in

რაში მდგომარეობს სუპერგმირი ლიდერის მითი?

ამ საკითხის განხილვა კონკრეტული კომპანიების ამბებით უნდა დავიწყოთ: FTX-ს ფიასკო კონტროლის ნაკლებობის თითქმის დაუჯერებელ ამბავს გვთავაზობს, Enron-ზე უარესსაც კი… ხოლო ილონ მასკის მიერ Twitter-ის მართვა შემაშფოთებელია, დაწყებული სამსახურიდან გათავისუფლების ქაოტური მიდგომითა და უმიზნო პროდუქტების გამოშვებით, დამთავრებული განუწყვეტელი ტვიტებით. აქვე, უნდა აღვნიშნოთ Theranos-ის ამბავიც, სადაც ელიზაბეტ ჰოლმსს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს… ამ ამბებს კი ერთი საერთო ნამდვილად აქვს — თითოეული მოიცავს უნიკალურ ლიდერულ სტილს მენეჯმენტის რეალური პრაქტიკის გათვალისწინების გარეშე.

pasha-statiebi
pasha-statiebi

FTX ბევრ თემას აერთიანებს, მაგრამ ცენტრალური საკითხი მონიტორინგისა და საბუღალტრო აღრიცხვის სრული ნაკლებობაა. მართალია, ბუღალტერია არ არის ისეთი რამ, რაც ჟურნალის ყდაზე მოგახვედრებთ, მაგრამ კომპანიის საქმიანობისა და მისი ფინანსების სათანადო მონიტორინგი კარგი მენეჯმენტის ცენტრალური ნაწილია. FTX-ში კი ეს თითქმის იგნორირებული იყო… და როგორ უნდა განვითარდეს კომპანია ასე? სამწუხარო სიმართლე ის არის, რომ ინვესტორებსა და მომხმარებლებს ეგონათ, ეფექტურად მართვას უნიკალური ლიდერთა გუნდის ქარიზმითა და ხედვით მოახერხებდნენ.

Twitter-ის საგა კიდევ უფრო დამაინტრიგებელია, რასაც მასკის მუდმივი ტვიტები, პროდუქტის გაშვება ან გაუქმება უსვამს ხაზს, ან, თუნდაც, მასიური სამსახურიდან გათავისუფლებები და შემდგომ, ხელახლა დასაქმება… ეს კვლავ იმ აღმასრულებელი ხელმძღვანელის ისტორიაა, რომელიც მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს უგულებელყოფს და მისი ლიდერობისა თუ ინტელექტის ჯადოსნური ეფექტის სწამს. Twitter-ში პერსონალის მოტივირება და შენარჩუნება უჭირდათ. მასკის პროკლამაციამ კი ის თანამშრომლებიც გაუშვა სამსახურიდან, რომელთა შენარჩუნებაც შეიძლებოდა…

და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ კომპანიებისგან? როგორც ხედავთ, ისინი ზედმეტად პოპულარული რწმენის მსხვერპლნი გახდნენ, რომ სუპერგმირული ხელმძღვანელობა მოსაწყენ მენეჯმენტზე იმარჯვებს. ეს კი სულ მცირე ორი კუთხით არის არასწორი:

აშკარაა, რომ ერთი შეხედვით მოსაწყენი მენეჯმენტი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ეს კონკურენტული უპირატესობის წყაროც კია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მას სერიოზულად აღიქვამენ. მართალია, ინდუსტრიების მიხედვით მენეჯმენტის პრაქტიკა საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიები უფრო მომგებიანები არიან. შესაბამისად, ეს შედეგებსაც აუმჯობესებს.

თუმცა რას გულისხმობს კარგი მენეჯმენტი? ამაზე ერთი, ამომწურავი პასუხი არ არსებობს. და თუ მიზნის, სტიმულირებისა და მონიტორინგის კუთხით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ კარგი მენეჯმენტის მქონე კომპანიები გონივრულ და სტრატეგიულ მიზნებს აყალიბებენ, თავიანთ პერსონალსაც აძლევენ საშუალებას, ამაში საკუთარი წვლილი შეიტანონ და მათ პროგრესსაც კი ზომავენ. თუ გსურთ, მოსაწყენი უწოდეთ, მაგრამ ეს უფრო მეტად კარგი ბიზნესია.

სუპერგმირების თეორიის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ის ზედმეტად ამარტივებს კარგი ლიდერობის ცნებას. ეს საკითხი კი ილონ მასკის განხილვით შეგვიძლია ავხსნათ — მისი გულშემატკივრებისთვის Tesla-ში, SpaceX-სა და PayPal-ში მიღწეული წარმატება, ადასტურებს, რომ ის დიდებული ხელმძღვანელია. კრიტიკოსებისთვის კი Twitter-ში არსებული არეულობა საპირისპიროს ამტკიცებს. თუმცა ეს ძალიან გამარტივებული მიდგომაა. კვლევის თანახმად, აღმასრულებელი ხელმძღვანელები მნიშვნელოვანი არიან კომპანიის წარმატებისთვის, მაგრამ მათი წვლილი ხედვასა და ინტელექტზე უფრო მეტია, რაც კონტექსტზეა დამოკიდებული.

კომპანიაში ხელმძღვანელების წვლილზე კი სამი მიმართულებით შეგვიძლია ვიფიქროთ. პირველი, ვერტიკალური დიფერენციაციის სახელით არის ცნობილი — ზოგი უფრო სტრატეგიული, უფრო ჭკვიანი, უფრო მცოდნე და უფრო ქარიზმატულია. ისინი გარკვეულწილად მეტადაც შეეფერებიან კონკრეტულ თანამდებობას. თუმცა ხელმძღვანელები ერთმანეთისგან ჰორიზონტალურადაც შეიძლება განსხვავდებოდნენ — მათ აქვთ სხვადასხვა უნარი და ცოდნა, მართვის სტილი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციასა თუ თანამდებობას ან უკეთ ერგება, ან უარესად. ყოფილი გენერალი შეიძლება იყოს შესანიშნავი სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობაში, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპში დირექტორის პოზიციას ცუდად მოერგება და, პირიქით. 

რაც შეეხება მესამე მიმართულებას, აღმასრულებელი ხელმძღვანელის მიერ გაცემული ღირებულება მარტო იმას კი არ უნდა მიგვანიშნებდეს, რას აკეთებენ ისინი ინდივიდუალურად, არამედ, რამდენად შეუძლიათ გავლენა ჰქონდეთ იმაზე, თუ რას აკეთებენ სხვა ადამიანები კომპანიაში. წარმატებული ხელმძღვანელები შთააგონებენ და მოტივაციას უმაღლებენ თავიანთ გუნდებს. ეს კი სოციალური უნარია და არა, ხედვისა თუ ინტელექტის საკითხი. როგორც ამბობენ, ამ ტიპის ლიდერებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. 

სუპერგმირების ნარატივი ვერტიკალურ დიფერენციაციაზე ყველა დისკუსიას ამარტივებს, რადგან მარტივია კამათი, ისტორიების მოყოლა თუ წერა. შემდეგი ორი ფაქტორი კი, რაც მოიცავს კონტექსტის შესაბამის უნარებსა და ორგანიზაციაზე გავლენის ქონის უნარს, გაცილებით რთულია განსახილველად და ამაზე წერაც არც ისეთი სასიამოვნოა… მაგრამ, როცა ადამიანები დანარჩენი ორის ხარჯზე, პირველს აქცევენ დიდ ყურადღებას, დაქირავებისას ცუდ არჩევანს აკეთებენ და მათი ინვესტიციებიც არც ისეთი კარგია.

თუმცა როგორ უნდა განასხვაოთ ეს სამნაწილიანი შეფასება სუპერგმირის ისტორიისგან, როცა საქმე ილონს მასკსა და Twitter-ს ეხება? იმის ნაცვლად, რომ ვიკამათოთ, რამდენად კარგი აღმასრულებელი ხელმძღვანელია მასკი, შეგვიძლია ვიკითხოთ, აქვს თუ არა მას სოციალური მედიის პლატფორმის მართვისთვის საჭირო უნარები და გამოცდილება? შეძლებს თუ არა ის უკვე არსებული გუნდის მოტივირებასა და მართვას? საკმაოდ გონივრული იქნება, თუ მასკს საშუალოზე მაღალი დონის ხელმძღვანელად ჩავთვლით…

იმის გამო, რომ ლიდერობის ამ ხედვით რთულია ჟურნალების გარეკანზე მოხვედრა, ეს ხშირად ავიწყდებათ. მაგრამ ლიდერებსა და ორგანიზაციებს შორის არსებული კომპლექსური ურთიერთობის იგნორირება ცუდია ინვესტორებისთვის, მომხმარებლებისთვის, მენეჯერებისა და თავად, აღმასრულებელი ხელმძღვანელებისთვისაც კი. 

წყარო: HBR



სენსორებიანი ბურთი, რომელიც იტენება — 2022 წლის მუნდიალის ინოვაცია

Ukraine is Here — Google-ის ახალი პროექტი, რომელიც უკრაინაში გამოგზაურებთ