in

როგორი იქნება გლობალიზაციის ახალი ერა?

პანდემიის შემდგომ ცვლილებები გლობალურ ეკონომიკაშიც ხდება… ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობების საპასუხო შედეგიც კი შეიძლება იყოს. მაგრამ რამდენად შორს წავა მიმდინარე ცვლილებები და როგორი იქნება ახალი სისტემა?

რანა ფოროჰარი თავის წიგნში Homecoming: The Path to Prosperity in a Post-Global World სწორედ ამ კითხვებს სცემს პასუხს და საინტერესო მოსაზრებებსაც გვთავაზობს. მისი თქმით, გლობალიზაციის ბოლო რამდენიმე წელი მარცხი აღმოჩნდა. გამძლეობასა და მდგრადობას კი ახალი, უფრო ლოკალიზებული ეკონომიკა უზრუნველყოფს. 

ვინ გაიმარჯვა გლობალიზაციის თამაშში?

კითხვაზე: რატომ განიცადა მარცხი გლობალიზაციამ ან ვინ გაიმარჯვა ამ თამაშში, რანა საკმაოდ მიმზიდველ პასუხს გვთავაზობს. მისი თქმით, მარცხი ნეოლიბერალურმა გლობალიზაციამ განიცადა, რასაც განმარტავს როგორც იდეას, რომლის თანახმადაც კაპიტალური საქონელი და ადამიანები შეუფერხებლად მოგზაურობას აპირებენ საზღვრებს მიღმა და იმ მიწაზე, სადაც ეს მათთვის ყველაზე პროდუქტიულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ იდეას ბევრი მხარდამჭერიც ჰყავდა… დიახ, მან, სხვა დანარჩენთან შედარებით, მართლაც შექმნა უფრო მეტი გლობალური სიმდიდრე. ხოლო, თუ თქვენ 2003-2007 წლებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს გლობალური ზრდის მწვერვალი იყო. რაც შეეხება გამარჯვებულებს, რანას აზრით, ეს სტატუსი დიდმა მრავალეროვნულმა კომპანიებმა და ჩინეთმა მოიპოვა… 

გლობალურ სიმდიდრესთან ერთად, თითქმის ყველა ქვეყანაში, უთანასწორობაც იზრდებოდა და ამან მიგვიყვანა არა მხოლოდ ძირითად ეკონომიკურ პრობლემებამდე, არამედ პოპულისტურ პოლიტიკამდე, რომელიც აშშ-სა და ევროპაში ვნახეთ. ომი უკრაინაში, ნაციონალიზმი ჩინეთში… ამ სახის დაუბალანსებელ ზრდას უბრალოდ ძალიან ბევრი ნეგატიური პოლიტიკური ამბავი იწვევს, — განმარტავს ფოროჰარი. 

ლოკალიზებული მიწოდების ჯაჭვის ქონა უკეთესი იქნება

მართალია, როცა მსოფლიოში არაფერი ხდება, ის ეფექტური მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც დღეს გვაქვს, ხშირად გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონებში აღწევს და დიდ კომპანიებს უამრავ ფულსაც უზოგავს, მაგრამ როცა ცუნამის, ომის ან რაღაც გეოპოლიტიკური შემთხვევის წინაშე ვდგებით, პრობლემები მაშინვე იჩენს თავს. ლოკალიზებული სისტემების შემთხვევაში კი უბრალოდ არ არსებობს ისეთი დაბრკოლებები, როგორიც საქონლის მსოფლიოს მასშტაბით გადატანას ეხება და არც იმაზე დარდობთ, თქვენს მარშრუტს რაიმე ხომ არ შეუშლის ხელს. მსგავსად, გარემოსაც უფრთხილდებით — A პროდუქტის B ლოკაციაზე გადასატანად ნახშირბადის ზედმეტ ემისიებსაც იცილებთ თავიდან. 

მონოპოლია სისუსტეა

დიახ, ავტორის აზრით, მონოპოლია სისუსტეა, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები და მომხმარებლები მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობიან. ამაზე კონკრეტული მაგალითიც მოწმობს: პანდემიის შემდგომ, როცა ყველაფერი დაიკეტა და აღარავინ ჭამდა გარეთ, სასურსათო მაღაზიებზე დიდი დატვირთვა წამოვიდა, თუმცა თაროებზე პროდუქტები აღარ იყო. ამის მიზეზად კი მაღალ მოთხოვნას ან მიწოდების პრობლემებს ასახელებენ, რომლის კომპენსირებაც მალევე შეიძლება მოხდეს. რეალურად კი, ეს ასე არ არის. რანას თქმით, ორი სრულიად განსხვავებული ჰიპერგლობალიზებული მიწოდების ჯაჭვი არსებობდა, ერთი რესტორნებში, ხოლო მეორე სასურსათო მაღაზიებში მიდიოდა… ბაზრებზე კი, სადაც უფრო ლოკალიზებული მიდგომა აირჩიეს, მსგავს პრობლემასთან გამკლავება არავის დასჭირვებია. ეს აჩვენებს, რომ მონოპოლიის ძალაუფლება მნიშვნელოვანია. 

მაგრამ პასუხი ანტიმონოპოლიურობის მიღმაც მიდის. ბევრი კომპანია გამძლეობის ფორმულაში სისტემის დამატებითი ასლის ქონას მოიაზრებს. ეს ხშირად იმასაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საქონლისთვის 4-ზე ნაკლები მიმწოდებელი არასდროს უნდა გყავდეთ, რათა ყოველთვის მოიძებნებოდეს ალტერნატივა… 

ლოკალიზების ხასიათი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად ხდება ეს

დიახ, ლოკალიზების ხასიათი დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაზე და იმაზე, თუ რომელ მიწოდების ჯაჭვზე ვლაპარაკობთ. წიგნში კი ეს საკითხი სამი განსხვავებული ინდუსტრიის მიხედვით არის განხილული: საკვები, ქსოვილები და ტექნოლოგია. საკვების შემთხვევა რომ განვიხილოთ, აქ ლოკალიზება კარგი ბევრი მიზეზის გამო იქნებოდა, ერთ-ერთი მათგანი კლიმატის ცვლილებაა. ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ პატარა და ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებიც ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ. ამასთან, იმ სოფლის მეურნეობას მივანიჭოთ პრიორიტეტი, რომელსაც, თავის მხრივ, საზოგადოება უჭერს მხარს. ეს მაღალ ტექნოლოგიურ მეთოდებსაც შეიძლება მოიცავდეს, როგორიც, მაგალითად, ვერტიკალური სოფლის მეურნეობაა.

დისტანციური მუშაობა ლოკალიზაციის სასარგებლოდ მოქმედებს

პანდემიის დროს ყველამ დავინახეთ, რომ დიდ ქალაქში ყოფნა საერთოდ არ არის საჭირო თქვენი სამუშაოს შესასრულებლად, ეს დისტანციური მეთოდის დახმარებით შორეული სოფლიდანაც მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. აქვე, ეკონომიკის ის სფერო შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც ლოკალიზებული სამუშაოების მაღალ რიცხვს მოიცავს, ეს ზრუნვის ეკონომიკაა, რაშიც მასწავლებლები, ექთნები და მომვლელები იგულისხმებიან. დიახ, აქ ყველაფერი ლოკალიზაციის ტენდენციის სასარგებლოდ მეტყველებს… 

ეს საკითხები რომ შევაჯამოთ, ბოლო 50 წელს უნდა დავაკვირდეთ და ვთქვათ, რომ გლობალიზაცია, როგორსაც ვიცნობთ ჩვენ, სამი საკითხით იმუხტება: იაფი კაპიტალი, იაფი ენერგია და იაფი შრომა. თუმცა ეს ყველაფერი უკვე დასასრულს უახლოვდება: საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულს აღწევს, უკრაინაში შეჭრამ ენერგია გააძვირა, ხოლო აზიაში ხელფასები იზრდება. ეკონომიკური მდგომარეობები ყოველთვის იცვლება, ჩვენთვის კი ახლა იმის დროა, რომ გლობალიზაციიდან რეგიონალიზაციისა და ლოკალიზაციისკენ გადავინაცვლოთ.

წყარო: HRB



მეცნიერებმა შავი ხვრელისგან გამომავალი ნეიტრონები დააფიქსირეს

თიბისი დაზღვევაში, ქოლ-ცენტრის მაგივრად, ადამიანებზე ზრუნვის განყოფილება შეიქმნა!