in

როგორ ამოვიცნოთ ინტერვიუერისგან, როგორი იქნება ჩვენი მომავალი სამსახური?

გამოფიტვას ხშირად ინდივიდუალურ პრობლემად აღიქვამენ, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ეს უფრო მეტად სამსახურში არსებულ მუდმივ ნეგატიურ პირობებს უკავშირდება — არათანაბარი დაწინაურების შესაძლებლობები, მოქნილობისა თუ ავტონომიურობის ნაკლებობა, ღირებულებების შეუსაბამობა, ნაკლები მხარდაჭერა მშობელი თანამშრომლების მიმართ… 

ამ ყველაფერს კი ხშირად მაშინ ვაწყდებით, როცა უკვე კომპანიის თანამშრომლები ვართ. და როგორ უნდა ამოვიცნოთ მსგავსი პრობლემების წარმოშობის ალბათობა კონკრეტულ კომპანიაში დასაქმებამდე? კარგი იქნება, თუ საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციებს შეისწავლით, ეს ვაკანსიების გამოქვეყნებიდან იწყება — დააკვირდით, იყენებენ თუ არა ინკლუზიურ ენას, ახსენებენ თუ არა მოქნილობას ან დისტანციურ სამუშაოს, უზრუნველყოფენ თუ არა მენტალური ჯანმრთელობის, მშობლების ან მომვლელების მხარდაჭერას. 

აქ ონლაინ შეფასებების გაცნობაც ძალიან დაგეხმარებათ. თუმცა რთულია იმის განსაზღვრა, ეს შეფასებები უფრო მეტად ბრენდინგის ნაწილია თუ რეალობა. ამიტომ, სამსახურის მაძიებლები ინტერვიუს ეტაპზე შემდგომი კითხვების დასმისთვის უნდა მოემზადონ. 

როგორ აღმოვაჩინოთ საგანგაშო წერტილები?

აქ იმ კითხვებზე მოგიყვებით, რომლებიც უნდა დასვათ და იმ გზებსაც გაგიზიარებთ, თუ როგორ შეაფასოთ მიღებული პასუხები. მეტიც, ქვემოთ მოცემული საკითხები მკვლევრების მიერ დადგენილ გამოფიტვის 6 მიზეზს უკავშირდება.

ავტონომიურობის ნაკლებობა

  • თავადვე განვსაზღვრავ თუ არა, როდის გავაკეთო საქმე დღის განმავლობაში?
  • როგორ აფასებთ ჩემს სამუშაო საათებს?
  • როგორ ანაწილებთ დედლაინებსა და სამუშაო დატვირთვას?
  • თუ ცვლებში ვმუშაობთ, რამდენად ამახვილებთ ყურადღებას განრიგის ცვლილებაზე?

! — უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მენეჯერი ღია და მოქნილია, არ მიჰყვება მიკრომენეჯმენტს… ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები კი მიგანიშნებთ, რომ თანამშრომლებს შესაბამისი ავტონომიურობა აქვთ. 

სამართლიანობის ნაკლებობა

  • დასაქმებულებისთვის როგორი საზომები გაქვთ?
  • დაწინაურების გადაწყვეტილებები როგორ მიიღება?
  • გაქვთ ანაზღაურების კაპიტალის განხილვები?
  • გყავთ მრავალფეროვნების ოფიცერი? რამდენი ადამიანია DEI (Diversity, Equity and Inclusion) ჯგუფში?
  • როგორ აკეთებთ მრავალფეროვნების მიზნების ანგარიშს?
  • უხდით თუ არა გუნდის წევრებს ინიციატივებისთვის?

! — უნდა დააკვირდეთ, კომპანიას აქვს თუ არა პროაქტიული პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლიანობას, რამდენი რესურსია ამისთვის განკუთვნილი.  ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ღიაა ინტერვიუერი კომპანიის დეფიციტის მიმართ და რამდენად აქვს გაუმჯობესების სურვილი. თუ კომპანია არ აგროვებს მონაცემებს მრავალფეროვნებასა და სამართლიანობაზე ან თუ ინტერვიუერი თქვენი კითხვების დასმისას თავს კომფორტულად არ გრძნობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში ყურადღება ამ საკითხზე გაამახვილონ. 

არამდგრადი სამუშაო დატვირთვა

  • როგორია სტანდარტული სამუშაო საათები? რამდენად ხშირად უწევთ თანამშრომლებს შაბათ-კვირას მუშაობა?
  • ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი რამდენ დროს ანდომებს შეხვედრებს? როდის არის ისინი დაგეგმილი?
  • რა არის ელ.ფოსტაზე პასუხის გაცემის მოსალოდნელი დრო?
  • გაქვთ თუ არა შეთანხმებული სამუშაო საათები?
  • შემიძლია თუ არა შეტყობინებების გამორთვა, როცა კონკრეტული საათები მაქვს სრული კონცენტრირებისთვის გამოყოფილი?
  • როგორ ანაწილებთ საქმეებს ან მართავთ სამუშაო დატვირთვას?
  • როგორ ურთიერთობს გუნდი, როცა ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი?
  • როდის გაქვთ გუნდურობისთვის განკუთვნილი ღონისძიებები? სამუშაო საათებში თუ შემდეგ?
  • როგორ ანაწილებთ საოფისე საშინაო დავალებებს? მაგალითად, ლანჩის შეკვეთას?

! — უნდა დაინახოთ, რომ ორგანიზაციაში ზედმეტ მუშაობას ადგილი არ აქვს… კომპანიაში ყველა 24/7-ზე მუშაობს? ელით, რომ აქ რაღაც დავალებების შესრულებისთვის არავინ გადაგიხდით? შეხვედრები დილით ადრე ან სამუშაო საათების შემდეგაა ჩანიშნული? ამასთან, დააკვირდით, როგორ გექცევიან ინტერვიუს დროს? დროულად მოვიდნენ? მოლოდინები უჩნდებათ თუ არა ან ჩართულნი არიან თუ არა მთელ პროცესში?

ჯილდოს ნაკლებობა

  • რა კრიტერიუმები და პროცესები არსებობს დაწინაურებისთვის?
  • ამ განყოფილებაში რამდენად ხშირად აწინაურებთ ადამიანებს?
  • პროფესიული განვითარების ბიუჯეტი გაქვთ?
  • სთავაზობთ თუ არა ლიდერობის ტრენინგებს ან ქოუჩინგს?
  • როგორ ირჩევთ მენტორებსა და სპონსორებს?

! — აქ ის ნიშნები უნდა ეძებოთ, რომლებიც გეტყვით, კომპანიას აქვს თუ არა მკაფიო პროცესი და ობიექტური კრიტერიუმები დაწინაურებისთვის. უნდა იცოდეთ, რომ ქოუჩინგი ხელმისაწვდომია, რათა მხარი დაუჭიროს თქვენს განვითარებას.

საზოგადოების მხარდაჭერის ნაკლებობა

  • როგორ აძლევთ უკუკავშირს თანამშრომლებს?
  • შეგიძლიათ ამიხსნათ, როგორ უმკლავდებით შეცდომებს თქვენს გუნდში?
  • როგორ უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველამ თავისი იდეა გაგიზიაროთ?
  • როგორ მართავთ კონფლიქტებს?
  • როგორ შეაფასებდით გუნდის მორალს?

! — უნდა დაინახოთ, მენეჯერისთვის რამდენად მისაღებია შეცდომებისგან რაღაცების სწავლა, აინტერესებთ თუ არა თქვენ, როგორც ადამიანი. ინტერვიუს პროცესში კი დააკვირდით: ხედავთ რომ გამჩნევენ, გისმენენ ან პატივს გცემენ? გეკითხებიან თუ არა სამსახურის გარეთ არსებული ინტერესების შესახებ? აჩვენებენ აქტიური მოსმენის უნარებს? ხოლო თუ თქვენი ინტერვიუ ჯგუფთან ერთად ტარდება, დააკვირდით ადამიანების ინტერაქციებს, ხედავთ, რომ თანამშრომლობის სურვილი აქვთ? ერთმანეთისადმი მომთმენნი არიან? ვინმე დომინირებს საუბრისას ან აწყვეტინებს?

შეუსაბამო ღირებულებები

  • რამდენად უკავშირდება ეს პოზიცია კომპანიის მისიას?
  • შეგიძლიათ აღმიწეროთ, როგორ არის ჩართული კომპანიის ღირებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში?
  • რამდენად აქვს გავლენა გუნდის მუშაობას კომპანიის მიზნებზე?
  • ხელს უწყობს თუ არა კომპანია გუნდისთვის მოხალისეობრივ მომსახურებას სამუშაო საათებში?

! — ინტერვიუერი კომპანიის ღირებულებებს მკაფიოდ გეუბნებათ? მასში თქვენს ღირებულებებს ხედავთ? აქ შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ ღირებულებებზე უფრო მეტი დეტალი იკითხოთ, იქნება ეს მრავალფეროვნება თუ მდგრადობა. 

დაბოლოს, როგორც კი მზად იქნებით ახალ პოზიციაზე გადასასვლელად, ზემოთ მოცემული სახელმძღვანელო წესები გამოიყენეთ. ასე, უკეთ მიხვდებით, რომელი კომპანია დაგიჭერთ მხარს, რომელი შეესაბამება უკეთ თქვენს საჭიროებებსა და ღირებულებას… გამოდის, არც მიზეზი გექნებათ გამოფიტვისთვის, რაც ახალ პოზიციაზე წარმატების საწინდარიც კი შეიძლება გახდეს. 

 

წყარო: HBR



რალფ ლორენის მასტერკლასი „მარადიული წარმატებისთვის“

Meta-მ ფოტო/ვიდეო რედაქტირების AI ხელსაწყო წარადგინა