in

როგორ უნდა შევქმნათ ამბავი ბიზნეს სტრატეგიისთვის? — 5 გზა

Wildlife Conservation Society (WCS) წერდა, რომ 2015 წელს ბრაკონიერებმა 35 000 სპილო მოკლეს, მაგრამ ამასთან გასამკლავებლად მათ სამმაგი სტრატეგია ჰქონდათ: მკვლელობის, ტრეფიკინგისა და მოთხოვნის შეჩერება. ეს ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შედეგად, ამერიკასა და ჩინეთში სპილოს ძვლით ვაჭრობის აკრძალვა მოჰყვა. 

ძლიერი ამბების შექმნისა და გამოყენების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი სტრატეგიის წარმატებით განხორციელება, რათა დაგვეცვა ველური ბუნება და ველური სამყარო, — აცხადებს ჯონ კალველი, WCS-დან. 

ეს კომენტარი კარგი მაგალითია იმისა, რასაც ჩვენ სტრატეგიის ამბავს ვუწოდებთ. თუ ბიზნეს სტრატეგია ჩვეულებრივ რაციონალური პროცესებიდან იბადება და ფაქტებსა თუ ანალიზებს ეფუძნება, „სთორითელინგი“ ხშირად უკავშირდება მხატვრულ ლიტერატურასა და გართობას — თითქოს, ი სტრატეგიის ანტითეზას ჰგავს. მაგრამ ეს ორი სულაც არ არის შეუთავსებადი…

რისთვის არის სტრატეგია?

ბიზნეს სტრატეგია უბრალოდ კონკურენტული უპირატესობის ხელსაწყოა. ის მოითხოვს კომპანიის საწყისი პოზიციის, მისწრაფებებისა და შესაძლებლობების, კონკურენტების, მომხმარებელთა საჭიროებებისა და სიტუაციის დინამიკის ზედმიწევნით გაგებას. თუმცა ჭკვიანური სტრატეგია უბრალოდ საწყისი წერტილია იმათთან ჩასართავად, ვინც მათ განახორციელებს. ამასთან, სტრატეგიების კომუნიკაცია და გააზრება სწორად უნდა მოხდეს, თანაც, ისე, რომ ქმედებისთვის მოტივაცია გახდეს. 

სტრატეგიული დოკუმენტებისა თუ პრეზენტაციების უმრავლესობა სწორედ იმიტომ არის წარუმატებელი, რომ ეს ბოლო ასპექტი აკლია… კვლევის თანახმად, მენეჯერთა მხოლოდ 28%-მა შეძლო თავიანთი კომპანიების სტრატეგიული პრიორიტეტების სწორად დასახელება. სტრატეგიის ამბებს კი შეუძლია, არგუმენტებსა და ქმედებებს, განზრახვებსა და შედეგებს, სტრატეგებსა და განმახორციელებლებს შორის ხიდის აშენებაზე იზრუნოს. 

ამბების ძალა

შესაძლოა, ამბავი განიმარტოს, როგორც ნარატივი, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ მასში ჩაერთონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამბავი არ არის უბრალოდ ის, რისი კომუნიკაციაც ხდება, არამედ ისიც, რაც ზემოქმედებს აუდიტორიაზე. ამგვარად, ინდივიდებმა მსოფლიოს შესახებ ის იციან, რასაც ამბებით ვუყვებით. ჩვენი ტვინი მიდრეკილია გაიგოს ისეთი ნარატივი, რომელიც მოიცავს დრამატულ გამოწვევებსა და გმირებს, რაც ამ გამოწვევების გადალახვის პროცესად გარდაიქმნება.

ამბები უნდა მოიცავდეს სტრატეგიის ლოგიკურ შემადგენელ კომპონენტებსა და თხრობას, რომელიც აუდიტორიას მოქმედებისკენ უბიძგებს — ადამიანები უფრო ფრთხილად მაშინ კი არ ატარებენ მანქანას, როცა ყოველწლიურ სტატისტიკას აჩვენებთ, არამედ მაშინ, როცა კონკრეტული ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას მოუყვებით… კარგი ის არის, რომ ამბავს მეტი მოქნილობაც ახასიათებს, მას შეუძლია ახალი გარემოებები და სწავლებები აირეკლოს. ეს მეტად მორგებულსაც ხდის იმ სტრატეგიებთან, რომლებსაც დღევანდელ სამყაროში ითხოვენ — ანუ იქ, სადაც კონკურენცია ცვლად კონტექსტში რაღაცის სწრაფად სწავლას ეფუძნება. 

ზოგიერთი იმასაც გვეუბნება, რომ ჩვენ კომპლექსური სიტუაციების გაგება მხოლოდ ამბების საშუალებით შეგვიძლია ან გამარტივებით, რაც სისტემის საკმარისად კარგ განმარტებას გულისხმობს და ჩარჩოს მოქმედებისთვის, მოუხერხებელი, უინტერესო და გაუგებარი რაღაცების გარეშე. ბიზნეს სამყაროში ამბის ძალა მაშინ იგრძნობა, როცა საქმე ეხება მარკეტინგს… სტრატეგიები აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ისეთ სამყაროს, როგორსაც რეალურად ვხედავთ, მაგრამ ამასთან, უნდა შექმნას რაღაც ახალი და ღირებული წარმოსახვისა თუ ქმედებების საშუალებით. 

სტრატეგიები არის ამბები, რომლებიც იწყება ფაქტობრივ აწმყოში და განსაზღვრულია ჯერ კიდევ განუსაზღვრელ მომავალში, – აცხადებს ვეიტ ეტზოლდი, ბესტსელერის ავტორი და ბიზნეს სტრატეგი. 

შექმენით თქვენი სტრატეგიის ამბავი კოლექტიურად

ტრადიციულად, სტრატეგიის შექმნაზე ხელმძღვანელები და სტრატეგიის დეპარტამენტიდან სულ რამდენიმე ადამიანი თუ ზრუნავდა. ხოლო ახლა თანამედროვე ტენდენციის მიხედვით, სტრატეგიები ერთობლივად უნდა შევქმნათ, თანაც, დღეს ამის ბევრი საშუალება გვაქვს — იქნება ეს Zoom, Slack თუ AirBoard. როცა სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესი ღიაა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ახლოს არიან მომხმარებლებთან ან კონკურენტებთან, მიღებული შედეგი მეტად გასაგები ხდება ყველასთვის. თუმცა სტრატეგიის ამბავი არ ეხება მხოლოდ სტრატეგიის ნარატივთან დაახლოებას, იგი საუკეთესოდ მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ერთობლივად არის განვითარებული. სტრატეგიის ამბის შესაქმნელად კი ქვემოთ მოცემული 5 მეთოდი უნდა გამოიყენოთ:

1. შექმენით ფაქტობრივი კონტექსტი თქვენი ამბისთვის

კონკრეტული ამბის შესაქმნელად, ინფორმაცია 7 მთავარ ფაქტობრივ ინგრედიენტზე დაფუძნებით უნდა შეადგინოთ:

  • თქვენი კომპანიის აქტივობა
  • თქვენი კომპანიის აქტივები
  • თქვენი მომხმარებლების ქცევა
  • თქვენი მომხმარებლების ადგილმდებარეობა
  • თქვენი შემოსავლები
  • როგორ შეიცვალა თქვენი შემოსავლები დროთა განმავლობაში?
  • რამ გამოიწვია ეს ცვლილებები?

აქედან პირველი ორი ბიზნესის მომარაგების მხარეს აღწერს; შემდგომი ორი — მოთხოვნის; ხოლო დარჩენილი სამი მომარაგებასა და მოთხოვნას შორის არსებული ურთიერთობის საკითხებს ფარავს. 

2. გააძლიერეთ კითხვები

ნებისმიერი სტრატეგიის პროცესში არსებობს დაძაბულობა სტრუქტურასა (თანმიმდევრულობა) და კვლევას შორის (კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინოვაციებისთვის). აქ კი კითხვებმა, შესაძლოა, სტრუქტურირებული კვლევა შემოგვთავაზოს და ამასთან, მთლიანი კოჰერენტულობაც შეინარჩუნოს. შეუძლია ზედაპირზე მოაქციოს ყველა ის სპეციფიკური დეტალიც, რომელიც ამბავს მეტად დასამახსოვრებელს გახდის. კლასიკური 5W2H მეთოდისას კი ( ვინ, რა, სად, როდის, რატომ, როგორ და რამდენად) ქვემოთ მოცემული კითხვების დასმას გვირჩევენ როგორც კომპანიისთვის, ისე კონკურენტებისთვისაც: 

მომარაგება

დაკვირვება: რა აქტივობებს ვახორციელებთ? რომელ აქტივებს ვიყენებთ?

გააზრება: რამდენად არის ჩვენი აქტივობები და აქტივები უნიკალური? რას ნიშნავს ეს უნიკალურობა სამომავლო ღირებულების შექმნისთვის?

სამომავლო ხედვა: როგორ შეიძლება შეიცვალოს აქტივები და აქტივობები?

მოთხოვნა

დაკვირვება: ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები? სად არიან ისინი?

გააზრება: რამდენად ან რაში არიან ჩვენი მომხმარებლები უნიკალურები? რას ნიშნავს ეს უნიკალურობა სამომავლო ღირებულების შექმნისთვის?

სამომავლო ხედვა: როგორ შეიცვლება მომხმარებლის ქცევა ან/და ადგილები?

ურთიერთობა მომარაგებასა და მოთხოვნას შორის

დაკვირვება: როგორ განვითარდა ჩვენი შემოსავლები? როდის შეიცვალა? მოთხოვნისა და მომარაგების რა ცვლილებებმა გამოიწვია ეს? რამ გამოიწვია ეს ცვლილებები თავად მოთხოვნასა და მომარაგებაში?

გააზრება: რამდენად არის ჩვენი შემოსავლების განვითარება, მომარაგებისა და მოთხოვნის ჯაჭვის ცვლილებები, ამ ცვლილებების გამომწვევი საკითხები უნიკალური? რას გულისხმობს ეს უნიკალურობა სამომავლო ღირებულების შექმნისთვის?

სამომავლო ხედვა: რას გულისხმობს ეს ცვლილებები შემოსავლების პოტენციალისთვის? როდის გამოიწვევს ისინი ცვლილებებს მომარაგებასა და მოთხოვნაში? რა ცვლილებებია ეს? როგორ განვითარდება მომარაგებისა და მოთხოვნის ჯაჭვებში არსებული ცვლილებები?

3. დაწერეთ თქვენი სტრატეგიის ამბავი

ამბავს მკაფიო დასაწყისი, განვითარება და დასასრული უნდა ჰქონდეს. ასეა სტრატეგიების შემთხვევაშიც, ის უნდა ეხებოდეს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ეს კი სპილოების ამბავშიც კარგად გამოიკვეთა:

  • წარსული: 2015 წელს ბრაკონიერებმა 35 000 სპილო მოკლეს
  • აწმყო: ჩვენ კრიზისის წინაშე ვართ
  • მომავალი: ვენ გვაქვს მარტივი, სამნაწილიანი სტრატეგია სპილოების გადასარჩენად: მკვლელობის შეჩერება, ტრეფიკინგის შეჩერება და მოთხოვნის შეჩერება

ზემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ, მოაქციოთ წარსული, აწმყო და მომავალი თქვენი სტრატეგიის ამბავში. საბოლოოდ, გექნებათ ნარატივი, რომელიც იწყება იმით, რასაც კომპანია აკეთებს, აღწერს იმას, რისი შეცვლაცაა საჭირო და მთავრდება იმით, თუ რას უნდა აკეთებდეს კომპანია მომავალში. 

4. გამოცადეთ თქვენი ამბავი

უპირველესად, ეს შიდა აუდიტორიაში უნდა სცადოთ, მათთან, ვისაც სჭირდება მისი გააზრება და განხორციელება. ამასთან, გარე პარტნიორებსა თუ აქციონერებთან, რომლებმაც უნდა დაადასტურონ და მიიღონ იგი. ყურადღებით იყავით საერთო ხარვეზებთან: გასაგებია? მიიზიდავს ადამიანებს? მოტივატორია? მკაფიოდაა განსაზღვრული, რა უნდა გაკეთდეს და ვინ უნდა გააკეთოს?

5. მოჰყევით ამბავი

საბოლოო ეტაპს კი ამბის მოსათხრობად გამზადება წარმოადგენს — მისი შემცირება მთავარ საკითხებამდე, მაგრამ ამასთან, მნიშვნელოვანი დეტალების შენარჩუნება და მიმზიდველი შემთხვევის შექმნა მოქმედებისთვის. მაგალითად, WSC-მ სტრატეგია ძალიან აგრესიულად დაიწყო…

ჰკითხეთ საკუთარ თავს, შესაძლოა თუ არა თქვენი კომპანიის სტრატეგიის გააზრება 5 წუთში ან უფრო ნაკლებ დროში? დაფიქრდით, როდის შეიძლება შემცირდეს მისი ფოკუსი ცენტრალურ საკითხებამდე და გამორიცხეთ ყოვლისმომცველობა, რაც ბევრ სტრატეგიას ახასიათებს. დააკვირდით, იგი მარტო გაიგეს თუ სამოქმედო სახელმძღვანელოდაც მიიღეს. აქვე, არ დაგავიწყდეთ, რომ მოუყვეთ და განიხილოთ სტრატეგიის ამბავი ხშირად და არა, მხოლოდ ერთხელ წელიწადში. 

დაბოლოს, ამბების საშუალებით, უბრალო ფაქტები თუ ინფორმაციები საერთო მენტალურ მოდელად გარდაიქმნება იმისა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი და რა მიმართულება აქვს მას აღებული. მსგავსი სტრატეგიის ამბის აგების ცოდნა კი, დაგეხმარებათ, შედეგების გაუმჯობესებაში და ამასთან, იგი კომპანიაში სწავლის მაჩვენებელსაც გაზრდის, რაც, შესაძლოა, დღევანდელ სამყაროში კონკურენტული უპირატესობის მთავარი წყაროც იყოს… 

წყარო: HBR



ახალი ხელსაწყო მხატვრების ნამუშევრებს AI ალგორითმებისგან „დაიცავს“

ეს ვინტაჟური რეკლამა გვახსენებს, როგორ იქცა Lego ყველასთვის საყვარელ ბრენდად