დღეს ადამიანები ხელახლა აფასებენ, რა სურთ სამსახურისგან. ბევრისთვის ტრადიციული კარიერული კიბე „კლაკნილმა“ ჩაანაცვლა — პროგრესი დაწინაურების მიღმა მიდის და ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების საშუალებას აძლევს.
თუმცა რეალობა ის არის, რომ კარიერულ განვითარებას იშვიათად ანიჭებენ პრიორიტეტს. ადამიანები უფრო მეტად ყოველდღიური საქმეებით არიან დაკავებულები, ამიტომ მათთვის მომავლის ინვესტიციები ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ეს კი გარკვეულ რისკს წარმოადგენს, რადგან საკუთარი თავის ბოლოს დაყენებით კარიერული განვითარებაც შეიძლება შეჩერდეს და ჩვენმა უნარებმა სტაგნაცია განიცადოს. ხოლო მოკლე ვადებში ამას რეორგანიზაციამდე და გათავისუფლებამდე მივყავართ.
მკვლევრების თქმით, 4 საერთო გამოწვევა გამოვლინდა, რომელიც ადამიანებს განვითარებაში უშლის ხელს — როდის, ვინ, რა და სად გამოწვევები. ქვემოთ კი მოგიყვებით, როგორ უნდა იფიქროთ და იმოქმედოთ, რათა დაძლიოთ ისინი და კარიერულ განვითარებაზეც მუდმივად იზრუნოთ.
კარიერული განვითარების 4 გამოწვევა
დააკვირდით, რომელი გამოწვევა გეცნობათ უფრო მეტად. თუმცა არ შეგეშინდეთ, არც ის არის იშვიათი, თუ რამდენიმეს ან ყველას ერთდროულად განიცდით…
„როდის“ გამოწვევა
ჟღერს, როგორც: კარიერულ განვითარებას მაშინ მივუბრუნდები, როცა დრო მექნება
კარიერული რისკი: თქვენი განვითარება ყოველდღიური სამუშაოსგან განცალკევებულია.
„ვინ“ გამოწვევა
ჟღერს, როგორც: მე არ მყავს ადამიანი, რომელიც უნარების განვითარებაში დამეხმარება
კარიერული რისკი: თქვენი პროგრესი სხვა ადამიანებზეა დამოკიდებული
„რა“ გამოწვევა
ჟღერს, როგორც: არ ვარ დარწმუნებული, რაში მსურს განვითარება
კარიერული რისკი: ამის დაწყებაში ერთი სწორი პასუხის პოვნა გიშლით ხელს.
„სად“ გამოწვევა
ჟღერს, როგორც: იქ, სადაც მე ვმუშაობ, არ არის კარიერული განვითარების შესაძლებლობა
კარიერული რისკი: თქვენ სასოწარკვეთილად გრძნობთ თავს და მოტივაციასაც კარგავთ
4 შემოქმედებითი გზა კარიერული განვითარების დასაწყებად
1. თუ „როდის“ გამოწვევას განიცდით, დაიწყეთ 5-წუთიანი გონების რუკით
ამ დაბრკოლების გადასალახად უნდა გამოიყენოთ „საკუთარი თავის ქოუჩინგის” კითხვები, რათა გაზარდოთ თვითშემეცნება და დაადგინოთ ახალი შესაძლებლობები ქმედებისთვის:
- საკუთარი თავისთვის შექმენით განმეორებადი „5-წუთიანი გონების რუკა”
- ისეთ ადგილზე მოთავსდით, სადაც ტექნოლოგიური ცდუნება არ იქნება
- დახარჯეთ 5 წუთი 1 კითხვის ირგვლივ არსებული გონების რუკის შედგენაში. მაგალითად, თუ კითხვაა, რისთვის მსურს რეპუტაციის შექმნა, თქვენი გონების რუკა, შესაძლოა, მოიცავდეს ურთიერთობის მშენებლობის საკითხებს, იდეების გენერირებასა და პოზიტიური გავლენის ქონას.
- ბოლოს კი „რა მოხდება ახლა” განცხადებით შეაჯამეთ. თუ ზემოთ მოცემულ მაგალითს გავიხსენებთ, ეს ასე შეიძლება ჟღერდეს: მომავალში მენეჯერთან ჩემს კარიერულ განვითარებაზე საუბრის დროს ვაპირებ, რომ მას ავუხსნა, როგორ შემიძლია ჩემი ურთიერთობის უნარების გამოყენება კომპანიისთვის.
2. თუ „ვინ“ გამოწვევას განიცდით, გაზარდეთ ირიბი მხარდაჭერა
კიბის მსგავსი კარიერის დროს მაღალ პოზიციებზე მყოფი ადამიანების მხარდაჭერა უფრო ღირებულად ითვლება და კოლეგებთან ერთად სწავლა ყურადღების მიღმა გვრჩება. რეალურად კი, თქვენს მსგავს კარიერულ საფეხურზე მყოფ კოლეგებთან დაკავშირება როგორც ორგანიზაციაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, არის შესაძლებლობა, რათა მათ გამოწვევები თუ ახალი იდეები გაუზიაროთ და ერთადაც ისწავლოთ.
შესაძლოა, ამ ჯგუფებს როგორც 5, ისე 50 ადამიანი შეადგენდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ გუნდის საერთო მიზანი განვითარებაში ერთმანეთის მხარდაჭერა იყოს. აი, როგორ უნდა დაიწყოთ:
- შექმენით ჯგუფი Slack-ში, Microsoft Teams-ში ან WhatsApp-ში.
- ჯგუფის მიზანი გაუზიარეთ 5 ადამიანს, რომელსაც იცნობთ და იცით, რომ თქვენი მსგავსი ინტერესი აქვთ, მოიწვიეთ ისინი, რათა შემოგიერთდნენ.
- სთხოვეთ ყველას, გააზიარონ ერთი რამ, რაც წაუკითხავთ, მოუსმენიათ ან უნახავთ და ამჟამინდელი როლისთვის სასარგებლოდ თვლიან.
- თქვენი ჯგუფის გასაზრდელად ყველას ერთი წევრის მოწვევის საშუალება მიეცით.
3. თუ „რა“ გამოწვევას განიცდით, შექმენით თქვენი სწავლების ნავიგატორი
დღეს სწავლისთვის იმაზე მეტი გზა არსებობს, ვიდრე ოდესმე. თუმცა იმის ძიება, თუ როდის და რა ისწავლონ, ბევრ ადამიანს დაწყებაში უშლის ხელს. სასწავლო ნავიგატორი კი დაგეხმარებათ, პრიორიტეტი მიანიჭოთ იმას, თუ რა ისწავლოთ იმ გზით, რომელიც გამოსადეგი და პერსონალურია. ფოკუსის საპოვნელად, განასხვავეთ, რისი ცოდნა გჭირდებათ იქიდან, რაც კარგია, რომ იცოდეთ და რა იქნება რელევანტური თქვენი სამომავლო პოზიციისთვის.
ამის შედეგი სასწავლო მიზნების განსაზღვრაა, რომელიც ასახავს, თუ რა არის მნიშვნელოვანი თქვენს თანამდებობაზე დღეს და რა — თქვენი კარიერისთვის მომავალში. ეს კვადრატებში საერთო უნარების პოვნაშიც დაგეხმარებათ, რომლითაც განსაზღვრავთ, საიდან უნდა დაიწყოთ.
4. თუ „სად“ გამოწვევას განიცდით, შექმენით თქვენი პროგრესის პროტოტიპი
როცა სამსახურში არსებული ვარიანტები აშკარა არ არის, მარტივია, განვითარებისას თავი დამარცხებულად ჩათვალოთ. შიდა როლების შესახებ ინფორმაციების ნაკლებობამ, პროგრესის ირგვლივ არსებულმა ძალიან ბევრმა პროცესმა და მაღალი თანამდებობების მქონე ადამიანების ნაკლებმა მხარდაჭერამ, შესაძლოა, უფრო მეტად სამსახურიდან წასვლისკენ გიბიძგოთ და არა, იქ დარჩენისკენ. იმის ნაცვლად, რომ გარემოებამ განსაზღვროს თქვენი განვითარება, უმჯობესია, თავადვე შეადგინოთ პროგრესის პროტოტიპი, რათა გახსნათ ახალი შესაძლებლობები. აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს:
- ჩამოწერეთ ერთი შიდა შესაძლებლობა, რომელიც გსურთ, რომ გაჩნდეს
- დაასრულეთ ფრაზა: ეს შესაძლებლობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან…
- დაადგინეთ 3 გზა, რომლითაც შეგიძლიათ ორგაიზაციაში მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოთ
მაგალითად:
- მინდა გუნდს პირველად ვუხელმძღვანელო
- ეს შესაძლებლობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მე მსიამოვნებს სხვების მხარდაჭერა განვითარებაში
- 3 გზა, რომლითაც ამ შედეგს მივაღწევ
- შესთავაზეთ ახალ დაქირავებულთა მხარდაჭერა თქვენს კომპანიაში
- გაუწიეთ მენტორობა ადამიანებს კარიერული გზის ადრეულ ეტაპზე
- წარადგინეთ თავი ახალი პროექტის ხელმძღვანელად
ეს მიდგომა მხოლოდ ერთ გამოსავალს არ გაჩვენებთ და დაგეხმარებათ, იპოვოთ განსხვავებული შესაძლებლობები თქვენი განვითარებისთვის თქვენივე ორგანიზაციაში. კარიერული გამოწვევები, იქნება სამსახურიდან გათავისუფლება, რეორგანიზაცია თუ პერსონალური განვითარების ნაკლებობა, შესაძლოა, გამოწვევად გესახებოდეთ, მაგრამ ამის ნაცვლად, კარგი იქნება, თუ მას შესაძლებლობად ჩათვლით. მიმართეთ შემოქმედებით მიდგომას, რათა გახსნათ თქვენი განვითარების განსხვავებული მიმართულებები.
წყარო: HBR