in

როგორ წარვადგინოთ ჩვენი იდეები დამაჯერებლად?

შესაძლოა, არც მარკეტინგში მუშაობდეთ და არც გაყიდვებში, მაგრამ დიდი შანსია, რომ ე. წ. პიჩინგის ბიზნესში იყოთ. ეს იმიტომ, რომ სამსახურების უმეტესობა სხვების შთაგონებისა და დარწმუნების უნარს მოითხოვს. არ აქვს მნიშვნელობა, გუნდს დილის შეხვედრაზე ახალ მიდგომას წარუდგენთ თუ მეზობელს არწმუნებთ, კონკრეტული სივრცე მოედნად გადაკეთდეს, ეს პიჩინგია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დიახ, თუ გსურთ, ეფექტური კომუნიკატორი იყოთ, უნდა იცოდეთ, როგორ მიაწოდოთ თქვენი იდეები, კონცეფციები თუ პერსპექტივები სხვებს როგორც პროფესიულ გარემოში, ისე ყოველდღიური ურთიერთობებისას. თუმცა წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული თქვენს აუდიტორიაზე. საუბარი გასაგები, რელევანტური და დამაჯერებელი უნდა იყოს, ყოველგვარი ტაქტიკებისა თუ ხრიკების გარეშე. თანაც, თუ გავიხსენებთ იმას, რომ დღევანდელ სწრაფ სამყაროში ყურადღების მისაპყრობად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, იგი მეტად ლაკონიურიც უნდა გავხადოთ.

ამ უნარის გასაუმჯობესებლად ბევრი კურსი და სახელმძღვანელო არსებობს, მაგრამ ახლა მეტად მარტივ, ადვილად დასამახსოვრებელ და განსახორციელებელ სტრუქტურას გაგიზიარებთ, რითაც სხვებისთვის თქვენი იდეების წარდგენასა და მათ დარწმუნებას მარტივად შეძლებთ. 

ქვემოთ მოცემული 4 წინადადება საშუალებას გაძლევთ, ესაუბროთ აუდიტორიას კონკრეტული, ლაკონიური და დამაჯერებელი ფრაზებით:

რა მოხდებოდა, რომ შეგვეძლოს… — ხატავს სურათს იმის შესახებ, თუ რა არის შესაძლებელი თქვენი პროდუქტით, მომსახურებითა და იდეით.

ამგვარად… — უკავშირდება მსმენელის მნიშვნელოვან, რელევანტურ მიზანს.

მაგალითად… — საკითხებს კონკრეტულს ხდის.

და ეს ყველაფერი არ არის… — აჩვენებს პოტენციალს და დამატებით სამომავლო შესაძლებლობებს.

ახლა კი მოდით, დავაკვირდეთ, როგორ შეგვიძლია ამ სტრუქტურის გამოყენება ტრადიციული გაყიდვების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ახალი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს საყვარელი პოდკასტებიდან თუ ვიდეოებიდან მათთვის მნიშვნელოვანი თუ საინტერესო მომენტების ამოჭრის საშუალებას აძლევს, რის შემდეგაც პროგრამა ამ ამოჭრილ ნაწილებს ერთ სივრცეში ინახავს. თქვენ კი აუდიტორიისთვის მისი წარდგენა გიწევთ, ამ შემთხვევაში პიჩინგი შემდეგ ფრაზებს შეიძლება მოიცავდეს:

რა მოხდებოდა, რომ შეგვეძლოს მოკლე ფორმატის აუდიო და ვიდეო კონტენტის გადაღება, შეგროვება და კატეგორიზაცია?

ამგვარად, თქვენ შეძლებთ, სწრაფად მიიღოთ წვდომა და გააერთიანოთ კონტენტი თქვენთვის მნიშვნელოვანი ფლეილისტების შესაქმნელად, რომლებიც სწავლასა და ვარჯიშში დაგეხმარებათ და ასე მეტად პროდუქტიულსაც გაგხდით. 

მაგალითად, სპორტსმენები ისეთ ფლეილისტებს ადგენენ, რომლებშიც პოდკასტებისა და ვიდეოების ფრაგმენტებია გაერთიანებული და ეს მათ კონკრეტულ ვარჯიშებში ეხმარება. შემდგომ კი შეუძლიათ, მათთვის სასურველი კონტენტი ნებისმიერ ადგილზე ჩართონ, იქნება ეს სპორტდარბაზი, სახლი თუ სარბენი ბილიკი. 

და ეს ყველაფერი არ არის. ამ პროდუქტს სოციალური ელემენტიც ახლავს. შეგიძლიათ პერსონალური ფელილისტები მეგობრებს გაუზიაროთ და საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ჯგუფებიც შექმნათ. 

ახლა კი, მოდით, იგივე სტრუქტურა გაყიდვების გარეშე წარმოვიდგინოთ — სამსახურში არსებული კომიტეტის წევრი ხართ და მთლიან ოფისს მეტად ეკომეგობრული ინიციატივა უნდა შესთავაზოთ. ადგილობრივი კომპანიის დაქირავების იდეა გაქვთ, რომელიც თქვენთვის შენობის სახურავზე ბაღს მოაწყობს და გსურთ, რომ ამაში კომიტეტიც დაარწმუნოთ. აი, როგორ პიჩინგს მივიღებთ:

რა მოხდებოდა, რომ შეგვეძლოს ჯანსაღი პროდუქტების წარმოება?

ამგვარად, ჩვენ შევძლებთ, თანამშრომლებს შევთავაზოთ ადგილზე მოყვანილი ორგანული ხილი თუ ბოსტნეული და ასე სხვებისთვის სამაგალითო მდგრადობის იდეაც გვექნება.

მაგალითად, ჩვენს სახურავზე არსებულ ბაღში უსასუქო მარწყვი, პამიდორი და კიტრი იქნება, რომლის მირთმევასა თუ სახლში წაღებას თანამშრომლები შეძლებენ. 

და ეს ყველაფერი არ არის. ჯგუფი, რომელიც ბაღის მოვლაზე იღებს პასუხისმგებლობას, თანამშრომლებსაც მოუწოდებს, ამ პროცესში ჩაერთონ და მენტორებიც კი გახდნენ სხვა დასაქმებულებისთვის. ეს ურთიერთობებზეც დადებითად აისახება, რაც ყველას მოუტანს სარგებელს.

ალბათ, ამ ორმა მაგალითმა დაგარწმუნათ, რომ პროცესი საკმაოდ მარტივია, მთავარია, კონკრეტული ჩარჩო გამოიყენოთ, რომლითაც თქვენს პოზიციას ნათლად წარმოაჩენთ. დაბოლოს…

რა მოხდება, რომ შეგეძლოთ პრაქტიკული, 4-წინადადებიანი სტრუქტურის გამოყენება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თქვენი იდეები მკაფიოდ, ლაკონიურად და დამაჯერებლად გაუზიაროთ სხვებს?

ამგვარად, თქვენ შეძლებთ აუდიტორიის დაინტერესებასა და მათ მოტივირებას, რათა მოგისმინონ.

მაგალითად, შეგიძლიათ დაარწმუნოთ მკითხველები, ისარგებლონ ამ სტრუქტურით მომდევნო პიჩინგის დროს. 

და ეს ყველაფერი არ არის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სტრუქტურა არა მხოლოდ დაგეგმილ სიტუაციებში, არამედ სპონტანურადაც, სადაც პიჩინგის შესაძლებლობა უცბად წარმოიშვება. 

გამოდის, ამ გამოცდილი ჩარჩოს გამოყენებით კონკრეტული, რელევანტური და დამაჯერებელი შეგიძლიათ იყოთ, ამასთან, სიამოვნებაც მიიღოთ სხვებისთვის თქვენი პერსპექტივების გაზიარებით…

 

წყარო: HBR



აიღე სესხი, როცა გინდა – 2 წუთში, ონლაინ, ნებისმიერი ადგილიდან

Petronas-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთი წელი გაყიდვების მზარდი მაჩვენებლით აღნიშნა