in

როგორ შეიძლება ჰიბრიდული სამუშაო ტოქსიკურად იქცეს?

არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობთ ან როგორ აკეთებთ საქმეს, ტოქსიკურობა სამსახურში ხშირად იჩენს ხოლმე თავს. ჰიბრიდული და დისტანციური სამუშაოს ზოგიერთმა ასპექტმა კი ტოქსიკურობასთან კიდევ უფრო დაგვამეგობრა. მოდით, უპირველესად, ეს ტერმინი განვმარტოთ — არც გაუგებრობებს, დაძაბულობებს ან კონფლიქტებს ეხება, არც ერთჯერად ინციდენტებს ან ჯიუტ თანამშრომლებს, რაც ბუნებრივია ნებისმიერი ჯანსაღი ორგანიზაციისთვის…

აბა რა ითვლება ტოქსიკურობად? მკვლევრები ამგვარი კულტურის 5 მთავარ ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას: უპატივცემულობა, ინკლუზიურობის არქონა, არაეთიკურობა, ჩაგვრა და დაუნდობლობა. ტოქსიკურობა თითქოს თავის დაღწევის გზების არქონასაც ეხება, რაც სამსახურებრივ გამოცდილებას მეტად მტკივნეულს ხდის. 

ზემოთ აღნიშნული ხუთივე ფაქტორი კი სუბიექტურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომლებსაც თითოეული ადამიანის გამოცდილება განაპირობებს. მაგალითად, ზოგიერთი ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს ტოქსიკურად შეიძლება თვლიდეს, ზოგიერთი კი — არა… აქ ხელმძღვანელებმა ის მექანიზმები უნდა გაიაზრონ, რომლებიც ჰიბრიდული მუშაობა ტოქსიკურობას ზრდის. აი, რა უნდა იცოდნენ მათ:

როგორ მივყავართ ჰიბრიდულ სამსახურს ტოქსიკურობამდე?

  • დისტანციურობა ცვლის დინამიკას

ჰიბრიდულად მუშაობა იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაცია უმეტესად ტექნოლოგიების საშუალებით წარიმართება, იქნება ეს ელ.ფოსტები, ტექსტები, სატელეფონო თუ ვიდეოზარები. როცა ელექტრონულად ვამყარებთ კომუნიკაციას, ჩვენ ხშირად დაუფიქრებლადაც ვამბობთ იმას, რაც შეიძლება საზიანო იყოს. თუმცა ეს დინამიკა სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხართ. ყველას გვქონია ბრაზისა თუ იმედგაცრუების მომენტები. ხოლო, როცა ამას ცუდად ვუმკლავდებით, კონკრეტულ გრძნობებს ტოქსიკურობის დიდი პოტენციალი აქვს. 

პირისპირ საუბრების დროს კი მეტად ფრთხილები ვართ, თითქოს სიტყვების უდიერად თქმის პოტენციურ ხარჯებსაც ვამჩნევთ და ენაზეც ვიკბენთ ხოლმე… აქ მთავარია, უბრალოდ ჩვენი აზრები კი არ გავაჟღეროთ, არამედ სიტყვები სწორად შევარჩიოთ. მართალია, დისტანციური ურთიერთობების დროს თვითკონტროლის შემცირება ყოველთვის არ იწვევს ტოქსიკურობას, მაგრამ მეტად სავარაუდოა, რომ უპატივცემულო ან შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა იჩინოს თავი.

  • ჰიბრიდულობა ფუნდამენტურად დაუბალანსებელია

ზოგიერთი სახლიდან მუშაობს, ზოგიერთი კი ოფისიდან. ამ უკანასკნელს მეტად ამჩნევენ და მათ რესურსებზე მეტი წვდომაც აქვთ — შედეგად, უფრო ხშირადაც აწინაურებენ მაშინ, როცა დისტანციური თანამშრომლები თავს გარიყულად გრძნობენ. თავის მხრივ, რაც უფრო ნეგატიურია ეს ეფექტები, მით უფრო ტოქსიკური შეიძლება გახდეს ყველაფერი.

აქ ერთ მაგალითს მოგიყვებით, რომელიც შეიძლება თქვენთვისაც ნაცნობი იყოს — როცა ხელმძღვანელმა გუნდის წევრებს კვირაში ორი დღე ჰიბრიდულად მუშაობის საშუალება მისცა, თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ოფისში არყოფნით მნიშვნელოვან საუბრებს აკლდებოდნენ. ამან კი ინტერპერსონალური დაძაბულობები და კონფლიქტი გამოიწვია, ადამიანები თავს უპატივცემულოდ გრძნობდნენ და აღარც გუნდის წევრად თვლიდნენ თავს (როგორც ზემოთ გითხარით, ეს ტოქსიკურობის ორი ნიშანია), საბოლოოდ კი სამსახურის დატოვებამდე მივიდნენ.

  • შესაძლოა, ჰიბრიდულმა რეჟიმმა გუნდურობისა და ნდობის შეგრძნება შეამციროს

კვლევის თანახმად, ახლო კონტაქტის ნაკლებობა კავშირსა და ნდობას ამცირებს, რაც ჯანსაღი კულტურისთვის უმთავრესია. Microsoft-ის კვლევის მიხედვითაც, დისტანციურად მომუშავე ადამიანებს უფრო პატარა და ნაკლებად განვითარებული კავშირები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, დისტანციურად მუშაობა ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციებს სუსტი და არათანმიმდევრული კულტურა აქვთ, ამაზე Linux-ის მაგალითიც მოწმობს, თუმცა მათ მყარი კულტურა ამ რეჟიმის დამკვიდრებამდე ჰქონდათ და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. შესაბამისად, მათ კრიზისთან გამკლავებაც მოახერხეს. 

კულტურა კი სწორედ ის არის, რასაც ორგანიზაციები კომპასის მსგავსად იყენებენ დაუდევრობების, უსიამოვნებებისა თუ არაეთიკური ქცევების თავიდან ასარიდებლად. საქმე იმაშია, რომ ადამიანები ნაკლებად ტოქსიკურ ქმედებებს მიმართავენ იმ კოლეგებთან, რომლებთან ახლოს არიან, ჰიბრიდული თუ დისტანციური გარემოს შემთხვევებში კი კოლეგებს საკუთარი გუნდის ნაწილად არ თვლიან და, შესაბამისად, მათთვის ცუდი ქმედებებიც მეტად მარტივდება. 

  • ჰიბრიდულობა პრობლემების გადაჭრას ართულებს

პრობლემების ვირტუალურად გადაჭრა რთული საკითხია, თუნდაც იმიტომ, რომ უნდა ელოდოთ, როდის და რას გიპასუხებენ ზუმში… გაინტერესებთ, გაქცევენ თუ არა სათანადო ყურადღებას? რამდენად გულწრფელები არიან? ნელა იმიტომ გიპასუხეს, რომ არ გეთანხმებიან თუ უბრალოდ დროს წელავენ? პირისპირ ურთიერთობებისას კი ამ საკითხებისგან თავისუფალი ვართ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მიკროაგრესიებია, რომლებიც დისტანციური რეჟიმის დროს ნაკლებად ხდება, თუმცა მაინც აქაც ფრთხილად უნდა იყოთ. შეიძლება, მიკროაგრესიების წარმოშობისთვის მრავალი შეხების წერტილი არ გაქვთ, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები არსად წასულა… ჰიბრიდულმა რეჟიმმა კი, შესაძლოა, პრობლემა მისი მოგვარების გარეშე დამალოს.

რა უნდა გააკეთონ ხელმძღვანელებმა?

იზრუნონ თანამშრომელთა განათლებაზე — ჰიბრიდულ რეჟიმში ტოქსიკური ქმედებების თავიდან არიდება რომ შეძლოთ, ადამიანებს უნდა ასწავლოთ, როგორ წარმოიქმნება იგი. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ეს ისედაც იციან, მაგრამ ამაზე საუბარი მნიშვნელოვანია. მათ უნდა აუხსნათ, რომ მთავარი ის კი არ არის, რას გულისხმობენ, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამენ მათ სიტყვებს სხვები. დასაწყისისთვის კარგი იქნება, თანამშრომლებს იმ ქმედებებზე საუბარსაც თუ სთხოვთ, რომლებსაც ტოქსიკურად მიიჩნევენ. ასე კონკრეტულ პრობლემებსაც გამოკვეთთ და თანამშრომლებს ერთმანეთისკენ თითის მიშვერაში კი არა, თვითგაცნობიერებაში დაეხმარებით. 

შექმნან საფუძველი — ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი კულტურაა, ჩაშენებული ანტისხეულოებით ტოქსიკური ქმედებების წინააღმდეგ. კონკრეტულად კი, ემპათიასა და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოთ. ასე თანამშრომლები მათი ქმედებების გავლენას უკეთ მიხვდებიან, ფსიქოლოგიური უსაფრთხოება კი იმ საკითხებზე საუბარს შეაძლებინებთ, რომლებსაც ტოქსიკურად თვლიან. 

ჰქონდეთ მიმდინარე საუბრები — კარგი იქნება, თუ პერიოდულ შემოწმებებს მიმართავენ ორგანიზაციები, რათა გაიგონ, რამდენად შეუძლიათ თანამშრომლებს არსებულ პრობლემებზე საუბარი. ამ სიხშირისთვის კი ყველასთვის საერთო წესი არ არსებობს, დამოკიდებულია ორგანიზაციის ჰიბრიდული გარემოს დინამიკაზე — რაც უფრო მეტად და სწრაფად იცვლება იგი, მით უფრო ხშირი უნდა იყოს საუბრებიც. თავდაპირველად ყოველდღიური შეხვედრები სცადეთ, დარწმუნდით, რომ ფსიქოლოგიური უსაფრთხოება დანერგილია, რათა კოლეგებმაც გულწრფელად გესაუბრონ.

ჩაერიონ სწრაფად — ტოქსიკურ გარემოს ყველაზე ცუდი ის ახასიათებს, რომ გაუარესებისკენაა მიდრეკილი… ერთი ტოქსიკური ქმედება მეორეს წარმოშობს, ამიტომ, არსებული ციკლის დასარღვევად მხოლოდ ტოქსიკურ ქმედებებზე კი არ უნდა გეჭიროთ თვალი, არამედ სწრაფად იმოქმედოთ მათი შემჩნევისთანავე, ჩართოთ ყველა საჭირო მხარე დიალოგში და იმუშაოთ ურთიერთსასარგებლო გამოსავლის საპოვნელად. 

კონკრეტული მეთოდებით ტოქსიკურობასთან გამკლავებას მყისიერად შეძლებთ, იდეალურ შემთხვევაში კი წინასწარ შეგიძლიათ აღკვეთოთ იგი. 

 

წყარო: HBR



ჯინის ბრენდისთვის პეიზაჟებითა და მსუბუქი ემოციებით შთაგონებული დიზაინი შეიქმნა

AI იმპლანტის მეშვეობით, პარალიზებულ პაციენტს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი დაუბრუნდა