მაღალ მგრძნობელობას, როგორც თვისებას, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ. მეცნიერთა აზრით, ის ზიანისგან თავის დასაცავად განვითარდა; შეჩერებამ და დაკვირვებამ იმ შესაძლებლობებამდე მიგვიყვანა, რომლებიც ყველას არ აქვს. ეს რეაქტიულ ნერვულ სისტემასა და ინფორმაციების სიღრმისეულად დამუშავებას ეხება. კვლევის თანახმად, მაღალი მგრძნობელობა უკავშირდება იმას, თუ როგორ ამუშავებს ტვინი ისეთ ნეიროქიმიკატებს, როგორებიცაა სეროტონინი, დოფამინი და ნორეპინეფრინი.
ბიზნეს სამყაროში კი, სადაც ავტომატიზაცია, გაციფრულება და მრავალი უცნაური პროცესი ხდება, მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანები ახლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ერთ-ერთ კვლევაში ადამიანებს, რომლებსაც სენსიტიურობის მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ, სტრესის მაღალი დონეც აღენიშნებოდათ, მაგრამ ამასთან, საუკეთესო შეფასებებსაც იღებდნენ მენეჯერებისგან. კონკრეტული ფაქტი კი ერთ საკითხზე მიგვითითებს — როცა ძალიან მგრძნობიარე ადამიანები სწორად იმართებიან, ისინი პერსონალის საუკეთესო მოთამაშეებად გვევლინებიან ხოლმე.
დღეს კი ამ თვისებაზე ძალიან ცოტამ იცის და შესაბამისად, არც მათთან ურთიერთობისა თუ მათი შენარჩუნების მეთოდები არსებობს… ახლა კი გეტყვით, როგორ უნდა გამოიყენოთ მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანების (HSP) უნარები საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
მგრძნობელობა ძლიერ მხარედ განიხილეთ
მართალია, ნეირომრავალფეროვნებას უკეთეს შედეგებამდე მივყავართ ხოლმე, მაგრამ ხშირად იგი ნაკლად აღიქმება. აქ ზედმეტად ემოციურ თანამშრომლებზე საუბრობენ, რომელთაც ხელშეწყობა სჭირდებათ. ეს უკანასკნელი კი იმ უნიკალურ სიძლიერეებზე გვათქმევინებს უარს, რომელთა შემოთავაზებაც HSP-ებს შეუძლიათ — კრეატიულობა, პრობლემების გადაჭრის უნარი და ემპათია.
მგრძნობიარე ადამიანების სამართავად, უპირველესად, მენეჯერებმა არსებული ხედვა უნდა შეცვალონ და იგი ნაკლად აღარ აღიქვან; იმ ძლიერ მხარეებზე უნდა ფოკუსირდნენ, რომლებსაც ეს ადამიანები სთავაზობენ:
- HSP-ებმა კარგად იციან, როგორ ამოიცნონ ნიმუშები თუ ფარული საკითხები, რაც მათ იდეალურ კანდიდატად აქცევს იმ შესაძლებლობებისა თუ რისკების დადგენისთვის, რომლებიც სხვებმა გამოტოვეს;
- რადგანაც მგრძნობიარე ადამიანები სხვების ემოციებსა და საჭიროებებზე ფიქრობენ, ისინი კარგი ინფლუენსერები, მომლაპარაკებლები და ექსპერტებიც კი შეიძლება იყვნენ გუნდურობისა და მეგობრული გარემოს შექმნაში;
- სენსიტიური ადამიანები მრავალ პერსპექტივას უსმენენ და პოულობენ საერთო საფუძველს, რაც კონფლიქტების მოგვარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
პრიორიტეტი მიანიჭეთ სიცხადეს
მგრძნობიარე ადამიანები მიდრეკილნი არიან საფრთხის ძიებისკენ. ამგვარად, ისინი ისეთი რისკების იდენტიფიცირებაში ეხმარებიან გუნდს, რომლებიც საფრთხის შემცველია როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ბიზნესისთვის. თუმცა ამან, გაურკვევლობის შემთხვევაში, შეიძლება, სტრესული სიტუაციაც წარმოქმნას.
არც ის არის საიდუმლო, რომ დღევანდელმა ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ უპრეცედენტო არამდგრადობის დროს. მგრძნობიარე ადამიანებს კი მხოლოდ მაშინ შეუძლიათ საუკეთესო შედეგების მიღწევა, როცა აქვთ გარკვეული სტრუქტურა და სიცხადე, რაც მათ სამუშაოზე ფოკუსირების საშუალებას აძლევს. ბალანსირებაში რომ დაეხმაროთ, მნიშვნელოვანია, ცხადად მიაწოდოთ თავიანთი როლის, მიზნებისა თუ მოსალოდნელი შედეგების მასშტაბი, ეს მოიცავს:
- me manual-ის შექმნას — თქვენთან, როგორც ლიდერთან, მუშაობის გზამკვლევი, რაც გულისხმობს კომუნიკაციების, მუშაობის სტილისა და სხვა საკითხების ირგვლივ არსებულ მოლოდინებსა და ინფორმაციებს
- RACI მატრიცის შექმნას — აქ მოცემულია გუნდში ვინ არის კონკრეტულ პროექტებსა თუ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი (R), ანგარიშვალდებული (A), კონსულტირებული (C ) და ინფორმირებული (I)
- პირისპირ შეხვედრების დაწესებას — თვეში ერთხელ მაინც, რათა განიხილოთ პროფესიული განვითარების საკითხები
არ ჩააყენოთ რთულ მდგომარეობაში
ქმედებამდე ფიქრი მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა, რაც ღირებულიც კია მრავალ სიტუაციაში… მათ განსხვავებული პერსპექტივებისა და პოტენციური შედეგების განხილვის საშუალებას აძლევს მანამ, სანამ ქმედებაზე გადავლენ. ამგვარად, თუ რთულ მდგომარეობაში არ ჩააყენებთ და რაღაცების განხილვის საშუალებას მისცემთ, უკეთეს შედეგებსაც მიიღებთ. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- შეხვედრამდე დღის წესრიგის გადაგზავნას
- წერისას ასინქრონული პასუხების დაშვებას
- მოსალოდნელი ამბების გაზიარებას, რათა მასთან „შეგუება“ შეძლონ
ამგვარად, ასწავლეთ მგრძნობიარე თანამშრომლებს, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს. შესაძლოა, რთულ საუბრებს მიმართოთ, რათა მათ თავი მომზადებულად იგრძნონ ან უბრალოდ ესაუბროთ, როგორ შეუძლიათ დაბრკოლებებთან გამკლავება, რაც მათ მეტი კონტროლის შეგრძნებას მისცემს.
თავი აარიდეთ ზედმეტ დისკომფორტს
თუ ჩვეულებრივ ადამიანის ტვინი 100 ინფორმაციას იღებს, მგრძნობიარე ადამიანის შემთხვევაში ეს რიცხვი 1000-ს აღწევს. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ განიცდიან ისინი ჭარბ დისკომფორტს — კონცენტრირების სირთულე, გაღიზიანება, გამოფიტვა, თავის ტკივილები და სხვა… არავის უყვარს არასტაბილურ სიტუაციებში მუშაობა, მაგრამ მგრძნობიარე ადამიანებისთვის ამას კიდევ უფრო მეტი ყურადღება ენიჭება. ამიტომ:
- კვირაში ერთი დღე შეხვედრები არ დანიშნოთ ან/და დააწესეთ დრო, როცა არავის ექნება თქვენი შეწუხების უფლება
- ზოგიერთი შეხვედრა მხოლოდ აუდიო ვერსიით ჩაატარეთ
- შექმენით სენსორული კომფორტი — ხმის ჩამხშობი ყურსასმენები, რეგულირებადი განათება, პერიოდული ეკრანის შესვენებები…
დაბოლოს, მგრძნობიარე გუნდის წევრების წვლილის აღიარებითა და დაფასებით, მენეჯერებს შეუძლიათ, მეტად ინკლუზიური და მხარდამჭერი სამუშაო კულტურა შექმნან, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ყველას მოუტანს სარგებელს…
წყარო: HBR











