in

როდის უნდა დავიწყოთ პრობლემებზე საუბარი HR-თან?

ტოქსიკურ გარემოში მუშაობამ შეიძლება სწრაფად შეცვალოს თქვენი დამოკიდებულებები სამსახურის მიმართ… ხოლო იმის გადაწყვეტა, ისაუბროთ თუ არა ამ ტოქსიკურობაზე, ან ვის, ან როგორ ესაუბროთ, არც ისე მარტივი ამბავია. რეალურად, ტოქსიკური ნორმები და კულტურები ყველაზე რთული საკითხია გადასაჭრელად, ეს ადამიანებს უბიძგებს, საკუთარი ღირებულებები და კომპეტენციები ეჭვქვეშ დააყენონ. აქ ჩნდება კითხვაც: რამდენად არის სამსახურიდან წამოსვლა ერთადერთი ვარიანტი?… 

pasha-statiebi
pasha-statiebi

ტოქსიკურობა თუ გაღიზიანება

ზოგისთვის რაღაც ტოქსიკურად მაშინ მიიჩნევა, როცა ეს უსიამოვნო ან შემაწუხებელია. ჩვენ ყველას გვყავს ერთი ადამიანი სამსახურში, რომელსაც შემაწუხებლად ვთვლით, მაგრამ ეს მას ტოქსიკურად არ აქცევს. აი, ასეთად რომ ჩაითვალოს, ადამიანი ან სიტუაცია ნორმალური სამსახურებრივი ქმედებების საზღვრებს უნდა სცდებოდეს. არც ის კოლეგა ჩაითვლება ტოქსიკურად, რომლის სამუშაო სტილი თქვენსას არ ესადაგება. ხოლო უფროსს, რომელიც თქვენს კარიერულ წინსვლას უშლის ხელს, ტოქსიკური ნამდვილად შეგიძლიათ უწოდოთ.

სიტუაცია ტოქსიკურია თუ უბრალოდ გამაღიზიანებელი? ამის გააზრება მნიშვნელოვანია. თუ HR-ს მიმართავთ მაშინ, როცა თქვენი და თქვენი კოლეგის სამუშაო სტილი არ ესადაგება ერთმანეთს, იგი გირჩევთ, იპოვოთ გზა დისკუსიაში ჩასართავად და ამ გამოწვევის დასაძლევად, დაგეხმარებათ და ერთად მუშაობისკენ მოგიწოდებთ, რათა ორივესთვის სასარგებლო გამოსავალიც იპოვოთ. პერსონალური მხარდაჭერისთვის კი, უმჯობესია, ორგანიზაციის გარეთ არსებულ პირებს გაესაუბროთ, იქნება ეს მენტორი, ყოფილი უფროსი, თერაპევტი თუ ქოუჩი.

ხოლო მაშინ, როცა HR-ისთვის ტოქსიკური სიტუაციის მოყოლას დააპირებთ, ჯერ სიტუაცია მენეჯერთან უნდა გქონდეთ განხილული, რადგან იგი პირველი სწორედ ამას იკითხავს… და თუ თავად ამ მენეჯერს შეაქვს წვლილი მსგავს ტოქსიკურ გარემოში, მასზე მაღალ პოზიციაზე მყოფ ადამიანს უნდა გაესაუბროთ, რომელსაც ენდობით და იცით, რომ ობიექტურად განიხილავს მომხდარს. თუ ისეთ სიტუაციაში ხართ, რომელიც კომპანიის პოლიტიკასა თუ ლეგალურ საკითხებს ეწინააღმდეგება მაშინ, პირდაპირ HR-ს უნდა მიმართოთ. 

შესაძლოა, აქ გეშინოდეთ, ტოქსიკურმა თანამშრომელმა შური არ იძიოს ან ტოქსიკურობაზე საუბარმა თქვენი კარიერული წინსვლა არ შეაფერხოს. ეს ნორმალურია და სანამ რამეს გააკეთებთ, უმჯობესია, ფრთხილად დაფიქრდეთ, რისი გაკეთება გსურთ და რა მოსალოდნელი შედეგები მოჰყვება მას. 

რა საკითხები უნდა განვიხილოთ HR-თან მისვლამდე?

1. ჩავინიშნე რაც მოხდა?

თუ HR-თან ტოქსიკურობაზე საუბარს აპირებთ, დეტალური ჩანაწერები დაგჭირდებათ, რათა მკაფიოდ აღწეროთ სიტუაცია. დარწმუნდით, რომ ეს მოიცავს: იმას, რაც ითქვა და გაკეთდა, ინციდენტის დროსა და თარიღს და ინფორმაციას მოწმეებზე.

ამასთან, მნიშვნელოვანია, გქონდეთ ნებისმიერი სამხილი იმისათვის, რაც მოხდა, იქნება ეს შეტყობინებები, ელ.ფოსტები, ფოტოები თუ სხვა რამ. პირადი ჩანაწერების გაკეთება კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თუ, მაგალითად, თქვენი დასაქმების სტატუსი შეიცვლება, სამსახურის კომპიუტერსა და მასში არსებულ ინფორმაციებზე წვდომა აღარ გექნებათ… შეგიძლიათ, ეს ინფორმაციები კომპანიის პოლიტიკის ჭრილშიც განიხილოთ. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტოქსიკური სიტუაციები ძლიერ ემოციებს უკავშირდება, ამიტომ, იმის ჩაწერა, რაც მოხდა, ტოქსიკურობაზე საუბრისას მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტების გაჟღერების საშუალებას მოგცემთ. 

2. რა არის ჩემი მიზანი?

რა გსურთ? რომ HR-მა კონკრეტული საკითხი გადაჭრას თუ კონკრეტულ ადამიანს დააკისროს თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობა? მიზნის განსაზღვრა მანამ, სანამ მოქმედებას დაიწყებთ, პოტენციური შედეგების განხილვაში დაგეხმარებათ საუკეთესოდან ყველაზე ცუდ შემთხვევებამდე. 

ამასთან, მნიშვნელოვანია, HR-ის გუნდის მოვალეობასაც იაზრებდეთ, რომელიც დასაქმებულთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. თუმცა არარეალური იქნება იმაზე ფიქრი, რომ HR თქვენს ადვოკატობას დაიწყებს, რადგან ეს პერსონალური საკითხი არ არის, უბრალოდ იმას ეხება, თუ როგორ ოპერირებენ ორგანიზაციები. 

3. ეს სიტუაცია არალეგალურია?

ბოლოს კი, სანამ HR-სთან მისვლას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, რამდენად ლეგალური ან არალეგალურია ის ტოქსიკური ქცევა, რომელთან გამკლავებაც გიწევთ. სამსახურში ისეთი სიტუაციები, რომლებიც ჩაგვრის, დისკრიმინაციის, ეთიკისა თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს, ძალიან სტრესული შეიძლება იყოს. სწორედ ადამიანური რესურსების დეპარტამენტს ეკისრება ვალდებულება, თანამშრომლები მსგავსი შემთხვევებისგან დაიცვას. ხოლო, თუ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რამდენად ლეგალურია ის, რაც თქვენ ირგვლივ ხდება, პროფესიონალს შეგიძლიათ მიმართოთ. იგი პასუხებს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად გაგცემთ.

მეორე მხრივ კი, თუ თქვენი გამოცდილება ლეგალურია, მაგრამ ტოქსიკური, ექსპერტები აქ ყველა პოტენციური ვარიანტის განხილვას გირჩევენ, რომლებიც თქვენს მიზნებს შეესაბამება. შემდეგი კითხვების დასმაც დაგეხმარებათ: ეს ტოქსიკური ქმედება სხვაზეც ზემოქმედებს? ჩემმა ზედამხედველმა უკვე იცის ამის შესახებ? არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებსაც ამაში წვლილი შეაქვს? თუმცა HR-თან საუბრის დაწყებამდე შეგიძლიათ, რჩევისთვის სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც მიმართოთ. ქოუჩები აქ ცუდი ქმედებებისთვის პერსონალური საზღვრის გავლებას გვირჩევენ… 

გახსოვდეთ, რომ კარიერის შექმნა ყველაზე ღირებული და პერსონალური ინვესტირებაა. თქვენ გაქვთ არჩევანი, თქვენვე წყვეტთ, რას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. სამსახურები, უფროსები და თანამშრომლები გამუდმებით იცვლებიან, მაგრამ თქვენი ღირებულებები იგივე რჩება. ამიტომ, არ მისცეთ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უფლება, ცუდად იმოქმედოს თქვენს ამბიციაზე, კარიერულ ღირებულებასა თუ მიზნებზე. 

 

წყარო: HBR



Coinmania 2023 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი ბლოკჩეინკონფერენციის სპონსორია!

თიბისიმ ციფრულ სამომხმარებლო სერვისებში Global Finance-ის 7 ჯილდო მიიღო