ყველა კარიერას ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანი განაპირობებს. ზოგჯერ ვიცით, რომ გადაწყვეტილება სწორად მივიღეთ, მაგრამ რაღაც მაინც გვაწუხებს… ხანდახან კი ჩვენ მიერ არჩეული კარიერული გზა საერთოდ არ მოგვწონს. ამ ფენომენის ასახსნელად 300 დასაქმებულზე ჩატარდა კვლევა, რომელიც ძალიან საინტერესო დასკვნებს გვიზიარებს და გამოსავალსაც კი გვთავაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა კარიერული არჩევანი ფინანსური სტაბილურობით, სრულყოფილების ძიებითა თუ სხვა მოტივატორებით იყო განპირობებული, ალტერნატიულ გზებზე თითქმის ყველა საუბრობდა. მეტიც, მუდამ ძველ სასურველ პროფესიაზე ფიქრი ადამიანებს არსებული პოზიციებისთვის სრულად დახარჯვაში უშლიდათ ხელს. ისინი მეტად გაფანტულები იყვნენ, უფრო მეტ შესვენებებს იღებდნენ, ნაკლებად ურთიერთობდნენ კოლეგებთან და უფრო მეტადაც ეძებდნენ სხვა სამსახურს. თუმცა უმეტესობა თავისი ცხოვრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ იყო, მაგრამ ის აზრი, რომ შეეძლოთ მათ იდენტობაზე მეტად მორგებული სამუშაო ჰქონოდათ, ყოველთვის თავში უტრიალებდათ.
ამ ფენომენს არჩევანით გადატვირთულობა ამძაფრებს — დისტანციურმა სამუშაომ და ონლაინ აპლიკაციებმა სამყარო უფრო პატარა გახადა, რომელშიც თეორიულად უამრავი სამუშაოა ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი არჩევანის ქონამ, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველთვის უკეთესი ალტერნატივის არსებობამ, შესაძლოა, კონკრეტული არჩევანის მიმართ ნაკლებად ერთგულად გვაგრძნობინოს თავი.
გვეუბნებიან, რომ არ უნდა მივეჯაჭვოთ იმას, რაც „უნდა ყოფილიყო“… კარგი კი ის არის, რომ ამის გამოსავალსაც გვთავაზობენ — კვლევისას 2 ძირითადი სტრატეგია გამოიკვეთა, რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, როგორ უნდა მოიქცეთ, როცა „ოცნების“ კარიერაზე ფიქრი არ გასვენებთ:
1. თავადვე შექმენით თქვენი სამუშაო იდენტობა
მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიულ გზებზე ხანდახან მაინც ფიქრობდნენ, ადამიანები, რომლებიც ამ მეთოდს მიმართავდნენ, უფრო მეტად იყვნენ სამსახურში ჩართულნი და კოლეგებსაც მეტად ეხმარებოდნენ. სხვადასხვა თანამდებობა გარკვეულ მოქნილობას გთავაზობთ და ყოველთვის შესაძლებელია იმ გზების პოვნა, რომელთა მეშვეობითაც თქვენს მისწრაფებებსა და ინტერესებს არსებულ პროფესიაში ჩართავთ. მაგალითად, სოციალურ მუშაკს, რომელსაც ოდესღაც ვეტერინარობა უნდოდა, ახლა შეუძლია ტრავმის მქონე ცხოველებისთვის იმუშაოს…
ამავდროულად, მენეჯერები ფარული ტალანტებისა თუ ინტერესების პოვნისკენ უნდა მიისწრაფოდნენ. უნდა იპოვონ კრეატიული გზები, რომლითაც თანამშრომლებს თავიანთი იდენტობის კონკრეტული ნაწილების შევსებაში დაეხმარებიან. ბუნებრივია, ყველა სამსახურის ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგება რთული იქნება, ხანდახან შეუძლებელიც კი, მაგრამ ამის ცდა პროდუქტიულობისა და სამუშაოთი კმაყოფილების დონეებს ზრდის… ყოველთვის გახსოვდეთ, ნიჭიერი თანამშრომლის ბედნიერებასა და ჩართულობაზე ზრუნვა უფრო მარტივია, ვიდრე ლოდინი, თუ როდის დატოვებენ სამსახურს და როდის მოგიწევთ ახალი თანამშრომლის აყვანა.
2. გამოიმუშავეთ თქვენი „კონტროლის შიდა ლოკუსი“
კვლევის თანახმად, მაშინაც კი, როცა გარემოებები არ იცვლება, შიდა პერსპექტივის ცვლილებას დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ რას ვგრძნობთ ან როგორ ვმოქმედებთ. ფსიქოლოგები ამას „კონტროლის შიდა ლოკუსს“ უწოდებენ — ის, რაც ცხოვრებაში ჩვენ თავს ხდება, ჩვენივე ქმედებების შედეგია. ამ მიდრეკილების მქონე ადამიანები, როგორც აღმოჩნდა, უფრო პროდუქტიულად პასუხობენ ალტერნატიულ გზებს და ძველ მისწრაფებებს არსებულ სამუშაოს უკავშირებენ.
კონტროლის შიდა ლოკუსის გამომუშავება კი თქვენი ძველი კარიერული არჩევანის ფლობით იწყება. ნაკლებად ფოკუსირდით იმაზე, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და სანაცვლოდ, გახსოვდეთ, რატომ მიიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. ხოლო შემდეგ, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში და რა ნაბიჯები დაგჭირდებათ აქამდე მისასვლელად.
ეს დაგეხმარებათ, ყველაფერ კარგზე იფიქროთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. თანაც, ფართომასშტაბიანი კვლევის თანახმად, მადლიერებას თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესება შეუძლია. კარგი იქნება, თუ ყოველდღიურად ჩამოწერთ, რისი მადლიერი ხართ ან ვინმეს მადლობას გადაუხდით. ბუნებრივია, ეს არაჯანსაღი სამუშაო გარემოს მიღებას ან თქვენს ოცნებებზე უარის თქმას არ ნიშნავს, მაგრამ ცოტა მადლიერება დაგეხმარებათ, ცხოვრებაში უკეთესი პერსპექტივები დაინახოთ და ისეთი კარიერაც კი შეიქმნათ, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ.
დაბოლოს, ყოველთვის იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა ან უნდა ყოფილიყო, ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ჩვენს სამსახურებრივ თუ მის გარეთ არსებულ ცხოვრებაში, აუცილებელია, „რა იქნებოდა“ „რა იყო სწორთან“ დავაბალანსოთ — ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც პროდუქტიულები შეგვიძლია დავრჩეთ. სამყაროში, რომელიც უსასრულო შესაძლებლობებს გვთავაზობს, მნიშვნელოვანია, ალტერნატივებისკენ ლტოლვა გადავლახოთ და ვეძებოთ გზები ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
წყარო: HBR