in

როგორ მოქმედებენ საუკეთესო გუნდები არასტაბილურ სიტუაციებში?

გლობალურ ეკონომიკაში ბევრი რამ ხდება, იქნება ეს ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთების ზრდა, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება თუ გეოპოლიტიკური დაძაბულობები… მომხმარებელთა მოლოდინებიც იზრდება, კონკურენციაც ინტენსიური ხდება და ფსონებს ინვესტორებიც მაღლა წევენ. გამოდის, არასდროს იქნებოდა ისეთი რთული გუნდის ხელმძღვანელობა, როგორიც ახლაა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ზოგიერთ კომპანიას მასთან გამკლავება განსაკუთრებით კარგად გამოსდის, ზოგიერთი ნორმალური ტემპით მიდის, ზოგიც კი ბევრად ჩამორჩება. როგორც აღმოჩნდა, მათ შორის წარმატებულ ხელმძღვანელ გუნდებს ქვემოთ მოცემული 7 ფაქტორი აერთიანებთ:

ქმნიან კულტურას, რომელიც კომპანიას პირველ ადგილზე აყენებს

ეს იმის კეთებას გულისხმობს, რაც ბიზნესისა და მასში მომუშავე ადამიანებისთვის სწორია, ინდივიდუალური დღის წესრიგისა თუ მიზნების დასახვის ნაცვლად… 

ფიქრობენ და მოქმედებენ საწარმოს მასშტაბით

ეფექტური გუნდები ამჩნევენ მათ როლს იმ ინდივიდუალური ერთეულის მიღმა, რომელსაც მართავენ. კვლევისას ციფრული ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გუნდის მეწარმეობაზე ფოკუსირებულმა აზროვნებამ მომხმარებელთა გამოცდილების ხელახლა წარმოდგენის საშუალება მისცა მას, რამაც ბანკი საუკეთესო შედეგებამდე მიიყვანა. ამას საწარმოს მასშტაბით მონაცემების გაზიარებითა და მართვისას საერთო წესების დაცვით მიაღწიეს. 

ინარჩუნებენ მუდმივ ფოკუსს ბიზნესის ახალ გზებზე

ხშირად ხელმძღვანელები დროის უმეტესობას ბიზნესის მართვას უთმობენ, ხოლო ბიზნეს მოდელების ახალი გზების ცდა სულ ავიწყდებათ… თუმცა ძლიერი კომპანიებისთვის ეს პრიორიტეტული საკითხია — აქ მეტად გაბედულ ქმედებებს მიმართავენ, რაც მოიცავს ბიზნესის დისციპლინისა და ხარჯების მართვას, ყველაფრის გამარტივებას და ყველაფრის ცდას წარმატების მისაღწევად. 

ათავისუფლებენ დროს რთული საქმეებისთვის

ბიზნესისთვის ახალი გზების მოფიქრება სრულგანაკვეთიანი სამუშაოა და მას სწორედ ამ საკითხზე მიმართული გონება სჭირდება, რომელიც სხვა ყოველდღიური საქმეებით არ არის დატვირთული. მაღალი შედეგების მქონე ხელმძღვანელთა გუნდებიც ასე იქცევიან — დროს რთულ საკითხებზე ფოკუსირებისთვის გამოყოფენ და ყოველდღიურ საქმეებს სხვებს ავალებენ.

ინკლუზიურები არიან განსხვავებული წარმომავლობებისა და უნარების მიმართ

ეს გულისხმობს გენდერის, ეთნოსის, შეხედულებების, წარმომავლობისა თუ უნარ-ჩვევების ინკლუზიურობას. კომპანია მეტად ინოვაციური რომ იყოს და ტრანსფორმაციებიც დააჩქაროს, სწორედ სხვადასხვა გამოცდილებისა და პერსპექტივის მქონე თანამშრომლები სჭირდება. 

ჯანსაღ დებატებს მიმართავენ

კარგი გუნდების წევრებს ჯანსაღი დებატები აქვთ, ღიად საუბრობენ დადებით და უარყოფით მხარეებზე და ერთად ეძებენ ალტერნატივებს. ტრანსფორმაციამდე ბევრ დროს ხარჯავენ სასურველი შედეგებისა და ბიზნეს მოთხოვნების შესათანხმებლად. გუნდების ჩართვა ღია გულწრფელ დისკუსიებში აუცილებელია. ეს კი ხელმძღვანელებისთვის გუნდის დატრენინგებასაც შეიძლება გულისხმობდეს, თუ როგორ გააზიარონ სხვადასხვა მოსაზრება და გამოწვევა, ან როგორ მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე ჯანსაღი დებატების ფორმატში. 

თავმდაბლობისა და ობიექტურობისკენ ისწრაფვიან

ნებისმიერი კომპანიის ლიდერისა თუ აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისთვის თავმდაბლობა აუცილებელი უნარია, რადგან ეს შემდგომში ორგანიზაციის ყველა დონეზე ვრცელდება. ის არაჯანსაღ თვითკმაყოფილებასთან გამკლავებაშიც გვეხმარება. მართალია, კომპანიების უმეტესობას ბევრი რამ აქვს საამაყო, მაგრამ აქცენტი თუ სულ წარსულზე გაკეთდა და არა, მომავლის შესაძლებლობებზე, სხვა კომპანიები გვაჯობებენ.

საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთ ხელმძღვანელს მიმდინარე საქმიანობის, კომპანიის პოზიციისა და შედეგების ობიექტურად შეფასებაც უჭირს. აქ კი წამყვანი კომპანიები თავს ვალდებულად თვლიან, მუდმივად ობიექტურები იყვნენ როგორც შედეგების გაუმჯობესებისას, ისე კონკურენტულ გარემოში ჩართვის დროს.

მართალია, ჩვენ არ ვიცით, რას მოიტანს მომავალი, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოულოდნელი ამბები კვლავ იჩენს თავს. ასეთ გარემოში კი ეფექტური ხელმძღვანელების გუნდები საუკეთესო შედეგებს აღწევენ. ხელს უწყობენ ზრდას, აუმჯობესებენ აქციონერთა ღირებულებას და მეტ სიამოვნებას იღებენ ამ გზაზე — მუშაობენ ერთად და გუნდის წარმატებას აზიარებენ, რაც, თავის მხრივ, მეტ ღირებულებას ქმნის მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის. 

 

წყარო: HBR



ახალი ტექნოლოგიით თვალებში არეკლილ ობიექტებს 3D ვიზუალებად გარდაქმნიან

რა სტილს ირჩევენ საკვები პროდუქტების შეფუთვისას თანამედროვე კომპანიები?