in

რატომ არ უნდა მიიღონ ხელმძღვანელებმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები?

წარმატებული ლიდერები ხშირად ფიქრობენ, რომ მხოლოდ მათ იციან, რა იქნება საუკეთესო ორგანიზაციისთვის… შესაბამისად, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ანიჭებენ უპირატესობას. რეალურად კი, ამან ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს როგორც ხელმძღვანელები, ისე გუნდები და ზოგადად, ორგანიზაცია. ხოლო, თუ ამ სიტუაციისგან თავის დაღწევა გსურთ, რამდენიმე გზას უნდა მიმართოთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

1. განსაზღვრეთ, რატომ იღებთ გადაწყვეტილებებს მარტო

თუ ზედმეტად თავდაჯერებული ან დოგმატური ლიდერი ხართ, რომელიც ცალმხრივი გადაწყვეტილებებისკენ მიისწრაფვის, ჯერ უნდა გაიგოთ, რა არის ამის მიზეზი. თქვენი გადაწყვეტილების მიღების სტილის გასაგებად კი, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვათ:

როგორ ფიქრობთ, გადაწყვეტილების მიღება თქვენი ძლიერი მხარეა? — მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, რის გამოც თქვენი წინათგრძნობები ან განსჯა, შესაძლოა, ხშირად სწორი იყოს. მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება კომპლექსური პროცესია, რაზეც რამდენიმე ფაქტორი ზემოქმედებს. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ამას ვერ ახერხებენ, სრული ინფორმაციის არქონაა. ეს უკანასკნელი კი უკუკავშირის ნაკლებობას ან არქონას შეგვიძლია დავუკავშიროთ. დიახ, ყველა გადაწყვეტილება ერთნაირი არ არის, ამიტომ მოითხოვს განსხვავებულ მონაცემებს, გამოცდილებასა თუ მრავალფეროვანი პერსპექტივიდან დანახვას როგორც თქვენი გუნდის წევრების, ისე აქციონერების მხრიდან.

ფიქრობთ, რომ სხვა ადამიანების აზრებს არ აქვს მნიშვნელობა? — როცა ლიდერები გადაწყვეტილებებს მარტო იღებენ, ასე, სხვებს უგზავნიან შეტყობინებას, რომ მათ აზრებს არ აფასებენ… რეალურად კი, ყველა ინდივიდს სურს, თავი დაფასებულად იგრძნოს. ხოლო მაშინ, როცა ლიდერები გადაწყვეტილებებს ვაკუუმში იღებენ, სრულად საპირისპირო რამ ხდება. თუ ასე არ მოიქცევით, გუნდს აჩვენებთ, რომ მათი გჯერათ, ასე, ურთიერთობებსა და თანამშრომლობით კულტურასაც კი გააძლიერებთ. 

თქვენივე გადაწყვეტილების მიღების უფლების გწამთ? — ზოგიერთი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თანამდებობა გადაწყვეტილების მარტო მიღების უფლებას აძლევს. სურთ, ყველაფერი აკონტროლონ და აჩვენონ ავტორიტეტი. რეალურად კი, მსგავსი ლიდერობის პოზიციონირება ხელმძღვანელობის საბაზისო დონეა, სადაც დარჩენა თქვენს პოტენციალს შეზღუდავს. 

გჯერათ, რომ მარტო თქვენ შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება? — თავდაჯერება ღირებული უნარია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება პროფესიულ წარმატებას. თუმცა დამღუპველიც კი შეიძლება აღმოჩნდეს მაშინ, როცა ხელმძღვანელი ზედმეტად აფასებს თავის უნარსა თუ ცოდნას. ასე კი, საჭიროზე მეტ რისკზე მიდიან, რაც ხშირად ცუდად მთავრდება.

2. ხელახლა განსაზღვრეთ, როგორც ლიდერს, როგორი პოზიცია გინდათ გქონდეთ? 

ცოტა მხატვრულად რომ ვთქვათ, მარტო მოხეტიალე მგლიდან სტრატეგიულ და ინკლუზიურ გადაწყვეტილების მიმღებამდე გადასვლა არც ისე მარტივი საკითხია. ეს ქცევის მრავალ ცვლილებას მოითხოვს, იმისათვის, რომ სხვების აღქმაზე შთაბეჭდილება ხელახლა მოახდინოთ. თუ გსურთ, კარგი ლიდერი იყოთ, გუნდის ჩართულობაზე, თანამშრომლობაზე, საერთო მიზნებით სვლასა და გადაწყვეტილებების ერთად მიღებაზე უნდა იზრუნოთ. ამის დაწყებას კი შემდგომი ნაბიჯებით შეძლებთ:

იყავით თავმდაბალი — ეს იმის აღიარებაა, რომ ყველაფერი არ იცით, რაც ჩვეულებრივი ამბავია… განსაზღვრეთ, რა არის თქვენი მიზანი და რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება. ბუნებრივია, ეს გუნდის ყოლას მოითხოვს, რომელიც საქმეში ჩართული და მისით შთაგონებულია. 

იყავით ყოვლისმომცველი — არ დაგავიწყდეთ, რას ამბობდა აბრაამ მასლოუ: თუ მხოლოდ ჩაქუჩი გაქვთ, ყველა პრობლემას ლურსმანივით შეხედავთ. ამიტომ, უკუკავშირის თხოვნა თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია. 

იყავით ცნობისმოყვარე — იყავით ღია, რათა ისწავლოთ, რა არის წარმატების გასაღები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ყველაფრის აწონ-დაწონას და უკეთეს შედეგებზე გასვლას. ამიტომ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: კიდევ რა უნდა ვიცოდე?

იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაში — თუ უფრო მეტად მოკლევადიან შედეგებზე ფოკუსირდებით, განიხილეთ, რა შეიძლება იყოს თქვენი გადაწყვეტილებების გრძელვადიანი შედეგი. მაგალითად, თუ თანამშრომლებს ხელფასს შეუმცირებთ, ხარჯები მალევე დაიკლებს, მაგრამ მათი პროდუქტიულობა ან თქვენთან მუშაობის სურვილი შეიძლება საერთოდ გაქრეს.

3. იმოქმედეთ

აქ შემდგომ სტრატეგიებს უნდა მიმართოთ:

მოძებნეთ განსხვავებული პერსპექტივები — სიახლეები უკეთეს ინფორმაციებს მოგაწვდით და კრეატიულობის, ჩართულობისა თუ თანამშრომლობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. როგორც ლიდერმა, ინფორმაციები მრავალი წყაროდან უნდა მოიძიოთ და დარწმუნდეთ, რომ გუნდში ყველას აქვს რაღაც სათქმელი.

თქვენი პოზიცია აზრით ჩაანაცვლეთ — ზედმეტად თავდაჯერებული ლიდერები საკუთარ პოზიციებს გვიზიარებენ, რაც პატარა სივრცეს ტოვებს თანამშრომლობისთვის. მაშინ კი, როცა პოზიციას აზრებით ანაცვლებენ, თანამშრომლობისთვის მეტი შესაძლებლობა ჩნდება.

იმუშავეთ გუნდთან ერთად — რაც უფრო მაღალ პოზიციაზე იმყოფებით ორგანიზაციაში, მით უფრო დამოკიდებული ხართ სხვებზე, რათა განახორციელონ თქვენი ხედვა და მიზნები. მოგება გუნდური სპორტია, ამიტომ, გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა მნიშნელოვანია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე გადაწყვეტილებების მიღებას ეხება. გუნდი იმიტომ კი არ უნდა მოგყვებოდეთ, რომ ასეა საჭირო, არამედ თავადვე უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი.

დაბოლოს, შესაძლოა, რთული იყოს კონტროლზე უარის თქმა, მაგრამ თუ ინკლუზიური აზროვნების განვითარებაზე იზრუნებთ და განსხვავებულ პერსპექტივებსაც მიიღებთ, ასე, ბევრად ძლიერ გუნდსა და უკეთეს შედეგებსაც უზრუნველყოფთ…

 

წყარო: HBR



მაია სუმბაძის ილუსტრაციები „ბაკურიანის“ ეტიკეტებზე

Supermini კატეგორიის მანქანების ისტორია