in

შესაძლოა, მხოლოდ მარცხისგან რაღაცის სწავლა ეფექტური არ იყოს

მიუხედავად იმისა, დიდ კომპანიას მართავთ თუ პატარას, მარცხისგან რაღაცების სწავლის უნარი თუ სურვილი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ეს, ალბათ, საკმაოდ ხშირადაც გსმენიათ, თუმცა არა ის, რომ მარცხზე ძალიან ბევრმა ფიქრმა თქვენი შეცდომები მოულოდნელად შეიძლება გააძლიეროს კიდეც, შექმნას სწავლის ილუზია და არ მოგცეთ რეალური განვითარების საშუალება. და რა უნდა გააკეთოთ?

კვლევისას 3 საკითხი გამოიკვეთა, ხაფანგები, რომლებშიც ლიდერები მარცხის გაანალიზებისას ხშირად ექცევიან ხოლმე. ქვემოთ კი სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ და მათთან გასამკლავებელ სტრატეგიებსაც შემოგთავაზებთ:

ხაფანგი 1: ინვესტიციებს ვდებთ სტრატეგიებში, რომლებიც არ გვეხმარება

წარმოიდგინეთ, რომ ხართ გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც გუნდის პროდუქტიულობის გაზრდა სურს. დასაქმებულებიდან 75% წარმატებულია, 25% კი, არა. თქვენ იწყებთ ამ უკანასკნელის გააზრებას და აღმოაჩენთ, რომ ისინი დანერგილ ჩანაწერების სისტემას კარგად ვერ იყენებენ და სწორედ ამას ჩათვლით პრობლემად. მსგავსად, ისეთ სტრატეგიებში ჩადებთ ინვესტიციებს, როგორებიცაა ტექნიკური ტრენინგები ან მონიტორინგის პროცესები, რათა თანამშრომლებს ამ სისტემის შესაბამისად გამოყენებაში დაეხმაროთ.

დიახ, ეს ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ რა მოხდება, თუ აღმოაჩენთ, რომ წარმატებული თანამშრომლებიც არ იყენებენ ამ სისტემას?! გამოდის, წარმატების გაანალიზების გარეშე, ვერ მიხვალთ იმ საკითხებამდე, რომლებიც ორივესთვის საერთოა და თუ სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემას, თქვენი ინვესტიციები საერთოდ ვერ გადაჭრის კონკრეტულ საკითხს.

ხაფანგი 2: ყურადღების მიღმა გვრჩება ის სტრატეგიები, რომლებსაც ჩვენი დახმარება შეუძლია

ზოგჯერ, შესაძლოა, არსებობდეს საკითხები, რომლებიც საერთოა წარმატებული შემთხვევებისთვის და არ გვხვდება მარცხისას, ზოგჯერ კი, შესაძლოა, ეს პირიქით იყოს… ამიტომ, მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა მარცხსა და წარმატებას შორის არსებული განმასხვავებელი საკითხები ამოიცნონ.

მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, წარმატებული გაყიდვების სპეციალისტების ანალიზმა შეიძლება აჩვენოს, რომ ისინი მომზადებას 1 კვირით ადრე იწყებენ, როცა სხვები ამას ბოლო წამებისთვის იტოვებენ. აქ კი, თუ მხოლოდ დაბალი პროდუქტიულობის მქონე ადამიანების ანალიზს მიმართავთ, ვერ დაადგენთ, რომ მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ მომზადების რუტინაა. დიახ, ეს მხოლოდ წარმატებული და წარუმატებელი ქეისების ერთმანეთთან შედარებისას გამოიკვეთება.

ხაფანგი 3: ვერ ვამჩნევთ, როცა კარგ შედეგებს ცუდი პროცესები გვაძლევს

ეს ყველაზე საშიში სივრცეა — როცა მხოლოდ წარუმატებლობებისგან ვცდილობთ რაღაცების სწავლას, ვეღარ ვამჩნევთ იმ გზებს, რომლითაც ამჟამინდელმა წარმატებულმა პროცესებმა, შესაძლოა, სამომავლო მარცხის რისკები გაზარდოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კარგი შედეგები ყოველთვის კარგი პროცესებიდან არ იბადება: ზედმეტ რისკებს ან არაეთიკურ პრაქტიკას შეიძლება ეფუძნებოდეს, რაც მოკლევადიან სარგებელს გვაძლევს, თუმცა გრძელვადიან ფასად… 

კვლავ გაყიდვების გუნდს შევეხოთ — მაგალითად, თუ წარმატებული გამყიდველები იტყუებიან კონკრეტულ ციფრებს ან აქ რაღაც საბოტაჟის მსგავსი ხდება, მხოლოდ ნაკლებად პროდუქტიული თანამშრომლების ანალიზით ამას ვერ გამოვავლენთ. თანაც, თუ წარმატებულ მაგალითებს არ გავაანალიზებთ, მატყუარა თანამშრომლების გამოვლენას ძალიან დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს. ეს ხშირად იქამდე არ ხდება, სანამ ბიზნესი ცუდ შედეგებს არ აჩვენებს…

საუკეთესო გადაწყვეტილების მიმღებები მარცხისა და წარმატებისგან თანაბრად სწავლობენ!

ეს პროცესი კი იმის განსაზღვრით იწყება, თუ რას ნიშნავს მარცხი და წარმატება მოცემულ კონტექსტში. ამ დროს მნიშვნელოვანია, ხილულ შედეგებსა და ზოგჯერ დაფარულ პროცესებსაც მივაქციოთ ყურადღება, რომლებსაც კონკრეტულ შედეგებამდე მივყავართ. შემდგომ კი ამ სამუშაო განმარტებებზე დაფუძნებით, მენეჯერებს შეუძლიათ, დაადგინონ ისინი და მათ შორის განსხვავებებიც მოძებნონ. ეს მეთოდი პერიოდულად უნდა გამოიყენონ, რათა გაიაზრონ, როგორ ვითარდება განსხვავებები დროთა განმავლობაში და მათ სტრატეგიებიც შეუსაბამონ. 

კონკრეტულ მიდგომას რამდენიმე სარგებელიც ახლავს თან: ინვესტიციების თვალსაზრისით, უამრავი სტრატეგიის გამოცდის ნაცვლად, ზუსტად ის ხორციელდება, რომელიც მარცხსა და წარმატებულ შემთხვევებს შორის განსხვავებების პოვნას ისახავს მიზნად. მეტიც, ამის გააზრება გაძლევთ თავდაჯერებას, რომ კონკრეტული ქმედება ეფექტური იქნება. ხოლო, როცა ყველა გაიგებს ამის შესახებ, ნაკლებად მიმართავენ სარისკო თუ არაეთიკურ გზებს. ეს კი, ბუნებრივია, მომავალი კატასტროფების შანსებსაც შეამცირებს. 

დაბოლოს, გამოდის, საუკეთესო მასწავლებელი არც ცალკე აღებული მარცხია და არც წარმატება — სიბრძნე სწორედ ამ ორის ერთდროულად განხილვაში იმალება…

 

წყარო: HBR



„მელოუ“: „ბავშვებისთვის პრემიუმ ხარისხის ეკო-მეგობრული სამოსის საზღვარგარეთიდან გამოწერა აღარ მოგიწევთ“

არის თუ არა ყავა ჯანსაღი ცხოვრების ნაწილი?