დასაქმების მსურველებს ინტერვიუს დროს ერთხელ მაინც სმენიათ ფრაზა: მოგვიყევით თქვენი რეზიუმეს შესახებ… მართალია, თქვენს უნარებსა და გამოცდილებაზე იქ უკვე ყველაფერი გიწერიათ, მაგრამ ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლამდე, მაგალითად 6 თვე რომ გქონდათ თავისუფალი, ამის ახსნა მოგიწევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია — როცა რეზიუმეს განხილვისას მსგავს ხარვეზებს აიგნორებთ, კარგავთ შესაძლებლობას, აკონტროლოთ ნარატივი…
სწორედ ამიტომ, ამ ხარვეზების 5 საერთო მიზეზს გაგიზიარებთ და ხრიკებს, თუ როგორ შეავსოთ ეს სიცარიელე:
სახლში დარჩენა მშობლის როლის შესასრულებლად
თუ კომერციულ სამუშაო ძალას შვილების აღსაზრდელად გამოეთიშეთ, აუხსენით დამსაქმებელს, როგორ გამოიყენეთ ეს დრო იმ ახალი უნარების, ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, რომლებიც კონკრეტული პოზიციისთვის რელევანტურია. მაგალითად, შვილების სკოლაში მოხალისე იყავით? ღონისძიებების ორგანიზებაში იღებდით მონაწილეობას თუ ფულის შეგროვებაზე იყავით პასუხისმგებელი? იყავით მშობელი, რომელიც გეგმავდა მოგზაურობას სპორტის გუნდის აქტივობებისთვის? შესაძლოა, ყველა ეს საკითხი თქვენი პოტენციური სამსახურის სასარგებლოდ გადაითარგმნოს.
ინტერვიუერს შეგიძლიათ უთხრათ: „მე შვებულება შვილების მოსავლელად ავიღე, მაგრამ ჩემი უნარების განვითარება მათ სკოლაში ისეთი მოხალისეობრივი ქმედებებით შევძელი, როგორებიცაა…“.
ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლა ან დაკარგვა
თუ დრო მშობლის ან ოჯახის წევრის მოვლას დაუთმეთ, ამ გამოცდილებასაც სამუშაოს თვალით შეხედეთ. მაგალითად, მომსახურების სფეროში დაბრუნებისას თქვენი როგორც შუამავლის როლზე უნდა ფოკუსირდეთ ოჯახის წევრსა და ჯანდაცვის პროვაიდერს შორის. შესაძლოა, ეს ჟღერდეს, როგორც:
„მუშაობა მამაჩემის მოვლის გამო შევწყვიტე, ამ პერიოდში კი ჩემი ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამოყენება მრავალ ჯანდაცვის პროვაიდერთან შევძელი. ამასთან, ჩემი ორგანიზაციული უნარებიც გამომადგა შეხვედრების დასაგეგმად ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელ პირებთან თუ ბროკერებთან. მსგავსი პრობლემების გადაჭრის უნარების გამოყენება ამ სამსახურშიც შემიძლია, რასაც ემატება სიმშვიდის შენარჩუნება ზეწოლის ქვეშ“.
ხოლო თუ ფინანსებში აპირებთ დასაქმებას მაშინ, ეს გამოგადგებათ:
„შვებულება დედასთან დროის გასატარებლად ავიღე, სანამ გარდაიცვლებოდა. მე შევძელი გამომეყენებინა ჩემი ფინანსური უნარები მისი ქონების მართვისას ისეთ უნარებთან ერთად, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია მრავალ კრედიტორთან, საკრედიტო ბარათების, სამედიცინო თუ საბანკო დაწესებულებების ჩათვლით. ამან, საშუალება მომცა კონკრეტული საკითხი სწრაფად და ეფექტურად მომეგვარებინა, ახლა კი ამ უნარების გამოყენება ახალი გამოწვევისთვის მინდა“.
მოგზაურობა
თუ დრო სამყაროს შესწავლას დაუთმეთ, ფოკუსირდით, როგორ გამოიყენეთ იგი ახალი პერსპექტივების შესაძენად. მაგალითად, მრავალეროვნულ კომპანიაში გასაუბრებისას განიხილეთ სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის ნიუანსები და როგორ მოგცათ სხვა ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილებამ კონკურენტული უპირატესობა. თუ ოპერაციულ როლზე აკეთებთ განაცხადს, ფოკუსირდით თქვენს ეფექტურობაზე მოგზაურობის დაგეგმვაში, ბიუჯეტირებაში და ა. შ. ხოლო თუ მეორე, მესამე ან მეოთხე ენის შესწავლას დაუთმეთ დრო, აუხსენით, როგორ გაქცევთ ეს მათთვის ეფექტურ კანდიდატად.
სწავლის დაწყება
შესაძლოა, კოლეჯში ჩაბარება ან მაგისტრატურის შესწავლა გადაწყვიტეთ. თუ მაგალითად ეს თქვენს მთლიან დროს მოითხოვდა, აუხსენით იმ კონკრეტული პროექტების შესახებ, რომლებიც ამ სამსახურისთვის რელევანტურია. განუმარტეთ, სხვა გამოცდილებებთან ერთად, როგორ დაგეხმარებათ ეს თქვენს პოზიციაზე ყოფნისას უნიკალური ღირებულების შეთავაზებაში. შესაძლოა, მაგისტრატურა გაიარეთ და ახლა ბიზნეს ოპერაციებში ჩართვა გსურთ… ნამდვილი კომპანიების პროექტებზე გიმუშავიათ? ჩასვით ეს თქვენს რეზიუმეში, რათა ინტერვიუს დროს განხილვა შეძლოთ.
ხოლო თუ ახალი უნარები ტრადიციული დიპლომისა და კოლეჯში სიარულის გარეშე შეიძინეთ, მაგალითად გაიარეთ კურსი და მიიღეთ სერტიფიკატი, აღუწერეთ მას, როგორ გამოიყენებთ ამ უნარებს კონკრეტულ პოზიციაზე და რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან. თუ კონკრეტული წიგნები წაიკითხეთ, რათა თქვენს სფეროში ახალი პერსპექტივა შეგეძინათ ან თქვენივე ლიდერული უნარები გაგეუმჯობესებინათ, კვლავ აუხსენით, როგორ გამოიყენებთ ამას სამსახურში.
სამსახურიდან გათავისუფლება
და რა უნდა ვთქვათ მაშინ, როცა უბრალოდ შემცირებაში მოვყევით და ეს ჩვენსავე პროდუქტიულობას საერთოდ არ უკავშირდება? აუხსენით ინტრევიუერს, რომ ბიზნეს სტრატეგია შეიცვალა და თქვენი დეპარტამენტი თუ გუნდი გათავისუფლების ტალღაში მოჰყვა. თუმცა შეგიძლიათ ეს „უიღბლო“ სიტუაცია პოზიტიურად შემოატრიალოთ: „მაგრამ ეს კარგი იყო, რადგან ახალ გამოწვევის ძიება დავიწყე“.
აი მაშინ კი, როცა თქვენი შედეგების გამო გათავისუფლებენ სამსახურიდან, მაგრამ ფიქრობთ, რომ გაქვთ განსხვავებული პერსპექტივა და თავადაც არ გრძნობდით, რომ კონკრეტული პოზიცია შეგეფერებოდათ, შეგიძლიათ დამსაქმებელს ამაზე გულწრფელად გაესაუბროთ. აუხსნათ, ეს სამსახური თქვენი მოლოდინებისგან განსხვავებული რომ აღმოჩნდა, სადაც ვერ გამოიყენეთ თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი. არ დაგავიწყდეთ იმის ახსნაც, რა ისწავლეთ ამ გამოცდილებისგან და რამდენად აქტიურად მუშაობთ, რათა შემდგომი ნაბიჯი მეტად ახლოს იყოს თქვენსავე მოლოდინებთან:
„დაწყებიდან მალევე გავიაზრე, რომ ეს სამსახური ისეთი არ იყო, როგორსაც აღწერდნენ, მაგრამ რადგან კომპანიის წინაშე ვალდებულება ავიღე, მინდოდა ჩემი მაქსიმუმი გამომევლინა. საბოლოოდ ჩემი A, B და C უნარები ბიზნესის სასარგებლოდ ვერ გამოვიყენე. ამიტომ, მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს, რაც საშუალებას მაძლევს, დრო ჩემთვის შესაბამის სამსახურს დავუთმო, სადაც ღირებულების შეთავაზებასაც მოვახერხებ“.
ხოლო თუ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ტოქსიკური გარემოა, ეს ნაწილი ინტერვიუს დროს ნეგატიურად არ ახსენოთ, უმჯობესია, მეტად პოზიტიურ პერსპექტივას მიაგნოთ. აი, მაგალითად: „მე მჭირდება დრო ისეთი სამსახურის საპოვნელად, რომელიც მეტად შეეფერება ჩემს ღირებულებებს და კვირაში 60 საათი მუშაობით ამას ვერ მოვახერხებდი“. ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ვინმეზე ცუდად არ ისაუბროთ, რადგან ეს ისეთ ადამიანად წარმოგაჩენთ, რომელიც სხვებს ადანაშაულებს…
მართალია, პანდემიის შემდეგ დამსაქმებლები მეტად იგებენ მსგავს თავისუფალ დროსთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ თქვენ მაინც მზად უნდა იყოთ, ისინი მკაფიოდ და თავდაჯერებულად ახსნათ, რადგან ასე დასაქმების შანსებიც გაიზრდება.
წყარო: HBR