in

რამდენად ზემოქმედებს საერთო სამუშაო სივრცეებში ყოფნა თანამშრომელთა კეთილდღეობაზე?

სამსახურში თავს მარტოსულად ვგრძნობ, მომბეზრდა სახლიდან მუშაობა და ის, რომ არ შემიძლია ვინმესთან გამოლაპარაკება, მაგრამ ზუსტად ასე ვგრძნობ თავს, როცა ოფისში გუნდურ შეხვედრებზე მიწევს მისვლა, — აცხადებს კვლევის მონაწილე, პროექტის მენეჯერი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დიახ, დღეს დასაქმებულები და დამსაქმებლები ამ გამოწვევის წინაშე დგანან, მთავარი კითხვა კი ის არის, თუ როგორ უნდა იმუშაონ ჰიბრიდულად ისე, რომ ორივე მხარემ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. აქ მარტოობის გრძნობის შემცირებაც იგულისხმება, რაც, თავის მხრივ, კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება. 

თუმცა არ გეგონოთ, რომ დისტანციური მუშაობით გამოწვეულ მარტოობას ოფისში გადასვლა მოაგვარებს. ეს საკითხი პანდემიამდეც აქტუალური იყო — თანამშრომლები, რომლებიც ოფისიდან მუშაობდნენ, თავს მარტოსულად გრძნობდნენ… უკეთესი ვარიანტი კი ჩვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება, სახლისა და ოფისის მიღმა ფიქრი იყოს, ანუ  მესამე ადგილი უნდა ვიპოვოთ, საიდანაც მუშაობას შევძლებთ — იქნება ეს კაფეები, სასტუმროები, მეგობრების სახლები თუ მუშაობისთვის განკუთვნილი სპეციალური სივრცეები. თანაც, კვლევამ გამოავლინა, რომ ე. წ. მესამე სივრციდან მომუშავე ადამიანები სოციალურად უფრო აქტიურები არიან, მიზეზი კი, შესაძლოა, ის მოქნილობა იყოს, რასაც, მაგალითად, საერთო სამუშაო სივრცეები სთავაზობს მათ…

საერთო სამუშაო სივრცეების ღირებულება სამსახურებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბების კუთხით

მსგავსი სამუშაო სივრცეების პირველი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ თანამშრომლებს თავადვე შეუძლიათ აირჩიონ სამუშაო გარემო და იურთიერთონ  სასურველ ადამიანებთან. ეს ყველაფერი დასაქმებულთა კმაყოფილების, პროდუქტიულობისა და შენარჩუნების მაღალ მაჩვენებლებს გვაძლევს შედეგად. 

კიდევ უფრო კარგი კი ის არის, რომ მარტო თქვენს კოლეგებთან ურთიერთობა კი არა, არამედ სხვა ორგანიზაციის თანამშრომლებთან კონტაქტიც შეგიძლიათ, ამის საშუალებას კი კვლავ ერთ ფიზიკურ სივრცეში ყოფნა მოგცემთ. აქვე სხვა დადებითი მხარეების განხილვაც შეგვიძლია:

თანამშრომლებისგან გათავისუფლება — აქ კოლეგებთან არასაჭირო ინტერაქციების თავიდან აცილებაზე საუბრობენ, რაც განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად მიკროაგრესიის მსხვერპლნი არიან…

ურთიერთობებისთვის პარტნიორების მრავალფეროვნება — აქ შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სტანდარტულად თქვენს ოფისში ყოფნით ვერ გაიცნობდით, შესაბამისად, თქვენი გამოცდილებებიც უფრო მრავალფეროვანი გახდება. 

ოფისის კონკურენციისა და შეფასების წნეხისგან შესვენება — იმის გამო, რომ საერთო სამუშაო სივრცის კოლეგებს არ აქვთ პირდაპირი გავლენა დასაქმებულის რეპუტაციასა თუ შეფასებაზე, მათთან ინტერაქცია უფრო უსაფრთხო შეიძლება იყოს და ამან მეტი თავისუფლებაც მოგცეთ.

სხვა ადამიანებთან ერთად მიღებული ნორმებისა თუ მექანიზმების ერთობლიობა — ადამიანები, რომლებიც საერთო სივრცეებში მუშაობას ირჩევდნენ, ამას ისე აღწერდნენ, თითქოს, რაღაც სოციალური მოძრაობის ნაწილი ყოფილიყვნენ. საერთო სამუშაო სივრცეების უმეტესობა ერთობლივ წესებს აყალიბებს და მათ მენეჯერიც ჰყავთ, რათა ამ წესებთან შესაბამისობაზე იზრუნოს. 

ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად გამიზნული აქტივობები — ამ საზოგადოებების მენეჯერები ზრუნავენ ფორმალურ და არაფორმალურ საკითხებზე, რათა ურთიერთობების დამყარებასა და პროფესიულ განვითარებას შეუწყონ ხელი, იქნება ეს სემინარებისა თუ ლანჩების მეშვეობით. ამის გამო კი დასაქმებულებს საშუალება აქვთ, ისეთი მდიდარი პერსონალური კავშირები დაამყარონ, რომლებსაც ვერც სახლში და ვერც ოფისში მუშაობით მიიღებდნენ. 

რა უნდა გააკეთონ თანამშრომლებმა, რათა საერთო სივრცეში მუშაობის იდეას შეუწყონ ხელი? — 5 გზა

1. მიაწოდეთ თანამშრომლებს ინფორმაცია პოტენციური სარგებლის შესახებ

მართალია, დღეს უკვე ბევრი ადამიანი მუშაობს საერთო სივრცეებში, მაგრამ მაინც დიდია იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომელთაც ეს ჯერ არ უცდიათ. მიზეზი მისი დადებითი მხარეების არცოდნაა. ზემოთ აღნიშნული საკითხები კი დაგეხმარებათ, მათ საერთო სივრცეში მუშაობის დადებითი მხარეები აჩვენოთ…

 2. დააფინანსებინეთ თქვენი ხარჯები

საერთო სივრცეში მუშაობას ადამიანები გარკვეული თანხის სანაცვლოდ ახერხებენ, ამიტომ, კარგი იქნება, თუ კომპანიები ამ ხარჯების დაფინანსებაზე იზრუნებენ. მაგალითად, ამ მეთოდს უკვე მიმართავს Spotify და Remote. 

3. შესთავაზეთ ის, რაც მათ სახლიდან გამოსვლის სურვილს გაუჩენს

ეს საერთო სივრცეებში მომუშავეთათვის ისეთი მოწყობილობების შეთავაზებას გულისხმობს, როგორებიცაა, მაგალითად ხმის ჩამხშობი, ყურსასმენი, დამტენები და სხვა. პარკინგსა და მგზავრობაზე ფასდაკლებებიც დაეხმარება მათ, უფრო ხშირად გამოვიდნენ სახლებიდან. 

4. მხარი დაუჭირეთ ურთიერთობების პროგრამებში მონაწილეობას

დამსაქმებლებს შეუძლიათ წაახალისონ თანამშრომლები, რათა უფრო მეტად ისარგებლონ პროგრამირების შეთავაზებით, იქნება ეს ყოველდღიური თანხა თუ უწყვეტი საგანმანათლებლო კრედიტები. ამასთან, მათ შეუძლიათ ისიც გაიგონ, თუ რა სახის ურთიერთობითი პროგრამა იქნება მათთვის მეტად გამოსადეგი. შესაძლოა, ეს კომპანიებთან პარტნიორობაც იყოს, რათა ახალი საზოგადოების მშენებლობის იდეა გამოცადონ. 

5. იზრუნეთ ტრენინგებსა და სახელმძღვანელო წესებზე

ბევრ თანამშრომელს, განსაკუთრებით ახალბედებს, პროფესიულ გარემოში ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება უჭირთ. ტრენინგები კი მათ პიროვნული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება და ასწავლის, მაგალითად, როგორ აქციოს ერთჯერადი კონტაქტი მნიშვნელოვან კავშირად. საერთო სამუშაო სივრცე უსაფრთხო ზონაა, სადაც მათ შეუძლიათ, გამოცადონ თავიანთი უნარები და გაიფართოონ სანაცნობო წრე. 

ხოლო, იმისათვის, რომ საერთო სამუშაო სივრცეში გადასვლის წარმატებული გეგმა შეადგინოთ, მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს მოქნილობის საშუალება კვლავ მისცეთ. ამას კი უბრალოდ ერთ პროვაიდერთან კონტრაქტის გაფორმებით ვერ მოახერხებთ, პირიქით, უმჯობესი იქნება, თუ მათ სამუშაოდ სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებთ.

დაბოლოს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დასაქმებულთა მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, მენეჯერების ინტერესს სწორედ ის უნდა წარმოადგენდეს, თუ როგორ დაეხმარონ თანამშრომლებს მარტოობასთან გამკლავებაში. 

 

წყარო: HBR



კვება, ვარჯიში და ორსულობა – ყველაფერი, რაც ამ თემაზე გაინტერესებთ

AI რობოტის მკლავი მხატვრებს ნამუშევრების შექმნაში დაეხმარება