in

როგორ შეუძლიათ ახალ ხელმძღვანელებს ლეგიტიმურობით სარგებლობა?

როგორ უნდა დაამტკიცონ კომპანიის ახალმა ხელმძღვანელებმა, რომ ისინი შესაბამისი კანდიდატები არიან? ხშირად ეს კომპეტენციის ჩვენებით ხდება, რაშიც მათი განათლება და შედეგები იგულისხმება, ასე ისინი სხვებს ეხმარებიან, გააცნობიერონ, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული პოზიციისთვის. თუმცა ეს საკმარისი არ არის — თუ შედეგები ძველებურად წარმატებული აღარ იქნება, მაშინ სანდოობაც იკლებს… და აი, სწორედ აქ ასრულებს ლეგიტიმურობა დიდ როლს. 

ლეგიტიმურობა ის არის, რაც ხელმძღვანელს მუდმივ დაზღვევას სთავაზობს როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდის მართვისას. მას კეთილგანწყობის მოპოვება და მიმდევრებთან პირადი კავშირების დამყარება შეუძლია. ხელმძღვანელები, რომლებიც ლეგიტიმური მიდგომებით სარგებლობენ, ლოიალობასა და თავდაჯერებასაც შთააგონებენ. შეუძლიათ, სხვები იმდენად მობილიზებულნი გახადონ, რომ სამსახურისთვის თავიანთი მაქსიმუმი გააკეთონ. თანაც, როცა ადამიანები ხელმძღვანელს ენდობიან, უფრო მეტი რაღაცის კეთების სურვილიც აქვთ. მეტიც, ლეგიტიმურ ხელმძღვანელებს ადამიანები მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ, რაც მათ გავლენას ზრდის. 

თუმცა როგორ უნდა შეიძინონ ხელმძღვანელებმა ლეგიტიმურობა? ეს ქვემოთ მოცემული 7 ქმედებითაა შესაძლებელი:

მკაფიო კომუნიკაცია

თანამშრომლები მოხიბლულნი რჩებიან ლიდერებით, რომლებსაც მიმზიდველი ამბების მოყოლა შეუძლიათ ორგანიზაციის წარსულსა თუ მომავალზე. ეს კიდევ უფრო გამოსადეგიც ხდება, თუ ხელმძღვანელს შეუძლია, რომ მკაფიოდ განმარტოს, რამდენად სჭირდება კომპანიას წარმატებისთვის კრიტიკულ გარე ცვლილებებთან ადაპტაცია ან იმის ახსნა, თუ რა როლი აკისრია თითოეულ თანამშრომელს ორგანიზაციაში. თანაც მარტივია, ვიღაცას მთელი გულით გაჰყვე, როცა იცი, საით მიდის, როცა არჩეული გზა მნიშვნელოვანია და ამ მოგზაურობაში თქვენი როლიც იკვეთება. 

სამართლიანობის დემონსტრირება

იმის გამო, რომ ხელმძღვანელებს სხვებზე მეტი ძალაუფლება გააჩნიათ, ისინი აუცილებლად სამართლიან ადამიანებად უნდა აღიქმებოდნენ. ამგვარად ფრაზა: ეს უსამართლობაა ნებისმიერი ხელმძღვანელის ლეგიტიმურობას დააყენებს საფრთხის ქვეშ. როგორც ადამიანი, რომელიც ორგანიზაციის ტონს განსაზღვრავს, ხელმძღვანელი მზრუნველი და სამართლიანი უნდა იყოს. ხოლო, თუ ამას ნაწილობრივ გააკეთებს და გუნდში ფავორიტებსაც ამოირჩევს, იგი ლეგიტიმურობას დაკარგავს. როცა ეს მოხდება, აღარც თანამშრომლები ეცდებიან თავიანთი მაქსიმუმის კეთებას…

მორალურად გამართლებული ქმედებები

ეს იმ თანმიმდევრულობის საზომია, რომელიც გვაჩვენებს, რას ემხრობა ხელმძღვანელი და როგორ იქცევა. რაც უფრო ახლოსაა ეს ორი ერთმანეთთან, მით უფრო დიდია ხელმძღვანელის ლეგიტიმაციაც. შესაძლოა, თანამშრომლები ლიდერის ყველა სიტყვას არ უსმენდნენ, მაგრამ ყველა ქმედებას, ნამდვილად აკვირდებიან. ამგვარად, ხელმძღვანელის ლეგიტიმურობა იზრდება, როცა იგი საკუთარი ღირებულებების ერთგული რჩება მაშინაც კი, როცა იცის, რა ფასად დაუჯდება ეს. 

ავთენტურობის ჩვენება

ავთენტური ხელმძღვანელები ღია არიან საკუთარი წარმატებებისა და მარცხის, ძლიერი და სუსტი მხარეების მიმართ. მიისწრაფვიან სხვების უკუკავშირის მოსმენისკენ. შესაბამისად, როცა ადამიანებს ავთენტურ ხელმძღვანელთან აქვთ შეხება, ისინი ამბობენ: მე მასში რეალურ ადამიანს ვხედავ — ხელმძღვანელების ღიაობა, თუ როგორი ინდივიდები არიან თავიანთი თანამდებობების მიღმა, მათ მეტად ავთენტურს ხდის და ადამიანებსაც შეუძლიათ, მათ პირადად დაუკავშირდნენ…

კომპანიის პირველ ადგილზე დაყენება

როგორც აღმოჩნდა, ხელმძღვანელები მეტ ლეგიტიმაციას მაშინაც იძენენ, როცა აჩვენებენ, რომ კომპანიის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებენ. ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა: „ადამიანებს სჭირდებათ იმის ცოდნა, რომ ეს თქვენ კი არა, კომპანიას ეხება… შესაძლოა, დასაქმებულები კრიტიკულად უყურებდნენ მათ ანაზღაურებას ან პრივილეგიებს, მაგრამ უკვე ზედმეტად გამაღიზიანებელი ხდება მათთვის, როცა ხელმძღვანელები საკუთარ ინტერესებს კომპანიაზე მაღლა აყენებენ…

ხოლო ლიდერები, რომლებიც იყენებენ ყველა შესაძლებლობას, გულუხვები არიან სხვებისთვის წარმატების შანსის მიცემაში და სწრაფადვე იღებენ პასუხისმგებლობას მარცხზე; ისინი, ვინც ჯერ თავად თმობენ რაღაცებს, შემდეგ კი სხვებს სთხოვენ იმავეს, ლეგიტიმურობით უფრო მეტად სარგებლობენ. 

მიწაზე დარჩენა

იმისათვის, რომ ხელმძღვანელმა ლეგიტიმურობის შენარჩუნება მოახერხოს, მეტად თავმდაბალი, ჰუმანური და მარტივად მისაწვდომი უნდა დარჩეს. ისიც ფაქტია, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობა ადამიანებს ცვლის, მათთვის რთული ხდება იმ აზრის უარყოფა, რომ სხვებზე უპირატესნი არიან. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ზოგჯერ სხვების აზრებს უმნიშვნელოდაც თვლიან…

ამგვარად, შესაძლოა, მიწაზე დარჩენამოიცავდეს ადეკვატური დროის გატარებას ოჯახთან თუ დროის გამოყოფას იმ სხვა საკითხებისთვის, რომლებიც სამსახურს არ უკავშირდება. კვლევებმაც კი დაადასტურა, რომ ხელმძღვანელები მთლიან დროს სამსახურს უთმობენ, რითაც ოჯახსა და საკუთარ თავს შორდებიან. ამან ისეთ ურთიერთობებამდეც შეიძლება მიიყვანოს ისინი, რომლებიც ორგანიზაციულ ნორმებსა და საზღვრებს კვეთს. ასე კი არა მარტო პირად ცხოვრებას მიადგება ზიანი, არამედ ხელმძღვანელის ლეგიტიმაციასაც. 

მიზნის შეგრძნების შენარჩუნება

ლიდერები, რომლებიც სხვებისთვის მიზნის შეგრძნებასა და მნიშვნელობას უზრუნველყოფენ, დიდი ლეგიტიმაციითაც სარგებლობენ. რადგანაც ხელმძღვანელები მოტივაციების მიხედვით განიხილებიან, ისინი, ვის სამუშაოსაც დიდი მიზნის მქონედ მიიჩნევენ, უფრო მეტი ლეგიტიმურობით სარგებლობენ, ვიდრე ამქვეყნიური მიზნებით მოტივირებული ხელმძღვანელები. ამასთან, ადამიანებს არ სურთ უბრალოდ ისეთი ლიდერები, რომლებიც კომპანიის შედეგებს გააუმჯობესებენ — მათ თავიანთი საქმის მნიშვნელობის უკეთესი შეგრძნება სჭირდებათ.

 

წყარო: HBR



IKEA-ში AI ჩეტბოტი დაასაქმეს, სახელად BILLIE

უკუკავშირის ძალა – როგორ იყენებენ მომხმარებელთა უკუკავშირს ქართული კომპანიები