in

რატომ უნდა იფიქრონ მენეჯერებმა ჰაკერების მსგავსად?

7-წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაკერები სისტემურად მოაზროვნეები არიან. ის დამოკიდებულება, რომელიც მათ აქვთ, საშუალებას აძლევთ, იპოვონ შესაძლებლობები,  იქონიონ უზარმაზარი გავლენები შემოქმედებითი გზებით, სწრაფად და ოსტატურად. მეტიც, ჰაკერობა ყოველთვის ცუდ ქმედებებს არ უკავშირდება და არც მხოლოდ კომპიუტერული სისტემებით შემოიფარგლება. როგორც Gmail-ის შემქმნელი ამბობდა: იქ, სადაც სისტემებია, ჰაკერობის პოტენციალიც არსებობს, სისტემები კი ყველგანაა.

მენეჯერებისთვისაც ჰაკერების მსგავსად ფიქრი სასარგებლო უნდა იყოს — გვიბიძგებს, უკვე გაცვეთილ მეთოდებს გავცდეთ, იქნება ეს ხანგრძლივი დაგეგმარების თუ იერარქიული გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ჰაკერების დამოკიდებულების ათვისება მათ დაეხმარება, უკეთ გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს, იპოვონ შესაძლებლობები, ჩამოაყალიბონ პრაგმატული კულტურა ან თუნდაც, იპოვონ გამოსავალი იქ, სადაც არც აშკარა პასუხი და არც მკაფიო არჩევანი არსებობს. 

დაბრკოლებებთან გამკლავება

დაბრკოლებების პირდაპირ გადაჭრა ადამიანურ ბუნებას უნდა მივაწეროთ, მაგრამ ეს ყოველთვის საუკეთესო შედეგით ნამდვილად არ მთავრდება. ჰაკერების საიდუმლო კი სწორედ აქ იმალება. იმის ნაცვლად, რომ მათ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს პირდაპირ გაუმკლავდნენ, გამოსავალს ეძებენ. აქ ტროას ცხენი გაიხსენეთ: გამოსავლის არსებობის გამო, ბერძნებს არ სჭირდებოდათ კარიბჭის ან კედლების შენგრევა… შესაბამისად, არც ის არის შემთხვევითობა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰაკერს ტროას ცხენი ჰქვია. 

მართალია, კონკრეტული გამოსავალი სრულად არ ჭრის ხოლმე პრობლემებს, მაგრამ ჰაკერებს საშუალებას აძლევს, საკმარისად კარგი შედეგები მიიღონ — სწრაფი მოგებები ხშირად დიდი და არაპროგნოზირებადი ცვლილებების გზას ხსნის. 

შესაძლებლობის პოვნა

ორგანიზაციები უმეტესად სტანდარტულ მოდელებს იყენებენ, რათა უკეთ გადაანაწილონ პასუხისმგებლობები, შეინარჩუნონ თანამშრომლები და დააკმაყოფილონ დაინტერესებული მხარეების მოლოდინები. ასე დასაქმებულებიც უფრო სწრაფად ახერხებენ საქმეების შესრულებას, მაგრამ როგორც კი უცნობ სიტუაციებში აღმოჩნდებიან, ვერაფერს აკეთებენ. რაც შეეხება ჰაკერს, იგი არ იწყებს ვარაუდებით — იკვლევს უცხო ტერიტორიებს, რაც ხშირად საშუალებას აძლევს, უჩვეულო წყვილებსაც მიაგნოს, რომლებიც გამორჩეულად კარგად მუშაობენ ერთად. 

დანერგეთ პრაგმატული კულტურა

ჰაკერების აზროვნების გადმოღება პრაგმატული კულტურის შექმნაშიც დაგეხმარებათ, ექსპერიმენტული და არასრული მიდგომების დაფასებაში… მენეჯერები ხშირად იმაზე ფოკუსირდებიან, რისი ნაკლებობაც აქვთ და აიგნორებენ იმ რესურსებს, რომელთაც შეიძლება, ნაკლებობის შესავსებად, ახალი მიზანი დაუსახონ. მარტივად რომ გითხრათ, მაგალითად, ჰაკერს შეუძლია მადუღარა არა მარტო წყლის გასაცხელებლად, არამედ კვერცხის მოსახარშადაც გამოიყენოს. გამოდის, ისინი ექსპერიმენტებით ახალი ან განვითარებადი შესაძლებლობების პოვნისკენ მიისწრაფვიან. 

თქვენი გუნდი პროცესისკენ მიმართეთ და არა, მიზნებისა და შედეგებისკენ

დიდი ბონუსებით თანამშრომლები არც ისეთი მოტივირებულები არიან, როგორც ამაზე ბევრი ბიზნეს ლიდერი ფიქრობს. ამიტომ, მეცნიერები თანამშრომლების იმ მიზნებისკენ მიმართვას გვირჩევენ, რომლებიც მოგებას სცილდება, იქნება ეს სოციალური პასუხისმგებლობა თუ კუთვნილების გრძნობა. 

ჰაკერული მიდგომაც ზუსტად ასე შეგვიძლია განვიხილოთ. ოღონდ ჰაკერებად მხოლოდ ის ადამიანები არ უნდა მიიჩნიოთ, რომლებმაც მთავარ საქმიანობად ჩვენი პირადი ინფორმაციებისა თუ საკრედიტო ბარათების მოპარვა აირჩიეს… აქაც არსებობს მონეტის მეორე მხარე — ისინი მრავალფეროვანი ჯგუფის ინდივიდები არიან, რომელთაც ამაღელვებელი პროცესები უფრო აინტერესებთ, ვიდრე წინასწარ განსაზღვრული მიზნები და შედეგები. 

ზუსტად ამ მიზეზით მიმართავენ ანონიმურობას. მათ სურთ, თავიანთი ჰაკერული უნარებით დააფასონ და არა, ისეთი ყალბი კრიტერიუმებით, როგორებიც ასაკი, განათლება, რასა, სქესი ან თანამდებობაა. იმის გამო, რომ ყოველთვის უცნობ ტერიტორიებზე აბიჯებენ, მათ სიამოვნებას სწორედ ამ უცნობის შეცნობის პროცესი ანიჭებთ. ისეთი სისტემები აქვთ, მაგალითად BDFL მოდელი, რომ პროცესში ყველას შეუძლია ცვლილებები შეიტანოს და წინსვლას ხელი შეუწყოს, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც დამფუძნებელს ეკუთვნის. 

ჰაკერების მსგავსად, მენეჯერებსაც შეუძლიათ თანამშრომელთა მოტივაციისა და სტრესის გაქარწყლების გზების პოვნა, რაც მათ დაეხმარებათ, გაიაზრონ ერთი შეხედვით გაუგებარი სიტუაციები და ამასთან, თანამშრომლებსაც მეტი მოქნილობა შესთავაზონ. მსგავსად, ინოვაციურობის პროცესიც მეტად სასიამოვნო ხდება. 

გაამარტივეთ

ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს შეიძლება აღმოჩნდეთ, არც ისე მარტივია და არც მასთან გამკლავების სტანდარტულ მოდელებს ექვემდებარება. ჰაკერები კი კომპლექსურ სიტუაციებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ, რადგან ფოკუსირდებიან იმაზე, რასაც ჩვენ მნიშვნელოვან კომპლექსურობას ვუწოდებთ ან გამოწვევის იმ ძირითად მახასიათებლებს, რაც მათ მიიღეს. ისინი ცდილობენ, თავიდან მოიშორონ შემთხვევითი კომპლექსურობა ან უნებლიე გამოწვევები…

პროგრამისტები ხშირად ამბობენ, რომ ძლიერი ციფრული ქსელების შექმნის საიდუმლო სწორედ მარტივი კომპონენტების შექმნასა და დაკავშირებაში იმალება. აქ კი გაიხსენეთ, როგორ თამაშობთ LEGO-ს… მაშინ, როცა მენეჯერებს სჯერათ, რომ ყველა კომპლექსური პრობლემა რთულ გამოსავალს მოითხოვს, პროცესი კიდევ უფრო რთულდება. რაც შეეხება სიმარტივეს, შესაძლოა, იგი საქმეს რეალურად საერთოდ არ ამარტივებდეს, მაგრამ მასზე ფოკუსირება ნამდვილად დაგეხმარებათ, განვითარებად გამოწვევებს შეეგუოთ.

დაბოლოს, მენეჯმენტსა და ჰაკერობას შორის არსებული ახალი პროგრამების შესწავლა, მმართველობის დაბალანსება ჰაკერულ აზროვნებასთან, შესაძლოა, კომპანიებს ზრდასთან ერთად, თავდაპირველი დინამიკის შენარჩუნებაშიც დაეხმაროს. 

 

წყარო: HBR



„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ — „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება

EA Sports FC-მა ახალი ვიზუალური იდენტობა წარმოადგინა