თუ დავფიქრდებით, მუშაობისას უმეტესად სკამებზე ვართ მიჯაჭვულნი და გადაადგილება მხოლოდ შეხვედრიდან შეხვედრაზე წასვლის დროს თუ გვიწევს… არადა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ფიზიკური ვარჯიში დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე — ამარტივებს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციასა და მართვას, აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ კეთილდღეობას, აძლიერებს ჩვენს კოგნიტიურ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს ჯანსაღი ზრდისა თუ განვითარების პროცესს. თუმცა ფიზიკური ვარჯიშის გავლენა ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაზე აქამდე ნაკლებად თუ იყო შესწავლილი…
როგორ აისახება ფიზიკური აქტივობა ჩვენს პროდუქტიულობაზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთში 200 თანამშრომელზე ჩატარდა კვლევა, რითაც ის ფიზიკური აქტივობები გამოვლინდა, რომლებსაც გავლენა აქვს თანამშრომლებსა და ორგანიზაციაზე:
ფიზიკური აქტივობის მოტივაცია ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას ნიშნავს?
თითქოს ჩვეული ამბავია, რომ აქტივობაში ჩართვის მოტივაციას რეალურად ამის გაკეთებისკენ მივყავართ, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ეს ოდესმე გაუკეთებია და შემდეგ აღარ გაუგრძელებია, იცის, რეალურად საქმე ამაში რომ არ არის… ადამიანების ავტონომიური მოტივაცია, მდგრადი ინდივიდუალური განსხვავება, კრიტიკული პერსონალური წყაროა, რომელსაც ინდივიდების ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა შეუძლია. რაც უფრო მეტად ადამიანი მიიჩნევს ფიზიკურ აქტივობას სახალისოდ და არა გამომფიტავად, მით უფრო სავარაუდოა, რომ ისინი ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობებში ჩაერთონ.
ფიზიკური აქტივობა სამსახურისთვის რელევანტურ რესურსებს უზრუნველყოფს
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა მომდევნო დღის რესურსების მარაგს ქმნის, რასაც „რესურსების ქარავანსაც“ უწოდებენ. პირველი რესურსი ძილის ხარისხია ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის თვითკმაყოფილების ხარისხი კარგად გამოძინების გამო. ფიზიკური აქტივობა ცილების სინთეზსაც იწვევს, შესაბამისად, ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს, რაც სასარგებლოა სხეულისა და ტვინისთვის. რაც შეეხება მეორე რესურს, ეს უკვე ფიზიკური ენერგიაა; მესამე რესურსი კი ამოცანებზე ფოკუსირების საშუალებას გვაძლევს — კოგნიტიური რესურსია, რომელიც მხარს უჭერს ინფორმაციის სიღრმისეულად დამუშავებას, დადებითად აისახება ყურადღებისა და კონცენტრირების დონეებზე.
ფიზიკური აქტივობა პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობას აუმჯობესებს
2 კვლევის თანახმად, თანამშრომელთა ყოველდღიური ფიზიკური აქტივობები დღის მანძილზე რესურსების ქარავანს გვთავაზობს, რაც შედგება ფიზიკური (ძილი), აფექტური (ენერგია) და კოგნიტიური (დავალებაზე ფოკუსირება) რესურსებისგან. ეს ყველაფერი კი შემდგომში სხვადასხვა გზით დადებითად აისახება სამსახურში პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფიზიკური და ემოციური რესურსები ამცირებს ყოველდღიურ ფიზიკურ ტკივილებს, კოგნიტიური უკეთესად შესრულებულ ყოველდღიურ საქმეებს გულისხმობს, ხოლო ემოციური რესურსები თვითშეფასებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია.
სამსახურით თვითკმაყოფილება ფიზიკური აქტივობით რესურსების მოპოვების შესაძლებლობას აჩენს
სამსახურით თვითკმაყოფილება გულისხმობს თანამშრომლის აღქმას საქმის შესრულების პირადი შესაძლებლობების შესახებ. ეს კი აძლიერებს ფიზიკური აქტივობების სარგებელს ძილის ხარისხისა და დავალებაზე ფოკუსირების ირგვლივ. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც თვითკმაყოფილების მაღალი დონით გამოირჩევიან, ძლიერი პოზიტიური რწმენაც აქვთ თავიანთ მოტივაციასა და უნარზე, მიიღონ სამუშაოსთან დაკავშირებული რესურსები ყოველდღიური ფიზიკური აქტივობისგან.
როგორ გავხდეთ ფიზიკურად მეტად აქტიური?
თუ აღმოაჩენთ, რომ დისტანციური მუშაობის დროს დღის მანძილზე ძალიან ცოტას მოძრაობთ, 3 კვლევაზე დაფუძნებულ გზას შემოგთავაზებთ, ფიზიკური აქტივობის გაზრდით უფრო მეტი სარგებელი რომ მიიღოთ:
ფოკუსირდით ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის ჩვევად ჩამოყალიბებაზე
ეს პროცესი ნელა, პატარა ნაბიჯებით შეგიძლიათ დაიწყოთ. არ დაკარგოთ მოტივაცია, თუ მყისიერად ვერ დაინახავთ სამსახურში ფიზიკური ვარჯიშით მიღებულ სარგებელს. კვლევისას ფიზიკური აქტივობების შემდგომი დღის სარგებელიც შეისწავლეს, აჩვენეს მნიშვნელოვანი რესურსების შენაძენი, რომლებიც დადებითად აისახა პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობის საკითხებზე. გამოდის, ყოველდღიურად მეტად ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაზე კონცენტრირებით დროთა განმავლობაში უკეთეს შედეგებს მიიღებთ.
გახსოვდეთ, რომ როცა ცოტა არაფერზე უკეთესია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ცოტა ფიზიკური აქტივობა არაფრის კეთებაზე უკეთესია, ამიტომ ისინი 18-64 წლამდე ადამიანებს კვირაში საშუალო ინტენსივობის 2.5-საათიან ვარჯიშში ჩართვას ურჩევენ ან სულ მცირე 1.25-საათიანი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშს 1 კვირის მანძილზე.
კვლევის თანახმად კი, საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა ყველაზე ეფექტურია ფიზიკური, ემოციური თუ კოგნიტიური რესურსების გამომუშავებისთვის. ეს ყველაფერი შემდგომში დადებითად აისახება საქმეების შესრულებაზე, შემოქმედებასა და ჯანმრთელობის საკითხებზე. რაც შეეხება დაბალი ინტენსივობის ფიზიკურ ვარჯიშს, მოითხოვს უფრო ხანგრძლივ ჩართულობას კონკრეტული რესურსების მოსაპოვებლად. ხოლო მაღალი ინტენსივობის ფიზიკურმა აქტივობამ, შესაძლოა, უფრო მარტივად მიგვიყვანოს დაზიანებებამდე.
ამგვარად კი, ზომიერი ინტენსივობის ვარჯიში ბევრი ადამიანისთვის მეტად ხელმისაწვდომი მიზანი ხდება. მეტიც, ყოველდღიურად 20-წუთიანი ვარჯიშიც კი საკმარისია იმ რესურსების გამოსამუშავებლად, რომლებიც დადებითად აისახება ჩვენი პროფესიული ცხოვრების შედეგებზე.
მოტივირებული ხართ თუ არა, უბრალოდ გააგრძელეთ მოქმედება!
კვლევის თანახმად, იმ თანამშრომლებსაც კი, რომლებსაც არ მოსწონთ ვარჯიშის იდეა, შეუძლიათ სარგებელი მიიღონ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობებისგან. ამასთან, ავტონომიურად მოტივირებული ინდივიდები, მეტად სავარაუდოა, რომ ფიზიკურ აქტივობებში ჩაერთვებიან, მათი მამოძრავებელი კი ამ საკითხში ე. წ. სახალისო აქტივობის ფაქტორია. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ უმჯობესია, ისეთი აქტივობა მოვძებნოთ, რომელიც ჩვენთვის მოსაწყენი კი არა, სახალისო იქნება. ამგვარად, თუ ლაშქრობა არ არის თქვენი საქმე, ბოქსი ცადეთ ან რაღაც სრულიად სხვა.
გამოდის, თუ თქვენს ცხოვრებას ფიზიკურად მეტად აქტიურს გახდით, თქვენი სხეული მადლობას გეტყვით, გონება კი მეტი ენერგიით, დავალებებზე უკეთესი ფოკუსირების უნარითა და გაუმჯობესებული კრეატიულობით დაგაჯილდოებთ.
წყარო: HBR