in

შეცდომების შემდეგ როგორ უნდა დაიბრუნონ ლიდერებმა საზოგადოების ნდობა?

არსად არსებობს სრულყოფილი ლიდერის ცნება. თუ გუნდებს ან ორგანიზაციას ხელმძღვანელობთ, თქვენ უშვებთ შეცდომებს, ზოგჯერ ძალიან დიდსაც კი. ხოლო, როცა სრულყოფილება არ არის მიღწევადი, ბევრი დიდი შეცდომა შეიძლება სანდოობის ფასადაც კი დაგიჯდეთ. თუ ხართ ლიდერი, რომელსაც არ ენდობიან, ძველ გზაზე დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენსა და თქვენს გუნდებზე უარყოფითი წარმოდგენები არსებობს.

მაგრამ თუ გსურთ, სანდოობა დაიბრუნოთ, ეს 7 ნაბიჯი უნდა გადადგათ:

1. ჩაუღრმავდით და იფიქრეთ საკუთარ თავზე

სანამ სხვების საზომების მიხედვით საკუთარი თავის განსჯას დაიწყებთ, ამ საკითხს უფრო ჩაუღრმავდით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდად გრძნობთ თავს მიღებული შედეგების გამო, ბევრი არ უნდა იფიქროთ, უბრალოდ შეჩერდით. შესაძლოა, ნეტავ ასე გამეკეთებინა და საქმე უკეთ წავიდოდა ფიქრები მუდმივად ტრიალებდეს თქვენს თავში, მაგრამ ეს ვერც გადაწყვეტილებების მიღებაში და ვერც ცვლილებაში დაგეხმარებათ, პირიქით, პრობლემას უფრო გაამწვავებს და მეტად უმართავსაც გახდის. მსგავსად, საკუთარი თავის შეფასებას იმის მიხედვით დაიწყებთ, თუ რას ამბობენ სხვები თქვენზე და ვერც სიტუაციის გარკვევას შეძლებთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამისთვის სპეციალურ დროს გამოყოფთ, მაგალითად, იფიქრებთ მხოლოდ 10 წუთი დღის განმავლობაში. 

2. ამოისუნთქეთ

ზოგჯერ უფრო საფუძვლიანი პაუზის აღებაც კი კარგია. თუ გაქვთ დრო, რომ პატარა დასვენება მოიწყოთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შანსი და გონება გაათავისუფლეთ. ხოლო თუ არა, მეორე საუკეთესო აქტივობა სეირნობაა. თუმცა პოდკასტების ან წიგნების მოსმენის გარეშე. უბრალოდ სიზარმაცის დღე უნდა მოიწყოთ. დააკვირდით ხეებს, სახლებს თქვენს სამეზობლოში ან ჩვეულებრივ ხედებს, რომლებიც გზად შეგხვდებათ, ნება მიეცით თქვენს გონებას იხეტიალოს და რაღაც საკითხები თავისით ამოიტანოს ზედაპირზე. ასე თქვენ გაიგებთ, როგორ უნდა იყოთ უკეთესი ლიდერი და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ ამისთვის. თუმცა დარწმუნდით, რომ სეირნობისას ამ იდეების ჩაწერას შეძლებთ, აქ ხმის ჩამწერი ძალიან გამოგადგებათ და სულ გახსოვდეთ, რომ რაც უფრო კონკრეტულია იდეა, მით უკეთესია იგი. 

3. მიიღეთ ფაქტები

მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს ჩაუღრმავდებით, დროა, გარე მონაცემების შეგროვება დაიწყოთ. ასე გეცოდინებათ, როგორც ლიდერმა, რომელ საზომებს უნდა დაუმიზნოთ ან არის თუ არა თქვენი გუნდის ნეგატიური შეფასებები საფუძვლიანი. უპირველესად, დააკვირდით თქვენს შეფასებებს და იფიქრეთ პირისპირ შეხვედრებზე, ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • რომელი მხარეების გაძლიერება მჭირდება?
  • ერთი და იმავე სფერო კვლავ გასაუმჯობესებელია?
  • მთელი ძალისხმევა ჩავდე იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომლებიც ხელმძღვანელებმა შემომთავაზეს?

ბევრი ლიდერი სწორედ აქ ფერხდება, ხშირად რთული ცვლილებების განხორციელებას ხვალისთვისგეგმავენ… ამის ნაცვლად კი, უმჯობესია, ეტაპობრივად იმოქმედოთ. დაუსვით ბევრი კითხვა მენეჯერს, რათა დაინახოთ, რა უნდა გააუმჯობესოთ. აქ უკვე დეტალური მუშაობა დაგჭირდებათ, წინსვლისთვის კონკრეტული გეგმა უნდა შექმნათ. ეს გულისხმობს ყველა სივრცის აღნიშვნას, რომელზეც ფოკუსირება გჭირდებათ და მისთვის წარმატების საზომების შექმნას, რათა გაიგოთ, რაიმე უმჯობესდება თუ არა. 

4. შეაფასეთ თქვენი როლი კომპანიის კულტურაში

თქვენი მენეჯმენტის სტილი ერგება თუ არა იმას, რაც კომპანიას სჭირდება? მაგალითად, თუ მუშაობთ კულტურაში, რომელშიც მნიშვნელოვანია დავალება, თუნდაც, მცირე შეცდომებით, მაგრამ სწრაფად შესრულდეს, ყველა საკითხზე ფიქრის ნაცვლად, უბრალოდ შეასრულეთ თქვენი საქმე და დაივიწყეთ დამატებითი ანალიზი. მაგრამ თუ ეს თქვენი სტილი არ არის, დაფიქრდით იმაზე, რომ აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეთ კომპანიაში არსებულ კულტურასა და ღირებულებებს. თქვენთვის სასურველი ცვლილებების მიღებაში უბრალოდ იმის თქმა, რომ მე ასეთი ვარ არ დაგეხმარებათ. მოგწონთ თუ არა, ვალდებული ხართ, გაიაზროთ, რომ ხანდახან ცვლილებებია საჭირო… 

5. გააუმჯობესეთ თქვენი გავლენის სფერო

განსაზღვრეთ, კონკრეტულად, რომელ სფეროებში გჭირდებათ გავლენის გაზრდა და დაამყარეთ ახლო კავშირები თქვენს კოლეგებსა და მომხსენებლებთან. საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით:

  • შეხვედრებზე ისეთი მომზადებული მივდივარ, როგორიც საჭიროა?
  • ვსვამ თუ არა არაკომფორტულ ან რთულ კითხვებს?
  • დავამყარე ურთიერთობები არა მხოლოდ ჩემს კოლეგებსა და იმ ადამიანებთან, რომლებიც მომწონს, არამედ იმ თანამშრომლებთანაც, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენა რთულია?

რაც უფრო მეტს იზრუნებთ თქვენი გავლენის სფეროზე, მით უფრო პოზიტიურად შეხედავენ სხვები თქვენს ლიდერობას. ასე, პიროვნულ დინამიკასაც უკეთ დააკვირდებით და უკეთაც შეძლებთ იმ უკუკავშირის შეფასებას, რომელსაც სხვებისგან იღებთ. 

6. მოითხოვეთ გარე მხარდაჭერა

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯებით თქვენი ლიდერობის გასაძლიერებლად ყველა შიდა სამუშაო შესრულებული იქნება, ამიტომ ახლა დახმარება ორგანიზაციის გარეთ უნდა ეძებოთ. გყავთ თუ არა მენტორი, რომელიც რაიმეს გასწავლით ან რომელსაც რჩევისთვის შეგიძლიათ მიმართოთ? თუ აზრად არავინ მოგდით, თქვენს LinkedIn-ს გადახედეთ. იპოვეთ ადამიანი თქვენი ოფისის გარეთ, რომელსაც შეეძლება გულწრფელი, გაუფილტრავი იდეებისა და გამოსავლის შემოთავაზება. 

7. ხელახლა განსაზღვრეთ, რამდენად ერგებით კომპანიას

სამწუხაროდ, მიუხედავად თქვენი შედეგების გაუმჯობესებისთვის გადადგმული ნაბიჯებისა, თქვენ და თქვენი ორგანიზაცია, შესაძლოა, არ ესადაგებოდეთ ერთმანეთს. ალბათ, აქ უკვე ახალი შესაძლებლობის ძიება ხდება საჭირო. ეს კი მხოლოდ ბევრი ფიქრისა და მუშაობის შემდეგ უნდა გადაწყვიტოთ, თანაც, ეს არასდროსაა მარტივი არჩევანი, დრო სჭირდება და არა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით:

  • ეს ის ორგანიზაციაა, რომელშიც უნდა ვიყო?
  • მინდა ამ ორგანიზაციაში ლიდერობა?
  • ბედნიერი ვარ და სიამოვნებას ვიღებ?
  • მინდა თუ არა ამ საკითხებზე მუშაობა?

როცა გწამთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და სხვებიც მსგავს უკუკავშირს გიზიარებენ, სიტუაცია საკმაოდ რთულდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება კი აქ პაუზაა და შემდგომში მუშაობა, რათა მომდევნო ნაბიჯები განსაზღვროთ. საკუთარ თავზე ფოკუსირებით, მხარდაჭერის თხოვნითა და კომპანიაში თქვენს როლზე დაფიქრებით, შეძლებთ განსაზღვროთ, როგორც ლიდერს, რომელ სფეროებში გჭირდებათ განვითარება.

 

წყარო: HBR



ახალი AI გენერატორი ნებისმიერ სტილის ვიდეოს ქმნის

თქვენც იყენებთ ყავის ქილას სუნელების ჩასაყრელად?