სამსახურში უამრავ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ, ხანდახან ან ყოველთვის ზოგიერთის ქმედება საშინლად გვაღიზიანებს. აქ გამოსავალი მათთან ცივილურად დალაპარაკება უნდა იყოს, რათა მათივე გაუცნობიერებელი ეფექტის გააზრებაში დავეხმაროთ. იმის იმედიც უნდა გვქონდეს, რომ თუ თავადვე ვირგებთ ამ გამაღიზიანებელი ადამიანის როლს, სხვებიც ანალოგიურად მოიქცევიან, მოგვცემენ შესაძლებლობას, რომ ჩვენივე გამაღიზიანებელი ქცევები შევცვალოთ.
თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც არასდროს იცვლებიან… მჭევრმეტყველებასა და საკუთარი თავის განდიდებას მიმართავენ, ცინიკურად იცინიან, პასიურად აგრესიულები არიან და ა. შ. ერთი შეხედვით, აქ არაფერია ისეთი, რაც HR-ს შეგვიძლია მოვახსენოთ, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ცხოვრება უსიამოვნო გახდეს. ბრაზი და წყენა დროთა განმავლობაში გროვდება… აქ კი ამერიკელთა 62% მიმტევებლობის მეტ საჭიროებაზე საუბრობს.
პატიება საკმაოდ რთული და ხშირად გაუგებარი საკითხია. თეოლოგები და ფილოსოფოსები საუკუნეების მანძილზე მსჯელობდნენ, თუ რა იყო ის, რას გვთავაზობდა და რატომ იყო კარგი ჩვენთვის. ერთია, აპატიო იმას, ვინც გულწრფელად ნანობს და იმას, ვისაც საერთოდ არ ანაღვლებს, რაიმე შეიცვლება თუ არა. არადა, აქ ყველაზე საჭიროც კი შეიძლება იყოს — ჩვენ ვფლობთ უარყოფით ემოციებს და არა ის ადამიანი, რომლის მიმართაც ვგრძნობთ ბრაზს. თანაც, როცა არ ვპატიობთ ისეთი ემოციები ახდენს ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას, როგორებიცაა ზიზღი, შურისძიება, მტრობა და ბრაზი. ამან შეიძლება ჩვენი ქცევაც კი გააუარესოს და მნიშვნელოვან ურთიერთობებზეც იქონიოს გავლენა.
და თუ ფიქრობთ, რომ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც პატიების უნარის გაუმჯობესება სჭირდება, ეს პროცესი იმ მცდარი წარმოდგენების გამოვლენით უნდა დაიწყოთ, რომლებიც პატიების ცნებას დამაბნეველს ხდის:
პატიება ნდობის აღდგენას არ ნიშნავს — პატიება ნდობის ავტომატური აღდგენა არ არის, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, შურისძიების უფლების დაკარგვაა, ხოლო ის, თუ რა დოზით აღადგენთ ნდობას, ეს თქვენზეა დამოკიდებული.
პატიება სამართლიანობის დათმობას არ ნიშნავს — შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ კონკრეტული ადამიანი საკუთარი საქციელის გამო შესაბამის პასუხს არ აგებს და პატიებით სამართლიანობას სწირავთ მსხვერპლად, მაგრამ თქვენ აქ მართლმსაჯულების ტვირთი არ უნდა აიღოთ. ზოგიერთი ვარაუდი, თუ რა იწვევს კონკრეტული ადამიანის ქცევას, იქნება ეს შიში თუ დაუცველობა, შეიძლება სასჯელის რაღაც ფორმას წარმოადგენდეს…
პატიება არ ნიშნავს, რომ ცუდ საქციელს ჩვეულებრივ მიიღებთ — დიახ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პატიებით შეცდომა ჩვეულებრივ ამბად იქცევა ან ეს ძველ ქმედებას წაახალისებს. პატიება ცუდი საქციელის მიმღებლობას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს ვერ შეცვლის, იგი საშუალებას მოგცემთ, ნეგატიური ემოციები აკონტროლოთ და არ მისცეთ მათ თქვენი მართვის უფლება.
ადამიანები კი უმეტესად თავდაცვის შემდეგ ფორმებს მიმართავენ:
„არ მინდა ჩემით ისარგებლონ“: შიში, რომ პატიება ცუდ ქმედებებს გააძლიერებს მარტივად ჩნდება. შესაძლოა, არ შეიცვალოს, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით საზღვრების დაწესებასა და მათთან ინტერაქციების შემცირებაში. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული ქცევა ბოროტი სურვილებითაა გამოწვეული თუ უცოდინარობით, თქვენით სარგებლობის საშუალება მათ არ უნდა მისცეთ. შესაძლოა, ვერ გააკონტროლოთ მათი ქცევა, მაგრამ ნათლად აჩვენოთ, რა არის მისაღები და რა, არა.
„სიგიჟე კარგი შეგრძნებაა“: მომენტალური თვითკმაყოფილების ზრდა იმის გამო, რომ არ აპატიეთ, თავს დაცულად, საუკეთესო და სწორ ადამიანად გვაგრძნობინებს ხოლმე, თუმცა ამას ხანმოკლე ეფექტი აქვს. დროთა განმავლობაში ნეგატიური ემოციები ქრება…
„ყველაფერი შენი ბრალია“: პატიებისას ყველაზე რთული ნაწილი ის მოთხოვნილებაა, რომლითაც პრობლემაში ჩვენი პოტენციური წვლილი უნდა ვიპოვოთ. დიახ, ხშირად არსებობს ისეთი გამაღიზიანებელი ქცევები, რომლებშიც საერთოდ არ მიგვიძღვის წვლილი, მაგრამ ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენ სრულიად უდანაშაულოები ვართ.
პატიების პროცესი
განმარტეთ პატიების თქვენეული პრინციპები — აქ უნდა დაწეროთ, რისი გჯერათ პატიების შესახებ. არსებობს თუ არა პირობები, რომლებშიც მისი გამომუშავებაა საჭირო და თუ ასეა, რა პირობებია? ზღუდავთ თუ არა პატიების რაოდენობას? ზოგიერთი მეტად იმსახურებს პატიებას? რას ვერ აპატიებდით ვერასოდეს?
დაფიქრდით თქვენს გამოცდილებაზე, როცა რაღაც გაპატიეს და არ იმსახურებდით, მადლიერება გამოხატეთ? შემდეგ კი თქვენს პრინციპებს გადახედეთ და საკუთარ თავს ჰკითხეთ: ამ გზით მინდა რომ ჩემს მიტევებას უპასუხონ?
ემოციები არჩევანისგან განაცალკევეთ — ჩამოწერეთ ყველა ემოცია, რომელსაც კონკრეტული ადამიანის მიმართ გრძნობთ, შემდეგ კი დააკვირდით, როგორ აისახა ეს თქვენს ქცევაზე. კოლეგაზე სხვა თანამშრომლებთან ცუდად ისაუბრეთ? დააიგნორეთ? ჰკითხეთ საკუთარ თავს, რამდენად შეესაბამებოდა ეს ქმედებები თქვენს ღირებულებებს. თქვენი ემოციების შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან, პოტენციური ცუდი არჩევანის აღიარებაც, რომელიც სწორედ ამ ემოციებზე დაყრდნობით გააკეთეთ.
ასახეთ მთლიანი ამბავი — ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და განსაზღვრეთ მთლიან სურათს ხედავთ თუ არა, არსებობს თუ არა ფაქტორები, რომლებიც დააიგნორეთ და შემდგომში სწორედ ეს გახდა პრობლემის წარმოშობის საფუძველი. მნიშვნელოვანია, რაღაც კლიშეებისგან გათავისუფლდეთ და გულწრფელი იყოთ.
აპატიეთ და შეცვალეთ თქვენი მიდგომა — კონკრეტული ადამიანის მიმართ არსებული უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდით, ცადეთ მაინც… შესაძლოა, უბრალოდ თქვენთვის ჩანაწერების გაკეთება დაგეხმაროთ. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავსაც აპატიოთ ის წვლილი, რომელიც თქვენ შეიტანეთ პრობლემაში. ჩამოწერეთ რამდენიმე დადებითი თვისებაც, რომელიც ამ ადამიანს აქვს და თქვენ უგულებელყოფთ. შეცვალეთ თქვენი მიდგომა და მათდამი კეთილგანწყობილი გახდით. დაბოლოს, იპოვეთ ის გზები, რომლებიც თქვენს მიდგომას თქვენივე ღირებულებებზე მორგებულს გახდის.
წყარო: HBR