in

როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიული და ამავდროულად, დავრჩეთ ცოცხალი?!

“საქმე მაყრია თავზე”, “საგიჟეთი მაქვს”, “დრო არ მყოფნის”, “აი, ჯერ ეს გადავაგორო და მერე”, – მსგავს ფრაზებს შრომაჰოლიკებისგან ხშირად მოისმენთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც სურთ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ფინანსურ/კარიერულ წარმატებას და აი, შემდეგ მიაქცევენ ყურადღებას დანარჩენ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა ოჯახი, პირადი ცხოვრება, ჰობი თუ სხვა. დიახ, მათ აქვთ სურვილი, არ გამოტოვონ მეგობრების შეკრებები, თუმცა, საქმეებში თავჩარგულებს ხშირად უწევთ, უარი თქვან დაბადების დღეებზე წასვლაზე, ქორწილების სტუმრობაზე და ა.შ. ამის მაგიერ, გვიანობამდე სხედან ოფისში, ასრულებენ პროექტის თუ პრეზენტაციის წერას.

 

ეს პრობლემა საერთოა მთელი მსოფლიოსთვის და თუ საერთაშორისო კვლევას დავუჯერებთ, პროფესიონალების 94% კვირაში 50 საათზე მეტხანს მუშაობს, ნახევარი კი – 65 საათზე მეტს. საბოლოო ჯამში, ეს იწვევს სტრესისა და შფოთის განცდას. ამასთან, ანაზღაურების სისტემაც ისეა განაწილებული, რომ თანამშრომლები, რომლებიც ყველაზე მეტს მუშაობენ (დაბალი რგოლის), როგორც წესი, ცოტას იღებენ. მართალია, ამ ფაქტორის გამოსწორებაზე რიგმა კომპანიებმა, ასე თუ ისე, იზრუნეს, მაგალითად, უნაზღაურებენ დამატებით სამუშაო საათებს და ფინანსურად უწყობენ ხელს თანამშრომლებს; გაამხიარულეს სამუშაო გარემო – ოფისებში მაგიდის ჩოგბურთის თამაში, ჯიმში ვარჯიში, არაფორმალური ურთიერთობებისთვის – კაფეები დაამატეს, ზოგან უფასო გახადეს კვება, გახსნეს სამრეცხაოები, თმის სალონები და ა.შ. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ბევრმა კომპანიამ დანერგა თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობის პროგრამები.

სამწუხაროდ, ყველა ძალისხმევა უშედეგოა, თუ საქმე გადახარჯვასთან გვაქვს. პრობლემა კვლავ აქტუალურია. ბევრი ეძებს გამოსავალს, ცდილობს შეამციროს სამუშაოს შესრულების დრო ან გამოიკვლიოს, რა მეთოდებს მიმართავენ სხვები. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რამდენად პროდუქტიულად მუშაობთ.

იმოქმედეთ სტრატეგიულად: ეს ხომ ძალიან აშკარა ჭეშმარიტებაა, თუმცა, უმეტესობა ჩვენგანი, ვინც სხვა კომპანიებისთვის წერს სტრატეგიულ გეგმებს წერს, საკუთარი სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ვერ ახერხებს. დიახ, ბევრმა ჩვენგანმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მიზნების დასახვა, დაგეგმვა და მოქმედება, თუმცა საკუთარი რესურსების მართვისას ნაკლებად იყენებს ამავე მარტივ მიდგომას.

შეიმუშავეთ პროდუქტიულობის საზომი. შეიძლება თქვენს საზომად გამოიყენოთ საშუალო სამუშაო დღის ხანგრძლივობა კვირის განმავლობაში, საქონელბრუნვა, შეგროვებული ლიდები თუ სხვა. შეაგროვეთ საზომისთვის საჭირო მონაცემები, შემდეგ გამოთვალეთ და განსაზღვრეთ, რამდენად პროდუქტიული იყავით, მაგალითად, ამ კვირაში.

კონცენტრირდი მხოლოდ ერთ საქმეზე, დროის ერთ მონაკვეთში. დიახ, პროდუქტიულობის გაზრდა შრომას მოითხოვს. შესაძლოა, შენახულიც გაქვთ სტატიები თემაზე “5 გზა, როგორ შევასრულოთ უფრო მეტი საქმე ნაკლებ დროში” ან რაიმე ამდაგვარი. თუმცა, თუ გინდათ გაზარდოთ პროდუქტიულობა, კონცენტრირდით მხოლოდ ერთ საქმეზე, დროის ერთ მონაკვეთში.

შეცვალეთ თქვენი ქცევა. ბევრს ჰგონია, რომ წიგნები ან აპლიკაციები დაეხმარება პროდუქტიულობის გაზრდაში. დიახ, ინფორმაციას ნამდვილად მიიღებთ, თუმცა, როცა გამოყენებაზე მიდგება საქმე, როგორც წესი, ეს მიდგომა ნაკლებად ეფექტიანია. ეს მოითხოვს ქმედებების, ცხოვრების სტილის ცვლილებას. პატარ-პატარა მოქმედებები, რაღაც დროის შემდეგ, რეალურ ცვლილებებს მოგცემთ.

იპოვეთ თანამოაზრე, ვისაც თქვენნაირად უნდა ამ მიზნის მიღწევა. ორს უფრო გაგიადვილდებათ. პერიოდულად შეხვდით და გაუზიარეთ შედეგები, რჩევები.

შეიძლება თქვათ, რომ საამისოდ დრო არ გაქვთ, მაგრამ უმჯობესია, თუ გასაკეთებელი საქმეების სიაში მაინც შეიტანთ და არ ამოშლით მანამ, სანამ ეს თქვენთვის პრიორიტეტად არ იქცევა.

მომზადებულია HBR-ზე დაყრდნობით.



iTechnics საქართველოში Apple Authorised Reseller გახდა

შშმ პირების ფოტოებით ჩანაცვლებული სიმბოლო ათასობით საგზაო ნიშანზე – Access Israel-ის სასარგებლო კამპანია