in

3 მეთოდი მათთვის, ვისაც დისტანციურად მუშაობა თავს მარტოსულად აგრძნობინებს

ოფისში დიდი დროის გატარების, საცობებისა და ხმაურის შემდეგ, დისტანციურად მუშაობა ზოგიერთი ადამიანისთვის ნამდვილი შვება იყო. თუმცა მათ მალევე იგრძნეს სხვებთან პირისპირ ურთიერთობის საჭიროება. მარტოობა კი სწორედ ის დისკომფორტია, რომელსაც ჩვენ განვიცდით, როცა სასურველ და მიღებულ სოციალურ კავშირებს შორის თანხმობა არ არსებობს. თუკი ფიქრობთ, რომ თქვენც მათ შორის ხართ, ამ კავშირის ხარვეზის აღმოსაფხვრელად შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგათ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

დაადგინეთ თქვენი საჭიროებები

პროცესი იმის განხილვით დაიწყეთ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის ეს მარტოობის შეგრძნება. თქვენივე საჭიროებების დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან ის, თუ როგორ განიცდით მარტოობას და როგორ უდგებით ზოგადად ამ საკითხს, ძალიან ინდივიდუალურია. დაფიქრდით, რა გჭირდებათ იმისათვის, რომ სხვებთან დაკავშირებულად იგრძნოთ თავი? რა ტიპის ინტერაქცია და რა დონის ჩართულობაა თქვენთვის მისაღები? უბრალოდ გასაუბრება გირჩევნიათ, პირისპირ საუბრები თუ ჯგუფური შეხვედრები? ლანჩისთვის პარტნიორი გჭირდებათ? გსურთ, რომ თანამშრომლობისთვის უფრო დიდი გუნდი გყავდეთ?

თუ ამ კითხვებზე დეტალურ პასუხებს მიიღებთ, მეტად გაგიმარტივდებათ იმის გაგება, გამოსავალი მარტივად მოიძებნება თუ ეს ის არის, რაც დიდ ცვლილებებს მოითხოვს… 

შეაფასეთ თქვენი ვარიანტები

მას შემდეგ, რაც დაადგენთ რა გჭირდებათ, დროა არსებული ვარიანტების განხილვაზე გადახვიდეთ. უნდა დაადგინოთ, რამდენად ახლოსაა თითოეული სოციალური კავშირებისა და ინტერაქციების სასურველ დონესთან. კარგი იქნება, ცნობისმოყვარეობასაც თუ გამოიჩენთ და საკუთარ თავს ჰკითხავთ:

  • რა არსებობს უკვე ისეთი, რაც არ გამომიყენებია?
  • რა შემიძლია გავაკეთო, რომ უკეთ მოვერგო ჩემს საჭიროებებს?
  • არსებობს რაიმე რესურსი ან შესაძლებლობა, რითაც უფრო მეტის სწავლას შევძლებ?

ეცადეთ, ამ კითხვებზე ერთზე მეტი პასუხი მოიფიქროთ. ე. წ. ბრეინშტორმული აქტივობების მსგავსად მიუდექით და შესაძლო ვარიანტების სია ჩამოწერეთ. იდეები იმდენად მრავალფეროვანია ხოლმე, რომ საერთო სამუშაო სივრცის, მოხალისეობრივი აქტივობების, კურსზე ჩაწერის, პროფესიულ ასოციაციებში ჩართვისა და სხვა საკითხებს შეიძლება მოიცავდეს. 

გადადგით პირველი ნაბიჯი

გამოდის, თქვენ ადგენთ საჭიროებების სიას, ხაზავთ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს, შემდეგ კი პირველ ნაბიჯს დგამთ. მაგალითად, სხვებთან თანამშრომლობა თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, ხომ არ ჰკითხავდით მენეჯერს, შესაძლოა თუ არა ვინმეს მენტორი გახდეთ და კონკრეტული უნარის დასწავლაში დაეხმაროთ? თუ სოციალური ინტერაქციები გაკლიათ, შეგიძლიათ კოლეგას თვეში ერთხელ ყავის ვირტუალურად დალევა შესთავაზოთ? თუ ახალი ურთიერთობები გჭირდებათ, შეგიძლიათ მოირგოთ ადგილობრივი მოხალისის როლი, რითაც სხვებსაც გაიცნობთ?

მეტად სავარაუდოა, რომ თქვენმა ახალმა იდეებმა თქვენივე პროფესიული განვითარებაც ააჩქაროს, გააუმჯობესოს არსებული უნარები, დაგეხმაროთ ახალი კავშირების დამყარებაში, გააფართოოს თქვენი ცოდნის ბაზა და პერსპექტივები. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, მარტოობის შეგრძნების დაძლევის პარალელურად მოხდება. 

ამგვარად, პირველი ნაბიჯი იდეების ამოქმედების საშუალებას მოგცემთ. აქ კი უნდა დააკვირდეთ, რას გრძნობთ… უახლესი კვლევის თანახმად, სოციალური იზოლაცია და მარტოობა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას იწვევს, იქნება ეს ძილის დარღვევა, დაბალი თვითშეფასება, მაღალი არტერიული წნევა, შფოთვა თუ დეპრესია. ამიტომ, თუ თქვენს ან თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანზე დისტანციური სამუშაო გარემო ცუდად აისახება, უმჯობესია, ამაზე ჯანდაცვის პროფესიონალს ან ფსიქოლოგს გაესაუბროთ.

დაბოლოს, მართალია, ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, მაგრამ არ დააიგნოროთ სიტუაცია, რომელიც თავს ცუდად გაგრძნობინებთ. თქვენი სამსახური და ის, თუ როგორ მუშაობთ, მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენივე ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ფასდაუდებელი საკითხია. 

 

წყარო: HBR



პროფესიული სოციალური ქსელი, რომელსაც AI მართავს — Louisa

John Lewis-ის მთავარი კრეატიული სააგენტო Saatchi & Saatchi გახდა