს… კარგი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად კი უმჯობესი იქნება, თუ თქვენს თავს ჰკითხავთ: როგორ შემიძლია ვფოკუსირდე იმაზე, რასაც ადამიანი ამბობს და არა, იმაზე თუ როგორ აკეთებს ამას ან როგორ გამოიყურება? კიდევ როგორ შემიძლია კოლეგების გაგება იმის ნაცვლად, რომ მათთან კომუნიკაციას თავი ავარიდო? ხოლო მანამ, სანამ ვიღაცის არასასიამოვნო კომენტარზე გადაწყვეტთ რეაგირებას, დაფიქრდით, რისთვის აკეთებთ ამას… თუ ორივე მხარეს ექნება სურვილი, კონსტრუქციულ საუბრებამდე მისვლა და ურთიერთგაგების მიღწევა რთული აღარ იქნება.
აქვე ერთ რჩევასაც მოგცემთ, დასაწყისშივე საკუთარ თავს ჰკითხეთ — „რისი გაგონება მსურს, რისი თქმა მინდა და რას ვისურვებდი შედეგად?“.
გახსოვდეთ, ინტერპერსონალურ დაძაბულობებსა და ტოქსიკურ გარემოსთან გამკლავება პროაქტიულ ძალისხმევას მოითხოვს… თუმცა კონფლიქტის დაძლევით უფრო ძლიერ, მეტად დაკავშირებულ და ეფექტურ გუნდს შექმნით.
წყარო: HBR












