in

რა უნდა გავაკეთოთ, როცა წინ ვეღარ მივიწევთ?

სოციალური მედია მარტივ საშუალებას გვთავაზობს ჩვენი მეგობრებისა თუ უბრალოდ ნაცნობების წარმატებების გასაზიარებლად. თუმცა არის ხოლმე პერიოდები, როცა ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ ანალოგიურ სიახლეებს სხვებს ვერ ვუზიარებთ. ვხედავთ მეგობრებისა და კოლეგების ახალ პოსტებს ლინკდინზე, რაც ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, ჩვენთვის სასიამოვნო კი არა, პირიქით, მტკივნეულია. შესაძლოა, ადრე წარმატებებს აღწევდით, მაგრამ ახლა თითქოს არაფერი ჩანს…

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუ თქვენც გრძნობთ, რომ წინ ვერ მიიწევთ, დროა, თქვენს აზროვნებაში რაღაცები შეცვალოთ და იმ აქტივობებზე ფოკუსირდეთ, რომლებიც გაბედნიერებთ. ახლა კი იმ რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ ზუსტად მაშინ, როცა გამარჯვება ძალიან გჭირდებათ.

გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია

არაფერია მუდმივი და აქაც ყოველთვის იქნება კარგი და ცუდი პერიოდები. ზოგჯერ რაღაც მარტივად მიდის, ზოგჯერ კი ყველაფერი ძალიან რთულდება. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ეს მცირე დარტყმაა და სამუდამოდ არ გაგრძელდება. თუ რთულ ეტაპს გადიხართ, გიჭირთ იმის დაჯერება, რომ ეს ოდესმე დასრულდება და გჭირდებათ ამის ვინმესგან მოსმენა, დაუკავშირდით თქვენს მეგობარს ან მენტორს, ნებისმიერს, ვინც სათანადო დახმარებას გაგიწევთ. გახსოვდეთ, რომ სიტუაცია თქვენ საკეთილდღეოდ შემობრუნდება, მიუხედავად იმის ცოდნისა, როდის ან რა ვითარებაში მოხდება ეს.

იზეიმეთ პატარა გამარჯვებები

ხშირად, როცა პროგრესზე ვფიქრობთ, წარმოვიდგენთ, რამდენად კარგია გრძელვადიანი მიზნის მიღწევა. მართალია, ეს შესანიშნავია, მაგრამ შედარებით იშვიათიცაა. ხოლო თუ პატარა გამარჯვებების პოვნა გსურთ, ეს უნდა ცადოთ: ჩამოწერეთ პროექტის ყველა დეტალი და განიხილეთ, რომელი მოაგვარეთ მარტივად და რომელი, მოსალოდნელზე უკეთ? — ერთი შეხედვით უმნიშვნელო გამარჯვებებმაც კი შეიძლება შეცვალოს თქვენი მუშაობის ტრაექტორია და განწყობაც აგიმაღლოთ.

დააწესეთ საზღვრები, თუ ვის შემოუშვებთ თქვენს სივრცეში

კარგი განზრახვის მქონე კოლეგებმა და მეგობრებმაც კი შეიძლება საკუთარი თავის მიმართ ეჭვები გაგიჩინოთ. დაფიქრდით, კოლეგებიდან ვინ გაგრძნობინებთ თავს კარგად და პირიქით? ამ უკანასკნელს თავი აარიდეთ და ეცადეთ, საზღვრებიც დაუწესოთ. გრეგ მაკკიუენი მატრიცას გვთავაზობს, რომლითაც ადამიანებს თავიანთი საზღვრების გავლება შეუძლიათ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად სამსახურსა თუ სახლში ჩვენ ორი ფილტრის განვითარება დაგვჭირდება. პირველი სხვა ადამიანებისგან დაგიცავთ; მეორე კი, პირიქით, სხვა ადამიანებს — თქვენგან.

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ განდეგილად გადაიქცევით, უბრალოდ დროს იმ ადამიანებთან გაატარებთ, რომლებიც თავს კარგად გაგრძნობინებთ, თუნდაც მხოლოდ ერთი ნაცნობი შეგრჩეთ. გახსოვდეთ, ასეთი მკაცრი საზღვრები სამუდამოდ არ უნდა გქონდეთ, უბრალოდ თავი აარიდეთ იმ ინდივიდებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ თქვენზე. შესაძლოა, ეს ცოტა ხნით სოციალური მედიისგან თავის არიდებასაც ნიშნავდეს.

დაივიწყეთ მადლიერება, დააკვირდით თქვენს ძლიერ მხარეებს

მადლიერება თავს კი უკეთ გაგრძნობინებთ და თქვენს ხედვასაც აფართოებს იმის შესახებ, თუ რა მიდის სწორად, თუმცა ასე ვერ ვიტყოდით თქვენს სულიერ სამყაროზე… ამიტომ, მადლიერების სიის ჩამოწერის ნაცვლად, დღის ბოლოს თქვენი ქმედებების განხილვა ცადეთ და დააფასეთ ის, რაც კარგად გამოგივიდათ. ეს ისეთივე მარტივი შეიძლება იყოს, როგორც: დღეს ბარისტას გავუღიმე ან შეხვედრაზე ხელმძღვანელს მნიშვნელოვანი ინსაითი გავუზიარე. დღეში სულ მცირე 3 საკითხი ჩამოწერეთ. დროთა განმავლობაში ეს თქვენს თავდაჯერებას გაზრდის და წინსვლაშიც დაგეხმარებათ. 

დააფასეთ ის, რაც კარგად მიდის

თუ თავს არაეფექტურად თვლით, შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ რაღაცის გაკეთება გჭირდებათ, მაგრამ ხშირად მოქმედება სულაც არ არის საჭირო. თუ მაინც ამისკენ გიბიძგებთ საკუთარი თავი, დააკვირდით თქვენს მოტივაციას ან ამის ნაცვლად, კომფორტულად მოკალათდით და არაფერი აკეთოთ. ქოუჩები ხშირად კალენდარში დროის არაფრისთვის გამოყოფას გვირჩევენ, რაც შეიძლება უბრალოდ მოდის ჟურნალის კითხვას ან წინა კვირის შეხვედრაზე ფიქრს გულისხმობდეს.

ამის მთავარი მიზანი გონების დამშვიდება და სულ მცირე ერთი რაღაცის შემჩნევაა, რაც კარგად მიდის. ხოლო თუ ამ კარგი რაღაცების ძებნას არ დაიწყებთ, გამოტოვებთ მას და ნეგატიური რწმენაც დაგრჩებათ, თითქოს, თქვენს სასიკეთოდ არაფერი ხდება. დღის მანძილზე მარტივია იმ საკითხების შემჩნევა, რომლებიც არასწორი მიმართულებით მიდის და იმ საკითხების ყურადღების მიღმა დატოვება, რომლებიც ჩუმად, მაგრამ სწორად მუშაობს.

დააკვირდით სხვა ადამიანების წარმატებას, მაგრამ არასდროს გრცხვენოდეთ საკუთარი თავის

ზოგჯერ საკუთარი თავის მიღმა გახედვაც საჭიროა… თქვენ არ გჭირდებათ თქვენი პიროვნების სხვებისთვის შედარება და არც საზომი უნდა შექმნათ იმისა, თუ სად გსურთ ყოფნა. უმჯობესია, თუ სხვების წარმატებებს საკუთარი თავის წინსვლისთვის გამოიყენებთ, ცადეთ ისე აზროვნება, როგორც ეს ფრაზა მიგვითითებს: თუ ამ ადამიანს ამ საქმის კარგად შესრულება შეუძლია მაშინ, მეც შევძლებ

გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტი

ხოლო, როცა თავს ცუდად გრძნობთ, შესაძლოა, ძალიან ცოტა რამის კეთება ცადოთ… ამის ნაცვლად უმჯობესია, თუ იფიქრებთ, როგორ შეგიძლიათ პოზიტიური ცვლილებებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, რადგან ასე წინსვლას განაგრძობთ და ახალ შესაძლებლობებსაც დაინახავთ.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პატარა გამარჯვებები წინსვლაში დაგეხმარებათ და იგი დროთა განმავლობაში დიდ მოგებებადაც იქცევა…

 

წყარო: HBR



Google-ის ახალ დუდლში მე-19 საუკუნის მეცნიერი გამოჩნდა — ქალი, რომელმაც კლიმატის ცვლილებები შეისწავლა

Soul Train – ლეგენდარული სატელევიზიო შოუს ენერგია შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე გადმოინაცვლებს