in

როგორ უნდა შევაფასოთ თანამშრომლები ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში?

ჰიბრიდული სამსახურებრივი რეჟიმისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას იმ გზების პოვნა წარმოადგენს, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი თანამშრომლების მუშაობა ობიექტურად შევაფასოთ. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი სახლიდან მუშაობს, ზოგიერთი კი ოფისიდან, მნიშვნელოვანია, შეფასებები არ გაკეთდეს იმ დროის მიხედვით, რა დროსაც მენეჯერი თანამშრომელს პირისპირ ხედავს. 

კვლევისას გამოვლინდა, რომ ტრადიციული კარგი მენეჯმენტის არსებობა კომპანიებში ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან, ახალი, ჰიბრიდული რეჟიმის მიდგომებიც არსებობს, რაც ყველას საშუალებას აძლევდა, გაეკეთებინათ ის, რაც საუკეთესოდ გამოსდიოდათ. 

ხაზი გაუსვით კულტურასა და ღირებულებებს

ჰიბრიდულ სამუშაო პირობებში აუცილებელია, ყველა თანამშრომელი ორგანიზაციული ღირებულებების შესაბამისად მოქმედებდეს, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მუშაობენ ისინი.

ამისთვის ერთ-ერთი გზა სწორედ შეფასების სისტემაა. მაგალითად, Johnstone Supply-ის კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ: როცა ჩვენი თანამშრომლების პროდუქტიულობის შეფასებებს ვაკეთებთ, ჩვენი ღირებულებები წამყვანი კრიტერიუმი ხდება. შეფასებების უმრავლესობა ეხება ჩვენი ძირითადი ღირებულებების ასახვას და შემდგომ იმის შეფასებას, თუ რამდენად ესადაგება დასაქმებულის ქცევა მას, მომხმარებელთა მომსახურების, გუნდურობისა და სხვა კუთხით. ჩვენთვის პროდუქტიულობის შეფასება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, რაც ბევრ თვითშეფასებასაც მოიცავს

სხვადასხვა სიტუაციაში მყოფი თანამშრომლების შეფასებისთვის ღირებულებებზე დაფუძნებული მიდგომები საერთო პლატფორმას ქმნის და ამასთან, ხელს უწყობს საერთო სამსახურებრივი კულტურის ჩამოყალიბებას. შესაძლოა, თანამშრომელთა შეფასების სისტემაში ღირებულების ჩართვა თქვენთვის სიახლე არ იყოს, მაგრამ ამის გაორმაგებული ძალისხმევით კეთება ნამდვილად სიახლეს წარმოადგენს ჰიბრიდულ გარემოში.

გააგრძელეთ მნიშვნელოვან საზომებზე დაკვირვება

საგადასახადო სერვისების კომპანია Ryan ჯერ კიდევ 2008 წელს გადავიდა ახალ რეჟიმზე და თანამშრომლებს ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს მუშაობის საშუალება მისცა. ამ ცვლილებამ კი კომპანია უდიდეს წარმატებამდე მიიყვანა — სამსახურიდან წასვლის მაჩვენებელი შემცირდა, ჩართულობა, მომხმარებელთა კმაყოფილება და ფინანსური მხარეც გაუმჯობესდა. 

მენეჯერებსა და თანამშრომლებს შეუძლიათ, შევიდნენ სისტემაში და ნახონ თავიანთი დაფა. ის აჩვენებს მათ მიზნებს, ასევე იმას, თუ რა ეტაპზე არიან ახლა და როგორ გადაიქცევა მათი პროდუქტიულობა პრემიებად, — განმარტავს დელტა ემერსონი, Ryan-დან. 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ რაიანის მიდგომა, რომელიც ცხადად ასახავს მიზნებს და მუდმივად ზომავს შესრულებას, იდეალურად ესადაგება ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს. მათი სისტემა სამართლიანია და გამჭვირვალე როგორც ოფისში, ისე სახლში მომუშავე ადამიანებისთვის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იგი მენეჯერებს ვალდებულს ხდის, იზრუნონ თანამშრომელთა ჩართულობასა და შენარჩუნებაზე. 

გააძლიერეთ ტექნოლოგიური მხარე

როცა კომპანიები შეთანხმდებიან, რომელი საზომები გამოიყენონ თანამშრომელთა პროდუქტიულობის შესაფასებლად, შეუძლიათ ამაში ტექნოლოგია დაიხმარონ, რაც თამაშს სულ სხვა დონეზე გადაიყვანს. General Electric-ის მაგალითი რომ განვიხილოთ, იგი აპლიკაციაზე დაფუძნებულ სისტემას იყენებს, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავიანთ გუნდებსა და მენეჯერებს გაუზიარონ, რა ეტაპზე არიან კონკრეტულ მომენტში. 

ამ ახალმა მიდგომამ თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის საკითხიც წამოწია წინ. მენეჯერები ხშირ უკუკავშირს აძლევენ დასაქმებულებს. ეს ყველაფერი კი დასაქმებულთა და მენეჯერთა უწყვეტი განვითარებისკენ არის მიმართული, აძლიერებს გადაწყვეტილების მიღების, დაწინაურებისა და განვითარების შესაძლებლობებს. შედეგად, General Electric-ის თანამშრომლები უკეთ ხედავენ ერთმანეთის შრომას და საჭირო უკუკავშირსაც უზრუნველყოფენ, მიუხედავად იმისა, თუ საიდან სრულდება სამუშაო. 

თუ თქვენი სამუშაო ადგილი შეიცვალა, თქვენი შეფასების პროცესიც უნდა შეიცვალოს

უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი კომპანიისთვის დისტანციურ თუ ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა… მიუხედავად სამუშაო ფორმატისა, კვლევამ აჩვენა, რომ კარგი ტრადიციული მენეჯმენტის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა მიზნის დასახვა, უკუკავშირი და პროგრესის აღნიშვნა, კვლავ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ყველაფერი კი წარმატებული სამი მიზეზის გამოა:

პირველი — ისინი განსაზღვრავენ შესრულებას მომხმარებელთა კმაყოფილების, კომპანიის ღირებულებების, ძირითადი აქტივობებისა და შესრულებული პროექტების კუთხით. მეორე — ნერგავენ მიზნების დასახვისა და უკუკავშირის სესიებს, საბოლოოდ კი თანამშრომლობასა და გუნდურობას უწყობენ ხელს. 

გამოდის, პროდუქტიულობის შეფასების შემოქმედებითი მიდგომები მხოლოდ შესაძლებელი კი არ არის, არამედ საჭიროც ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში. ეს ერთადერთი გზაც კია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა თანამშრომელი, მათივე დამსახურების შესაბამისად, ფასდება და ვითარდება. 

 

წყარო: HBR



M&M’S თუ Ma&Ya’s? — მაია რუდოლფი ბრენდის ახალ კამპანიაში

როგორ გადავიღოთ ფილმი iPhone-ით?