in

როგორ უნდა მოვიქცეთ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ?

ამ ბოლო დროს ახალი ამბები სავსეა სათაურებით, რომლებშიც გიგანტი და ძლიერი კომპანიები სამსახურიდან ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებენ. წარმოგიდგენიათ, რას გრძნობენ ეს ადამიანები? ხშირად ოჯახთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე ფიქრობენ, ეძებენ პასუხს კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთონ, რა დროსაც შფოთვა, მწუხარება, ბრაზი და იმედგაცრუება ნაცნობ გრძნობებს წარმოადგენს. შესაძლოა, ამის გამო რცხვენოდეთ კიდეც…

pasha-statiebi
pasha-statiebi

ეჭვგარეშეა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. საკუთარი თავის დადანაშაულებას ვიწყებთ, მაგრამ ემოციების პირველი ტალღის გადავლის შემდეგ ვხვდებით, რომ ის, რითაც თავს ვიწამლავთ, არასწორია… სამსახური არ განსაზღვრავს თქვენს ღირებულებას, არც შემოსავლები — მთავარია, ვინ ხართ თქვენ, როგორც პიროვნება. ამიტომ, ვალდებული ხართ, საკუთარ თავზე იზრუნოთ.

აქ კი იმ რამდენიმე გზას გაგიზიარებთ, რომლებიც ახალი ამბით გადაღლილს საკუთარ თავზე ფოკუსირებაში დაგეხმარებათ:

შემოიღეთ ყოველდღიური რუტინა — ადამიანებისთვის, რომელთაც ოჯახური პასუხისმგებლობები აქვთ, არსებობს ერთი უწყვეტი განრიგი: ბავშვები სკოლაში უნდა წაიყვანონ, შემდეგ მოიკითხონ… ეს ქმნის სტრუქტურას, რომელიც ფოკუსირებაში გეხმარებათ მაშინაც კი, როცა სამსახურიდან გათავისუფლებენ. 

ხოლო სხვებმა ამ სტრუქტურის შექმნაზე განზრახ უნდა იზრუნონ და ეს ისეთივე მარტივი შეიძლება იყოს, როგორიც რეზიუმეს მოწესრიგება ან Netflix-ის ყურებაა. კარგი იქნება, თუ კონკრეტულ კურსზე ჩაეწერებით ან რაღაც ღონისძიებებს დაესწრებით. ასე ჩაერთვებით აქტივობებში, რომლებიც თქვენს თავდაჯერებასა და შესაძლებლობებზე დადებითად აისახება, ან უბრალოდ, გაერთობით მაინც.

დაისახეთ მიზნები თქვენი ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობისთვის — ახალი სამსახურის ძებნაც ცალკე სამსახურია და აქ ვიცით, რომ გსურთ საუკეთესოდ გამოჩნდეთ და არა, იმედგაცრუებულ ადამიანად. ამ ამბავში მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან დაგეხმარებათ, რადგან შფოთვის დონე შემცირდება და კონცენტრირებასაც უკეთ შეძლებთ. ფიზიკური ვარჯიში და უკეთესი ძილის რეჟიმი მეტ ენერგიას შეგძენთ და თავს უფრო ბედნიერადაც გაგრძნობინებთ. 

ფოკუსი საკუთარი თავიდან სხვებზე გადაიტანეთ — როცა დაიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა მოგივათ, რა დაგემართებათ, ენერგიები დაღმასვლას დაიწყებს და დეპრესიაშიც ჩაგაგდებთ. ხოლო თუ დაფიქრდებით, რომ ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, განწყობაც და ენერგიებიც საპირისპიროდ შემობრუნდება. უბრალოდ ჰკითხეთ სხვებს, როგორ არიან და თქვენ როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება. როცა საკუთარ თავზე ზრუნავთ, ენერგიაც გაქვთ იმისათვის, რომ სხვებს ემსახუროთ. სხვების მხარდაჭერა კი, თავის მხრივ, გარკვეულ ენერგიას მოგცემთ, ასე, თქვენი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება და დასაქმების შანსებიც გაიზრდება. 

შექმენით საზოგადოება — შესაძლოა, სამსახურის გადატვირთული რეჟიმის გამო უამრავ ადამიანთან აღარ გქონდათ ახლო კონტაქტი, მაგრამ როგორც კი ისინი ახალი ამბის შესახებ გაიგებენ, აუცილებლად მოგიკითხავენ. მათთან საუბარი ძალიან დაგეხმარებათ, კონკრეტულ საკითხს მეტად მარტივად და იუმორითაც კი შეხედოთ, მაგალითად, თუ ისაუბრებთ, რისი კეთება შეგიძლიათ კონკრეტული საქმის გარდა… ამასთან, თქვენ ახლა უფრო მეტი დრო გაქვთ, რათა გააახლოთ და გააღრმაოთ ეს ურთიერთობები, ან სულაც, ახალი დაამყაროთ. სტატისტიკაც კი გვეუბნება, რომ სოციალური კავშირები ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და ასე, თქვენც უფრო დიდხანს ცოცხლობთ.

აღნიშნეთ, ვის ადანაშაულებთ?

თითების გაშვერა ამ დროს ბუნებრივი ამბავია, იქნება ეს თქვენი უფროსის თუ საკუთარი თავის მიმართ. აქ თქვენს უარყოფით ემოციებს პატივი უნდა სცეთ, რადგან მათზე თვალის დახუჭვა სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. ცოტა ხანში კი აღმოაჩენთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არავის დადანაშაულება გეხმარებათ. ერთადერთი პრაქტიკული კითხვა, რომლის დასმაც ამ დროს ღირს, ის კი არ არის, თუ ვინაა დამნაშავე, არამედ: კარგი, ეს მოხდა, მაგრამ ახლა რა? როგორ უნდა გავაგრძელო?.

მოიპოვეთ ნდობა

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ორგანიზაციისადმი თუ საკუთარ თავთან ნდობის დაკარგვა მარტივია, მაგრამ ეს ხშირად იმით არის გამოწვეული, რომ თქვენ უფრო დიდ სურათს ხედავთ. იმაზე ფიქრს, რა იქნება მომავალში ფინანსური არასტაბილურობაც ან სხვა ოჯახური პასუხისმგებლობები ართულებს… მაგრამ ეს შესაძლებლობად უნდა ჩათვალოთ, რომელსაც კომფორტის ზონიდან გამოჰყავხართ და გიბიძგებთ, რაღაც ახალი გააკეთოთ.

ენდეთ საკუთარ თავს — გაიხსენეთ ის ნდობა, რომელიც საკუთარ თავს წარსულში არსებულ რთულ სიტუაციებში გამოუცხადეთ, ეს შვებას მოგიტანთ და გაგაძლიერებთ.

ენდეთ სხვა ადამიანების კეთილ სურვილებს — მათ თქვენი დახმარება სურთ, უბრალოდ უნდა სთხოვოთ ეს. შესაძლოა, როცა თქვენი გათავისუფლების შესახებ გაიგებენ, ამაზე თავადაც მოგმართონ და ამხელა მოულოდნელი მხარდაჭერით გაოცებულიც კი დარჩეთ.

ფოკუსირდით იმაზე, რაც რეალურად გსურთ

ცხოვრება იმდენად გადატვირთულია, რომ შეიძლება საკუთარი თავისთვის ისეთი მნიშვნელოვანი კითხვის დასასმელადაც ვერ მოიცალოთ, როგორიცაა: რა მინდა რეალურად?.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ კი, დაფიქრდით, რის კეთებას ისურვებდით? რომელი პროფესია დაგეხმარებათ საკუთარი თავის სრულად გამოხატვაში? შესაძლოა, კომპიუტერთან ჯდომა თქვენთვის ჩვეული ამბავი იყოს, მაგრამ ადამიანებთან ინტერაქციით უფრო დიდ სიამოვნებას იღებდეთ. კარგი იქნება, თუ თქვენს ძველ ოცნებებსაც არ დაივიწყებთ.

თუმცა აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრ ადამიანს სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ სესხებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების გამო დროის ფუფუნება არ აქვს, მათ კი კარგი არჩევანის გაკეთებაში უბრალოდ გაჩერება და არსებული სიტუაციის გააზრება შეიძლება დაეხმაროს.

დაბოლოს, სამსახურიდან გათავისუფლება ცვლილების, რაღაც ახლის, ზრდისა და სწავლის შესაძლებლობად ჩათვალეთ, რომელიც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ეს პროცესი კი მეტად გამარტივდება, თუ საკუთარ მენტალურ კეთილდღეობაზეც იზრუნებთ.

 

წყარო: HBR



როგორ გამოიმუშაოთ ფული მიკრო-ინფლუენსერობით?

Fitpass — კომპანია, რომელიც ჯანსაღ აქტივობებს 150-მდე ობიექტში აერთიანებს