in

როგორ უნდა დაეხმარონ მენეჯერები ცვლილებებით დაღლილ თანამშრომლებს?

კოვიდთან ერთად ყველაფერი შეიცვალა, რამაც ადამიანები ცვლილებებით გამოფიტვამდე მიიყვანა… და როგორ უნდა დაეხმარონ ხელმძღვანელები თავიანთ გუნდებს ამასთან გამკლავებაში? საკმაოდ ხშირად ორგანიზაციები უბრალოდ ამხნევებენ დასაქმებულებს და მოუწოდებენ, მეტად გამძლეები იყვნენ. ხოლო იმ გზების პოვნის ტვირთს, რომლებიც თავს უკეთ აგრძნობინებთ, მხოლოდ ინდივიდებს აკისრებენ — უპირველესად, ხელმძღვანელებმა უნდა გააანალიზონ, რომ ეს ინდივიდების საქმე კი არა, კოლექტიური საკითხია, რომელიც გუნდისა და ორგანიზაციის დონეზე უნდა გადაიჭრას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჩვენ 4 ასეთ მიდგომას გაგიზიარებთ:

აღიარეთ ცვლილებები და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი

არამდგრადი სიტუაციების მართვა წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს ჩვენთვის ბუნებრივ იმპულსზე, გავექცეთ დისკომფორტს… მაშინ კი, როცა საქმე შფოთვასთან გვაქვს, პირდაპირ მოქმედების რეჟიმზე გადავდივართ და ეს არც დიდად გვეხმარება. მოდით, აქ დასაქმებულთა ოფისში დაბრუნების გეგმა განვიხილოთ — როგორც ხელმძღვანელმა, შესაძლოა, ელ.ფოსტით ახალი თარიღები და კალენდარი გაგზავნოთ ისე, რომ საერთოდ არ დაფიქრდეთ, რა ტიპის ემოციური გავლენა ექნება ამას მათზე. აქ დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ თქვენი გუნდი საკმაოდ დაღლილი იყოს ოფისში დაბრუნების გეგმებით, ამიტომ მომავალ შეხვედრაზე გამოყავით დრო, რათა ადამიანებს თავიანთი გრძნობების, პრობლემებისა და კითხვების გაზიარების საშუალება მისცეთ.

მსგავსი მიდგომა კოვიდის მიღმა ცვლილებებშიც დაგეხმარებათ. მაგალითად, როცა ახალი მენეჯერი ინიშნება, ეს Gartner-ის კვლევის თანახმად, თანამშრომლებისთვის 2.5-ჯერ უფრო დამღლელია, ვიდრე დიდი ტრანსფორმაციული ცვლილებები. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყოფილი მენეჯერი თანამშრომლებსა და ახალ მენეჯერს ერთად დაელაპარაკება, განიხილავს ცვლილების დეტალებს, გააცნობიერებს იმ ბრაზს, რასაც თანამშრომლები შეიძლება გრძნობდნენ და შექმნის სივრცეს, სადაც მათ თავიანთი ემოციების გაზიარების საშუალებას მისცემს. 

დაამკვიდრეთ მანტრა: მე ადამიანი ვარ, რომელიც სწავლობს…

არამდგრადი სიტუაციები მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ეს კი არც ისე სასიამოვნო ამბავია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ყველაფრის კონტროლი უყვართ… ხოლო შფოთვიდან ზრდის აზროვნებისკენ სვლაში საკუთარ თავსა და გუნდს რომ დაეხმაროთ, ამ მეთოდს უნდა მიმართოთ:

ფრაზის: არ მაქვს საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ ადამიანები დისტანციურ გარემოში ვმართო, მე ვერ შევძლებ ამას ნაცვლად, საკუთარ თავს უთხარით: მე ვსწავლობ, როგორ გავხდე კარგი მენეჯერი დისტანციურ გარემოში.

რეკომენდაციის სახით, ექსპერტები გუნდისთვის ამ ფრაზის დასრულების შეთავაზებას გვთავაზობენ: მე ადამიანი ვარ, რომელიც სწავლობს… / ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც სწავლობს…ამგვარად, ისინი თავს ნაკლებად მარტოსულად იგრძნობენ და ერთმანეთის მხარდაჭერასაც უკეთ შეძლებენ. ეს მეთოდი საკმაოდ კარგი გზაცაა ინდივიდების კომფორტის დონის გასაგებად არამდგრადობასთან. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ თქვენს გუნდში ყველას სურს, თავი აარიდოს არამდგრადობას, დამატებითი ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ, რათა უზრუნველყოთ, რომ ყველა იაზრებს არსებულ რეალობას. 

შეადგინეთ გეგმა, რომლიდანაც გადაუხვევთ

როცა ნაცნობი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, მარტივად იმ გზებზე ვფიქრობთ, რომლებიც ადრე გამოვიყენეთ. არამდგრადობას კი ეს მექანიზმი წყობიდან გამოჰყავს, თქვენ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება გიწევთ და არ ხართ თავდაჯერებული, რა უნდა გააკეთოთ შემდგომ. აქ კი გამოსავალი გეგმაა, თუმცა ამას რაღაც ურყევ ჭეშმარიტებად არ უნდა შევხედოთ. სანაცვლოდ, დაზღვევად უნდა აღვიქვათ, რომ მზად ვართ იმისათვის, რაც მომავალში გველოდება. 

ექსპერტები მენეჯერებს გუნდებთანაც მსგავსი ენის გამოყენებას ურჩევენ — დაგეგმვის დროს მეტად მოქნილი აზროვნების მიღებით, თანამშრომლებს უნდა დაეხმარონ, თავი ნაკლებად უიმედოდ იგრძნონ და მეტად გაუჩნდეთ სურვილი, ეს მოგზაურობა სწავლის გამოცდილებად აღიქვან. 

ინვესტიციები ჩადეთ რიტუალებში

კვლევების თანახმად, არამდგრად სიტუაციებში რიტუალები და ჩვევები სტრესის დონის შემცირებას დიდად ეხმარება. თანაც, არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რა რიტუალი იქნება ეს. დიახ, უბრალოდ ერთ დროს ერთი და იმავე რაღაცის კეთებით თქვენი მენტალური ჯანმრთელობა შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ.

თუმცა ისიც მართალია, რომ დიდ ორგანიზაციებში რთულია რიტუალების დანერგვა, ამიტომ აქ კალენდარში მედიტაციისა და ლანჩის შესვენებების დამატებას გვირჩევენ. ამასთან, შეხვედრების პატარა პრაქტიკებით დაწყებაზეც საუბრობენ, იქნება ეს თვალების დახუჭვა თუ სუნთქვა 1 წუთის განმავლობაში, ან თუნდაც, ყოველდღიურად 15 წუთის გამოყოფა იმისათვის, რომ ყველამ ისაუბროს საკუთარ შთაგონების წყაროზე. 

უდავოდ, არამდგრადობა დისკომფორტს იწვევს, აქ კი გასაღები კოლექტიური ქმედებაა. სწორი ხელსაწყოებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ გუნდებს, თავდაჯერებულად იგრძნონ თავი, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ იმას, რაც მომავალში ელოდებათ. თუნდაც, ეს გეგმიდან გადახვევას ან ახალი რიტუალების დამატებას ნიშნავდეს თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში…

 

წყარო: HBR



როგორ დავასინქრონოთ კომპიუტერის ფაილები და Google Drive?

პასუხისმგებლობის აღება — ანანო თომაშვილი