in

4 მიდგომა ორგანიზაციული ცვლილებების სამართავად

ხანგრძლივი, კომპლექსური და ფართომასშტაბიანი ცვლილებების მენეჯმენტის რეპუტაცია არც ისე დადებითია, რადგან ფიქრობენ, იგი სასურველ სარგებელს ხშირად ვერ გვაწვდის. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ხელმძღვანელებმა ხშირად არ იციან, როგორ მიმართონ ცვლილებას ისე, რომ ეს მათივე განზრახვებს შეესაბამებოდეს. ისინი უმეტესად სვამენ კითხვას „რა?“ და არა, „როგორ?“. ახლა კი მკვლევრები ორგანიზაციული ცვლილებებისთვის ოპტიმალურ გზებს გვთავაზობენ. 

ცვლილების 4 მიდგომა

დირექციული ცვლილება — მკაცრად კონტროლირებული ნაბიჯების სერია და რეცეპტები, რომლებსაც ტოპ მენეჯმენტი გვაწვდის. მათ დამოუკიდებლად გადაწყვიტეს ცვლილების მიმართულება (რა?) და მისი მიღწევის გზაც (როგორ?). აქ აკონტროლებენ, თუ რა საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს, რა პროგრამები და შესყიდვები უნდა განხორციელდეს… ლიდერებში ერთი დომინანტური მოსაზრება იკვეთება: „მე შემიძლია ვმართო ცვლილება“.

თვითკონსტრუქციული ცვლილება — როცა ტოპ მენეჯმენტს ცვლილების მიმართულების მკაფიო განმარტება აქვს, მათი დანერგვა უკვე ძირითადად ადგილობრივ მენეჯმენტს ევალება. ამ მიდგომით ხელსაწყოებისა თუ ვორკშოფების სწრაფ ზრდას დაინახავთ, მაგრამ როცა აქტივობებს თვალს ადევნებენ, რეალური გავლენა ყურადღების მიღმა რჩებათ… ლიდერთა აზროვნება შემდეგი ფრაზით გამოიხატება: „გაუშვი საკმარისად და რაღაც გამოვა“.

ოსტატური ცვლილება — ცვლილების მიმართულებას ტოპ მენეჯმენტი საზღვრავს, ხელმძღვანელები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ მაღალი ხარისხის ჩართულობისა და დიალოგისთვის მრავალ დაინტერესებულ მხარესთან. მკაფიოდ განსაზღვრული ჩარჩოთი მენეჯმენტი ადამიანებს სრულ თავისუფლებას აძლევს, მათი აზროვნებაც ასეთია: „მე ვენდობი ჩემს ხალხს, რომ ისინი გადაჭრიან საკითხებს ჩემთან ერთად“.

გადაუდებელი ცვლილება — ფიქსირებული გეგმის ნაცვლად, ლიდერები რამდენიმე მწვავე საკითხზე ქმედებისკენ არიან მიდრეკილნი და სივრცეს ექსპერიმენტებისთვის ტოვებენ. ისინი სწრაფი უკუკავშირიდან სწავლობენ. ცვლილებები ნელ-ნელა მიმდინარეობს და ხელმძღვანელები გარემოში დინამიკურ ცვლილებებზე არიან პასუხისმგებელნი. ლიდერები ფიქრობენ: „მე მხოლოდ შემიძლია შევქმნა პირობები ცვლილებებისთვის“. 

ბოლო 2 ათწლეულის კვლევამ გამოავლინა, რომ წარმატებას ხშირად ოსტატური და გადაუდებელი ცვლილების ტიპის დროს აღწევენ. შესაბამისად, ოსტატური წარმოდგენილი იყო წარმატებულ გრძელვადიან ცვლილებებში; ხოლო გადაუდებელი მაშინ, როცა ცვლილებები სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. რაც შეეხება პირველ ორ მიდგომას, ისინი ნაკლებად წარმატებულ ისტორიებში გვხვდება… 

როგორ მივუდგეთ ცვლილებებს?

  • დაიწყეთ თქვენი ცვლილების განზრახვის გაანალიზებით. უფრო ფართოდ, რას მოგცემთ ეს ცვლილება? რამდენად კომპლექსური იქნება? განიხილეთ მასშტაბი, დრო, მისი გავლენა დაინტერესებულ მხარეებსა და ორგანიზაციის დეპარტამენტებზე…
  • გამოიყენეთ ცვლილებების ჩარჩო, რათა გაიგოთ ამჟამინდელი და ძველი მიდგომები და ის, თუ რა გჭირდებათ ახლა. კვლავ შეგახსენებთ, რომ ოსტატური ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე წარმატებულია, ხოლო მოკლევადიანში, ანუ მაშინ, როცა სწრაფი ცვლილებები გჭირდებათ, გადაუდებელი მიდგომა უნდა აირჩიოთ.
  • დაუბრუნდით თქვენს განზრახვას. თუ ცვლილება მოითხოვს არსებული რწმენების სიღრმისეულ ტრანსფორმაციასა და ახალ გზებს კომპლექსურ კონტექსტში მუშაობისთვის, აქ უფრო მეტად ოსტატური და გადაუდებელი ცვლილებების მიდგომების კომბინაცია გამოგადგებათ.
  • ხოლო, თუ არსებობს დიდი სხვაობა იმ მიდგომას შორის, რომელსაც ახლა იყენებთ და იმას შორის, რაც რეალურადაა საჭირო, გამოიკვლიეთ არსებული ლიდერული აზროვნება. შესაძლოა, ამ უკანასკნელს შეცვლა სჭირდებოდეს. 
  • ცვლილებების მიდგომის შესახებ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ და პერიოდულად აცნობეთ თქვენს ორგანიზაციას. როგორ გეგმავთ ცვლილებას ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რას შეეხება იგი. როგორც კი ცვლილებას დაიწყებთ, მიიღეთ უკუკავშირი თქვენი ორგანიზაციისგან და ეცადეთ, მეტად ცნობისმოყვარე იყოთ.
  • იზრუნეთ ცვლილების ინფორმირებულობაზე, რადგან თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ ცვლილების მიდგომების შესახებ უნდა იცოდეს… 

გამოდის, პირველი ნაბიჯი, რომელიც წარმატებული ცვლილებების ხელმძღვანელად გაქცევთ, თქვენთვის ხელმისაწვდომი ვარიანტების გაანალიზებაა. შემდგომ კი კარგად დაფიქრდით, რომელ ვარიანტს აირჩევთ და განხორციელების პროცესში ამ არჩევანის ერთგულიც დარჩით. 

 

წყარო: HBR



Snapchat-მა AI ჩეტბოტი შექმნა — რა შეუძლია მას?

ძმები რაიტების წარმატების ფორმულა მეწარმეებისთვის