ლონდონის ჰითროუს აეროპორტის გასული წლის ემოციური ვიდეორგოლი, რომელიც საუკეთესო ნამუშევრების ჩამონათვალშიც კი მოხვდა, ალბათ ბევრს ახსოვს. აეროპორტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავისი გასული წლის გმირების, ანუ სათამაშო ცოლ-ქმარი დათვების ისტორია, რომლებიც რეალურად მოხუც წყვილს განასახიერებენ, წელს კიდევ უფრო განევრცო და მეტი ემოციურობა შეემატებინა. სწორედ ამიტომ, სააგენტო Havas-მა წლევანდელ რეკლამაში დორისის და ედვარდის სიყვარულის ისტორიის დასაწყისი, ასევე მისი შთამბეჭდავი გაგრძელება, ერთიანად მოგვითხრო. 1967 წელს ჰითროუსში პირველი შეხვედრა და ასე განვითარებული ამბავი გულგრილს ვერცერთ მაყურებელს ვერ დატოვებს, თან კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რამხელა ემოციების მატარებელია აეროპორტი.














