in

როგორ გავხდეთ „ციფრული მომთაბარე“?

სანამ ამ საკითხის სიღრმისეულ განხილვაზე გადავალთ, მოდით, ჯერ განვსაზღვროთ, რას ნიშნავს იმ ადამიანად ყოფნა, რომელიც თან მოგზაურობს და თან მუშაობს? მოკლედ რომ გითხრათ, ამას ციფრულ მომთაბარეობას უწოდებენ, რომლის აღწერაც დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის უსვამთ კითხვას… ზოგადად კი, ეს დისტანციური მუშაობის ერთ-ერთი ფორმაა და ცხოვრების წესიც, რადგან ციფრულ მომთაბარეთა მდგომარეობა ასე აღიწერება — ცხოვრობენ ერთ ქვეყანაში, თუმცა ხშირად რამდენიმე კვირიან მოგზაურობებს აწყობენ და სხვა ქვეყნიდან თუ ქალაქიდან მუშაობენ. დიახ, ისინი ერთ ადგილზე მიჯაჭვულები არ არიან. ზოგიერთი ხანგრძლივ, ზოგიერთი კი მოკლევადიან გასვლებს ამჯობინებს, ხან მარტო, ხანაც მეგობრებთან, მეორე ნახევართან ან მთლიან ოჯახთან ერთად. ასე არასამუშაო საათებში ჰობებისთვისაც რჩებათ დრო, იქნება ეს სერფინგი თუ სხვა რამ. დიახ, ციფრულ მომთაბარეობას ბევრი დადებითი მხარე აქვს და თუ თქვენთვისაც ეს სანატრელი რამ გახდა, ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა დაიწყოთ: 

ნაბიჯი 1: აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ადგილი

საფრანგეთი თუ იტალია? პორტუგალია თუ პანამა? აქ უამრავი არჩევანი არსებობს, თუმცა სანამ ციფრულ მომთაბარედ გახდომას გადაწყვეტთ, ჯერ კარგად განსაზღვრეთ ის ადგილი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს უნიკალურ საჭიროებებს.

იქ, სადაც ლეგალურია თქვენი ყოფნა

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მიერ არჩეულ ადგილზე ყოფნა ლეგალური იყოს. ქვეყნების მიხედვით სიტუაციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ამიტომ კონკრეტული ინფორმაციები უნდა მოიძიოთ. კარგი იქნება, თუ ამ საქმის პროფესიონალსაც გაესაუბრებით ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პასპორტის შეზღუდვები, ვიზა, ჯანმრთელობის დაზღვევა, გადასახადები და სხვა.

იქ, სადაც უსაფრთხოა

მაშინაც კი, როცა ლეგალურად დაშვებულია კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობა და მუშაობა, მნიშვნელოვანია, სხვა ისეთი ფაქტორებიც განიხილოთ, რომლებსაც გავლენა აქვს თქვენს უსაფრთხოებაზე. მაგალითად, დაფიქრდეთ, როგორი დამოკიდებულებაა კონკრეტულ ქვეყანაში ლგბტ თემის მიმართ ან საშიში ხომ არ არის ამ ქვეყანაში, მარტო ქალმა რომ იმოგზაუროს — კვლევისას რესპონდენტები ასახელებდნენ, რომ მათთვის აფრიკასა და აზიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მარტო მოგზაურობა უსაფრთხო არ იყო…

ბუნებრივია, მოგზაურობას თან ახლავს გარკვეული რისკები, მაგრამ მნიშვნელოვანია, წინასწარ განსაზღვროთ ის კონკრეტული გამოწვევები, რომელთა წინაშეც თქვენი სქესის, ეთნოსის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ თქვენივე იდენტობის სხვა ასპექტების გამო შეიძლება აღმოჩნდეთ. 

იქ, სადაც გინდათ იყოთ

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ ლეგალურ და უსაფრთხო ადგილებს, იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, თავად სად ისურვებდით წასვლას, სანაპიროდან მუშაობაზე ოცნებობდით, მთებში გირჩევნიათ ყოფნა თუ მყუდრო პატარა ქალაქში? იმ ქვეყანაში, რომლის ენაზეც თავისუფლად საუბრობთ თუ იქ, სადაც კომუნიკაციური ბარიერი უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს? კონკრეტული საჭმლის გამო ხომ არ გსურთ იქ მოგზაურობა? ან სოციალური აქტივობებისა თუ გართობის კონკრეტულ ტიპებს ხომ არ ეძებთ? რაიმე ფესტივალს ხომ არ გსურთ, რომ შეუერთდეთ?

დიახ, ეს ძალიან პერსონალური არჩევანია და ამიტომ, სწორი პასუხიც არ არსებობს. ყველაფერი იმის განსაზღვრას ეხება, თუ რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის და რომელი ქვეყანა მოერგება უკეთ თქვენს უნიკალურ პრიორიტეტებს.

ნაბიჯი 2: დაითანხმეთ უფროსი

ის, რომ თქვენ ციფრული მომთაბარეობა გადაწყვიტეთ და შესაბამისი ადგილიც შეარჩიეთ, საკმარისი არ არის. თქვენი გეგმები უფროსსაც უნდა გააცნოთ და მისი თანხმობის მოპოვებაც სცადოთ, არ აქვს მნიშვნელობა, იგი ტრადიციული დამსაქმებელია თუ ფრილანსერი.

შექმენით დისტანციური მუშაობის პრეცედენტი

თუ ამჯერად დისტანციურად არ მუშაობთ, მაგრამ სურვილი გაქვთ, ჯერ განსაზღვრეთ, რამდენად შესაძლებელია ეს თქვენი პოზიციისთვის. თუ აქ ვერანაირ პრობლემას ხედავთ, პირდაპირ უფროსის კაბინეტისკენ ნუ გაეშურებით. უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ დეტალურ გეგმას მოამზადებთ და შემდგომ მას პირისპირ შეხვედრას სთხოვთ, რათა სხვა  კოლეგებთან ერთად ეს სიახლე გააცნოთ. 

უმჯობესია, თუ საუბარს დისტანციური მუშაობის დადებითი მხარეების განხილვით დაიწყებთ, რომელშიც როგორც თქვენს, ისე ორგანიზაციის სარგებელს განიხილავთ. აქ იმ კონკურენტი ორგანიზაციების მაგალითის განხილვაც გამოგადგებათ, რომლებიც უკვე დისტანციურად მუშაობენ. შემდგომში კი საკუთარი სიტუაციის განხილვაზე გადადით და განმარტეთ, რამდენად კარგი იქნება ეს თქვენთვის და რამდენად მოგცემთ საქმის უკეთესად შესრულების საშუალებას? დარწმუნდით, რომ მას დეტალურად აუხსნით, როგორ აპირებთ დისტანციურად მუშაობას დროის განრიგის, ნებისმიერი აღჭურვილობისა და მოხსენებების მიწოდების ჩათვლით. თუმცა თქვენი უფროსისთვის უკუკავშირის თხოვნა არ დაგავიწყდეთ. 

შექმენით ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის პრეცედენტი

მანამ, სანამ დისტანციურ მუშაობას გადაწყვეტთ, ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად, როცა თქვენი პოზიცია ბევრ სინქრონულ კომუნიკაციას მოითხოვს, თქვენთვის შეიძლება საჭირო იყოს იგივე დროის სარტყელში ყოფნა, რომელშიც თქვენი ორგანიზაციაა. იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც სახელმწიფო კონტრაქტებით მუშაობენ, შესაძლოა, გარკვეული პირობები არსებობდეს კონკრეტული ტექნოლოგიის საზღვარგარეთ გატანისთვის ან მათი პოლიტიკა თანამშრომლის სხვა ქვეყნიდან მუშაობას ზღუდავდეს…

ზოგიერთი ეს გამოწვევა მარტივად შეიძლება დაძლიოთ, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ამიტომ, აქ წინასწარ HR-თან, იურიდიულ განყოფილებასთან, IT-სა და სხვა დეპარტამენტებთან გასაუბრება ძალიან გამოგადგებათ. მაქსიმალურად ეცადეთ, მათ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცეთ და გარკვეულ კომპრომისზეც წახვიდეთ, მაგალითად, თუ თქვენს 3-თვიან მოგზაურობაზე წუხან, მოგზაურობის დრო 6 კვირამდე შეამცირეთ ან თუ პრობლემას დროის სხვაობაში ხედავენ, აქაც მოქნილი ვარიანტი შესთავაზეთ. 

მიუხედავად ამისა, დისტანციური მუშაობის გეგმების სისრულეში მოყვანა ხანდახან მაინც არ გამოდის და აქ კრიტიკული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, ან თქვენი ციფრული მომთაბარეობის სურვილი უნდა დაივიწყოთ ან კონკრეტული სამსახურიდან წახვიდეთ. ამ უკანასკნელის ალტერნატივა ფრილანსერობაა, რომელიც თქვენი სურვილების ასრულებაშიც დაგეხმარებათ… 

ნაბიჯი 3: არ დაგავიწყდეთ დეტალები

ზემოთ მოცემული საკითხების გარდა, კიდევ უამრავი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო და ეს ყურადღების მიღმა არ უნდა დაგრჩეთ. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ, სად ან როდის უნდა წახვიდეთ, იმ ტაქტიკურ და ლოჯისტიკურ ნაბიჯებზე დაიწყეთ ფიქრი, რომლის გადადგმაც თქვენთვისვე უნიკალური პირადი თუ პროფესიული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გჭირდებათ. განსაზღვრეთ, რა უნდა იყოს თქვენს სამუშაო სივრცეში, კარგი ინტერნეტი, სიჩუმე, სპეციალური ტექნიკა თუ სხვა რამ, რას წაიღებთ თან და რა უნდა დაგხვდეთ იქ, რომ თქვენი საქმის საუკეთესოდ შესრულება მოახერხოთ… 

აქ ფინანსური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია, რას იზამთ თუ საფულეს მოგპარავენ ან თქვენი საკრედიტო ბარათი მუშაობას შეწყვეტს? ეს საკითხებიც წინასწარ თქვენს ბანკირთან უნდა გაარკვიოთ და მათ არსებულ სამოგზაურო პოლიტიკაზეც გაესაუბროთ. კარგი იქნება, თუ წაიკითხავთ, რას გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევა და თუ სხვა საჭიროებებიც გაქვთ, ისიც წინასწარ გაიგოთ, ვინ შეძლებს მის დაკმაყოფილებას. 

ნაბიჯი 4: იპოვეთ თქვენი საზოგადოება

ამ ცხოვრების წესის გამოწვევას მარტოობა და იზოლაცია წარმოადგენს. საზღვარგარეთ თქვენი მსგავსი ადამიანების პოვნა, შესაძლოა, რთული იყოს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩაერთოთ ორგანიზებულ ჯგუფებსა და აქტივობებში, დაესწროთ ღონისძიებებს. აქ ონლაინ პლატფორმები და სოციალური ქსელებიც ძალიან გამოგადგებათ, მაგრამ ყოველთვის სხვას არ დაელოდოთ, თავადაც შეგიძლიათ ჯგუფები შექმნათ, ღონისძიებების ჩატარების ინიციატივა გამოიჩინოთ, უმასპინძლოთ შეხვედრებს და ა. შ. 

შეიძინეთ ახალი ჰობი ან დაკავდით სპორტით, რათა თქვენი სანაცნობო წრე გაზარდოთ. გაიგეთ, სადმე ხომ არ არის სივრცე, სადაც ადამიანები მუშაობენ ან სულაც, რაიმე ჯგუფები ხომ არ არსებობს, რომლებიც ციფრულ მომთაბარეებს ერთმანეთთან დასაკავშირებლად შესაბამის რესურსებს სთავაზობს. 

თუმცა მარტო ხეტიალს გარკვეული სარგებელიც ახლავს თან — დამოუკიდებლობა, თავგადასავლები, პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება. ბუნებრივია, კომუნიკაციის საჭიროებაც ინდივიდუალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თუ სხვა ფორმით ის ყველას გვჭირდება… 

ნაბიჯი 5: დაეხმარეთ ადგილობრივებს

ბოლოს კი გაიაზრეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენ არ გეხებათ, თუმცა აქ ახლა არც ორგანიზაციას ვგულისხმობთ. როცა მოგზაურობთ, იქ არსებულ გარემოზე თქვენს კვალს ტოვებთ და თქვენივე პასუხისმგებლობაა, დარწმუნდეთ, რომ იმაზე მეტ სარგებელს აწვდით მას, ვიდრე იღებთ… იპოვეთ გზები, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოთ კლიმატის ცვლილებებში და კომუნიკაცია დაამყარეთ ადგილობრივებთან, რათა დაადგინოთ ის საშუალებები, რომლითაც მათი მხარდაჭერა შეგიძლიათ. მაგალითად, იყიდეთ პროდუქტები ადგილობრივ მაღაზიაში, შეამცირეთ პლასტმასის მოხმარება და დაეხმარეთ სხვებს საქველმოქმედო შემოწირულობებისა თუ მოხალისეობრივი მუშაობის გზით.

როცა ეს ყველაფერი სწორად კეთდება ციფრული მომთაბარეობა არაფერს გვაძლევს დადებითი შედეგების გარდა. ამიტომ, ზოგიერთი ქვეყანა მათ მეტად მოზიდვაზეც ზრუნავს… 

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, თქვენ არსებულ პრობლემას კიდევ უფრო არ ამწვავებთ, ქალაქები და აქტივობები ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. პოპულარულ ადგილებზე სტუმრობის ნაცვლად, რომლებიც სავსეა ტურისტებით, უმჯობესი იქნება, თუ რეგიონებს ან სოფლებს განიხილავთ. თანაც, ასეთი ადგილები შესანიშნავ გამოცდილებას გვთავაზობს, მეტი გავიგოთ ადგილობრივი კულტურის შესახებ, თუმცა აქ არც ის ეკონომიკური სარგებელი უნდა დავივიწყოთ, რომლებსაც თქვენ ადგილობრივ საზოგადოებას სთავაზობთ.

მოდით, ვაღიაროთ, რომ ციფრულ მომთაბარეთა ცხოვრების რომანტიზება მარტივია. ვის არ უნდა სანაპიროზე კოქტეილის დალევა და თან მუშაობა?! სამწუხაროდ, აქაც უნდა გითხრათ, რომ რეალობა ბევრად რთულია, რადგან ციფრული მომთაბარეობის სარგებელს მრავალი დაბრკოლება და რისკი ახლავს თან… მაგრამ თუ მზად ხართ ამ გამოწვევის მისაღებად, გეტყვით, რომ ახლა დისტანციური მუშაობა იმაზე უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ, დროა, საკუთარ თავს ჰკითხოთ, ხართ თუ არა მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად. 

 

წყარო: HBR



როგორ ამცირებს ინტერპერსონალური კომუნიკაცია შფოთვას და სტრესს?

Microsoft Edge-ის ბრაუზერს Adobe Acrobat Reader ემატება