in

როგორ უნდა აირიდოთ თავიდან შვებულების შემდეგ ბევრი მუშაობა?

შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებას დაგროვებული საქმეებისა თუ იმ სამუშაო კულტურის გამო, რომლისთვისაც თქვენი დასვენება პრიორიტეტული არ არის, თან დიდი შფოთვა ახლავს. არადა, მეტად ჯანსაღი და დაბალანსებული მიდგომა არსებობს, რომელიც დაბრუნებაში დაგეხმარებათ ისე, რომ მთლიანი დასვენება წყალში არ ჩაგეყაროთ. 

pasha-statiebi
pasha-statiebi

დასვენება მნიშვნელოვანია

მოდით, პირველ რიგში იმაზე შევთანხმდეთ, რომ სამსახურის სტრესისგან პერიოდული შესვენებები უბრალოდ კარგი კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანიცაა მდგრადი შედეგებისა და განვითარებისთვის. ზუსტად ისე, როგორც სპორტსმენები ისვენებენ საუკეთესო შედეგების მისაღწევად, თანამშრომლებსაც სჭირდებათ განტვირთვა, რათა თავიანთი ფიზიკური თუ მენტალური რესურსი შეივსონ. 

კვლევამაც აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც არ ისვენებენ, დაბალი მოტივაციის, დაბალი პროდუქტიულობისა და გამოფიტვის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო საპირისპირო შემთხვევაში უკეთეს ძილის რეჟიმს, სამსახურით კმაყოფილების მაღალ მაჩვენებლებს, მეტ ჩართულობასა და უკეთეს შედეგებს ვიღებთ. დღის განმავლობაში მიკრო შესვენებებიც კი საუკეთესოდ მუშაობს, იქნება ეს გაწელვები, სუნთქვითი ვარჯიშები თუ სუფთა ჰაერზე გასეირნება.

მიუხედავად ამ აშკარა სარგებლისა, დღეს დასაქმებულები ნაკლებად იღებენ შესვენებებს. თუნდაც იმიტომ, რომ ეშინიათ, რაღაცებს არ ჩამორჩნენ, ასე დაწინაურების შანსები არ შეამცირონ ან სამსახურის დაკარგვის რისკი არ გაზარდონ. ამასთან იმაზეც ფიქრობენ, რომ კოლეგებს შვებულების აღებით ბევრი საქმე დაეკისრებათ…

ეცადეთ, შვებულების შემდგომ ბევრი არ იმუშაოთ

ხშირად დასაქმებულები დაკარგული დროის ბევრი მუშაობით ანაზღაურებას მიმართავენ ან ამას მეტად კეთილი ზრახვები აქვს, როგორიც კოლეგებისთვის საქმის შემსუბუქებაა. იმის სურვილიც აქვთ ხოლმე, რომ სხვებს მათი პასუხისმგებლობის დონე აჩვენონ… მიუხედავად არსებული მოტივაციებისა, ასე ორ უკიდურესობაში ექცევით, რაც ზრდის სტრესს და ხელსაც გიშლით, ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეთ.

აი, რა სტრატეგიებს უნდა მიმართოთ არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად:

გადაინაცვლეთ შედეგებზე ორიენტირებული აზროვნებისკენ მაღალი პროდუქტიულობა და ეფექტური დასვენება არასდროს იგულისხმებოდა განცალკევებულად, თუმცა კორპორატიულ სამყაროში პირველ მათგანს უფრო მეტი ყურადღება ექცევა. იმის ნაცვლად, რომ შვებულება უკანასკნელ ვარიანტად განიხილოთ მხოლოდ მაშინ, როცა გამოიფიტებით და არაპროდუქტიული გახდებით, გაიხსენეთ სპორტსმენები და აიღეთ მათგან მაგალითი, რაც რეგულარულ შესვენებებს გულისხმობს. 

აღკვეთეთ ან გაამარტივეთ დაბრუნების შოკი— მშვიდი ადგილიდან სამსახურის ქაოსში გადასვლა რომ გამარტივდეს, დამცავ ბარიერებს უნდა მიმართოთ. შესაძლოა, სამსახურში გასვლამდე ერთი დღე საკუთარ თავს მიუძღვნათ, რათა გარემოს ცვლილებისთვის მენტალურად და ფიზიკურად მოემზადოთ. ეცადეთ, არც თქვენი კალენდარი გადატვირთოთ, რითაც ჭარბად მუშაობასაც აირიდებთ თავიდან.

გამოიყოლეთ დასვენების მაგია კონკრეტულად, რა დაგეხმარათ დასვენებაში, ენერგიების აღდგენასა და საკუთარი თავის პოვნაში? ვარჯიში? თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან დაკავშირება? ჰობი, რომელიც მუშაობისას მივიწყებული გქონდათ? უბრალოდ თავისუფალი დროით ტკბობა? რაც უნდა ყოფილიყო ეს, ეცადეთ კონკრეტული აქტივობები თქვენთვის ჩვეულ სამუშაო კვირის რუტინაშიც ჩართოთ. გახსოვდეთ, რომ მცირე შესვენებებიც კი შეცვლის ყველაფერს. 

სანამ ახალ თხოვნებს დათანხმდებით, განიხილეთ უარყოფის ვარიანტი გაწუხებთ, რომ არ აღიარებენ თქვენს წვლილს ან არ გაწინაურებენ? თუ ასეა, შეჩერდით, ამოისუნთქეთ და გადახედეთ თქვენსავე ვარაუდებს. შესაძლოა, ყველაფერი მიიღოთ, რაც გსურთ ისე, რომ ამას არც თქვენი ჯანმრთელობა და არც კეთილდღეობა შეეწიროს. თუ არ შეგიძლიათ პრობლემური სივრცეების დადგენა ან თუ გსურთ, გაიგოთ, რა მოუხერხოთ მას, ქოუჩთან გასაუბრებაზეც დაფიქრდით. 

შეაფასეთ, დაუკავშირდით და შეინარჩუნეთ თქვენი საზღვრები შვებულებიდან დაბრუნების პერიოდი შესანიშნავი დროა თქვენი სამსახურის საზღვრების შეფასებისა თუ განახლებისთვის. აცნობეთ ყველას, როდის იქნებით ან არ იქნებით ხელმისაწვდომი სამსახურში. ხოლო, თუ იფიქრებთ, რომ სამსახურებრივი ვალდებულებები თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ გიბიძგებთ, ისაუბრეთ თქვენს ხელმძღვანელებთან პასუხისმგებლობების ცვლაზე ან დააკვირდით, შეგიძლიათ თუ არა მათი დელეგირება. საზღვრები დაგეხმარებათ თქვენს პოზიციაზე სხვების მოლოდინების განსაზღვრასა და დასვენების დროის დაცვაში. ამასთან, საშუალებას მოგცემთ, მენტალურადაც განცალკევდეთ სამსახურისგან. 

დატოვეთ ტოქსიკური სამუშაო გარემო, რომელიც მხარს არ უჭერს შვებულებებს და თანამშრომლების არასამუშაო საათებში მუშაობას აფასებს მსგავსი ტიპის სამუშაო გარემო გამოფიტვამდე მიგიყვანთ და თუ ახლავე არ შეგიძლიათ ყველაფრის მიტოვება, იზრუნეთ წამოსვლის სტრატეგიის შექმნაზე. 

დაგეგმეთ

შემდეგ ჯერზე, როცა შვებულებაში გასვლას გადაწყვეტთ, ეცადეთ, სამომავლოდ საქმე წინასწარ გაიმარტივოთ. მომზადება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეთ, გადაწყვიტეთ, ვისზე უნდა გადანაწილდეს არსებული პასუხისმგებლობები თქვენი არყოფნის დროს. საკონტაქტო ინფორმაციაც დაუტოვეთ და მიუთითეთ შვებულების პერიოდში, კონკრეტულად, რა დროს შეუძლიათ დაკავშირება. დაბრუნების რუტინაც წინასწარ შეადგინეთ. დაბოლოს, განიხილეთ, რა კონკრეტულ გამოწვევებს ან მარცხს მოელით? რა არის ამის მთავარი მიზეზი? რა არ ყოფილა ჯერ გათვალისწინებული? რა დამატებითი პრევენციული ნაბიჯების გადადგმა დაგჭირდებათ? ეს მარტივი, მაგრამ ძლიერი პროცესი დაგეხმარებათ წინასწარი გეგმის შემუშავებაში, რაც სამსახურში დაბრუნების პრობლემებსაც შეგიმსუბუქებთ. 

ამგვარად, პერიოდული შესვენებები საუკეთესო გზაა თქვენი ენერგიისა და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად. ხოლო, თუ წინასწარ დაგეგმვაც არ დაგეზარებათ, ასე სამსახურში დაბრუნებას მეტად უმტკივნეულოსაც გახდით.

წყარო: HBR



#სადანროგორ გავერთოთ 8-10 სექტემბერს — ღონისძიებების კალენდარი

თიბისის მხარდაჭერით, კომპანია „სანტი“ საქართველოს ქალაქებში მწვანე კუთხეების შექმნას გეგმავს