in

მუსიკალური იდენტობა ფეხბურთის მოედანზე და მის მიღმა – როგორ შექმნა „ჰეიმამ“ საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ ახალი ჰიმნი

იცით, რა არის საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მთავარი იდენტობა? ჰიმნი, რომელიც მხოლოდ ამ ნაკრებთან ასოცირდება. ეს ის მელოდიაა, რომლის გაგონებაზეც გულშემატკივარს ჟრუანტელი უვლის, რომელსაც ათასობით ადამიანი ერთად მღერის და ამ სახით ერთიანდება  საყვარელი გუნდის გარშემო. ჰიმნი არ არის მხოლოდ სიმღერა – ის კლუბის სავიზიტო ბარათია, მისი ხასიათისა და ისტორიის მუსიკალური გამოხატულება. ის აკავშირებს თაობებს, შლის საზღვრებს გულშემატკივრებს შორის და ერთ დიდ ოჯახად აქცევს მათ. “You’ll Never Walk Alone” რომ ჟღერს, უკვე იცი, რომ ლივერპულის გვერდით ხარ, “Hala Madrid” რომ გესმის, მომენტალურად, რეალის სამყაროში ინაცვლებ.

საქართველოს ჩემპიონ კლუბ „იბერიას“ ახალი ჰიმნი აქვს. „ჰეიმას“ შემოქმედებითმა ტრიომ შექმნა მუსიკა, რომელიც „იბერიას“ გულშემატკივრობის ისტორიაში ახალ ეპოქას დაუდებს სათავეს. ნაწარმოებზე იმუშავეს: მებო ნუცუბიძემ, რომელმაც ჰიმნის მუსიკა და ტექსტი დაწერა და თავადვე იმღერა, ლევან სიდიანი ფილფანმა, რომელიც ასევე მუსიკის თანაავტორი და პროექტის პროდუსერია და ირაკლი მანჩხაშვილმა (ბეთხო), რომელმაც პროდიუსინგზე იზრუნა. მათი მიზანი მარტივი იყო – შეექმნათ ისეთი ჰიმნი, რომელიც გონებაში ჩაგრჩება, ემოციებს აგიმაღლებს, საბრძოლო განწყობაზე დაგაყენებს და უნებლიედ, წაიღიღინებ ხოლმე სხვა დროსაც. ჰიმნი მოგვითხრობს „იბერიას“ ამბავს 1999 წლიდან – როგორ იქცა პატარა გუნდი ქვეყნის ჩემპიონად. მასში ქართული ჰანგები და რიტმები ისმის, რაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. მთავარი გზავნილი კი ისაა, რომ „იბერიას“ გვერდით უდგანან გულშემატკივრები, და ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი გამარჯვებების გზაზე.

M: როგორი იყო შემოქმედებითი გუნდის დავალება და როგორ წარმოგედგინათ ჰიმნის ემოციური განწყობა?

მებო: შემოქმედებითი გუნდის დავალება იყო შეგვექმნა ისეთი ჰიმნი, რომელიც იქნებოდა ერთდროულად ადვილად დასამახსოვრებელი და ასაკვიატებელი და ამავდროულად, ემოციური და საბრძოლო განწყობის მატარებელი. ასევე გვინდოდა, ქართული ჰანგებიც ყოფილიყო, რაც საბოლოოდ, ინსტრუმენტებისა და ხმების ქართული სიმღერისთვის დამახასიათებელ ინტერვალში გაშლებით გადმოვეცით.

ლევანი: გვქონდა რამდენიმე შეხვედრა „იბერიას“ მენეჯმენტთან, მათი მარკეტინგის გუნდთან. მაქსიმალურად დეტალურად გავიგეთ ყველაფერი „იბერიას“ გეგმებისა და მიზნების შესახებ და შემდეგ ეს ყველაფერი მუსიკაშიც ავსახეთ.

M: რა იყო ამ კომპოზიციის მთავარი სათქმელი მსმენელისთვის და როგორია მისი სიმბოლური დატვირთვა?

ლევანი: მუსიკალური თვალსაზრისით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საფეხბურთო ჰიმნი, ვეცადეთ, რომ რიტმული სექციაც და მელოდიური ნაწილიც მაქსიმალურად საფეხბურთო განწყობის ყოფილიყო. შევარჩიეთ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც სწორედ ასეთ განწყობას ქმნის: მატჩის წინ ჩართავ, მოუსმენ და მზად ხარ შენს საყვარელ გუნდთან ერთად შეხვდე გამარჯვებას… და არა მხოლოდ: მზად ხარ მასთან ერთად გაიარო ნებისმიერი გზა, სირთულეებიდან გამარჯვებებამდე.

მებო: მთავარი შინაარსობრივი სათქმელი იყო ის, რომ „იბერია“, რომელმაც ეს გზა 1999 წელს, სულ პატარა გუნდით დაიწყო, ახლა უკვე საქართველოს ჩემპიონია; და ის ამ რთულ გზას არ გადიოდა მარტო. გვინდოდა ჰიმნში გამოჩენილიყო, რომ იბერიას გვერდით დგანან მისი გულშემატკივრები. და ასევე გვეჩვენებინა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია: წინ დიდი გამარჯვებებია და „იბერია“ ახალ ისტორიას წერს.

M: გვიამბეთ სამუშაო პროცესსა და შემოქმედებით გუნდზე…

მებო: შემოქმედებითი გუნდი ასეთია: ლევან სიდიანი ფილფანი (მუსიკის ავტორი და პროდუსერი), ბეთხო – პროდუსერი და მე (მებო ნუცუბიძე) – მუსიკისა და ტექსტის ავტორი. ასევე, ვოკალზე ვარ მე და მეორე კუპლეტზე იუთუბერი ქორო, რომელიც ახლა „იბერიასთან“ ერთად ვარჯიშობს.

ლევანი: პროცესი იყო ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და თან ძალიან საპასუხისმგებლო და საკმაოდ რთულიც: ეს ისეთი რამეა, რაც წლების განმავლობაში დარჩება და რასაც ძალიან ბევრი ადამიანი მოუსმენს და შეიყვარებს, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება იყო ასმაგად პასუხისმგებლიანი. კარგად ვაცნობიერებდით ამ დამატებით პასუხისმგებლობას.

M: რით განსხვავდება საფეხბურთო ნაკრების ჰიმნზე მუშაობა სხვა ტიპის მუსიკალურ პროექტზე მუშაობისგან?

ლევანი: საფეხბურთო ჰიმნის წერისას გასათვალისწინებელია კონტექსტი – რაღაც ჟანრებმა, რაღაც ჟღერადობებმა შეიძლება არ გაამართლოს. საფეხბურთო ჰიმნი უნდა იყოს ენერგიული, კარგ ხასიათზე და საბრძოლო განწყობაზე მომყვანი. უხეშად რომ ვთქვათ, როცა მაყურებელი მოდიხარ სტადიონზე და ცოტათი შებოჭილი ხარ, სწორედ ჰიმნმა უნდა გაგხსნას და გაგიხსნას ფრთები. ჰიმნი არის გუნდის იდენტობა და ამავდროულად – გუნდისა და მისი გულშემატკივრების მოტივატორი. შესაბამისად, მუშაობის პროცესიც აბსოლუტურად განსხვავებული იყო.

M: რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროექტი?

მებო: ეს პროექტი „ჰეიმას“ გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგურია, რომელსაც ჩვენი მუსიკალური ისტორიის შექმნაში ვდებთ. ჩვენ ჩვენი სული და გული ჩავდეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ და მაქსიმალურად გავიაზრეთ იბერიას იდენტობა, მისი სათქმელი და მთავარი მიზანი. დანარჩენი უკვე მსმენელზეა. გვჯერა, ხალხი შეიყვარებს ამ ჰიმნს და დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამ ჰიმნთან ერთად მიაღწევს „იბერია“ ძალიან დიდ წარმატებას.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როდის დავგეგმოთ საქმიანი შეხვედრები: დილით, შუადღეს თუ საღამოს

გაგათავისუფლეს? — გააუმჯობესეთ LinkedIn-ის პროფილი და იპოვეთ ახალი შესაძლებლობები