in

5 გზა გუნდში კრეატიულობის გასაზრდელად

უახლესი გამოკითხვის თანახმად, რომელიც 1500 ხელმძღვანელზე ჩატარდა, ბიზნეს ლიდერების მთავარი უნარი კრეატიულობაა. ვერც კომპანიები განავითარებენ ახალ იდეებსა და პროდუქტებს, თუ გუნდი კრეატიული არ იქნება… ამ საკითხის გაუმჯობესება კი დღეს ბევრს სჭირდება — ალბათ, იმიტომაც, რომ აქამდე ვერ აფასებდნენ მის შედეგებს. მკვლევრები სამყაროს შეცნობისა და შთაგონების ძიებისკენ გვიბიძგებენ. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ეს საკითხი ასე მარტივი არ არის და მთლიანად ორგანიზაციის კულტურის ცვლილება სჭირდება, მაგრამ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ისინი ამბობენ, რომ კულტურა ვერ შეიცვლება ან ამას 10 წელი დასჭირდება, ჩემთვის კი ეს უფრო ქმედებებია და შეიძლება დაუყოვნებლივ შეიცვალოს, — ამბობს მერი ბარა, General Motors-ის ხელმძღვანელი. 

მასშტაბურ კულტურულ ტრანსფორმაციას რომ მიაღწიოთ, შემდგომი 5 მეთოდი უნდა სცადოთ:

შექმენით ბევრი და არა — მხოლოდ კარგი იდეები

როცა სტენფორდის ლეგენდარულ პროფესორ რობერტ მაკკიმს, რომელიც უამრავი ინოვაციის ავტორია, სტუდენტები ახალი კონცეფციის უკუკავშირისთვის მიმართავდნენ, სამი ვარიანტის ჩვენებას ითხოვდა. მან იცოდა, რომ ვარიანტების ქონა ინოვაციებისთვის მთავარი გასაღებია.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორის კაროლ კაუფმანის თქმით კი, დიდებული ლიდერები ვარიანტების შექმნაზე ზრუნავენ, რადგან როცა შესაძლებლობა გაჩნდება ან კრიზისი მოხდება, რეალურ დროში მოქმედება და ოპტიმალური ნაბიჯის გადადგმა შეძლონ.

ამიტომ, პრობლემის წამოჭრისას დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ იდეებს და არა, ერთ სწორ პასუხს. როგორც ამბობენ, პირველი 4-5 იდეა ძნელად მოდის, მაგრამ შემდეგ წესებისგან თავის დაღწევას ახერხებთ და ისეთი აზრი ჩნდება, რომლითაც ბარიერების გარღვევაც შესაძლებელია.

შესაბამისად, ლიდერებმა გუნდებს, რომლებიც ბიზნესში არსებული პრობლემის გადაჭრაზე ზრუნავენ, უნდა დაუსვან ერთი საკმაოდ მომხიბვლელი კითხვა: კიდევ რას ვცდილობთ? ეს ვარიანტების საჭიროებას მოიცავს და წინსვლის საშუალებასაც აძლევს მათ.

შექმენით სივრცე მარცხისთვის

ყველას ეშინია მარცხის. ისეთი ადგილებიც კი არსებობს, სადაც ეს სრულად მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან ასეა… 

ჩვენ გუნდისთვის წარუმატებლობის სამიზნე დავისახეთ. ვიცით, რომ თუ არ ვცდებით გარკვეულ საბაზისო მაჩვენებლებში მაინც, რაღაცას საკმარისად არ ვიკვლევთ და თუ ასე არ არის, მაშინ ნამდვილად ვმარცხდებით, — აცხადებს ფილიპ ბაღუ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბუნებრივია, არსებობს სივრცეები, სადაც უსაფრთხოების განცდა გვჭირდება, მაგრამ გახსოვდეთ, ზოგჯერ მაინც თუ არ გარისკავთ, ეს ყველაზე სარისკო სვლა იქნება.

შეწყვიტეთ ტეტრისის თამაში

გუნდების უმეტესობა იმას აკეთებს, რასაც მკვლევრები schedule tetris-ს უწოდებენ — ყველა შესაძლო შეხვედრას ღია სივრცეში ატარებენ, თითქოს შეხვედრებისთვის ადგილის გამოძებნა იყოს თამაშის მთავარი მიზანი… თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, გეტყვით, რომ სწორედ ამიტომ არ გაქვთ დრო ინოვაციებისთვის…

რეალურად კი, საუკეთესო ლიდერები თავისუფალ დროს გამოყოფენ — მათ შორისაა ჯეფ ბეზოსიც, რომელიც კვირაში 2 დღეს ინტერნეტის შესწავლასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას უთმობს. თუ თქვენც ამ გზას მიმართავთ, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში თანამშრომლებს ეფექტურად მუშაობის შანსს მისცემთ, რადგან მათ საჭირო ღირებული ინფორმაცია უკვე დაგროვილი ექნებათ.

და თუ ასე არ მოიქცევით, არც გაგიკვირდეთ, რომ თქვენს გუნდებს არ ექნებათ დრო ინოვაციებისთვის… ამიტომ, ყოველთვის მიეცით მათ რაღაცების გამოკვლევის საშუალება. 

დააფასეთ პრობლემების პოვნა

ძველად ამ ფრაზას მიმართავდნენ: ნუ მომიტან პრობლემას, მომიტანე გამოსავალი — მაშინ, როცა ყველა იაზრებს პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობას, მისი პოვნის უნარი ნაკლებად დაფასებულია. არადა, ინოვაციურმა ლიდერებმა იციან, რომ ახალი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი წინაპირობა სწორედ პრობლემებია. თქვენ უნდა ჰკითხოთ თანამშრომლებს, რა არ მოსწონთ ან რა აფერხებს კონკრეტული მიზნების მიღწევას. 

ასე შეიქმნა Apple-ის iPhone-იც — სტივ ჯობსმა და მისმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ მობილური ტელეფონი უსარგებლო ნივთი იყო… დღეს ბევრი კომპანია გვთავაზობს ე. წ. შეთავაზებების ან იდეები ყუთს, მაგრამ ახლა მკვლევრები პრობლემის ყუთის შემოღებას გვირჩევენ.

დააყოვნეთ თქვენი გადაწყვეტილებები

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც გუნდს შეუძლია, გააკეთოს, იმის გადაწყვეტაა, თუ რა არ გადაწყვიტოს… ოღონდ დროებით. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ იდეებს გააზიარებთ, გადაწყვეტილების მიღებისთვის ცალკე შეხვედრა დანიშნეთ — საკითხის გადაუჭრელად დატოვება ზეიგარნიკის ეფექტს იწვევს, ადამიანის ტვინი პრობლემის განხილვას აგრძელებს, რასაც ხშირად უკეთეს გამოსავლამდე მივყავართ. 

დაბოლოს, ზემოთ განხილული ტაქტიკები იმისთვისაა, რომ გუნდებს რაღაც ახლის შექმნისკენ ენერგიის მიმართვაში დაეხმაროს. ხოლო, თუ თქვენი ყოველდღიური სამუშაო კრეატიულობას არ უჭერს მხარს, თქვენივე დიდი ამბიციები მხოლოდ ამბიციებად დარჩება… მნიშვნელოვანია, როგორ განმარტავთ სამუშაოს — თუ ეფექტურობის კუთხით დაიწყებთ ფიქრს, უბიძგებთ გუნდს, სამყაროსგან მდიდარი უკუკავშირი მიიღონ, ახლებურად შეხედონ რაღაცებს და სწორ პასუხამდე ვარიანტები განიხილოთ. ამ გზით, ინოვაციურობა თქვენი კომპანიის დამახასიათებელი სიტყვაც გახდება.

 

წყარო: HBR



უოლტ დისნეის ახდენილი ოცნება და რთული გზა წარმატებამდე

რესტორანი ბელმონდი, შეფი კონსტანტინე თედელურისგან, გაიხსნა