„აკეთე, რაც გიყვარს და ცხოვრებაში არცერთი დღე მოგიწევს მუშაობა“ — ეს ის არის, რისკენაც მრავალი თაობა მიისწრაფვის, მაგრამ ყოველთვის კარგია? კვლევის თანახმად, ენთუზიაზმი მრავალ პოზიტიურ შედეგს უკავშირდება, დაწყებული სტრესის შემცირებით, დამთავრებული პროდუქტიულობისა და კარიერული წარმატებების ზრდით. თუმცა მეორე კვლევის თანახმად, შეიძლება ეს ძვირად დაგიჯდეთ და გამოფიტვამდე მიგიყვანოთ…
სამსახურით აღტაცება ხელს უშლის გაჯანსაღების პროცესს
ადამიანები, რომლებიც სამსახურით აღტაცებულნი არიან, თავს მეტად ენერგიულადაც გრძნობენ. ეს ენერგია მათთვის საქმეს მეტად ამარტივებს, ამგვარად კი, ბევრად დიდ დროსა და ენერგიას დებენ მასში. თუმცა თანამშრომლებს მოუწიათ, გადაეხედათ თავიანთი საჭიროებებისთვის — ისინი დასვენებასა და გაჯანსაღებას პრიორიტეტს არ ანიჭებდნენ, არასამუშაო საათებშიც კი მათი გონება სამსახურისკენ იყო მიპყრობილი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამსახურით მეტად გატაცებამ დასაქმებულებს უბიძგა, მეტი ენერგია დაეხარჯათ სამსახურში და დაუტოვა მათ ნაკლები მენტალური რესურსი, რათა დამღლელი დღის შემდგომ განტვირთულიყვნენ. ბუნებრივია, ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ მომდევნო დღეებში თანამშრომლები თავს გამოფიტულად გრძნობდნენ, იმდენად აღარ ჰქონდათ ენერგია, რომ სამსახურისადმი არსებული აღტაცების შენარჩუნებაც კი გაუჭირდათ…
ეს რაღაც სასტიკ წრეს ჰგავს: როცა ჩვენი აღტაცება პიკს აღწევს, სავსე ვართ ენერგიით, მაგრამ ნაკლებად ვამჩნევთ, რომ ის, რასაც ზედმეტი მუშაობა იწვევს ჩვენში, ხელს გვიშლის, სამსახურს მოვწყდეთ და თავიდან ავიცილოთ გადაღლილობა. კვლევაც ამაზე მეტყველებს — ადამიანები, რომლებიც აღტაცებულნი არიან სამსახურით, ნაკლებად იღებენ შესვენებებს.
რა თქმა უნდა, აღტაცებისგან თავის არიდება ნამდვილად არ არის გამოსავალი — უბრალოდ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მამოძრავებელია თანამშრომელთა კეთილდღეობისა და ორგანიზაციათა წარმატებისთვის. თუმცა ამას ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა ჰქონდეს ჩვენზე. აქ კი იმ რამდენიმე ნაბიჯს გაგიზიარებთ, რომლებიც შეუძლიათ თანამშრომლებსა და მენეჯერებს გადადგან, რათა ჯანსაღი გრძნობები შეინარჩუნონ და ამან ისინი გამოფიტვამდე არ მიიყვანოს.
აკონტროლეთ თქვენი აღტაცება
როგორც თანამშრომელმა, მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ სამსახურის პოვნა, რომლითაც აღტაცებული იქნებით, პირველი ნაბიჯია. თუმცა ამ გრძნობის შენარჩუნება კონცენტრირებულ ძალისხმევას მოითხოვს, რათა შეისვენოთ და გაჯანსაღდეთ, როცა საჭირო იქნება. ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ მისწრაფებას თქვენი კონტროლის ნება მისცეთ, სადავეები თავად უნდა აიღოთ ხელში. შესაძლოა, სამსახურით აღტაცებამ ძალიან ბევრი მუშაობისკენ გიბიძგოთ, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს — ეს იმის ნიშანიც კია, რომ დაღლილობის თავიდან ასაცილებლად რაღაც საზღვრები დააწესოთ.
მსგავსი მაგალითი სპორტშიც მოიძებნება: ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, სპორტსმენები პრიორიტეტს ანიჭებენ ვარჯიშის შემდგომ გამაჯანსაღებელ პრაქტიკებს, იქნება ეს ყინულის აბაზანები თუ მასაჟები, რათა თავი დაიზღვიონ დაზიანებებისგან და უზრუნველყონ გრძელვადიანი შედეგები. მსგავსად, სამუშაო დღის შემდეგ, თანამშრომლებმაც უნდა გამოყონ დრო ემოციური გაჯანსაღებისთვის. თანაც, კვლევის თანახმად, ერთი დამატებითი არასამუშაო დღის აღება დასაქმებულებს სამსახურიდან განცალკევებასა და მომდევნო სამუშაო დღეს კიდევ უფრო მეტი ენერგიით დაბრუნებაში დაეხმარა.
გამოდის, თუ გაჯანსაღებას მიანიჭებთ უპირატესობას, ეს არამარტო შესვენების საშუალებას მოგცემთ, არამედ თქვენს აღტაცებას კიდევ უფრო გაზრდის, უზრუნველყოფს მეტად ჯანსაღ და მდგრად ყოველდღიურ გამოცდილებას.
მხარი დაუჭირეთ მეტად მდგრადი ტიპის აღტაცებას
იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რამდენიმე სამსახური აქვთ, მუშაობენ განსაკუთრებით ექსპლუატაციურ ინდუსტრიებში, აქვთ დამატებითი ზრუნვის პასუხისმგებლობები ან უწევთ სხვა სისტემურ ბარიერებთან შეჯახება, კიდევ უფრო რთულდება დასვენებისა და სამსახურიდან „მოწყვეტის“ საკითხები… ამ აღტაცების შენარჩუნება კი გადაღლილობის თავიდან აცილების გარეშე თითქმის შეუძლებელიც კია.
მაგალითად, კვლევის თანახმად, კაცებს უფრო მეტი მოქნილობა აქვთ თავიანთი პირადი და პროფესიული პასუხისმგებლობების გადანაწილებისას, როცა ქალების დიდ ნაწილს დიასახლისობის „მეორე ცვლა“ უწევს — სახლის საქმეების შესრულება და ბავშვის მოვლა. აქედან გამომდინარე, კაცებს მეტი თავისუფლება აქვთ, რომ სამუშაო დღის შემდეგ ენერგიები აღიდგინონ. ძალიან ხშირად კი აღტაცების შენარჩუნება რაღაც ფუფუნება ხდება: მხოლოდ იმ ადამიანებმა დაიმსახურეს, რომლებიც ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან და აქვთ მოქნილობა, დაისვენონ და არსებული ენთუზიაზმი გრძელვადიან პერსპექტივაშიც შეინარჩუნონ.
ეს რეალობა კი იმდენადაა ფესვგადგმული, რომ მასთან სწრაფად გამკლავება რთულდება, მაგრამ ეფექტური მენეჯმენტით გავლენის შემცირება ნამდვილად შესაძლებელია. თანამშრომელთა დახმარებაც ისე, რომ თავი ნაკლებად გამოფიტულად იგრძნონ… იმის ნაცვლად, რომ მენეჯერებმა ადამიანებს უბიძგონ არამდგრადი მისწრაფებისკენ და გადაღლილობამდეც მიიყვანონ, უნდა სცადონ სამუშაო დატვირთვის მართვა, დაკვირვება ემოციურ მდგომარეობაზე და ისეთი სისტემების შექმნა, რომლებიც პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსს უწყობს ხელს. განსაკუთრებით დისტანციური რეჟიმის დროს, როცა ამ ორს შორის ზღვარი საკმაოდ ბუნდოვანია…
მოკლედ რომ ვთქვათ, მენეჯერებმა კონკრეტულ მომენტში ენთუზიაზმის გაძლიერებაზე კი არ იზრუნონ, არამედ ისინი უნდა დაეხმარონ თანამშრომლებს, შეინარჩუნონ ეს გრძნობა ხანგრძლივ პერსპექტივაში. საინტერესოა ისიც, რომ ეს აღტაცება, ვნება ან ენთუზიაზმი სამსახურის სრულყოფისთვის აუცილებელ ნაწილად თუ მიაჩნიათ, მისი განმარტება ნამდვილად რაღაც ბნელ მხარეს მალავს — სიტყვა passion ლათინური pati-დან მომდინარეობს და ტანჯვას ნიშნავს. გერმანულად კი Leidenschaft-ია, რაც ითარგმნება, როგორც „გაჭირვების გაძლების უნარი“…
დაბოლოს, ამ ენთუზიაზმს შეცდომაში შევყავართ იმით, რომ საქმე ნაკლებად ჰგავს სამსახურს და ასე ენერგიასა და თავად ენთუზიაზმსაც კი გვაცლის. მართალია, ტანჯვასა და გაჭირვებას რომ გაუძლო, ეს უნარი წარმატებისთვის აუცილებელია, მაგრამ ასეთივე კრიტიკული საკითხია ნაბიჯების გადადგმა საკუთარი თავისა და გუნდების დასაცავად მანამ, სანამ თქვენივე აღტაცება გამოგფიტავთ.
წყარო: HBR