in

გენერაციული AI-ის გამოყენების 5 განსხვავებული გზა — როგორ დაეხმარება GPT თქვენს გუნდს?

დიდ ენობრივ მოდელებსა თუ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე ძალიან ბევრს კი ვლაპარაკობთ, მაგრამ ძირითადად ChatGPT-ის იმ ფორმით განვიხილავთ, როცა ადამიანი იწყებს ინტერაქციას… ამიტომ, მოდით, ამჯერად GPT ტექნოლოგიებთან ინტერაქციის სხვა გზებზეც ვისაუბროთ.

დასაწყისისთვის განვასხვაოთ, ვინ არის ინტერაქციაში ჩართული, ინდივიდები, ადამიანთა ჯგუფები თუ კიდევ სხვა ინსტრუმენტი და ვინ იწყებს ინტერაქციას, ადამიანი თუ მოწყობილობა. ამას კი GenAI-ის 5 განსხვავებულ ტიპამდე მივყავართ, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ:

CoachGPT

პერსონალური ასისტენტია, რომელიც მრავალ რჩევას გიზიარებთ, რათა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთ გაუმკლავდეთ. ამ რჩევებს კი იმაზე დაკვირვებით იღებს, რასაც თავადვე აკეთებთ და რაც თქვენ გარშემო ხდება. მაგალითად, თუ მიხვდება, რომ როგორც ხელმძღვანელს, გუნდში ნდობის მოპოვება გიჭირთ, ამასთან გასამკლავებლად კონკრეტულ ქმედებებს შემოგთავაზებთ. თანაც იგი ხედავს, რომელ რეკომენდაციებს ითვალისწინებთ და რომელს, არა, რომელი იყო გამოსადეგი ან, პირიქით. ამგვარად, მისი სახით პერსონალურ AI მრჩეველს, ქოუჩს თუ კონსულტანს იძენთ.

კომპანიებს CoachGPT-ის გამოყენება მომხმარებელებისთვის რჩევების მისაცემად შეუძლიათ, თუ როგორ გამოიყენონ პროდუქტი ან როგორ დაამონტაჟონ იგი. თუმცა მეტად ეფექტური რომ იყოს, როგორც ინდივიდმა, ისე კომპანიამ მას წარსულის და ამჟამინდელ ონლაინ და offline აქტივობებზე დაკვირვების საშუალება უნდა მისცეს. ბუნებრივია, აქ კონფიდენციალურობის გარანტიაც უნდა გვქონდეს… მანამდე კი ფაქტია, რომ CoachGPT-ის ჩვენს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში დიდი პოტენციალი აქვს.

GroupGPT

ჩვეულებრივი გუნდის წევრი იქნება, რომელსაც შეუძლია, დააკვირდეს წევრებს შორის არსებულ დისკუსიებს და წვლილი შეიტანოს მასში — ფაქტების შემოწმება, საუბრის შეჯამება, განსახილველი საკითხების შეთავაზება, ეშმაკის ადვოკატის როლის თამაში, კონკურენტის პერსპექტივის უზრუნველყოფა, იდეების ტესტირება თუ პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზება. 

შესაძლოა, ეს თხოვნები ჯგუფის ინდივიდუალური წევრებისგან წამოვიდეს ან მისი ხელმძღვანელისგან, რომელსაც გუნდთან ინტერაქცია არ სურს, მაგრამ უნდა მართოს, მოტივაცია მისცეს ან შეაფასოს გუნდის წევრები. კონფიდენციალურობის საკითხები აქაც მნიშვნელოვანია და თუ ამის გარანტიას მოგვცემენ, GroupGPT გუნდებისთვის ღირებულ ინსტრუმენტად იქცევა.

BossGPT

ეს კი უკვე თხოვნის გარეშე ურჩევს ადამიანთა ჯგუფებს, თუ რა უნდა გააკეთონ. შესაძლოა, გუნდის წევრებისთვის ინდივიდუალური რეკომენდაციებიც იყოს, მაგრამ მისი რეალური ღირებულება მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა გუნდის წევრებთან კოორდინირებას იწყებს, ეუბნება მათ, როგორც გუნდმა, რა უნდა გააკეთოს მაქსიმალური შედეგების მისაღებად. ინდივიდუალური ქოუჩინგიც კი შეიძლება, შემოგთავაზოთ და მომდევნო რეკომენდაციებიც პროექტისა თუ გუნდის დინამიკის განვითარების კვალდაკვალ. 

თუმცა აქ სამუშაო ალგორითმები გაცილებით რთულია, რადგან მას გარკვეულწილად არაპროგნოზირებადი ინდივიდუალური თუ ჯგუფური რეაქციების განხილვა უწევს, რათა ინსტრუქციები შემოგვთავაზოს… BossGPT-ის დახმარებით კომპანიები უკეთ შეძლებენ ადამიანური რესურსების მართვას. მეტიც, მას უამრავი აპლიკაცია აქვს, რომლითაც ორგანიზაციაში მუშაობის კოორდინაციას, მიწოდების ჯაჭვებსა და მათ მართვას უზრუნველყოფს. 

AutoGPT

ადამიანის მხრიდან მოთხოვნის გაგზავნას გულისხმობს მოწყობილობისთვის, რომელიც მიცემული დავალების შესრულების პროცესში კიდევ სხვა მოწყობილობებსაც ჩართავს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როცა ადამიანი მას კონკრეტული დავალების შესრულებას სთხოვს, მას კი არ აქვს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, Google-ში ეძებს და დავალების შესასრულებლად იყენებს. ხოლო უფრო რთულ ვერსიაში, ადამიანები AutoGPT-ის მიზანს უსახავენ და მიუთითებენ, რომ მის მიღწევაში სხვა GenAI დაიხმაროს. 

როგორც ამბობენ, ტექნოლოგია ჯერ სრულყოფილი არ არის, მაგრამ უდიდესი პოტენციალი აქვს კომპლექსური დავალებების შესრულებაში, იქნება ეს მომარაგების ჯაჭვის კოორდინაცია თუ ისეთი სფერო, როგორიც კიბერუსაფრთოებაა. მაგალითად სთხოვონ მას კიბერუსაფრთოებისთვის მოწყვლადი საკითხების დადგენა, რაც უბრალოდ მის პოვნას კი არა, მასთან გამკლავებასაც გულისხმობს. თანაც, ექსპერტების აზრით, AutoGPT-ის პასუხი მეტად სწრაფი და ეფექტურიც უნდა იყოს…

ImperialGPT

ჩამოთვლილთაგან ყველაზე აბსტრაქტულ GenAI-ის წარმოადგენს, ყველაზე ტრანსფორმაციულსაც კი, სადაც ორი ან მეტი ინსტრუმენტი ურთიერთქმედებს. თუმცა აქ AI ანალიტიკოსებს ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლის დაკარგვის ეშინიათ, რასაც ნაწილობრივ შეგვიძლია დავეთანხმოთ კიდეც — მკაცრად განსაზღვრული წესები იმისა, თუ რისი გაკეთების უფლება აქვს AI-ს, ჯერ არ არსებობს… 

თუმცა ამასთან, თუ ImperialGPT-ის იდეების მოფიქრებისა და ადამიანებისთვის გაზიარების უფლებას მისცემენ, მან, შესაძლოა, ჩვენთვის უცნობი საკითხებისთვის მეტად საინტერესო, კრეატიული გადაწყვეტილებებიც შემოგვთავაზოს. თანაც იმ საკითხებში, რომლებზეც ადამიანებმა ძალიან ცოტა ვიცით… შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მისით მთავრობები, განათლების ან სამხედრო სექტორი დაინტერესდეს, თუმცა ბუნებრივია, აქ წესები წინასწარ განსაზღვრული უნდა იყოს. 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი კომპანიებისთვის?

ექსპერტების აზრით, აპლიკაციები, რომლებიც ადამიანების ინიციატივით იწყება, იქნება ეს GroupGPT თუ CoachGPT ყველაზე მარტივად მოგვაწვდის ბიზნეს ღირებულებას, რაც დასაწყისისთვის მათ საუკეთესო კანდიდატად აქცევს. ამის საპირისპიროდ კი, AutoGPT, BossGPT და ImperialGPT, ანუ ურთიერთქმედების აპლიკაციები შედარებით რთული იქნება განსახორციელებლად, თანაც თუ მკაცრ ეთიკურ და ლეგალურ საკითხებს გავიხსენებთ.

ხოლო შემდგომი რეკომენდაციები კომპანიის ტიპზეა დამოკიდებული. ტექნოლოგიურმა კომპანიამ ან სტარტაპმა ან მან, ვისაც აქვს საკმარისი რესურსი მსგავს ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის, უნდა დაიწყოს ერთი ან უფრო მეტი GPT-ის შემუშავებით. რა თქმა უნდა, ეს მაღალი რისკის შემცველია, მაგრამ დიდ ჯილდოსაც გვთავაზობს. 

აი, მაშინ კი, როცა კომპანიას საკმარისი რესურსები არ აქვს, დაელოდე და ნახავ მიდგომას უნდა მიმართოს — ამ ტექნოლოგიებს ნელ-ნელა მიიღებენ, მაგრამ არ გაფლანგავენ მათთვის ღირებულ რესურსებს. სანაცვლოდ, შეუძლიათ შიდა სისტემების მომზადება დაიწყონ, რათა ახალი GPT-ების დანერგვისთვის ორგანიზაცია უკეთ მოამზადონ, როგორც სამუშაო პროცესების, ისე კულტურის თვალსაზრისით. 

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ გენერაციული AI სისტემები მრავალი პრობლემის გადაჭრას გვთავაზობს, იგი არ გვაძლევს გარანტიას, რომ რაღაც ღირებულების შეთავაზებას ყველა კომპანიისთვის შეძლებს. ჭკვიანმა კომპანიებმა კი ინვესტიციები უნდა ჩადონ ტექნოლოგიების ადაპტირებისთვის მანამ, სანამ ინოვაციურ GPT-ის მიმართავენ…

 

წყარო: HBR



„აგროსფერომ“ თავის სტიპენდიატებს უმასპინძლა

გამოქვაბულში 57,000 წლის წინანდელი უძველესი ნეანდერტალელური ნახატები აღმოაჩინეს