in

რამდენად ზემოქმედებს სამუშაო გარემო თქვენს პროფესიულ ცხოვრებაზე?

ჩვენ ვმუშაობთ ოფისიდან, სახლიდან, საძინებლიდან, საერთო სამუშაო სივრცეებიდან, საყვარელი ან უბრალოდ ახლოს მდებარე კაფედან… შესაძლოა, ყველას არა, მაგრამ ბევრს გვაქვს სამუშაო ადგილის არჩევის ფუფუნება და ეს ჩვენს კარიერასა თუ ე. წ. „თვითშეგრძნების“ დონეს აყალიბებს. ახლა კი გეტყვით, რა უნდა გაითვალისწინოთ იმისათვის, რომ თქვენი სამუშაო სივრცე სამსახურში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის მიღებაში დაგეხმაროთ.

თანამედროვე სამუშაო ადგილების ფორმა და ფუნქცია

სამუშაო ადგილები შედგება ელემენტებისგან, რომლებიც ზემოქმედებს ჩვენი ინტერაქციისა თუ პროდუქტიულობის მასშტაბზე:

  • ფუნქციური — ფიზიკური ატრიბუტები, რომლებიც ამარტივებს ჩვენს მუშაობას
  • სენსორული — განათება, ხმები, სუნი, ტექსტურა, ფერები და ხედები
  • სოციალური — შესაძლებლობები ინტერპერსონალური ინტერაქციებისთვის
  • დროული — ჩვენი წარსული მიღწევების ან სამომავლო მისწრაფებების ნიშნები

თუმცა სამუშაო ადგილები ამაზე ბევრად მეტია და ჩვენს პროფესიულ იდენტობას წარმოშობს — ვინ ვიყავით ჩვენ, ვინ ვართ ახლა და როგორი თანამშრომლები გვინდა ვიყოთ. ასე ვთქვათ, ჩვენი იდენტობები სამუშაო ადგილებს გადაეჯაჭვა. 

პროცესი ორმხრივია: ადგილები გვაყალიბებს ჩვენ და, პირიქით. შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ სხვადასხვა მოტივიც, იქნება ეს ჩვენი ფუნდამენტური საჭიროებები სახლისთვის, მიკუთვნებისა თუ მიმღებლობის გრძნობა, სწავლისა თუ ზრდის შესაძლებლობა… ერთი მხრივ, სამუშაო ადგილები საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენაში გვეხმარება, თუმცა მეორე მხრივ, მას შეუძლია სრულიად გაყინულ მდგომარეობაში გვამყოფოს. სწორედ ამიტომ, გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეთ:

1. გააკეთეთ ამჟამინდელი სამუშაო ადგილის/ადგილების აუდიტი

იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ გამოცდილებაზე, როგორ გაგრძნობინებთ ეს თავს, რის საშუალებას გაძლევთ და რაში გზღუდავთ. დრო დაუთმეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემას:

  1. ზოგადად, რას გრძნობთ თქვენს სამუშაო ადგილზე? ეს გამშვიდებთ, გაღიზიანებთ, ენერგიას გაძლევთ, ყურადღებას გიფანტავთ თუ ფოკუსირებაში გეხმარებათ?
  2. როგორ აისახება თქვენი სამუშაო გარემო დავალების შესრულებაზე? კარგად მუშაობთ თუ ფიზიკური/სოციალური ბარიერები გიშლით ხელს?
  3. რამდენად ზემოქმედებს სამუშაო გარემო სოციალურ ურთიერთობებზე? პატივისცემას გრძნობთ თუ იზოლირებული ხართ, გუნდში ხართ თუ მის გარეთ?
  4. თქვენი სამუშაო ადგილი ასახავს თქვენსავე პროფესიულ მოგზაურობას? გახსენებთ თუ არა ეს, სად იყავით თავიდან და როგორ პროგრესირდით? გაძლევთ თუ არა საშუალებას, სამომავლო მიზნები განსაზღვროთ?

2. შეაფასეთ ადგილის ელემენტების პერსონალური მნიშვნელობა

შეფასების ეს ნაწილი საკუთარ თავზე დაკვირვებას მოითხოვს. დააკვირდით ზემოთ მოცემულ კითხვებზე მიღებულ პასუხებს, რამდენად შეესაბამება თქვენი სამუშაო გარემო იმას, ვინც გინდათ რომ იყოთ. მაგალითად თუ ბუნების მოყვარული ხართ, ყველაზე პროდუქტიული იმ გარემოში იქნებით, სადაც ბევრი მცენარეა და არა, ბეტონის ჯუნგლებში მოთავსებულ ოფისში. 

შემდგომ კი წარმოიდგინეთ თქვენთვის იდეალური სამუშაო ადგილი — რომელ ელემენტებს აიღებდით თქვენი წარსული, ამჟამინდელი თუ სასურველი სამუშაო სივრციდან? როცა საკუთარ თავს გუნდის კარგ ხელმძღვანელად წარმოიდგენთ, სად ხედავთ თავს?

აქ ე. წ. ბრეინშტორმინგის მეთოდიც გამოგადგებათ — იფიქრეთ, რისი გაუმჯობესება გსურთ, რას უნდა დაუთმოთ მეტი სივრცე თუ ყურადღება და როგორ გეხმარებათ სამუშაო ადგილები ამის მიღწევაში. სად ხედავთ გაუმჯობესების შესაძლებლობას? იდენტობაზე დაფუძნებული მიდგომა იმის შესაფასებლად, თუ სად ხართ ახლა და სად გინდათ რომ იყოთ, თქვენთვის სასურველი ადგილის შექმნაში დაგეხმარებათ.

3. იმოქმედეთ

ჩაერთეთ ადგილის შექმნის პროცესში, რათა უკეთ ასახოთ, ვინ ხართ თქვენ და ვინ გინდათ, რომ იყოთ. ამჟამინდელი სამუშაო ადგილი გაკმაყოფილებთ თუ რაღაც ახლის პოვნა გსურთ, რომელიც მეტად დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში? მაგალითად, თუ სახლში პირადი ოფისი არ გაქვთ, შეგიძლიათ ოჯახის წევრებს მოელაპარაკოთ, რომ არ შეგაწუხონ ან თუ ხმაურიან ადგილზე მუშაობთ და სიმშვიდე გჭირდებათ ამისთვის ხმის ჩამხშობი ყურსასმენები გამოიყენოთ. 

ახლა კი რამდენიმე იდეას მოგაწვდით, თუ როგორ შექმნათ სამუშაო ადგილი:

თქვენი სამუშაო სივრცე პერსონალური გახადეთ — შესაძლოა, ორგანიზაციები სოციალური ინტერაქციის ან, პირიქით, იზოლაციის ადგილი იყოს, ეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეესაბამება ერთმანეთს ჩვენი იდენტობა და ორგანიზაცია. თქვენი სამუშაო ადგილის პერსონალიზებით კი სამსახურში საკუთარი სივრცის შექმნას შეძლებთ. სწორედ ამიტომ ვხედავთ სამუშაო სივრცეებში კონკრეტული ინდივიდების ჯილდოებსა და დიპლომებს, ეს მათში თბილ ემოციებს აღძრავს და სივრცეს მეტად პერსონალურს ხდის. 

ჩაანაცვლეთ თქვენი სამუშაო ადგილი — თუ რაღაც პრობლემას ვერ აგვარებთ ან შთაგონებას ვერ გრძნობთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ დღეში რამდენიმე საათი სხვა ადგილზე უნდა იმუშაოთ. კვლევის თანახმად, გარემოს ცვლილება, თუნდაც ეს ჭერის სიმაღლე ან ბუნებრივი ელემენტები იყოს, დადებითად ზემოქმედებს ჩვენს გონებაზე. თუ სხვაგან წასვლა გეზარებათ, ერთ შენობაში არსებულ სხვადასხვა ოთახში შეგიძლიათ გადაადგილდეთ. 

იპოვეთ თქვენთვის სასურველი კავშირი სამუშაო ადგილის მეშვეობით — ადამიანები, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, თავს ხშირად იზოლირებულად გრძნობენ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ისინი ერთ დღეს ოფისში გაატარებენ ან თუნდაც, რამდენიმე საათს გადატვირთულ კაფეში. გადატვირთულში კი იმიტომ, რომ ამ ცვლილებით კვლავ სახლში არსებული გარემოს მსგავსი სიჩუმე არ მიიღონ… 

თქვენი სამსახურის სოციალური ლანდშაფტის აგება იმის ცვლილებითაც შეგიძლიათ, თუ როდის და როგორ იურთიერთოთ სხვებთან — ვისთან ურთიერთობთ, როცა დილით ყავას იკეთებთ? როგორ ურთიერთობთ კოლეგებთან, როცა რაღაცის კითხვა გსურთ, მისგან რჩევის მიღება ან იდეის გაზიარება? ანიშნებთ, რომ ხელმისაწვდომი ხართ?

დააწესეთ თქვენი საზღვრები — რთულია, ყოველთვის ჩართულ მდგომარეობაში ყოფნა. უნდა ვაკონტროლოთ საზღვრები ჩვენს როლებს შორის, რომ ვიყოთ მშობლები, თანამშრომლები ან როკ ჯგუფის წევრები. ეს სამსახურში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის წარმოჩენაშიც კი დაგეხმარებათ. 

დაბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენს აზროვნებაზე. აშკარა გახდა, რომ სამუშაო ადგილები აყალიბებს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს, ზემოქმედებს ჩვენს პროდუქტიულობასა და კეთილდღეობაზე… სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილის შერჩევისას ზემოთ მოცემული რჩევები გავითვალისწინოთ. 

 

წყარო: HBR



ბრენდი, რომელმაც ნებისმიერ დროს და ადგილას გადაადგილება გაამარტივა – Uber

Samsung Galaxy A54 5G და Galaxy A34 5G: საოცარი გამოცდილება ყველასთვის