2015 წლიდან მოყოლებული, „ჰედვაისი“ ორგანიზაციული და პიროვნული განვითარების მიმართულებით საგანმანათლებლო ტრენინგების გარდა, საკონსულტაციო საქმიანობითაცაა დაკავებული. ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ცოტა ხნის წინ, კომპანიამ McDonald’s Germany-სთან მიაღწია შეთანხმებას და ამიერიდან სწრაფი კვების რესტორნების ქსელს გერმანიაში ქართული კომპანია გაუწევს HR კონსულტირებას. დეტალებზე „ჰედვაისის“ დამფუძნებლები, მარიამ კვარაცხელია და ნიკა ზირაქაშვილი გვესაუბრნენ.
M: რას გულისხმობს „მაკდონალდს გერმანიისა“ და „ჰედვაისის“ თანამშრომლობა?
2015 წლიდან, არაერთ ქართულ თუ საერთაშორისო კომპანიასთან შევძელით წარმატებული თანამშრომლობა პერსონალის შერჩევის, შეფასებისა და განვითარების მიმართულებით, თუმცა, ამ ეტაპისთვის მთავარ მიღწევად და გამოწვევად „მაკდონალდს გერმანიასთან“ დადებულ უვადო ხელშეკრულებას ვთვლით, რაც გულისხმობს იმას, რომ ვიღებთ ვალდებულებას უზრუნველვყოთ გერმანიაში არსებული „მაკდონალდსის“ ყველა ფრანჩაიზისა თუ რესტორნისთვის მენეჯერებისა და კვების ობიექტებზე მომუშავე პერსონალის შერჩევა და არსებული თანამშრომლების შეფასება, პროფაილინგის მეთოდის გამოყენებით. პერსონალის შერჩევა მოხდება როგორც გერმანიის ტერიტორიაზე, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის – საქართველოშიც. არაგერმანელი კანდიდატებისთვის სამუშაო ვიზას და მასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიულ პროცესებს, თავად გერმანიის „მაკდონალდსი“ უზრუნველყოფს.
M: რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ და როგორ შეძლო ქართულმა კომპანიამ “გერმანული მაკდონალდსის” დათანხმება?
მენეჯერების შერჩევისა და შეფასების მიმართულებით, „ჰედვაისისა“ და „მაკდონალდს საქართველოს“ წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, რეკომენდაცია სწორედ საქართველოს მაკდონალდსმა გაგვიწია. „მაკდონალდს გერმანიასთან“ მოლაპარაკებები და ბიუროკრატიული დეტალების გარკვევა დაახლოებით 2 წელს გაგრძელდა, რასაც პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეებიც დაერთო თან, თუმცა საბოლოოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა.
მოლაპარაკებების პროცესში მთავარი როლი შეასრულა პერსონალის შეფასების ინოვაციურმა მეთოდმა, რომელიც „ჰედვაისმა“ თავად შექმნა და დღეს პერსონალის შეფასების, მართვისა და განვითარების პროცესში აქტიურად იყენებს. „ჰედვაისის“ უნიკალური შეფასების სისტემა საშუალებას იძლევა კორპორატიულ კულტურასა და სამუშაო გამოწვევებზე მაქსიმალურად მორგებული იყოს თითოეული შერჩეული კანდიდატი.
აღსანიშნავია, რომ „ჰედვაისის“ პარალელურად „მაკდონალდს გერმანია“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, როგორც გერმანიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ არაერთ HR საკონსულტაციო კომპანიასთან, საბოლოო არჩევანი კი სწორედ ჩვენზე შეაჩერა.
M: როგორი იქნება თანამშრომლობის პროცესი?
„ჰედვაისისა“ და „მაკდონალდს გერმანიის“ ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ ახლა იწყება. როგორც აღვნიშნეთ, „ჰედვაისი“ ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალის შერჩევა და არსებული თანამშრომლების შეფასება. თავდაპირველად თითოეული პოზიციისთვის მოხდება შესაბამისი „იდეალური თანამშრომლის“ პროტოტიპის შექმნა, რის შემდეგაც ორივე მომსახურება შესრულდება პროფაილინგის უნიკალური ალგორითმის გამოყენებით, რომელიც ახდენს პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტის იდენტიფიცირებას და ადგენს მის შესაბამისობას როგორც პოზიციასთან ასევე ორგანიზაციულ კულტურასთან. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად იკლებს გადინების სიხშირე, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს გადინებასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
M: რას ნიშნავს ამ შეთანხმების მიღწევა „ჰედვაისისთვის“?
„ჰედვაისისთვის“ აღნიშნული შეთანხმება, არა მხოლოდ „მაკდონალდს გერმანიის“ რესურსის ათვისებას, არამედ ზოგადად გლობალურ ბაზარზე გასვლას ნიშნავს, რაც გულისხმობს იმას რომ ველოდებით კომპანიის მასშტაბურ ზრდას და ვგეგმავთ საწყის ეტაპზე გერმანიაში, წარმატების შემთხვევაში კი – სხვა ქვეყნებში ოფისების გახსნას.
ამ რანგის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე დავნერგოთ ორგანიზაციული განვითარების ინოვაციური მეთოდები, რომელზეც „ჰედვაისის“ დაარსების დღიდან აქტიურად ვმუშაობთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი