in

როგორ დავეხმაროთ გამოფიტულ მენეჯერებს?

ძალიან ბევრი საქმე, ცოტა დრო და რესურსი ის ფაქტორებია, რომლებიც ისედაც გადაღლილ მენეჯერებს სამსახურის დატოვებისკენ უბიძგებს… გამოფიტვა უბრალოდ დაღლაზე და სტრესზე შორს მიდის, შესაბამისად, არც მისგან გამოჯანმრთელებაა მარტივი. ამას დრო, ამ მიზნით მოქმედება და ორგანიზაციული მხარდაჭერა სჭირდება, რათა უბრალოდ ბალანსი კი არ დაიბრუნოთ, არამედ თავი ენერგიულად და მოტივირებულად იგრძნოთ. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ბუნებრივია, გადაღლილობა ყველა ადამიანისთვის განსხვავებულ გამოცდილებას უკავშირდება… თუმცა არსებობს მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც ქვემოთ მოცემულ სტრატეგიებს მოიცავს და თქვენს მენეჯერებს გამოფიტვისგან თავის დაღწევაში დაეხმარება:

შეამჩნიეთ მათი გამოფიტულობა

ამ სტრატეგიას ორი ასპექტი აქვს: წუხილის გამოხატვა და იმ ფაქტის შემჩნევა, რომ ინდივიდი გამოფიტულია, მზრუნველობას უსვამს ხაზს. მეორე ასპექტი კი მენეჯერის ძალისხმევისა და პოზიტიური წვლილის აღნიშვნას გულისხმობს. 12 000-ზე მეტ თანამშრომელზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძლიერი პოზიტიური კორელაცია არსებობს თანამშრომლის რეალური მდგომარეობის შემჩნევასა და კეთილდღეობას შორის, რასაც უკეთეს ბიზნეს შედეგებამდეც მივყავართ. მეტიც, ეს აჩვენებს ინდივიდს, რომ ის თავისი მუშაობით სიტუაციას აუმჯობესებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათი გავლენა მათთვისვე ასეთი ხილული შეიძლება არ იყოს. ეს თავის პროდუქტიულობაზე არსებული ეჭვების გაფანტვაშიც კი ეხმარება თანამშრომელს.

როცა დროს სხვა ადამიანების შემჩნევას ვუთმობთ, ამას პოზიტიური გავლენა მარტო ამ ადამიანებზე კი არა, ჩვენზეც აქვს. იმის აღნიშვნა, თუ რა მიდის კარგად, პროგრესზე ხაზგასმა და მათი საქმის გავლენის გაზიარება მნიშვნელობის გენერირებაში გვეხმარება, იმედსაც აჩენს და კუთვნილების გრძნობასაც — ეს ყველაფერი კი კეთილდღეობაზე ზემოქმედებს. ისეთივე მარტივიც შეიძლება იყოს, როგორც 5 წუთის დათმობა სამადლობელი ჩანაწერის გასაკეთებლად ან კომპლიმენტის სწრაფად გაზიარება, — აცხადებს კრისტოფერ ლითლფილდი, სამსახურებრივი კულტურის ექსპერტი.

ხელახლა დაამყარეთ ურთიერთობები

შესაძლოა, პერსონალური კავშირებისთვის შესაძლებლობების შექმნა მენეჯერებს მარტოობისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს, რაც გადაღლილობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. ერთიანობის განცდა, სადაც მენეჯერებს კოლეგებთან საკუთარ გამოწვევებსა თუ წარმატებებზე საუბარი შეეძლებათ, მარტო მხარდაჭერას კი არ უზრუნველყოფს, არამედ იზოლაციის შეგრძნებებსაც ამცირებს. 

უბრალოდ ტელეფონით დარეკვამ, რათა შეამოწმოთ, როგორ გრძნობენ კოლეგები თავს, მათ მარტოობის განცდას გაუქრობს. იმ კოლეგასთან დაკონტაქტება, რომელთანაც დიდხანს არ გისაუბრიათ, მას ენერგიითა და შემოქმედებითობით აავსებს — განსაკუთრებით მაშინ, როცა სტრესსა და გამოფიტვას ებრძვის, — აცხადებს მწერალი ადამ პოსვოლსკი.

აქ კეთილშობილური ქმედებების ისეთ მარტივ ფორმებზეც საუბრობენ, როგორებიცაა თანამშრომლის დაბადების დღის დამახსოვრება და მისი საყვარელი ყავის შეკვეთა. მსგავსი მარტივი გზები მათ კუთვნილების განცდას უჩენს. ხოლო, როცა სამსახურში ადამიანური კავშირებისთვის მეტ სივრცესა და დროს გამოვყოფთ, ადამიანური ემოციების სრულ სპექტრზე საუბარსაც ნორმალურ პროცესად ვაქცევთ, რაც კვლავ გამოფიტვის წინააღმდეგ მუშაობს. გამოდის, როცა გამოფიტვაზე, სტრესსა და მარტოობაზე საუბარი ჩვეულებრივ ამბად ითვლება, ადამიანები თავს ნაკლებად მარტოსულად გრძნობენ, რაც მათ თავს ბევრად უკეთაც აგრძნობინებთ. 

ხელახლა შეაფასეთ, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და გადაანაწილეთ სამუშაო

მენეჯერები წარმოუდგენლად ბევრი საქმის გამო არიან ხოლმე გამოფიტულები — როცა ახალი პრიორიტეტები იჩენს თავს, არც არსებული პროექტების პრიორიტეტი ქრება სადმე… ამგვარად, ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც სამუშაო დატვირთვას გაუსაძლისად აქცევს.

აქ მცირე აუდიტს უნდა მიმართოთ: დააკვირდით, რაზე მუშაობენ თქვენი მენეჯერები და რას მიაქვს ყველაზე მეტად მათი დრო. დაადგინეთ ის 3 ძირითადი სივრცე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად. მენეჯერების პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხებისკენ მიმართეთ და ჩამოაშორეთ მათ დანარჩენი. ამგვარად, განსაზღვრეთ, რამ შეიძლება გადაიწიოს უკან, რომელი დედლაინები შეიძლება გახანგრძლივდეს ან რა შეიძლება შეაჩეროთ ერთად. 

ამ ხელახალი შეფასებისას, დრო თითოეული ინდივიდის სამუშაო დატვირთვისა და პასუხისმგებლობების გააზრებას დაუთმეთ და, თუ საჭიროა, ხელახლა გადაანაწილეთ სამუშაო. მეტიც, ჩვეულ პრაქტიკად აქციეთ მენეჯერების შეფასება და პრიორიტეტების მართვა. 

მართალია, დღეებს მეტ საათებს ვერ დაამატებთ, მაგრამ შეგიძლიათ, სამუშაოს მასშტაბი არსებულ რესურსებს შეუსაბამოთ ან მეტი რესურსის მიღებაზე იზრუნოთ. მაგალითად, ბიუჯეტზე, რათა დაიქირაოთ უფრო მეტი ადამიანი ან სამუშაო დატვირთვა გარე კონტრაქტორებსაც გაუზიაროთ, თუნდაც დროებით, მწვავე სიტუაციების სამართავად. 

გადახედეთ გუნდის შეთანხმებებს

გუნდშივე თანხმდებიან, თუ როგორ უნდა იმუშაონ ერთად, ამ საკითხებზე გადახედვა კი გამოფიტვის პრობლემის გადაჭრაში შეიძლება დაგეხმაროთ. რა საზღვრებზე შეთანხმდით? მაგალითად, საღამოს ან შაბათ-კვირას ელ.ფოსტების გაგზავნა არ შეიძლება, რადგან ასე მიკრო სტრესის არიდებას ცდილობთ თავიდან? ახალი ნორმების დამყარება, შესაძლოა, ადამიანებს თავიანთი როლის დანახვაში დაეხმაროს, რაც ხშირად აკლიათ გამოფიტვის დროს. 

როგორც გუნდმა, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, ვის და რა პასუხისმგებლობას დააკისრებთ, მისცეთ უკან დახევის ნებართვა ან დააწესოთ კონკრეტული დღეები საქმეზე სრულად ფოკუსირებისთვის. მსგავსი შეთანხმებების მიღწევით დროისა თუ ენერგიის ფლანგვასა და იმედგაცრუებებს აარიდებთ თავს… 

რეგულარულად მოიკითხეთ

ერთი-ერთზე შეხვედრებს მიმართეთ, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომლებსაც გამოფიტვის ნიშნებს ატყობთ. შეამოწმეთ, რათა ნახოთ, როგორ არიან ან როგორ შეგიძლიათ თქვენ მათი დახმარება. ჰკითხეთ, რატომ შეექმნათ პრობლემა, თუმცა მათთვის თქვენთან საუბარი უსაფრთხო უნდა იყოს. ამის შემდეგ კი შეძლებთ, დაეხმაროთ დაბრკოლებებთან გამკლავებაში, ან თუ ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდათ, ზოგიერთისგან გაათავისუფლეთ.

ისარგებლეთ შვებულებით

სამსახურისგან შესვენება აუცილებელი ნაბიჯია თქვენი მენეჯერების როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური ენერგიის აღსადგენად. გქონდეთ მოლოდინი, რომ ისინი შვებულების მთლიან დროს გამოიყენებენ და არ გადადებენ ან სულაც გამოტოვებენ მას ბევრი საქმის გამო. რეალობა ის არის, რომ საქმე ყოველთვის უფრო მეტი იქნება გასაკეთებელი, ამიტომ არც გადადება ღირს…

მეტიც, თუ შვებულებას სავალდებულოს გახდით, ორგანიზაციის კულტურასაც შეუწყობთ ხელს, გამოფიტვის ხელშემწყობ ფაქტორებსაც წინასწარ აღკვეთთ. ეს გუნდის წევრებს შორის ეტაპობრივად შეიძლება მოხდეს, რათა ბიზნესის შეფერხება თავიდან აიცილოთ ან შეგიძლიათ ორგანიზაცია რამდენიმე კვირით სრულად შეასვენოთ. მიუხედავად იმისა, თუ რომელ მიდგომას აირჩევთ, მიეცით ადამიანებს განტვირთვის საშუალება. თუმცა აქ დასვენების დროს სამსახურებრივი საქმეებით შეწუხება არ იგულისხმება — კვლევის თანახმად, დასვენების დროს მუშაობა უარყოფითად აისახება შინაგან მოტივაციაზე…

გამოფიტვასთან გამკლავება მარტივი რომ არ არის, ალბათ, უკვე თავადაც მიხვდით, მაგრამ ზემოთ მოცემული სტრატეგიების კომბინირებულად გამოყენება დროთა განმავლობაში საშუალებას მოგცემთ, მხარი დაუჭიროთ როგორც თქვენს გადაღლილ ხელმძღვანელებს, ისე საკუთარ თავს.

 

წყარო: HBR



საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ახალი მემკვიდრე ეყოლება — Starlab

კრეატიულობა მხოლოდ ჩვენი ფანტაზიით შემოიფარგლება