პერიოდულად თქვენი თანამშრომლები ძალიან პროდუქტიულები არიან, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება? დიახ, ლიდერისთვის, რომელიც მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნავს, შესაძლოა, ეს მეტად იმედგამაცრუებელი ამბავი იყოს… აქვე ჩნდება კითხვაც: მათ არ ესმით, რომ ყოველთვის საუკეთესოდ უნდა იმუშაონ თუ უბრალოდ ამის მოტივაცია არ აქვთ?
თუმცა რეალურადაც არსებობს ის მიზეზი, რის გამოც თანამშრომელთა მუშაობის ჩვეულ ტემპს მაქსიმალურ შედეგად არ მიიჩნევთ — ხშირად სრულ პოტენციალზე საკუთარი შეხედულება გაქვთ, მაგალითად, თქვენთვის ეს მაშინ ხდება, როცა ისინი მნიშვნელოვან შეხვედრებზე კარგ პრეზენტაციებს წარადგენენ ან კონკრეტულ მომენტებში ღირებულ უნარებს წარმოაჩენენენ, იქნება ეს ცოდნა, ცნობისმოყვარეობა თუ შემოქმედებითობა, როცა საინტერესო კითხვას დასვამენ ან მოულოდნელ ინსაითს წამოჭრიან, რომლითაც ორიგინალურ ახალ იდეებამდე მიხვალთ. ფაქტი კი ის არის, რომ თუ ეს ერთხელ მოახერხეს, ამ დონეზე საქმის კეთება ჩვეულებრივ შეუძლიათ…
ამიტომ, კარგი იქნება, თუ იმ მიზეზებს დავავიწროვებთ, რის გამოც თქვენი თანამშრომლები სრულ პოტენციალს არ ავლენენ. ჩვენ მათგან 3 მთავარ კატეგორიას განვიხილავთ — პერსონალური გამოწვევები, ინტერპერსონალური საკითხები და თქვენი ხელმძღვანელობის სტილი.
პერსონალური საკითხები
ხშირად ადამიანები თავიანთ სრულ პოტენციალს იმიტომ არ გვაჩვენებენ, რომ რეალურად არ იციან, რამდენად კარგები არიან… აქ კი ლიდერებმა უკუკავშირის მიწოდებაზე უნდა იზრუნონ. თუმცა დარწმუნდით, რომ თქვენი უკუკავშირი კონკრეტული იქნება და თანამშრომლებიც მიხვდებიან, როგორია საქმის შესანიშნავად შესრულება.
ამასთან, კარგი იქნება, თუ მათთან საუბრებშიც ჩაერთვებით და განიხილავთ, რა გააკეთეს, რათა კონკრეტულ მომენტში წარმატებისთვის მიეღწიათ — სიტყვით წარდგენა კარგად იმიტომ გამოუვიდათ, რომ ამაზე ბევრი ივარჯიშეს? აუდიტორიის წევრები მანამდე გამოკითხეს, რითაც პრაქტიკული მაგალითების მოშველიებაც შეძლეს? წარმატების მიღმა არსებული მიზეზების გამოკვეთა მათ ეხმარება, მიხვდნენ, როგორ გაიმეორონ ეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარ თავს ისე შეხედეთ, როგორც ქოუჩს და არა, როგორც ხელმძღვანელს.
მეორე მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ადამიანები თავიანთ სრულ პოტენციალს არ ავლენენ, მათი მოტივაციაა. თუ ადრე თქვენი თანამშრომლის მაღალი შედეგების მომსწრე გამხდარხართ, ე. ი. უნარები არ არის პრობლემა და საქმე მოტივაციას ეხება. კარგი იქნება, თუ გუნდის წევრებთან გაარკვევთ, რა ხდება ან როგორ არიან, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რაღაც უეცარ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ჰქონდეთ პრობლემა, უბრალოდ გადაიღალნენ და დასვენება სურთ ან თავიანთ პოზიციებზე განვითარების შესაძლებლობას ვეღარ ხედავენ და ახალი გამოწვევები სჭირდებათ.
ინტერპერსონალური საკითხები
ზოგჯერ თქვენი თანამშრომლების დაბალი შედეგები მათ ირგვლივ არსებულ გარემოებებს უკავშირდება, რაშიც ხშირად სხვა ადამიანებიც იგულისხმებიან. საინტერესოა ისიც, რომ, როცა ე. წ. ვარსკვლავი თანამშრომლები ახალ კომპანიებში გადადიან, მსგავს შედეგებს ვეღარ აღწევენ, რადგან არ აქვთ ის მხარდამჭერი ინგრედიენტები, რომლებიც მათ ამის საშუალებას აძლევდა…
დასაქმებულთა პროდუქტიულობა ახალი გუნდის დინამიკის გამოც შეიძლება შემცირდეს, მაგალითად, თუ კოლეგამ სამსახური დატოვა და ახალი თანამშრომელი შემოგიერთდათ, შეიცვალა თქვენი თანამდებობა თუ პასუხისმგებლობები… გამოდის, თანამშრომლის ნიჭი უცვლელი რჩება, უბრალოდ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ეს გამოავლინონ. თუ ასეა, არსებული დინამიკა ღიად უნდა განიხილოთ და დაადგინოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც რეალობის შეცვლაში დაგეხმარებათ. ხშირად ასეთი თანამშრომლები ისეთ თანამდებობებზეც გადაჰყავთ, რომლებშიც თავიანთი სრული პოტენციალის გამოვლენას უკეთ შეძლებენ.
ლიდერობის პრობლემები
შესაძლოა, ამ საკითხის განხილვა ბევრს დიდად არ სიამოვნებდეს, მაგრამ თანამშრომელთა შედეგების 30% მათ ხელმძღვანელებზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, რამდენად გამოავლენენ დასაქმებულები თავიანთ სრულ პოტენციალს. შესაძლებელია, მათ მხარდაჭერას კი ცდილობდეთ, მაგრამ თქვენი მართვის სტილი მიკრომენეჯმენტს, გადამეტებულ ზედამხედველობასა და ცუდად მიწოდებულ მიზნებს მაინც მოიცავდეს…
კარგი ამბავი ის არის, რომ ამის კონტროლი თავადვე შეგიძლიათ. A/B ტესტირების სტრატეგიით დააკვირდით, როგორ ურთიერთობთ თანამშრომლებთან, როგორ აძლევთ უკუკავშირს, ამხნევებთ და ხელმძღვანელობთ მათ. ასე მიხვდებით, რამდენად ხართ თქვენ მათი დაბალი პროდუქტიულობის მიზეზი. აქვე, იმ სტრატეგიების გამეორებაც დაგეხმარებათ, რომლებმაც წარსულში კარგად იმუშავა. თუმცა, ბუნებრივია, ყველა ადამიანი უნიკალურია და არცერთი სტრატეგია მუშაობს ყველას სასარგებლოდ…
ბოლოს კი გახსოვდეთ, ადამიანები ვართ და არა, რობოტები. შესაბამისად, ყოველთვის სრულ პოტენციალს ვერ გამოვავლენთ. თანაც, ნებისმიერ სფეროში უმაღლესი შედეგების მქონე ადამიანები ყოველთვის დრამატულად არათანაბარი შედეგებით გამოირჩეოდნენ…ზემოთ მოცემული შესაძლებლობლების განხილვით კი უკეთეს პოზიციას დაიკავებთ, რათა გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაეხმაროთ.
წყარო: HBR