in

როგორ აისახება შვებულება თქვენს კეთილდღეობაზე?

შვებულება რომ კარგია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რეალურად, როგორ აისახება ეს ჩვენს კეთილდღეობაზე, ამას უკვე ცოტა ჩვენგანი თუ იაზრებს… ამაზე ისიც მოწმობს, რომ ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ ანაზღაურებად შვებულებაში გადის. რეალურად კი, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის, მნიშვნელოვანია, შვებულება უბრალოდ იმიტომ კი არ აიღოთ, რომ გეკუთვნით, არამედ იმიტომაც, რომ იაზრებთ მის სარგებელს. გუნდის წევრები უნდა წაახალისოთ კიდეც, დაგეგმონ დასვენების დღეები. არ აქვს მნიშნელობა, რას გააკეთებენ ისინი, იქნება ეს აუზზე წასვლა და კოქტეილები თუ რაღაც უფრო აქტიური და თავგადასავლებით სავსე, ეს დადებითად აისახება მათ გონებაზე, სხეულსა და სულიერ მდგომარეობაზეც კი… 

გონება

სამსახურით გადატვირთვას კოგნიტიური გავლენა აქვს, რაც გამოფიტვას, კონცენტრირების გართულებას, რაღაცების დავიწყებას, პრობლემების გადაჭრის უნარის გაუარესებასა და სხვა ეფექტებს მოიცავს. შვებულებაში გასვლა კი კარგი შესაძლებლობაა დასვენებისა და უკეთესი ძილისთვის, როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის თვალსაზრისით.

გონების დასვენება საშუალებას მოგცემთ, უკეთ იფიქროთ და თქვენი კრეატიულობაც გაზარდოთ. ეს როგორც დიდი, ისე მცირე ძალისხმევითაც გამოგივათ. კვლევის თანახმად, უბრალოდ გასეირნება დადებითად აისახება თქვენს შემოქმედებით უნარზე. უფრო ფართო მასშტაბზე კი, დასვენება მეტად ინოვაციური იდეებისთვის ქმნის შესაძლებლობას. 

შვებულების აღება ან თუნდაც, მისი დაგეგმვა თქვენს განწყობას აუმჯობესებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ადამიანები ძილის ნაკლებობას განიცდიან, რაც ხშირად სამსახურთან დაკავშირებული სტრესისა და შფოთვის შედეგია. ნაკლები ძილი კი მწუხარების, სიბრაზის, იმედგაცრუებისა და გაღიზიანების მდგომარეობებში შეიძლება გადაიზარდოს. გრძელვადიან პერსპექტივაში დემენციის რისკის ქვეშაც დაგაყენოთ… აი, დასვენება კი, სწორედ ამ ძილის დეფიციტის მოგვარებაში გეხმარებათ. ამერიკელ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანახმად, 60-90 წუთით მეტი ძილიც კი გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.

დასვენება პოზიტიურ ემოციებსაც ზრდის და დეპრესიას ამცირებს. მაგალითად ბუნებაში დროის გატარება ნეგატიურ აზრებს აქრობს და თქვენს საერთო ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას აუმჯობესებს. დასვენება და ძილი უკეთ ფიქრშიც გეხმარებათ, ასე მეტად ფოკუსირებული და პროდუქტიული ხართ, რაც სასარგებლოა როგორც ცალკეული ინდივიდებისთვის, ისე მათი დამსაქმებლებისთვისაც. Ernst & Young-ის კვლევის თანახმად, დასვენების ყოველი დამატებითი 10 საათით დასაქმებულთა პროდუქტიულობა 8%-ით გაუმჯობესდა. 

მეტიც, კიდევ ერთი კვლევა ამბობს, რომ შვებულების დროის სრულად გამოყენება თანამშრომელთა დაწინაურებისა და ხელფასის მატების შანსებს ზრდის. EY კვლევის თანახმად კი, ადამიანები, რომლებიც ხშირად ისვენებენ, ნაკლებად ტოვებენ კომპანიას. ექსპერიმენტებმაც დაადასტურა, რომ შვებულებაში გასვლა დადებითად აისახება კრეატიულობის, პროდუქტიულობისა და ბედნიერების მაჩვენებლებზე. 

სხეული

ყოველდღიური წნეხი სამსახურში სტრესის ჰორმონების კორტიზოლისა და ეპინეფრინის გაზრდილ დონეს უკავშირდება, რაც ფიზიკურ საფრთხეში ყოფნის მსგავსია… გაზრდილი სტრესის ჰორმონები თქვენს იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებს. აი, შვებულება კი, სტრესის ჰორმონების რაოდენობას ამცირებს და თქვენს იმუნურ სისტემას გაჯანსაღების საშუალებას აძლევს. ხოლო, თუ დასვენებას ხშირად გადადებთ რაღაც მიზეზების გამო, ეს მხოლოდ გაციებაში კი არ გამოიხატება, არამედ მეტად მოწყვლადს გაგხდით გულის დაავადებებისა და კიბოს მიმართ. 

749 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდები, რომლებსაც 6 წელში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ აღებული შვებულება, 8-ჯერ უფრო მეტად იყვნენ გულის პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიოდნენ შვებულებაში. ამგვარად, დასვენება სისხლში შაქრის დონესაც ამცირებს, კარგ ქოლესტერინის დონეებამდე მიჰყავხართ და გულის დაავადებებისგან სიკვდილის შანსებსაც ამცირებს. 

ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორ გაატარებთ დროს შვებულებისას, დამატებითი ფიზიკური სარგებლის მიღების შანსი გაქვთ. მაგალითად ბუნებაში ყოფნა თქვენს გულსა და არტერიულ წნევაზე დადებითად ზემოქმედებს. ისეთ ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა, როგორებიცაა ლაშქრობა, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა თუ სხვა წყალთან დაკავშირებული სავარჯიშოები თქვენი გულისა და სასუნთქი სისტემების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო ძლიერ ძვლებსა და კუნთებზე, რაც ასაკში შესვლასთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რაც შეეხება მასაჟებს, ეს უბრალოდ რელაქსაციის კარგი საშუალება კი არა, ფიზიკური სარგებლის მომტანი აქტივობაცაა, საუბარია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე, მოქნილობაზე, იმუნურ პასუხზე, კუნთების მდგრადობასა და ანთების შემცირებულ რისკზე.

სული

ძალიან ცოტას საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ზემოქმედებს შვებულება ჩვენს უფრო სიღმისეულ, სულიერ დონეზე. სულიერება კი ის არის, ვინც ჩვენ რეალურად ვართ მანამ, სანამ ოჯახი, მეგობრები, სამსახური თუ საზოგადოება გვიკარნახებს, ვინ უნდა ვიყოთ… 

ამგვარად, შვებულება საკუთარი თავის ნამდვილ ვერსიასთან დაბრუნებაში გეხმარებათ. როცა ადამიანები თავისთვის კომფორტულ თუ ბედნიერ ადგილებზე საუბრობენ, ამაში სწორედ იმ სივრცეებს მოიაზრებენ, რომლებიც ყოველდღიური წნეხისგან გათავისუფლების, საკუთარ თავთან სულიერ დონეზე დაკავშირებისა და სიმშვიდის შეგრძნების საშუალებას აძლევს მათ. სწორედ აქ შეგიძლიათ თქვენი ღირებულებების თავისუფლად გამოხატვა და იმის კეთება, რაც გაბედნიერებთ.

აქ ცხოვრებისეულ კითხვებს უნდა უპასუხოთ, მაგალითად რა მინდა რეალურად?, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის?, ასე უკეთ შევძლებთ, ჩვენივე შინაგანი ხმის მოსმენას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი მშვიდი სივრცე ძალიან დიდი დისკომფორტი შეიძლება იყოს მშფოთვარე პერფექციონისტებისთვის, რომელთაც უჭირთ არაფრის კეთება. არადა, სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ავთენტური მე ვიპოვოთ. თუმცა ეს თქვენი შემდგომი დასვენების მარტოობაში გატარებას ნამდვილად არ ნიშნავს, უბრალოდ დრო თქვენთვის საყვარელ ადგილზე უნდა გაატაროთ.

აი, მაშინ კი, როცა ჩვენსავე ავთენტურ ვარიანტებს სამსახურში ვაბრუნებთ, მეტად ფოკუსირებულნიც ვხვდებით, რაც კარიერული განვითარების შესაძლებლობებშიც შეიძლება გადაიზარდოს… 

გამოდის, თანამშრომლები შვებულების აღებით მენტალურ, ფიზიკურ თუ სულიერ დონეზე მიიღებენ სარგებელს, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლებზეც დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი თანამშრომლები რეგულარულად ისვენებენ. ასე მეტად მდგრად სამუშაო ადგილსაც შექმნით უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი თანამშრომლებით. 

 

წყარო: HBR



როგორ სწავლობს Iknow ბიზნეს საჭიროებებს და რა სარგებელს ქმნის ქართულ ბაზარზე

„კეთილი მგზავრობა“ — ახალი ეტაპი „ვისოლის“ განვითარების ისტორიაში