თუ ჯერ არ გამოგიცდიათ, მეტად სავარაუდოა, რომ თქვენი კარიერის მანძილზე სულ მცირე ერთხელ მაინც აღმოჩნდეთ რეორგანიზაციის წინაშე და, ალბათ, სხვების მსგავსად, ცოტათი შეგეშინდებათ…
მართალია, წარმატებული რედიზაინი კომპანიას შედეგების გაუმჯობესებაში ეხმარება, მაგრამ ხშირად ეს არც ისე კარგი გამოცდილებაა მასში ჩართული ადამიანებისთვის. ბევრ ორგანიზაციას გეგმიდან აღსრულებამდე 10 თვე სჭირდება და ამ ჭარბ არამდგრადობას მნიშვნელოვან სტრესსა თუ შფოთვამდე მივყავართ. არ აქვს მნიშვნელობა, ცვლილებას სამსახურიდან გათავისუფლება ახლავს თან თუ არა. ამგვარ სიტუაციაში კომპანიის პროდუქტიულობა 60%-ით ეცემა, რაც გასაკვირი სულაც არ არის.
რეორგანიზაცია განსაკუთრებით რთული ხდება, როცა იმაზე ნერვიულობთ, თუ რა ბედი ეწევა თქვენს თანამდებობას. შესაძლოა, გრძნობდეთ, რომ სიტუაცია თქვენს ხელთაა და ბევრი გზაც გაქვთ, რათა დადებითი შედეგები მიიღოთ, მაგრამ თუ ასე არაა, ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს უნდა გაეცნოთ:
გაესაუბრეთ მენეჯერს და ხაზი გაუსვით თქვენს ღირებულებას
როცა რეორგანიზაციის შესახებ შეიტყობთ, შეიძლება ზოგიერთი რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილებები საბოლოო იყოს, ზოგიერთი კი — არა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ პროაქტიულად გაესაუბრებით თქვენს მენეჯერს მოსალოდნელ ცვლილებებსა და თქვენს კარიერაზე. შეხვედრისთვის მოსამზადებლად, განსაზღვრეთ, რამდენად ესადაგება თქვენი ღირებულებები კომპანიის საჭიროებებს. განიხილეთ ბიზნესი ფართო მასშტაბში გამოწვევების, საბაზრო შესაძლებლობებისა და სტრატეგიული მიმართულებების ჩათვლით.
შემდგომში კი დაადგინეთ სცენარები, რომლებიც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ კომპანიის წარმატებაში. ხოლო, თუ მენეჯერს განსხვავებულ გზებზეც ესაუბრებით, რომლითაც დახმარება შეგიძლიათ, მის გადმოყვანას თქვენს მხარეს მარტივად შეძლებთ… თუმცა გახსოვდეთ, რომ არ ხართ ერთადერთი, ვინც ასე მოიქცევა და რთულია გარანტიებზე საუბარი. გაიაზრეთ ეს გარემოებები და თქვენი მენეჯერი თქვენს ემპათიას დააფასებს.
იზრუნეთ თქვენი სანაცნობო წრის გაფართოებაზე
კარიერული წარმატებისთვის შიდა ქსელის გაფართოება ყოველთვის სასარგებლოა. ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეორგანიზაციის დროს, როცა ინფორმაციასა და შესაძლებლობებზე წვდომა შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს თქვენთვის — რაც უფრო მეტი მხარდამჭერი გყავთ კომპანიაში, მით უფრო უსაფრთხოდ ხართ.
შეადგინეთ იმ ადამიანების სია, რომელთანაც ურთიერთობა უნდა გქონდეთ, მოკავშირეების, ყოფილი მენეჯერების, მენტორებისა თუ სპონსორების ჩათვლით. მჭიდრო კავშირების გასაუმჯობესებლად კი განიხილეთ კოლეგები, რომელთანაც ურთიერთობა აღარ გაქვთ — იქნებიან ეს გუნდის ყოფილი წევრები, პარტნიორები თუ თანამშრომლები. დროებით შეწყვეტილი კავშირები ახალ შეხედულებებსა და რჩევებს შემოგთავაზებთ, რაც შემდგომში, შესაძლოა, ღირებული წყარო იყოს თქვენი ცოდნისა და სოციალური კაპიტალისთვის.
წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს
სიღრმისეული ფიქრი იმაზე, თუ როგორ განვითარდება რეორგანიზაციის პროცესი და როგორ უპასუხებთ თქვენ მას, დაგეხმარებათ უცნობ მომავალზე მეტად დინამიკური რეაგირება შეძლოთ. რა წარმოადგენს თქვენთვის სავარაუდო შედეგებს? დააკვირდით ბიზნესში არსებულ რეალობას. განიხილეთ ზეგავლენის მქონე შიდა და გარე ფაქტორები. იფიქრეთ ყველაზე ცუდ და კარგ სცენარებზე და მათ შედეგებზე. განსაზღვრეთ, როგორ გაუმკლავდებოდით თითოეულს.
ჩამოწერეთ სამოქმედო ნაბიჯები და გაწერეთ დროში: ეს სტრატეგიები და ტაქტიკები მალევე უნდა განახორციელოთ თუ არა? ბოლოს კი დააკვირდით ნიშნებს, რომლებიც მოცემული სცენარის მოახლოებაზე მიგითითებთ — ეს დაგეხმარებათ, ზუსტად განსაზღვროთ, როდის დაიწყოთ მოქმედება. პოტენციური შედეგების პროაქტიულად დადგენით და იმის განსაზღვრით, თუ როგორ უნდა უპასუხოთ, თქვენ თავდაცვის რეჟიმის გააქტიურებას შეძლებთ.
გამოყავით დრო კარიერის შენარჩუნებისთვის
რეგულარულად განაახლეთ თქვენი რეზიუმე და LinkedIn-ის პროფილი, ეს ძალიან კარგი გზაა თქვენი წვლილისა და მიღწევების დასაფიქსირებლად მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ ახალია. ამასთან, გთავაზობთ შესაძლებლობას, დაფიქრდეთ ამჟამინდელი როლის მიმართ თქვენს საერთო გრძნობებზე. რეორგანიზაციას შეუძლია, შემოგთავაზოთ ღირებული წერტილი, მაშინაც კი, როცა თქვენ ვერ აანალიზებდით, რომ ამისთვის მზად იყავით. შესაძლოა, ამან უკეთესი შესაძლებლობების პოვნისკენ გიბიძგოთ კიდეც…
მართეთ თქვენი ემოციები და გამოიჩინეთ სიკეთე საკუთარი თავის მიმართ
გაურკვეველ სიტუაციებში საკმაოდ ნორმალურია, თავს დასტრესილად, გაბრაზებულად ან შეშინებულად გრძნობდეთ. თქვენი ემოციების მართვასა და დამშვიდებაში კი, მათი აღიარება და მათთვისვე სახელის მინიჭება დაგეხმარებათ, მაგალითად: „მეშინია, ალბათ, სამსახურს დავკარგავ“. ეცადეთ, არ აქციოთ პერსონალურად ნებისმიერი რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საუბარი ან გადაწყვეტილებები. რეალობა ისაა, რომ რეორგანიზაცია ხშირად ბიზნეს მიზეზების გამო ხდება, სხვაგვარად ფიქრი კი უბრალოდ ემოციურად დაგტვირთავთ…
გამოდის, ზემოთ მოცემული სტრატეგიები თვითგამორკვევასა და შესაძლებლობების დანახვაში დაგეხმარებათ, რაც, თავის მხრივ, გაურკვევლობის დროს წარმატებით მოქმედებას შეგაძლებინებთ.
წყარო: HBR