in

როგორ გამოვიყენოთ სამსახურით მოწყენილობა ჩვენ სასარგებლოდ?

სამსახურში თავი მოწყენილად გიგრძნიათ? ერთხელ ყველას განგვიცდია ეს. მოწყენილობა იმ სასიამოვნო აქტივობით დასაქმების სურვილია, რომლის შესაძლებლობაც არ გვაქვს, თან არც დაკავებულობა გვთავაზობს ამის ანტიდოტს — შესაძლებელია, ერთდროულად დაკავებული და მოწყენილი იყოთ. საუკეთესო შემთხვევაში მოწყენილობა უსიამოვნო გამოცდილებად ითვლება, ყველაზე ცუდ შემთხვევებში კი მდგომარეობად, რომელიც უმნიშვნელობის განცდას აღვივებს. მეტიც, მოწყენილობის დისკომფორტით დრო იმდენად ნელა გადის, რომ დღეები უსასრულო გვეჩვენება…

გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ იმისგან თავის დაღწევა გვინდა, რაც ამ სიტუაციაში გვაგდებს… ამ გრძნობას ტელეფონში სქროლვით ცოტა ხნით კი შეიძლება გაუმკლავდეთ, მაგრამ მთლიანობაში არ გამოგადგებათ… შემდეგ ჯერზე, როცა სამსახურში მოწყენილობას იგრძნობთ, გაჩერდით, სანამ ტელეფონს აიღებთ — მოწყენილობას ბევრი სარგებელი ახლავს თან და ამას გამოტოვებთ, თუ არ დააკვირდებით, რას გრძნობთ ან რატომ.

გამოიყენეთ მოწყენილობა თქვენ სასარგებლოდ

ბუნებრივია, არ ვემხრობით იმას, რომ ასეთი სამსახურები მოძებნოთ, მაგრამ არსებული მოწყენილობის თქვენ სასარგებლოდ გამოყენება მისი ნათელი მხარეების დანახვაში დაგეხმარებათ. აი, როგორ:

1. შეამჩნიეთ — როცა მოწყენილობას იგრძნობთ, მყისიერი ქმედებებისგან თავი შეიკავეთ. ამის შემჩნევა უკვე იმაზე მოწმობს, რომ თქვენ უაზრო სქროლვას წინააღმდეგობა გაუწიეთ. მოწყენილობის შემჩნევა და მისთვის სახელის დარქმევა ხსნის შესაძლებლობას, მეტი გამძლეობა გამოიჩინოთ და იგი პოზიტიურად გამოიყენოთ. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოწყენილობისას არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები: მაგალითად, არ წამოხვიდეთ სამსახურიდან იმ მიზნით, რომ დისკომფორტს გაექცეთ.

2. გაშიფრეთ — არც ყველა მოწყენილობა ჰგავს ერთმანეთს. ხოლო იმის დადგენა, თუ რომელ ტიპთან გაქვთ საქმე, მასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას გეუბნებათ თქვენი მოწყენილობა: მცირე შესვენება ხომ არ გჭირდებათ, რადგან საკმაოდ დიდი ხანი იმუშავეთ შესვენების გარეშე? ან თქვენი სამუშაო ერთფეროვანი ხომ არ არის, რის გამოც მოტივაციისა და ენერგიისგან დაიცალეთ? 

დაადგინეთ, რა იწვევს კონკრეტულად ამ მოწყენილობას, თქვენი თანამდებობა, სამუშაოს კონტენტი, ფორმა თუ მოსაბეზრებელი პერსპექტივები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით თქვენს მიზნებსა და ღირებულებებს უკეთ განსაზღვრავთ, გაიგებთ, ვითარდებით თუ არა. აქ კი კვლევაზე დაფუძნებულ მოწყენილობის ტიპებს გაგიზიარებთ:

ინდიფერენტული მოწყენილობა — ეს მოწყენილობის ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ ტიპს წარმოადგენს, რელაქსაციასაც კი შეიძლება ჰგავდეს ან ე. წ. მხიარულ გადაღლილობას, რომელიც გარე სამყაროს მიმართ ზოგად ინდიფერენტულობას ასახავს. მსგავსი მოწყენილობა დასვენებასა და მენტალურ თუ ფიზიკურ გამოჯანმრთელებაში გეხმარებათ, განსაკუთრებით დატვირთულ დღეებში. 

მოწყენილობის დაკალიბრება — ეს შედარებით უსიამოვნო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. მაშინ იჩენს თავს, როცა სრულად არ ხართ აქტივობაში ჩართული და გონება გეფანტებათ. აქ არ იცით, რა გააკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად, თუმცა გაქვთ სურვილი, თავი დააღწიოთ მას. 

მოწყენილობის ძიება — ეს ტიპი უკვე ალტერნატიული ქმედებების ძიებას ეხება და ყურადღების გაფანტვას, რათა ნეგატიური გამოცდილება შეამსუბუქოთ, იქნება ეს სხვა აქტივობაზე ფიქრი, ინტერესები თუ ჰობები. მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნოა, მოწყენილობის ეს ტიპი მეტად აქტიურს გხდით და გიბიძგებთ ცვლილებებისკენ. ხშირად ისეთ პოზიტიურ შედეგებამდე მიჰყავხართ, როგორებიცაა კრეატიულობა, ინოვაციურობა და პიროვნული ზრდა. 

რეაქტიული მოწყენილობა — ეს მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანს განმეორებითი და მოსაწყენი საქმეები ევალება. ქმედებაზე ორიენტირებულია და მოწყენილობის ძალიან უსიამოვნო ტიპს წარმოადგენს. თავს იმედგაცრუებულად გაგრძნობინებთ, რაც, შესაძლოა, უფრო აგრესიული გზებით გამოხატოთ. მსგავსი მოწყენილობის მქონე ადამიანები ყოველთვის სხვა ვარიანტებს ეძებენ, ცვლილებებისკენ ისწრაფვიან და რაც შეიძლება მალე, თავის დაღწევა სურთ. 

აპათიური მოწყენილობა — ინტერესის, მოტივაციისა და ემოციური მიჯაჭვულობის ნაკლებობას ეხება იმ აქტივობების მიმართ, რომლებსაც ჩვეულებრივ სხვები სახალისოდ ჩათვლიდნენ. ეს უკვე იმედგაცრუებას კი არა, ჩართულობის არქონასა და ინდიფერენტულობას უკავშირდება. ქრონიკული სტრესის, დეპრესიისა თუ სხვა მენტალურ ჯანმრთელობასთან ასოცირებული საკითხების დროს შეიძლება იჩინოს თავი და საბოლოოდ უიმედობა გაგრძნობინოთ. აპათიური მოწყენილობის მქონე ადამიანები ფიქრობენ, რომ ცხოვრების რეალური მიზანი არ გააჩნიათ…

3. გადაწყვიტეთ, რა გააკეთოთ — მოწყენილობის ტიპისა და იმის მიხედვით, თუ რას გეუბნებათ ეს საკუთარ თავსა და არსებულ სიტუაციაზე, გადაწყვიტეთ, რა მოუხერხოთ მას. შესაძლოა, ამან დასვენებაზე მიგითითოთ ან რაღაც გითხრათ თქვენი თანამდებობის შესახებ. თუმცა ისიც მართალია, რომ თითქმის ყველა სამსახურს ახლავს მოსაწყენი ელემენტები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, მაგრამ თუ ამასთან გამკლავება გიჭირთ, ეცადეთ თქვენი ყოველდღიურობა თქვენთვისვე მეტად სასიამოვნო საქმეებით დატვირთოთ. აქ არსებული სამუშაოს ტიპის, მრავალფეროვნების, კომპლექსურობისა და მნიშვნელობის ცვლილებები იგულისხმება. შესაძლოა, ამას ახალი იდეებისკენ სწრაფვით გაუმკლავდეთ, რაც თქვენსავე ლიდერულ უნარებსა და პოტენციალს გააძლიერებს. 

4. აზრიანი მოწყენილობის უზრუნველყოფა — მოწყენილობის მომენტები შესაძლებლობადაც იქცევა ხოლმე, რათა ჩამოშორდეთ სწრაფ ტემპსა და ჰიპერ დაკავშირებულ სამყაროს, უბრალოდ მომენტით იცხოვროთ. გამოიყენოთ პოზიტიური განზრახვით, მაგალითად ერთი წუთი სუნთქვას დაუთმოთ, გააკეთოთ სხვა თქვენთვის სასიამოვნო აქტივობა ან უბრალოდ გააზრებულად მისცეთ დისკომფორტს შემსუბუქების საშუალება. იმის გამო, რომ მოწყენილობამ თქვენში კრეატიულობაც შეიძლება გააღვიძოს, ამისთვის სამუშაო რუტინაში დრო უნდა გამოყოთ, რომელსაც ინოვაციებს, ახალ იდეებსა და თქვენი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას დაუთმობთ.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ, როცა მოწყენილობა უსიამოვნო გრძნობას უკავშირდება, ეს თქვენი ინტერესების, ღირებულებისა და მიზნების ასახვის საშუალებად იქცევა. მის უკან არსებული მიზეზების პოვნით კი, სამყაროსთან ახალი გზებით დაკავშირებას შეძლებთ, რაც კრეატიულობის, გამძლეობისა და ახალ სიტუაციებთან შეგუების უნარს მოგცემთ. ამიტომ, მოწყენილობის იგნორირების ნაცვლად, უმჯობესია, იგი პიროვნული თუ პროფესიული ზრდის ღირებულ ხელსაწყოდ ჩათვალოთ…

 

წყარო: HBR



ავტოფარეხში დაწყებული კიდევ ერთი წარმატებული ამბავი – HP

AMOSA-ს ახალი კამპანია, რომელიც არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობას კრეატიული ფორმით გამოხატავს