in

რატომ უნდა გაუზიაროთ საკუთარი აზრი მათ, ვინც გთხოვთ?

როცა ვინმე რაღაცაზე აზრს გკითხავთ, მალევე უზიარებთ? თუ მარტივ გამოსავალს პოულობთ და ეუბნებით, რომ ეს თქვენი გადასაწყვეტი არ არის? თუ შეფასებას იწყებთ, რამდენად კარგია ეს? დიახ, ბევრი ჩვენგანი თავს არიდებს იმის თქმას, რასაც რეალურად ფიქრობს, რადგან კონფლიქტების თავიდან აცილება სურთ. განსაკუთრებით კი სამსახურში, სადაც ხშირად ფიქრობენ, რომ თუ ჩვენს აზრებს ნაკლებად გამოვთქვამთ, ეს კოლეგებზე, თანამშრომლებსა და მენეჯერებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგვეხმარება. თუმცა რეალურად მსგავსი ქმედება თქვენს ურთიერთობებს აყენებს ზიანს. 

სიმარტივე არ არის სასიამოვნო

მკვლევრები დააკვირდნენ, როგორ რეაგირებდნენ ადამიანები მიღებულ პასუხებზე, როცა მეგობარს ეკითხებოდნენ, რომელ რესტორანში, მუზეუმში ან კინოში ერჩივნათ წასვლა… კონტექსტის მიუხედავად, ისინი ხშირად ამბობდნენ, რომ მათ სურდათ, მეგობრებს კონკრეტული ვარიანტები შეეთავაზებინათ. ხოლო, როცა ასე არ ხდებოდა, მათ ნაკლებად სასიამოვნოდ თვლიდნენ. შედეგად, მომავალში სადმე მათთან ერთად წასვლაზეც ნაკლებ ინიციატივას იჩენდნენ.

რატომ ხდება ასე? შესაძლოა, ფიქრობთ, რომ თუ სხვებს აზრს არ გაუზიარებთ, მათ საქმეს გაუმარტივებთ, მაგრამ სინამდვილეში, როცა ვიღაც კითხვას გისვამთ, ამ ფორმით ისინი თქვენგან რაღაცის გადაწყვეტის პროცესში დახმარების მიღებას ცდილობენ. კვლევის მონაწილეებმაც თქვეს, რომ მათთვის უფრო რთული გახდა გადაწყვეტილების მიღება, როცა მეგობარმა საკუთარი აზრის გამოხატვაზე უარი უთხრა. ეს უსიამოვნო გადაწყვეტილების მიღების გამოცდილება კი ხშირად ვნებს მათ წარმოდგენებს მეგობრებზე… 

აზრის არქონა უარყოფით აზრს ნიშნავს

ხოლო, როცა ვიღაც ცდილობს, თავი აარიდოს საკუთარი აზრის გამოთქმას, რეალურად კი იმიტომ არ ამბობს არაფერს, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება სურს, ამას უკუშედეგებამდე მივყავართ. გადაწყვეტილების მიმღები იაზრებს, რომ ამის მიზეზი განსხვავებული აზრის ქონაა. ხოლო, როცა ასე ხდება, იგი უფრო მეტად იმას ირჩევს, რაც თავად არ სურთ, რადგან ხვდება, რომ პარტნიორს ეს უფრო ესიამოვნება… ასე კი ურთიერთქმედება მათთვის ნაკლებად სასიამოვნო პროცესი ხდება. 

ჩუმად ყოფნა დეჰუმანური შეიძლება იყოს 

ბუნებრივია, როცა მეგობარს სურს, აზრი გაუზიაროთ, თქვენ კი ასე არ აკეთებთ, ეს კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს. მაგრამ რა ხდება ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც გადაწყვეტილების მისაღებისას თქვენს უკუკავშირს არავინ ეყრდნობა?

სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა შეისწავლეს რა ხდება, როცა ადამიანებს ზოგადი აზრების გამოხატვას სთხოვენ და არა მის ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ შემთხვევაში კითხვა საყვარელი საჭმლის და მუსიკის ირგვლივ ტრიალებდა. აქ კი ადამიანები, რომლებიც თავიანთ აზრებს გამოხატავდნენ, იქნებოდა ეს დადებითი თუ უარყოფითი, უფრო ინდივიდუალურები და გამორჩეული იდენტობის მქონენი ჩანდნენ. მეორე ნაწილი კი რობოტებად და ნაკლებად ჰუმანურებად აღიქმებოდა… 

ეფექტური მენეჯერები ხელს უწყობენ ჯანსაღ თვითგამოხატვას 

დახმარების სურვილით, კონფლიქტების მინიმუმამდე დაყვანისა და თანამშრომლობით პროცესებში საკუთარი წვლილის შეტანით, დასაქმებულებსა და მენეჯერებს ხშირად არ სურთ, საერთო გადაწყვეტილების მისაღებად თავიანთი აზრების გაზიარება. მაგრამ კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად შეუძლია ამ მიდგომას ურთიერთობების დაზიანება, ადამიანების ნაკლებად ეფექტურად და სასიამოვნოდ აღქმა. 

აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად კი მენეჯერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები, რათა თავიანთ გუნდებში ჯანსაღი თვითგამოხატვის პროცესი წაახალისონ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როცა გადაწყვეტილების მიმღები ამბობს, რომ მას არ სურს არჩევანის მარტო გაკეთება, ადამიანები უფრო მეტად უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. ასე რომ, როგორც მენეჯერმა, უბრალოდ მკაფიო კომუნიკაციით უნდა აჩვენოთ, რომ გსურთ, მოისმინოთ ყველას აზრი მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. დიახ, მსგავსად, თანამშრომლებიც მეტად გაიხსნებიან. 

მენეჯერებს ასევე შეუძლიათ, ჩაატარონ სპეციალური ღონისძიებები ან გამოყონ ციფრული არხები თანამშრომლებისთვის, სადაც ისინი თავიანთ ჰობიზე, გემოვნებაზე და სასურველ საკითხებზე ისაუბრებენ. ამასთან, შეუძლიათ ჩაატარონ გუნდური სამუშაოები, რათა მიმართონ საერთო არასწორ შეხედულებებს და დაეხმარონ თანამშრომლებს, სხვა ადამიანებისთვის საკუთარი აზრის გაზიარების დროს თავი მეტად კომფორტულად იგრძნონ.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა და ხელმძღვანელებმა თავადვე შემოგვთავაზონ ღია კომუნიკაციის მოდელი. განსაკუთრებით კი აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა — თუ ისინი თავიანთ აზრებს ღიად გააჟღერებენ, მაშინ პირველი რგოლის თანამშრომლებს მათთან სიახლოვის განცდა გაუჩნდებათ და მას მეტად ჰუმანურადაც ჩათვლიან. ეს კოლეგებთან ურთიერთობასაც გააუმჯობესებს და პირადი აზრების გამოხატვას ჩვეულებრივ პროცესად აქცევს იმ თანამშრომლებისთვისაც კი, რომლებიც სხვაგვარად სიჩუმეს არჩევდნენ. 

გამოდის, შემდეგ ჯერზე, თუ ვინმე საკუთარი აზრის გაზიარებას გთხოვთ, არ უნდა შეყოვნდეთ. პატივისცემითა და გულწრფელობით გამოხატული აზრები გეხმარებათ როგორც თქვენ, გახდეთ საურთიერთობოდ უფრო სასიამოვნო, ასევე იმ ადამიანს, რომელსაც თქვენი უკუკავშირის მოსმენა სურს. იქნება ეს მეგობარი, რომელიც გკითხავთ, სად ისურვებდით საჭმელად გასვლას, მომხმარებელი, რომელსაც აინტერესებს, რა ტიპის მუსიკა მოგწონთ, თუ კოლეგა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებამდე თქვენი უკუკავშირის მოსმენა სურს… მონაცემები აჩვენებს, რომ საკუთარი აზრის გაზიარება ყოველთვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

წყარო: HBR



Pepsi ახალ წელს რძისა და გაზიანი სასმლის ნაზავით ხვდება — Pilk

დაე, გაიმარჯვონ ნამდვილმა საჩუქრებმა!