in

როცა ბევრი საქმე გვაქვს, როგორ გამოვყოთ დრო კოლეგებთან ურთიერთობისთვის?

როცა დედლაინები ახლოვდება და უამრავი რამ გაქვთ გასაკეთებელი, კოლეგებთან ურთიერთობა სიაში ბოლო ადგილს იკავებს. მხოლოდ საქმეებზე ხართ ფოკუსირებული, მაგრამ ასე თანამშრომლებთან პერსონალურ კავშირს კარგავთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დისტანციურად მუშაობთ. არადა თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის ყოველდღიურად რამდენიმე წუთის გამოყოფით თქვენს შედეგებსა და კეთილდღეობის მაჩვენებლებს გააუმჯობესებთ, ასე გამოფიტვასაც კი აირიდებთ თავიდან. 

თუ ქოუჩებს დავეყრდნობით, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარება მცირე დროის ინვესტირებითაც შესაძლებელია, თუმცა რა მეთოდებით, ახლა დეტალურად განვიხილოთ:

პირისპირ შეხვედრისას საუბარი

თუ თქვენს გუნდთან შეხვედრები უკვე გაქვთ ჩანიშნული, პირდაპირ საქმეებზე გადასვლის ნაცვლად, ეცადეთ გაიგოთ, როგორ გრძნობენ ისინი თავს. მთლიანი დროის ამისთვის დათმობა ნამდვილად არ არის საჭირო, 5 წუთის გამოყოფაც კი საკმარისია, რათა გაიგოთ, როგორ გაატარეს მაგალითად შვებულება, როგორ არის თანამშრომლის დედა, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და ა. შ. 

მსგავსი მიდგომა ერთი-ერთზე შეხვედრის დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ კოლეგასთან, რომელთან ერთადაც პროექტებზე რეგულარულად მუშაობთ. თუ ზოგიერთ შეხვედრაზე რამდენიმე წუთს გამოყოფთ ოჯახზე, ჰობიზე თუ ზოგად თემებზე სასაუბროდ, თანამშრომლებთან კავშირს მეტად გააღრმავებთ. ხოლო, თუ ადამიანის შესახებ მსგავსი დეტალების დამახსოვრება გიჭირთ, თქვენს კალენდარში პირადი ჩანაწერები შეგიძლიათ გააკეთოთ, როგორ არის მათი ძაღლი, როგორ უმკლავდებიან ბავშვები დავალებებს და სხვა მსგავსი საკითხები. 

შეხვედრების დროს ჯგუფთან საუბრები წაახალისეთ

ისიც მართალია, რომ დიდ ჯგუფურ შეხვედრებზე ერთი-ერთზე კავშირების დამყარება რთულია… მაგრამ თუ შედარებით პატარა გუნდი გყავთ, ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად საუბრებისთვის გარკვეული დროის გამოყოფა გამოგადგებათ. ეს ორგანულადაც შეიძლება მოხდეს, თუ მაგალითად ორშაბათს დილით ყავას მიუტანთ მათ ან შესვენებას ერთად გაატარებთ. 15-20-წუთიანი არაფორმალური საუბარიც კი გუნდის ჩართულობაზე დადებითად აისახება.

აი, მაშინ, როცა დისტანციური ან ჰიბრიდული ჯგუფის ნაწილი ხართ, ადამიანებთან მსგავსი ორგანული კავშირები ძალიან რთული მისაღწევი ხდება. აქ კონკრეტული ძალისხმევის ონლაინ აქტივობად გარდაქმნა მოგიწევთ.

შესვენებები არაფორმალურ სოციალურ ურთიერთობებს დაუთმეთ

ეცადეთ, ლანჩი კოლეგებთან ერთად მიირთვათ, მაგრამ თუ სამუშაო განრიგი ამის საშუალებას არ გაძლევთ, შეგიძლიათ კვირაში რამდენიმე დღე სწორედ ამ მიზნის განხორციელებას დაუთმოთ. ეს წინასწარაც შეგიძლიათ დაგეგმოთ იმ თანამშრომლებთან, რომელთანაც ნაკლები კონტაქტი გაქვთ ან არაფორმალურად იმ გუნდის წევრებთან, რომლებიც თქვენთან ერთად მუშაობენ. 

ეს თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება და დღის მანძილზე განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. თუ კომპიუტერთან ჯდომით თავი აგტკივდათ, ეცადეთ, დერეფნებში გაისეირნოთ და თუ ვინმე შეგხვდებათ, ყავაზე დაპატიჟოთ ან უბრალოდ გაესაუბროთ. მსგავსი ინტერაქციები მოგაფხიზლებთ და კავშირის შეგრძნებას გაგიჩენთ. ხოლო თუ დისტანციურად მუშაობთ, სოციალური მედიის სქროლვის ნაცვლად, შეგიძლიათ კოლეგას ჩატში მეგობრულად მისწეროთ.

დაურეკეთ კოლეგებს „მოგზაურობისას“

თუ ხშირად მოგზაურობთ და იცვლით სამუშაო გარემოს, ეს დრო შესანიშნავ შესაძლებლობას გთავაზობთ კოლეგებთან არაფორმალური გზით ჩასართავად. მაგალითად თუ გზაზე ხართ, შეგიძლიათ აეროპორტიდან ან სასტუმროდან დაურეკოთ, გაუგზავნოთ შეტყობინებები რიგში დგომისას თუ მატარებლით მოგზაურობისას. 5-დან 10 წუთამდე საუბარიც კი დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე და რაც მთავარია, აჩვენებს, რომ თქვენ რაღაც საკითხები განაღვლებთ. 

ისარგებლეთ ვირტუალური შეტყობინებების უპირატესობით

აქ გამოსავალი შეტყობინებების გაგზავნაა, მაგალითად მისწერეთ კოლეგას, როგორ არიან ან რას აკეთებენ… თუმცა ისიც მართალია, რომ მსგავსი საუბრები ხან საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ამიტომ, უმჯობესია, კონტაქტის სიხშირე შეზღუდოთ კვირაში რამდენიმე ინტერაქციამდე. ეცადეთ ეს ყველაფერი ბუნებრივი იყოს და მისალმება ან ამბის კითხვა ზუსტად ისე ჟღერდეს, როგორც ოფისში შესვლისას თანამშრომლებისთვის გამარჯობის თქმა. 

დიახ, რთულია, როცა უამრავი საქმე გაქვს, დრო კოლეგებთან არაფორმალურ საუბრებს დაუთმოთ, თუმცა თუ მსგავსი ინტერაქციისგან მიღებულ სარგებელს გაიხსენებთ, ყველაფერი მეტად მარტივად მოგეჩვენებათ. ამიტომ, მთლიანად საქმეზე ფოკუსირების ნაცვლად, ეცადეთ, განრიგში დრო კოლეგებთან დასაკავშირებლადაც გამოყოთ. 

 

წყარო: HBR



ნახეთ: ადამიანების ვიზუალი მხოლოდ სისხლძარღვებით რომ შემოიფარგლებოდეს

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა – ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ემისია