25
Dec
2018

დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი

25 Dec 2018

ურთიერთობები სრულდება, თუმცა, არ სრულდება მოგონებები, რომლებიც ამ ურთიერთობებისგან დარჩა. ურთიერთობების დასრულების შემდეგ, ადამიანები “გასაჯანსაღებლად” სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, თუკი ეს, რასაკვირველია, სჭირდებათ. ზოგი მათგანი ყველაფერს ერთიანად უყრის თავს, რაც კი წარსულთან აკავშირებს და სანაგვეზე ყრის, ზოგიც პირიქით – დიდი ხნით ინახავს მათ. ამგვარ ტრაგედიებს (ფარდობითად) დასასრული, რა თქმა უნდა, არ აქვს და, ალბათ, სწორედ ეს გახდა ინსპირაცია ოლინკა ვისტიკასთვის და დრაღენ გრუბიშიჩისთვის, რომლებმაც ხორვატიაში, კერძოდ კი, ზაგრებში, დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი შექმნეს (Museum of Heartbroken Relationships).

mBank QR
mBank QR

დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი წყვილმა თერაპიული პროექტის სახით შექმნა. მათ ეს იდეა 2003 წელს გაუჩნდათ, სწორედ მაშინ, როდესაც 4 წლიანი ურთიერთობა დაშორებით დაასრულეს. თავდაპირველად, გართობის მიზნით, მოაგროვეს პირადი ნივთები, რომლებიც თავიანთ გრძელვადიან ურთიერთობას უკავშირდებოდა. წლების შემდეგ კი, ისინი მეგობრებს დაუკავშირდნენ მსგავსი ნივთების შესაგროვებლად. კოლექციამაც არ დააყოვნა და პირველი გამოფენა 2006 წელს მოეწყო.

 

მომდევნო წლებში კი კოლექცია შემდეგ ქვეყნებში გამოფინეს: არგენტინა, ბოსნია ჰერცოგოვინა, გერმანია, მაკედონია, ფილიპინები, სერბეთი, სინგაპური, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. 4 წლის განმავლობაში კოლექცია 200 000-მდე ვიზიტორმა ნახა. აღსანიშნავია, რომ დრო და დრო იგი იზრდებოდა და ემატებოდა ახალი ნივთები.

მას შემდეგ, რაც ხორვატიის კულტურის სამინისტროსგან უარი მიიღეს, დაშორებულმა წყვილმა გადაწყვიტა, თავად შეექმნა შესაბამისი სივრცე და მუზეუმიც აქ მოეწყო. საბოლოოდ, მას 300 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცე დაეთმო და 2010 წელს იგი ოფიციალურად გაიხსნა. 2011 წელს მუზეუმმა ევროპული მუზეუმების ფორუმზე (European Museum Forum) ქენეთ ჰადსონის ჯილდო მიიღო (Kenneth Hudson Award), რომელიც მუზეუმს იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუკი იგი ორიგინალურია და შეიცავს სარისკო ელემენტებს. 

მუზეუმი მოიცავს სამი ტიპის ნივთებს: მატერიალურს – იგი აერთიანებს ისეთ ნითებს, როგორებიცაა ფოტოები, წერილები, მესიჯები და მითითებული აქვს შეხვედრებისა და ადგილების მონაცემები. ვირტუალური ნივთები, რომელიც მოიცავს სურათებსა და დოკუმენტებს და ასევე, კონფესიური (აღმსარებლური) ნივთები, რომელიც აერთიანებს ხმებსა და მესიჯებს.

დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი ის სივრცეა, რომელშიც უამრავ გულისტკივილსა და სევდიან ისტორიას გადააწყდებით და რომლებსაც სწორედ აქ გამოფენილი სიმბოლოები და ნივთები გვიყვება. იგი მუდმივად მზარდია და ემატება ახალი ნივთები ახალი ისტორიებით. მსურველებისთვის იგი ერთგვარ გამოსავალს წარმოადგენს, გაუმკლავდნენ დაშორებით გამოწვეულ ტკივილს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი ლოს ანჯელესშიც გაიხსნა, რომელიც ანალოგიურ კონცეფციაზეა დაფუძნებული.

 

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] მრავალი ქვეყნის შემდეგ, ზაგრების „დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ სამოგზაურო გამოფენის მონაწილე […]