სასწრაფო განგაშია – სამედიცინო მუშაკებმა Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტს სასუნთქი მილი უნდა ჩაუდგან. ეს საშიში პროცედურაა, რადგან ვირუსის გადაცემის საფრთხე მაღალია. Covid-19-ის გამო, ეს სიგნალი, ბევრ ქვეყანაში, ჯერ კიდევ ხშირად ისმის და მედიკოსებსაც უჭირთ რეგულარულად იზრუნონ კრიტიკულ პაციენტებზე. თანაც, მათი მნიშვნელოვანი ამოცანა, პაციენტების მოვლის გარდა, საკუთარ თავზე ზრუნვაცაა. მათ უწევთ უსაფრთხოების ეკიპირების გამოცვლის ხანგრძლივი პროცედურის გავლა. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც პროცედურა ჩავლილია, ექთნები, ექიმები და სხვა სპეციალისტები ემოციურად არიან დატვირთულები. ეს ყველაფერი მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, შედეგად ვიღებთ უძილობას, გართულებულ კონცენტრაციას და ენერგოდეფიციტს. გადაწვის რისკის წინაშე, ყველაზე ხშირად, წელს, ალბათ ყველაზე მეტად, სწორედ სამედიცინო პერსონალი დგას. ეს კი, კრიზისის დაძლევას ართულებს.
ემოციურ ინტელექტზე, 29 წლის განმავლობაში შეგროვილი მონაცემების კვლევის საფუძველზე, დაასკვნეს, რომ სამედიცინო მუშაკებისთვის კრიტიკულია საკუთარი ემოციური მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჯანმრთელობის, ისე ეფექტიანობის შესანარჩუნებლად. ეს პაციენტების კმაყოფილების განმაპირობებელი ფაქტორიცაა.
ემოციური ინტელექტი ოთხ ნაწილად იყოფა: თვითშეცნობა, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობადობა და ურთიერთობის მართვა.
თვითშეცნობა
თუკი სამედიცინო პერსონალი ხართ, ბოლო თვეებში დაძაბული დღეები გარანტირებული გექნებოდათ. ის, თუ რას გრძნობთ და როგორ რეაგირებთ ამ შეგრძნებებზე, მათ სამართავად პირველი ნაბიჯია. თუმცა, ის, რასაც მედიკოსი სწავლობს პროფესიის დაუფლებისას, მთლიანად პაციენტზეა ორიენტირებული და ნაკლებად – საკუთარ თავზე ზრუნვაზე. შესაბამისად, როდესაც ვინმეს სჭირდება მედიკოსების დახმარება, მათ საკუთარი საჭიროებები უკანა პლანზე გადაგაქვთ, იკლებენ ძილს, დასვენებას, საჭმელსა და საპირფარეშოთიც ნაკლებად სარგებლობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალების აღდგენაზეც ნაკლებად ზრუნავენ, რასაც ისინი გადაწვამდე მიჰყავს.
თუკი სამედიცინო სფეროში მუშაობთ და თქვენთვის ეს მდგომარეობა ნაცნობია, აღრიცხეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, რომ შემდეგ გააანალიზოთ, რა მდგომარეობაში იმყოფებით. პერიოდულად შეეკითხეთ ხოლმე საკუთარ თავს, როგორ ხართ. არ აქვს მნიშვნელობა, ამას რა ფორმით გააკეთებთ, მთავარია მუდმივად იცოდეთ თქვენი მდგომარეობა: მშვიდად და ენერგიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში? ჩემი შფოთვა, შიში ან სტრესი სხვებს ხომ არ გადაეცემა? ვაცნობიერებ საკუთარ ემოციებს? ვაცნობიერებს, როგორ გამოვხატავ ჩემს მდგომარეობას და როგორ აისახებს ეს სხვებზე? როგორი ტონით ვესაუბრები საკუთარ თავს? რამდენად კმაყოფილდება ჩემი საბაზო ადამიანური მოთხოვნილებები?
საკუთარი თავის მართვა
როდესაც საკუთარ ემოციებს აცნობიერებთ, მათ უფრო ჯანსაღადაც გამოხატავთ და მართვაც გიადვილდებათ. როგორც წესი, ეს ბუნებრივად არ მოდის. როდესაც ემოციური ტრიგერები გაქვთ, ამან შეიძლება ამიგდალა წყობიდან გამოიყვანოს და ემოციებმა დაიწყონ თქვენი მართვა. თქვენ კი, საპასუხოდ, ამ ემოციებს სხვაზე გადაიტანთ და ტირილით ან ყვირილით გამოხატავთ.
კონცენტრირდით, რა არის თქვენი კომფორტის ზონა – პაციენტი, რომელიც თქვენ წინაშეა და გადაწყვეტილება, რომელიც მასთან მიმართებაში უნდა მიიღოთ. როდესაც ფოკუსირების არეალს ავიწყოვებთ, ბევრად შეგიმსუბუქდებათ მდგომარეობა და ამ ამოცანების შესრულებით, კმაყოფილი დარჩებით.
უთანაგრძნეთ საკუთარ თავს. ეცადეთ, გამოიძინოთ, იკვებოთ ჯანსაღად, გამოხატოთ მადლიერება, გყავდეთ ადამიანი, ვისაც გაუზიარებთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას. არ დაგავიწყდეთ ამ კითხვების დასმა: როგორ შემიძლია ვმართო ემოციური ტრიგერები? რა არის ჩემი კომფორტის ზონა? ვუთმობ დროს ძილს, ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს? მყავს გარშემო ადამიანები, ვისაც შემიძლია დავეყრდნო? რა მაძლევს ცხოვრების მიზანს?
სოციალური ცნობადობა
საკუთარ თავზე ზრუნვა სხვებზე ზრუნვის საშუალებას გაძლევთ. თანაგრძნობა პაციენტების, ოჯახისა და კოლეგების მიმართ, ურთიერთობებას მნიშვნელოვნად ამყარებს. საამისოდ, ყველაზე ფუნდამენტური გზაა ყურადღებით მოუსმინოთ სხვებს. პატივისცემით მოეკიდეთ ყველას, ვინც წინა ხაზზე იბრძვის – დამლაგებლებს, ტექნოლოგებს, თერაპევტებს, მედდებს და სხვებს. მნიშვნელოვანია დავაფასოთ ადამიანების შრომა, გამბედაობა და საქმისადმი თავდადება. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ჯერ უნდა მოვუსმინო ადამიანებს, თუ ვიჩქარო პასუხის გაცემა? შემიძლია სხვისი ემოციების სათანადოდ გაცნობიერება? ვისი ნამუშევარი არ დავაფასე სათანადოდ?
ურთიერთობების მართვა
თუკი სოციალური ცნობადობა სხვებზე გადაწყობას გულისხმობს, ურთიერთობის მართვა მათთან ინტერაქციას მოიცავს. თუკი პანდემიით გამოწვეულ დაძაბულობასა და დატვირთვას გავითვალისწინებთ, ურთიერთობების მართვა ამ პერიოდში საკმაოდ რთულია. შესაძლოა, თქვენ ასევე მუშაობთ უცხო კოლეგებთანაც, რომლებთანაც ურთიერთობის განმტკიცება, ეფექტიანობის ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ მუშაობს ემპათია: როდესაც საკუთარ ემოციებს მიმართავთ იქითკენ, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი, მათთან ურთიერთობის საუკეთესო გზაც გამოჩნდება. პაციენტებთან ურთიერთობისას, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ხმის ტონსა და გამომეტყველებას – ეს შეიძლება დამაიმედებელი და დამამშვიდებელი იყოს მათთვის.
ყველა ინტერაქციაში მნიშვნელოვანია სიმშვიდე, თუმცა, ეს ადვილი რომ არ არის, ყველამ ვიცით. სამედიცინო პერსონალს ხშირად უხდება უსიამოვნო ამბების შეტყობინება ადამიანებისთვის. ამ პირობებში რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, მით უმეტეს, პანდემიის ფონზე. ამასთან, გამჭვირვალე კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიდერების მხრიდან. ისინი უნდა ეცადონ მაქსიმალურად განტვირთონ დაძაბული საუბარი და განწყობა.
ჰკითხეთ, საკუთარ თავს: ვავლენ სიმშვიდეს სხვებთან მიმართებაში და მათში საუკეთესო მხარის დანახვას ვცდილობ? როგორც ლიდერი, ღია ვარ ინფორმაციის გაცემისას? ჩემი კომუნიკაცია მყისიერი და მკაფიოა? მზად ვარ უკუკავშირის მისაღებად? გამოვხატავ მადლიერებას?
ვიმედოვნებთ, მომდევნო სასწრაფო განგაშის დროს, სამედიცინო პერსონალი კარგად გაიაზრებს ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვან ნაწილებს და ეს საქმის უკეთ კეთებაშიც დაეხმარება.
წყარო: HBR