in

Heima Production — აუდიო ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ემოციებს ხმად გარდაქმნის


შემოქმედებით სფეროში აუდიო ხელოვნებას უდიდესი ადგილი უკავია, ვინაიდან ასოციაციურად ძალიან მჭიდრო კავშირს ქმნის ადამიანებსა და საბოლოო პროდუქტს შორის. ცხადია, ეს მხოლოდ მუსიკალურ ნაწილს არ ეხება, არამედ თითოეულ ხმას, რომელიც ყოველდღიურობის ქაოსში იმდენად ჭარბად თუ თანადროულად არსებობს, რომ ხშირად ერთმანეთისგან გამორჩევაც კი გვიჭირს.

სწორედ ამის უზრუნველყოფაზე მუშაობს ქართული კომპანია Heima Production, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ მებო ნუცუბიძემ და ბეთხომ დააარსეს.

„გვინდოდა, Heima ყოფილიყო მეტი, ვიდრე მებო და ბეთხო. ეს არის კომპანია, რომელიც დამკვეთის პროექტს ზუსტად ისე მიუდგება, როგორც საკუთარს“, — აღნიშნავს მებო.

M: მებო, პირველ რიგში „ჰეიმას“ საქმიანობის შესახებ ვისაუბროთ…

მებო: ბევრი ადამიანი იბნევა, როდესაც ვეუბნებით: „ვქმნით ხმას და მუსიკას“. მუსიკა უფრო გასაგებია, მაგრამ ხმის შექმნაში რა იგულისხმება ვერ ხვდებიან. სიმართლე გითხრათ, თავიდან ეს არც მე ვიცოდი. ბეთხო წლებია ამ საქმეშია, ჩემი მიმართულება კი აქამდე უფრო მუსიკა იყო. ხმის შექმნა ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც ჟღერს ვიდეოში — ნაბიჯები, კარის გაღება, ჭექა-ქუხილი — არის სტუდიაში გაკეთებული, ანუ არცერთ ვიდეოში ეს ყველაფერი ადგილზე არ არის ჩაწერილი. მაგრამ სირთულეც ეს არის — ყველაფერი ისე კარგად უნდა გააკეთო, რომ ყველას ადგილზე ჩაწერილი ეგონოს. 

ჩვენ კი ვართ კომპანია, რომელიც უკვე მესამე წელია აქტიურად მუშაობს, ქმნის ხმას და მუსიკას, ანუ ყველაფერს, რაც აუდიო მომსახურებას ეხება, იქნება ეს გახმოვანება, მსახიობების ჩაწერა, მუსიკის ჩაწერა, თუ სხვა. მოკლედ, რაც ხმას ეხება ყველაფერს ვაკეთებთ.

M: როგორ დაიბადა და განვითარდა თქვენი იდეა? რა გზა გაიარეთ და რა ეტაპზეა ახლა Heima Production?

ბეთხო: ჩემთვის ეს ყველაფერი უფრო შორს მიდის, რადგან, როგორც მებომ თქვა, უკვე მრავალი წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული. კინოხმასთან ჩემი პირველი შეხება მგონი 2010 წელს შედგა სერიალ „კლინიკაზე“ მუშაობისას. სწორედ მაშინ შევიგრძენი, როგორია, როდესაც კადრს ხმის საშუალებით აცოცხლებ. პირველად სწორედ მაშინ ვიმუშავე სერიალისთვის მუსიკაზე და ხმაზე. მას შემდეგ კიდევ ბევრი მცდელობა იყო, მიმუშავია არაერთ რეკლამაზე. შემდეგ მე და მებო მუსიკალური კუთხით გავერთიანდით და საბოლოოდ რეკლამაზე მუშაობაზეც ვცადეთ. ნელ-ნელა კი ჩამოყალიბდა იდეა, რომ ამ ყველაფრისთვის სახე მიგვეცა, უფრო მეტი რამე გვეკეთებინა და გადავწყვიტეთ, Heima Production შეგვექმნა.

მებო: ჩვენ ერთმანეთი მუსიკალურ ასპარეზზე გავიცანით — პროექტი გვქონდა The BearFox და ვქმნიდით მუსიკას. შესაბამისად, ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით და ვუგებთ, ბუნებრივად ხდება ეგ ამბავი. როგორც ბეთხომ თქვა, როდესაც პირველად ვიმუშავეთ რეკლამაზე, ვნახეთ, რომ ეს აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ მთლიანი პროდუქტის ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ხდები. ეს პროდუქტი შეიძლება იყოს ფილმი, სერიალი, რეკლამა, ანიმაცია… მის შექმნაში ჩართულია ასობით ადამიანი და თითოეული მათგანი კონკრეტული მიმართულებით მუშაობს. ამ პროდუქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ხმა და მუსიკა. მივხვდით, რაღაც კარგი გამოდიოდა და გადავწყვიტეთ, რომ ახალ ეტაპზე გადასვლა იყო საჭირო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ აღარ ვყოფილიყავით მხოლოდ ორნი. ახლა კი მესამე წელია ვვითარდებით, პროექტების მნიშვნელობა და მასშტაბებიც იზრდება, თანამშრომლებიც გვემატებიან და ამ ეტაპამდე ჩვენი ისტორია შესანიშნავად მიდის.

M: რატომ დაირქვით „ჰეიმა“?

მებო: ვისთანაც გვიმუშავია, ყველა ამბობს, რომ მათში ჩვენი სტუდია მართლაც სახლის შეგრძნებებს აღძრავს, რაც ძალიან გვახარებს. ეს მიდგომა თავიდანვე გვქონდა, მაგრამ სახელი მაშინვე არ მოგვაფიქრდა. ბოლოს გამახსენდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ჩვენს შორის ის არის, რომ ორივესთვის ძალიან საყვარელი ჯგუფი არის Sigur rós. ამ ისლანდიური ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მსოფლიო ტურნეს შემდეგ სახლში დაბრუნებისას ყველა სოფელში თითო სიმღერა დაეკრათ. მოიარეს ისლანდია, თითოეული ადგილი, რომელთანაც რაიმე ემოციური ბმა აკავშირებდათ და აქედან გამომდინარე მათ ამ ყველაფერს დაარქვეს Heima, რაც ისლანდიურად სახლს ნიშნავს. ამიტომ ბეთხოს სწორედ ეს ვერსია შევთავაზე. რაც შეეხება Production-ს, სახელწოდებას ეს სიტყვა იმიტომ დავამატეთ, რომ ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა უკეთ გამოიკვეთოს.

M: რა ფილოსოფიას ეფუძნება Heima Production-ის საქმიანობა? 

მებო: საქმიანობის თვალსაზრისით, ჩვენი ფილოსოფია გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებთ, გვიყვარს. არ ვასხვავებთ პროექტებს, მათ მასშტაბებს ან მნიშვნელობას, დამკვეთებს და ა. შ. ჩვენთვის ყველა საქმე, იქნება ეს მეგობრისთვის, ყოველგვარი ბიუჯეტის გარეშე, ენთუზიაზმით შექმნილი ვიდეო თუ რაიმე მასშტაბური პროექტი, ერთნაირად საყვარელია. როგორც კი პროექტი ჰეიმაში შემოაბიჯებს, ის ჩვენთვის საყვარელ საქმედ იქცევა. ეს არის ყველაზე მთავარი და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იზრდება მუდმივად ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ შესრულებული პროექტების რაოდენობა. ამ ფილოსოფიას იზიარებს გუნდის თითოეული წევრი. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი პროექტი არ არსებობს.

M: რა მიმართულებებს მოიცავს ამჟამად თქვენი პორტფოლიო და რას სთავაზობთ ქართულ ბაზარს? აპირებთ თუ არა ამ თვალსაზრისით საქმიანობის გამრავალფეროვნებას?

ბეთხო: ამ ეტაპზე ჩვენი ნამუშევრების უმეტესობა რეკლამებია და ამით ძალიან ვამაყობთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავიდანვე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კინოზე მუშაობა იყო. ამისკენ ნელ-ნელა მივდივართ. გასულ წელს ხმისა და მუსიკის მიმართულებით უკვე ვიმუშავეთ სერიალზე — „ბოლო სეზონი“. გარდა ამისა, ჩვენს პორტფოლიოს დაემატა პირველი ქართული ანიმაციური სერიალი — „სხვა ლეველის ოდისეა“, რომელშიც ხმასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ შევქმენით.

მებო: ჩვენ მუსიკოსები ვართ და ამას არ ვივიწყებთ. მაგალითად, შარშან Heima Production-ში გაკეთდა მიუზიკლი — „მე გადმოვცურავ ზღვას“, რომელიც დავით დოიაშვილმა დადგა, ხოლო მისი სცენარი ბასა ჯანიკაშვილს ეკუთვნის. პროექტის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ გიორგი ასანიშვილი და მან სწორედ ჩვენთან ერთად გადაწყვიტა ამ მიუზიკლის გაკეთება. ეს პროექტი მთლიანად ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაზე დაიდგა და მისი 24 ნაწარმოების მიუზიკლისეული ვერსიები სწორედ აქ, Heima-ში მოვიფიქრეთ და შევქმენით.

ამასთან, წელს ორი მოკლემეტრაჟიან ფილმზე ვიმუშავეთ: გოგა ანთიძის „მკვდარი“ და შაკო ბრეგაძის „ოღონდ შენ თქვი შენი სათქმელი“.

ახლა იგეგმება გაფართოება, ახალი სტუდიების გაკეთება და გვსურს, რომ კინოინდუსტრია უფრო აქტიურად ავითვისოთ.

M: რა თქმა უნდა, ამ სამი წლის განმავლობაში წარმატებასთან ერთად, ბევრი სირთულეც იქნებოდა… განსაკუთრებით რა სახის სირთულეებს გამოყოფდით?

მებო: გამოწვევები მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ ახალ პროექტს რაღაც სიახლე მოაქვს. როდესაც უკვე იზრდები და ვითარდები, უფრო მეტი მოგეთხოვება, საკუთარ თავსაც მეტს სთხოვ. საწყის ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ამ სფეროს ენის შესწავლა. მუსიკოსობა ამ მიმართულებით ავტომატურად წარმატების მიღწევას არ ნიშნავს და აღსანიშნავია, რომ აუდიო ფროდაქშენზე მუშაობისას უნდა დაივიწყო შენი ეგო. ვფიქრობ, ეს შევძელით.

შეიძლება ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს მუსიკალური ტერმინები ან ინსტრუმენტების სახელწოდებები, მაგრამ გესაუბრებოდეს ემოციების ენით. შენ კი ეს ემოცია უნდა თარგმნო, ხმად უნდა გარდაქმნა.

ბეთხო: ჩემთვის ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, როდესაც დამკვეთი მოდის და გვეუბნება რა უნდა, ჩვენ ეს უნდა ვიგრძნოთ, გამოვიცნოთ, და შესაბამისი პროდუქტი შევქმნათ.

M: ამ სირთულეების ფონზე, ყველაზე ღირებული რა ისწავლეთ, რაც უშუალოდ საქმიანობის ნაწილში გეხმარებათ?

მებო: რაც დრო გადის პირადად მე სულ უფრო უკეთ ვხვდები, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმში თითოეულ ჟესტს, მოძრაობას. როგორ დალევს პერსონაჟი წყალს, როგორი ხმა ექნება მის ნაბიჯებს — ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დეტალები მაყურებლის აღქმას სრულიად ცვლის. შესაბამისად, ხმაზე მუშაობისას ხვდები, რომ შენ ხარ უჩინარი ადამიანი, რომლის საქმიანობის შესახებ უმრავლესობამ არც კი იცის. მაგრამ კარგად გვესმის — თუ ადამიანები ნახავენ ჩვენს პროექტებს და იგრძნობენ იმას, რისი გადმოცემაც გვსურდა, გამოვა, რომ კარგად ვიმუშავეთ და ეს გვაბედნიერებს. 

ბეთხო: თუ ამ ყველაფერს ნახავენ და ხმაზე არაფერს იტყვიან, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. გამოდის რომ, ეს უჩინარობა ჩვენი ერთგვარი მისიაცაა.

M: ისე, როგორ ფიქრობთ, რამდენად განვითარებულია აუდიო ფროდაქშენი დღეს საქართველოში და რა წვლილი შეაქვს Heima Production-ს სფეროს წინსვლაში?

მებო: ამ საკითხზე ხშირად ვმსჯელობთ და გვგონია, რომ ეს სფერო საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, მითუმეტეს, თუ რეალობას 10 წლის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ. 3 წლის წინაც, როდესაც ბაზარზე შემოვედით, სფერო უკვე ძალიან იყო განვითარებული, რაზეც თუნდაც ისიც მეტყველებს, რომ ჩვენი სახით 2 ენთუზიასტმა ადამიანმა, ამ კომპანიის შექმნა გადაწყვიტა.  

საქართველოში უკვე გაჩნდნენ ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც ადგილობრივ ბაზარზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და ქვეყნის საზღვრებსაც კი გასცდნენ. სფერო შესანიშნავი ტემპებით მიიწევს წინ. ადრე რეკლამისთვის ორიგინალური მუსიკის და ხმის საჭიროების გააზრებაც კი რთული იყო, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ბაზარი დაიხვეწა.

სფერო ისე ვითარდება და სტანდარტი უკვე იმდენად მაღალია, რომ მის ფონზე ადვილად განირჩევა პროდუქტი, რომელშიც ბევრი შრომა, სული და გულია ჩადებული ნაკლები სულისკვეთებით შექმნილისგან.

M: სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეგიძლიათ რაიმეს გაზიარება?

მებო: ძალიან გვინდა ფილმებზე გადასვლა და ასევე გვსურს, რომ სარეკლამო მიმართულებით საქართველოს საზღვრებსაც გავცდეთ. ვფიქრობთ, ამისთვის უკვე დავაგროვეთ საკმარისი გამოცდილება, ამასთან გვყავს შესაბამისი გუნდიც და წელს მის კიდევ უფრო გაზრდას ვგეგმავთ. ასევე, ვაპირებთ ახალი სტუდიების გაკეთებას, რომლებიც უფრო დიდ მასშტაბებთან გამკლავების შესაძლებლობას მოგვცემს. იანვრის დასაწყისში მივხვდით, რომ უკვე შეგვიძლია ამ სირთულეებთანაც შეჭიდება. მიზანი უცხო ტერიტორიების ათვისება და ჩვენი სათქმელის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანაა.


ავტორი: გიორგი ბელქანია


უდიდესი ბედნიერებაა, როცა მესმის: ეს „ეიას“ ჩანთა იქნება“

თაობა ზეტზე მორგებული 3 ტრენდი მარკეტერებისთვის