in

რატომ სჭირდებათ კომპანიებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები?

დღეს კომპანიები ცდილობენ, სამუშაო ძალა რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახადონ, ისინი პატივს სცემენ რასას, გენდერულ თანასწორობასა და ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით. ახლა კი დროა, მსგავსი სტრატეგია განსხვავებული აზრებისადმიც გამოიყენონ. ამგვარად, ისინი კრეატიულობის გაზრდას, პრობლემის გადაჭრის წახალისებასა და გუნდის ერთიანობას მიიღებენ შედეგად. 

განსხვავებულად მოაზროვნეები სამუშაო სივრცეში

უპირველესად, ხელმძღვანელებმა უნდა გაიაზრონ, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები არსებობენ, შემდგომ კი გაიგონ, როგორ მიიღონ სარგებელი განსხვავებული აზრებისა და უნარებისგან. ეს საბაზისო საკითხადაც კი შეიძლება გეჩვენებოდეთ, მაგრამ ჩვენს ვერბალურად დომინანტურ კულტურაში ვიზუალურად მოაზროვნეები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ.

ეს ვიზუალური მოაზროვნეობა კი იმას ნიშნავს, რომ ყველა აზრი ფოტორეალისტური სურათებითა და მოკლე ვიდეოებით არის წარმოდგენილი, ზუსტად ისე, როგორც ტიკტოკზე… ე. წ. სურათების ლექსიკონია, რომლებიც მოგონებებით იქმნება. აქაც ასაკში შესვლითა და გამოცდილებით ვიზუალური ლექსიკონი ზუსტად ისე ფართოვდება, როგორც ვერბალური. საინტერესოა ისიც, რომ ვიზუალურად მოაზროვნე ადამიანები ისეთ უმნიშვნელო დეტალებსაც აქცევენ ყურადღებას, როგორებიცაა ჩრდილები, ანარეკლები, ქსოვილის ჭრილი და ა. შ. ეს კი მათ განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებთ. 

როგორც აღმოჩნდა, მოაზროვნეთა კიდევ ერთი ტიპი არსებობს უნიკალური პერსპექტივითა და უნარებით — სივრცითი ვიზუალურად მოაზროვნეები. ზემოთ მოცემული ადამიანები ობიექტების ვიზუალურ მოაზროვნეებად ითვლებოდნენ, რომლებიც კარგები არიან დიზაინში, მექანიკურ ინჟინერიაში, ცხოველებთან ურთიერთობისას და სხვა. ხოლო სივრცითი ვიზუალური აზროვნების მქონე ადამიანები ნიმუშებისა და აბსტრაქციების საშუალებით ფიქრობენ და ხშირად გამორჩეულები არიან მათემატიკაში, კომპიუტერულ პროგრამირებასა და მუსიკაში. 

ეს ორი კი განსხვავებულად აზროვნებს — ის, ვინც ობიექტის ვიზუალიზაციას მიმართავს, ხედავს, როგორ მუშაობს მექანიკური მოწყობილობები მაშინ, როცა სივრცულად მოაზროვნეები განსაზღვრავენ, როგორ მოეთხოვებათ მუშაობა. გამოდის, თუ ერთი მატარებელს აკეთებს, მეორე ამუშავებს მას. ასე რომ, კომპანიაში ორივე ტიპის მოაზროვნე უნდა გყავდეთ. ამაში სტივ ჯობსისა და სტივ უოზნიაკის თანამშრომლობაც დაგარწმუნებთ, რომლებმაც ერთად Apple-ის კომპიუტერი შექმნეს: ჯობსმა შექმნა ლამაზი და მარტივად გამოსაყენებელი დიზაინი, უოზნიაკმა კი აამოქმედა იგი…

ამგვარად, როცა განსხვავებულად მოაზროვნეები ერთიანდებიან და ამ განსხვავებული მიდგომების ღირებულებასაც ხედავენ, ჩვენ დიდი პროგრესის, ხშირად ინოვაციების მომსწრენიც კი ვხდებით. 

როგორ გამოვიყენოთ განსხვავებული ტიპის აზროვნება?

უპირველესად, ბიზნესებმა სკოლებს უნდა მიაქციონ ყურადღება, სადაც ვიზუალურად მოაზროვნეები, რომლებსაც არ შეუძლიათ დაჯდომა ან ალგებრის სწავლა, ცუდ მოსწავლეებად აღიქმებიან… მათ უნდა ჩადონ ინვესტიციები, რათა ასეთ სტუდენტებს ჩაუტარდეთ სპეციალური კურსები, ტრენინგები თუ გაკვეთილები ისეთ სფეროებში, რომლებშიც ვიზუალური უნარები მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ეს სასკოლო სპექტაკლისთვის შაბლონების დამზადება ან კოსტიუმების შეკერვაც კი იყოს… 

დაქირავების პრაქტიკის ცვლილებაც საჭიროა, რადგან ვიზუალურად მოაზროვნეს სტანდარტული ინტერვიუს პროცესში თავის წარმოჩენა გაუჭირდება — ყველას არ შეუძლია საკუთარი თავის ვერბალურად წარმოჩენა. მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ საშუალება ექნებათ, თავიანთი უნარების საჩვენებლად ტექნიკური ნახატები ან დასრულებული პროექტიდან ფოტოები გაგიზიარონ…

ბიზნესებსა და ინდუსტრიულ სამყაროს ყველა ტიპის მრავალფეროვანი გონება სჭირდება. ამას ის უამრავი მაგალითიც მოწმობს, რომლის დროსაც ნეირომრავალფეროვანმა თანამშრომლებმა მთავარი როლი ითამაშეს კომპანიის პროექტის წარმატებით განხორციელებაში. NASA-ს შემთხვევა რომ განვიხილოთ, მარსის ერთ-ერთ როვერზე მუშაობისთვის სჭირდებოდათ ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა დეტალებზე. ამისთვის კი იდეალური კანდიდატი სწორედ აუტიზმის მქონე ადამიანი იქნებოდა… 

გახსოვდეთ, ბიზნეს სამყაროს ყველა ტიპის მოაზროვნე სჭირდება. როცა ისინი გუნდში  განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად მუშაობენ, მათი შედეგებიც მეტად ეფექტური ხდება. თუმცა არ დაგავიწყდეთ, პირველი ნაბიჯი მენეჯერებისთვის იმის გაცნობიერებაა, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები არსებობენ.

 

წყარო: HBR



Google გამოუყენებელი ანგარიშების წაშლას აპირებს

რას გვასწავლის ზღაპრები მარკეტინგზე?